მსხვერპლის დადანაშაულება არის ფენომენი, რომლის მიხედვითაც მომხდარზე პასუხისმგებლობას ტრაგედიის ან დანაშაულის მსხვერპლს ვაკისრებთ. მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, დაიჯერონ, რომ თავად არასდროს გახდებიან მსხვერპლი. მსხვერპლის დადანაშაულებას განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის დროს, როცა მსხვერპლები დადანაშაულებულნი არიან თავიანთი ქცევის ან ჩაცმულობის გამო.
რატომ არიან ადამიანები მსხვერპლის დადანაშაულებისკენ მიდრეკილნი?
პიროვნული მახასიათებლები, როგორც მთავარი ფაქტორი
ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ამ ტენდენციას ხელს უწყობს ცნობილია, როგორც „შეცდომა ფუნდამენტურ მახასიათებლებში“.
ეს წარმოდგენა მოიცავს ამა თუ იმ შემთხვევის მხოლოდ შინაგან, პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებას და გარე ძალებისა და მოვლენების უგულებელყოფას.
მაგალითად, როცა სხვა ტესტში ცუდ შედეგს მიიღებს, ამას ხშირად მის პიროვნულ მახასიათებლებს ვაბრალებთ. გვჯერა, რომ საკმარისად კარგად არ მოემზადა, საკმარისად ჭკვიანი არ არის ან, უბრალოდ, ზარმაცია.
ხოლო თუ ჩვენ დავწერთ ტესტს ცუდად, ამ დროს მიდრეკილნი ვართ, რომ ეს შედეგი გარე ფაქტორებს დავაბრალოთ. შესაძლოა, გავაპროტესტოთ, რომ ოთახში ძალიან ცხელოდა და კონცენტრირებას ვერ ვახერხებდით, შემფასებელმა უსამართლოდ დაგვიწერა ცუდი ნიშანი ან ზედმეტად ბევრი დამაბნეველი კითხვა იყო ტესტში.
წარსულში მომხდარის მიკერძოებული შეფასება აწმყოდან
როდესაც ვსაუბრობთ წარსულში მომხდარ მოვლენაზე, გვაქვს მიდრეკილება, ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებდით იმ ნიშნების დანახვას, რომლებიც საფრთხეზე მიუთითებდნენ.
ეს დამოკიდებულება ქმნის განწყობას, თითქოს დანაშაულის, უბედური შემთხვევის ან უბრალო უიღბლობის მსხვერპლი წინასწარ უნდა მიმხვდარიყო, თუ რა დაემართებოდა და, შესაბამისად, უნდა აღეკვეთა საფრთხე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთ დროს ადამიანებს ვავალდებულებთ, რომ წინასწარ სცოდნოდათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო — მაშინ, როცა ეს შეუძლებელია.
გვინდა დავიჯეროთ, რომ ცხოვრება სამართლიანია, როცა ეს ასე არაა
მიდრეკილება მსხვერპლის დადანაშაულებისკენ ასევე მომდინარეობს ჩვენი საჭიროებიდან, რომ სამყაროს სამართლიანობის გვჯეროდეს. როცა რაღაც ცუდი ხდება სხვა ადამიანის თავს, ხშირად ვფიქრობთ, რომ მათ რაღაც ისეთი გააკეთეს, რითაც ეს დაიმსახურეს. სოციალური ფსიქოლოგები ამას „სამართლიანი სამყაროს ფენომენს“ უწოდებენ.
რატომ გვაქვს საჭიროება, რომ სამყაროს სამართლიანობის გვჯეროდეს? — იმიტომ, რომ თუ ვიფიქრებთ, რომ სამყარო არ არის სამართლიანი, მაშინ ისიც ცხადი გახდება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს მსხვერპლი. დიახ, მათ შორის ჩვენც, ჩვენი მეგობრებიც, ჩვენი ოჯახიც და სხვა საყვარელი ადამიანებიც. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ფრთხილად ვიქნებით, ცუდი რაღაცები შეიძლება კარგ ადამიანებსაც დაემართოთ.
