სამწუხაროდ, ქალებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების მიმართ ძალადობა საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ნორმალიზებული ნაწილია და ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. თუმცა, 2022 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრით დაგვანახა ის ტრაგიკული რეალობა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით დღესდღეობით არსებობს საქართველოში.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობამ საგანგაშო ფორმები მიიღო:
-
ღამის კლუბებში ე.წ. „სფაიქინგის” (ქალებისა და გოგოების სასმელში გამაბრუებელი ნივთიერებების ჩაყრა მათ გასათიშად) და შემდგომ მათი გაუპატიურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის ფონზე კი გაუპატიურების კანონი შეუსაბამო და მოძველებულია და მსხვერპლის ნაცვლად დამნაშავის ინტერესების გამტარი უფროა.
-
ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე (ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ) სასამართლომ არამხოლოდ მოძალადის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არამედ უსაფუძვლოდ გააკრიტიკა და დაადანაშაულა მსხვერპლი.
-
ფემიციდის შემთხვევებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ოქტომბერში სამი ქალი მოკლეს სამ დღეში. ამას წინ უძღოდა აგვისტოში ერთ კვირაში მომხდარი ფემიციდის სამი შემთხვევა.
ამ რეალობას კიდევ უფრო მძიმეს და ტრაგიკულს საზოგადოების არაემპათიური, მსხვერპლის დადანაშაულებასა და დასჯაზე ორიენტირებული დამოკიდებულება ხდის. სწორედ ამიტომ, ფემეამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ოჯახში და სექსუალური ძალადობისა და ფემიციდის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
კამპანიის მიზანია, სტატიების, ვიდეოების, ისტორიებისა და ინტერვიუების ფორმით გაავრცელოს ინფორმაცია და გაზარდოს ცოდნა და ცნობიერება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე და ამ გზით ხელი შეუწყოს საზოგადოების მხრიდან ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ მეტი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სურვილის გაჩენას.
პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო მასალები განთავსდება Femea.ge-ზე, ფემეას Facebook, Instagram, Youtube და Tiktok გვერდებზე. გარდა ამისა, ეტაპობრივად დაემატება ამ სტატიაში ბმულების სახით.
საინფორმაციო კამპანიის ფინანსური მხარდამჭერია „Urgent Action Fund“.
კამპანიის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო მასალები:
-
ქალების მკვლელობა საქართველოში — ფემიციდის სტატისტიკა, კანონი და პრევენცია
-
ძალადობისა და ფემიციდის მედიაგაშუქება — მისი ფორმები და გავლენა ქალების მკვლელობაზე
-
ფემიციდის პრევენცია — როგორ შეიძლება ქალების მკვლელობის შეჩერება?
-
სექსუალური შევიწროება სამსახურში — მისი ფორმები და თავის დაცვის გზები
-
სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეებში — რა უნდა ვიცოდეთ?
-
სასმელში ნარკოტიკის გარევა, ე.წ. „სფაიქინგი“ — როგორ დავიცვათ თავი ბარებსა და კლუბებში?
-
პრეზერვატივის მოხსნა პარტნიორის თანხმობის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ?
-
მსხვერპლის დადანაშაულება — რატომ ვადანაშაულებთ და რა ზიანს ვაყენებთ ამით მსხვერპლს?
-
ოჯახში ძალადობა და ბავშვები — ფორმები, გავლენა და დახმარების გზები