Facebook Script

სოლიდარობის ხმა — სონა კალანდაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშებისა და ალაპარაკებული ხიდების შესახებ

სოლიდარობა დევნილებს!

სოლიდარობა მასწავლებლებს!

სოლიდარობა დიასახლისებს!

სოლიდარობა მეშახტეებს!

სოლიდარობა ქვიარებს!

სოლიდარობა ეთნიკურ უმცირესობებს!

სოლიდარობა სტუდენტებს!

სოლიდარობა რელიგიურ უმცირესობებს! 

სოლიდარობა ყველა ჩაგრულს! 

თუკი თქვენც ჩემსავით 2007 წლიდან აქციებზე დგახართ, დამეთანხმებით, რომ არსად არასდროს გაჟღერებულა ამ ჯგუფებისადმი სოლიდარობის ხმა ისე მკაფიოდ, ისე ძლიერად და ისეთი სიხშირით, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან საქართველოს პარლამენტამდე მისასვლელ გზაზე.  

ეს არის ის გზა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გაიაროს ყველამ იმისთვის, რომ ამ პროტესტში საკუთარი თავი, იდენტობა, არსებობა დაინახოს და გაიგონოს. ჩვენ, მუდმივად პროტესტში მყოფ ადამიანებს, ხშირად გვაქვს საკუთარი ხმის დანაკლისი. ხშირად გვიძებნია ის სხვადასხვა პლატფორმაზე, პოლიტიკურ სცენაზე, რუსთაველზეც, მათ შორის, მაგრამ ვერ მიგვიგნია. უკვე რამდენიმე კვირაა „საზმაუს მარშმა“, როგორც მოქალაქეებმა შეარქვეს, ეს მოცემულობა შეცვალა. ამ კვირების განმავლობაში ერთ ხმას მეორე ცვლის, ერთ მესიჯს — სხვა მესიჯი. იზრდება მოთხოვნები, მოწოდებები, რის კვალდაკვალ ძლიერდება და დამატებით შინაარსს იძენს ის ხმები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის სათქმელს, ტკივილს, პროტესტს, ბრაზს და იმედს აერთიანებს. 

ერთ-ერთი ასეთი „ჩვენი“ ხმა სონა კალანდაძეს ეკუთვნის. თუ მას ჰკითხავთ, გეტყვით, რომ ხელოვანი და ორი შვილის დედაა. თუ სხვებს გვკითხავთ, გეტყვით, რომ ხელოვანი, ორი შვილის დედა და აქტივისტია. თავად სონა ამ სიტყვის გამოყენებას ერიდება, რადგან არ სურს რამესთან იდენტიფიცირებამ მისთვის ყველაზე ძვირფასი ღირებულებები — თავისუფლება და დამოუკიდებლობა — შეუზღუდოს. ვცდილობ, თვალში არავის მოვხვდე და ჩემთვის ჩუმად ვაკეთო ჩემი საქმეო, ამასაც გაიგებთ სონასგან, თუმცა როცა შენი ხმა პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცევა, რთულია, თვალში თუ არა, ყურში მაინც არ მოხვდე საზოგადოების დიდ ნაწილს. სიმართლე რომ ითქვას, არც ჩუმად ყოფნა გამოსდის, რადგან მისი ბრაზი, მისი პროტესტი და წინააღმდეგობა საკმაოდ ხმამაღალია.

როგორ გაჩნდა ის მესიჯები, რაც „საზმაუს მარშზე“ ჟღერდება?