მსხვერპლის დადანაშაულება და სექსუალური ძალადობა
ერთი შეხედვით, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვინმემ დაადანაშაულოს? მაგრამ თუ მეტად დაფიქრდებით, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა თქვენც დაგიკისრებიათ პასუხისმგებლობა უფრო მეტად მსხვერპლზე, ვიდრე მოძალადეზე. სამწუხაროდ, ეს გავრცელებული პრაქტიკაა.
თუ თავად ყოფილხართ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა, თავადაც დაგიდანაშაულებიათ საკუთარი თავი მომხდარში. შესაძლოა, თქვენს თავს დააჯერეთ, რომ როგორღაც თქვენ გააკეთეთ რაღაც არასწორად ან საკმარისი არ გააკეთეთ მოძალადის შესაჩერებლად.
რას მოიცავს მსხვერპლის დადანაშაულება?
► მსხვერპლის დადანაშაულების მაგალითებია:
-
„უნდა გცოდნოდა, რა შეიძლება მომხდარიყო, იმ ადამიანს სახლში რომ მიჰყვებოდი!“
-
„არ უნდა დაგელია…“
-
„ალბათ, გარკვევით არ უთხარი უარი“
-
„კარი ნამდვილად ჩაკეტილი გქონდა?“
-
„რა გეცვა?“
-
„რამდენად ეცადე მის შეჩერებას?“
-
„აქამდე რატომ არაფერი თქვი?“
ცხადია, ჩამოთვლილი მაგალითების გარდა კიდევ ბევრი ფორმა არსებობს მსხვერპლის პირდაპირი დადანაშაულების ან იმ მოსაზრების გამოხატვის, რომ მან საკმარისი არ გააკეთა მოძალადის შესაჩერებლად.
მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკას, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით სასამართლო დარბაზებში დაცვის მხარის ადვოკატებისგან. ზოგჯერ ამას მოსამართლეებიც აკეთებენ. მსხვერპლის დადანაშაულებისკენ აქვს მიდრეკილება მედიასაც.
წყარო: The Guardian
მსხვერპლის დადანაშაულება — კვლევა
არსებობს კლასიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც 1966 წელს ჩატარდა და კარგად ხსნის მსხვერპლის დადანაშაულების ფენომენს. ფართომასშტაბიან კვლევაში ქალებს სთხოვდნენ, ეყურებინათ, როგორ იღებდა სხვა ქალი მტკივნეულ ელექტროშოკს. სინამდვილეში, ცდისპირი ქალი მსახიობი იყო და მასზე ელექტროშოკს რეალურად არ იყენებდნენ, მაგრამ მონაწილეებს უთხრეს, რომ ქალი დენის დარტყმას იღებდა ყოველ ჯერზე, როცა საზეპირო ტესტში არასწორად უპასუხებდა კითხვას.
ცხადია, მონაწილეები განიცდიდნენ ქალის წამებას. შემდეგ მათ შესთავაზეს მსხვერპლის დახმარება: მათ შეეძლოთ, ხმა მიეცათ მსხვერპლისთვის ტკივილის მიყენების შესაწყვეტად და სანაცვლოდ ფულადი ჯილდოთი დაესაჩუქრებინათ ყოველ ჯერზე, როცა სწორ პასუხს გასცემდა კითხვას.
მონაწილეთა მეორე ჯგუფს ეს არჩევანი არ მისცემია. ნაცვლად ამისა, ისინი იძულებულნი იყვნენ, ეყურებინათ ქალის წამებისთვის, სიტუაციის შეცვლის ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე.