— იცი, როგორ არის... ბევრი ფრაზის ავტორი, მაგალითად, თამარ ჩუმაშვილია, პოეტი, თუმცა ნელ-ნელა მთელი ეს ტექსტი, რაც ამ გზაზე სრულად ჟღერდება, ფაქტობრივად, ხალხური გახდა, რადგან სულ ემატება და ემატება ახალი მესიჯები. ვიღაცას რაღაც სტკივა, მოვა, გაგვიზიარებს და ახალი ფრაზა დაემატება, სხვას სხვა რამ სტკივა და ასე. ზღაპრებს რომ აწერია, ხალხურიაო, ესეც ასე გამოდის. თავიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჭრილში იყო მოთხოვნები და ეთერის დათმობას უკავშირდებოდა. თუმცა, მერე ფიქრობ, ვისთვის ითხოვ ამ ეთერს, ვისი ხმა გინდა გაჟღერდეს. როცა თავიდან მივიღეთ ეს ეთერი, ბევრი ისეთი ადამიანი მივიდა გადაცემაში, ვისაც ისედაც ყველგან, ყველა მედია სივრცეში აქვს პლატფორმა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო, ეს დროც რომ მათ დაუთმეს, რადგან ესენი არ იყვნენ ის ადამიანები, რომელთა ხმაც არ ისმის. ამის მერე უფრო მივხვდით, თუ რაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი — რიგით მოქალაქეზე, რომლის ხმაც ნამდვილად არსად ჟღერდება. ასე, ნელ-ნელა და პროცესზე დაკვირვებით მივიღეთ საბოლოოდ ის მესიჯები და „შეძახილები“, რაც ხალხმა ძალიან მალე აიტაცა. დღეს უკვე საკმაოდ დიდი ტექსტი გვაქვს დასამახსოვრებელი, რაც ჩვენს ბრაზსა და პროტესტს გამოხატავს.

მგონია, რომ მთელი ეს გზა სპექტაკლს ჰგავს. ცოცხალი პროცესია, რომლის დროსაც იმპროვიზაცია გიწევთ და „მაყურებელიც“ თქვენთან ერთადაა ჩართული ამ პროცესში. შეგიძლია, აღწერო, როგორ გადიხარ ამ გზას?

— კი, ნამდვილად ცოცხალი პროცესია და ძალიან კარგი პროცესია. როცა „რუპორთან“ დგახარ, ჩვეულებრივად ვერ ილაპარაკებ. ვერც ის გეცოდინება ზუსტად, რის მერე რას იტყვი, რადგან გააჩნია, რა ხდება იმ დროს შენ ირგვლივ. როცა მივდივარ და ვხედავ, რომ პოლიცია ხელს მიშლის, იმ დროს „ეთერი ხალხს, შენობა — ქალაქს“, ამას ვერ ვიყვირებ. იქ უკვე ვიწყებ ისეთი ფრაზების გაჟღერებას, რომლებიც პოლიციური რეჟიმის დამხობას და უსამართლო სასამართლოს ეხება {უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს!}; როცა, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებასთან მივდივართ ან ისეთ ადგილს ჩავუვლით, სადაც ბევრი ხალხია, იქ სულ მინდება, ვიყვირო: „საქართველო ადექი, აჯანყდი!“, იმიტომ რომ ეგ ის მესიჯია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად მოაქვს ემოციები და ხმაურისკენ, წინააღმდეგობისკენ, ბრძოლისკენ გიბიძგებს. მოკლედ, ემოციების ზღვაა, როცა „რუპორთან ხარ“ და ასე რაციონალურად წინასწარ ვერ განსაზღვრავ, როდის რას იტყვი, უფრო კონტექსტიდან ამოდიხარ.

ერთი დღე იყო, მახსოვს, აფორიაქებული იყავი. აშკარად, არ იყავი კარგად და ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ შეძლებს ამხელა გზაზე გაუჩერებლად ყვირილს-მეთქი. ცოტა ხანში მარშიც დაიწყო და არ ვიცი, როგორ მოახერხე, უცებ იმ უენერგიო ქალიდან ძალიან ძლიერ, გაბრაზებულ და ენერგიულ ქალად გადაიქეცი. გახსოვს ეგ დღე? რა გაძლევს ხოლმე მოტივაციას/ძალას ასეთ დროს? 