ექსპერიმენტის შემდეგ ყველა მონაწილეს სთხოვეს, გაეზიარებინათ თავიანთი აზრი მსხვერპლთან დაკავშირებით. შედეგები ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელი აღმოჩნდა: ჯგუფი, რომელმაც მსხვერპლს ჯილდო მისცა, მას კარგ ადამიანად აღიქვამდა, მაშინ, როცა ისინი, ვინც იძულებულნი იყვნენ, ქალის წამებისთვის ეყურებინათ, მსხვერპლს ცუდ ადამიანად ხედავდნენ, რომელმაც სასჯელი დაიმსახურა.
კვლევის ავტორებმა შეჯამების სახით აღნიშნეს, რომ ჯგუფი, რომელსაც არ შეეძლო მსხვერპლის წამების შეჩერება, გრძნობდა საჭიროებას, რომ ის ცუდ ადამიანად აღექვა, რათა დაეცვა რწმენა, რომ სამყარო სამართლიანია.
თუ ისინი შეძლებდნენ და საკუთარ თავს დაარწმუნებდნენ, რომ მსხვერპლი ცუდი ადამიანია, ნაკლებად დაზიანდებოდნენ მისი წამების ყურებით.
ეს თავდაცვის ერთ-ერთი ფორმაა: როცა ადამიანს შეუძლია თქვას „მე იმ (სხვა) ადამიანისნაირი არ ვარ, შესაბამისად, ცუდი რაღაცები მე არ დამემართება“, ის აგრძელებს სამყაროს კარგ ადგილად აღქმას.
რატომ იდანაშაულებენ მსხვერპლები თავს?
ზოგჯერ მსხვერპლები სწორედ იმავე მიზეზებით იდანაშაულებენ თავს, რა მიზეზებითაც მათ სხვები ადანაშაულებენ. მათაც სურთ, სჯეროდეთ, რომ სამყარო სამართლიანია. საკუთარი თავის დადანაშაულება მათ უფრო უსაფრთხოდაც შეიძლება აგრძნობინებდეთ თავს.
ზოგჯერ უფრო იოლია, საკუთარ თავს დააჯერო, რომ „თუ უფრო მოკრძალებულად ჩავიცვამ, ეს მეორედ აღარ დამემართება“ ან „ამდენი რომ არ დამელია, უკეთ შევძლებდი მოძალადის თავიდან მოშორებას“.
► ასეთი ტოქსიკური თვითკრიტიკა არაჯანსაღია და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის კეთილდღეობას. სექსუალური ძალადობა არასდროსაა მსხვერპლის ბრალი — ის ყოველთვის მოძალადის პასუხისმგებლობაა!
რატომ არის მსხვერპლის დადანაშაულება სახიფათო?
მსხვერპლის დადანაშაულება ართულებს ძალადობაზე ხმამაღლა საუბარსა და პოლიციისთვის მიმართვას. საზოგადოებრივ დონეზე ეს ნიშნავს, რომ უფრო ცოტა დამნაშავეა დასჯილი და მოძალადეები თავისუფლები არიან.
მსხვერპლის დადანაშაულება ასევე აძლიერებს მოძალადეობრივ მიმართებებს. ის აძლევს მოძალადეს საშუალებას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა.
მსხვერპლის დადანაშაულებამ შეიძლება მსხვერპლები კიდევ უფრო დიდ ტანჯვამდე მიიყვანოს. მათ შეიძლება გამოცადონ დაცინვა და დამცირება მაშინ, როცა მათზე მოძალადეები სასჯელს ირიდებენ.
ამან ასევე შეიძლება გაზარდოს ისეთი დამაზიანებელი ემოციები, როგორებიცაა სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა, რაც ართულებს ძალადობაგამოვლილი ადამიანის რეაბილიტაციას.
მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ ჩვენს მიდრეკილებას მსხვერპლის დადანაშაულებისკენ, გვქონდეს მეტი ცოდნა ამის შესახებ და გამოვარკვიოთ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ეს ყველაფერი დაგვეხმარება მსხვერპლის დადანაშაულების შემთხვევების ამოცნობასა და თავიდან არიდებაში.
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: JieLiou
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.