— კი, მახსოვს. მაგ დღეს ძალიან დამძიმებული ვიყავი და შფოთვები მქონდა. როცა ეგრე ვარ, რამე მცენარეულ დამამშვიდებელს ვსვამ, ვალერიანს, როგორც წესი. იმ დღეს არ მქონდა. ბევრს ვკითხე, მაგრამ არავის ჰქონდა. არც იმის დრო იყო, რომ მეყიდა. მერე ვიღაცამ ვიეტნამის მალამო მომცა და მაგით დავიზილე საფეთქლები, ცხვირთან და ხელებზე წავისვი, რომ გამოვეფხიზლებინე. მეშინოდა, ცუდად არ გავხდე და ამ ხალხსაც არ გავუხეთქო გული-მეთქი. მაგ დღეს განსაკუთრებულად მინდოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემთან ახლოს ყოფილიყო, რომ უფრო მეგრძნო ეს ენერგია და მარტო არ დავრჩენილიყავი. კი, ისედაც ბევრი ხალხია, მაგრამ მაინც სხვანაირად ხარ, როცა შენთვის ძვირფას ადამიანებს უყურებ. და ზოგადად, ერთმანეთზე ზრუნვა ამ ბრძოლაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. მახსოვს, მაგ დღეს პატარას [მეგობრის სახელი] ვუთხარი, ახლოს იყავი-მეთქი და მერე მართლა სულ მის ხმას ვეძებდი ხალხში. როცა მისი ან სხვა ახლობელი ადამიანის ხმა მესმის, ძალა და ენერგია მემატება. მახსოვს, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი მაგ დღეს. ბრაზიც ენერგიაა, თავის მხრივ. მაგ დღესაც ამ ბრაზმა გამომიყვანა შფოთვის მდგომარეობიდან. ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად ავიწროებენ საზმაუს მარშს, განსაკუთრებით გვიშლიან ხელს იმიტომ, რომ ამ მარშის ყიჟინას და ხალხს რაღაც ისეთი ენერგია მოაქვს რუსთაველზე, რომ მერე ხალხიც დაუოკებელი ხდება და პოლიციელებიც იბნევიან. მე მგონია, რომ საზმაუს მარშს განსაკუთრებული შინაარსი შეაქვს საერთო პროტესტში. ძალიან რთულ ბრძოლაში ვართ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ამხელა ზამთარი გადავიარეთ. თან, საზმაუსთან განსაკუთრებით ცივა, არც ადგილია, იარო და გათბე, ამიტომ იქ ვერ დადგები ამდენი დღე, თუ ამ შინაარსის, ამ მესიჯების მნიშვნელობას ვერ იაზრებ, ამიტომაცაა ხოლმე ცოტა ხალხი. მეც ეს შინაარსი და მნიშვნელობა მაძლევს ენერგიას და ძალას მაშინაც კი, როცა ცუდად ვარ. ხალხი და შინაარსი.

18 თებერვლის წინააღმდეგობის აქტსაც უნდა შევეხო, როცა თბილისსა და სხვა ქალაქებიდან ერთდროულად ბევრი ხიდიდან გადმოიფინა ბანერები სხვადასხვა მესიჯით, როგორიცაა: „ქარი დალეწავს კერპს“, „დაიცავი საქართველო ბალდაში!“, „პოლიცია არღვევს კანონს“, „არ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით“ და ა.შ. ალბათ, ამ თვეების განმავლობაში,  პირადად  ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო წინააღმდეგობა და მიხარია, ამის ნაწილი რომ ვიყავი. მართალია, მე ვიცი, მაგრამ მაინც გკითხავ შენც, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს, რა იყო ამ დღის მანიფესტი, რა იყო ალაპარაკებული ხიდების მიზანი და საერთო მესიჯი?

— ამ დღის მანიფესტი, ამ წინააღმდეგობაში ჩართული თითოეული მოქალაქის სათქმელი ამ ტექსტში გამოვხატეთ:

 

„ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ რეჟიმს, ყოველდღიურად ძალადობრივად რომ ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დაშორიშორებას, ჩვენ შორის შიშისა და შუღლის ჩანერგვას – ერთიანობით ვპასუხობთ.

 

ვპასუხობთ ტყუილს, გაყალბებულ რეალობას, პოლიტიკურად გარყვნილ ელიტას და მათ დღის წესრიგს:

 

ამბოხებაა ჩვენი პასუხი!

აზვავებაა ჩვენი პასუხი!

შეთქმულებაა ჩვენი პასუხი!

ამხედრებაა ჩვენი პასუხი!

 

ჩვენ ვდგავართ ყველგან, ვდგავართ მთელს საქართველოში, ვდგავართ მხარდამხარ და ვაშენებთ ხიდებს, ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს, და ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის!“

 

ალაპარაკებულ ხიდებს ბევრი სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა, თუმცა მთლიანობაში მთავარი მიზანი დეცენტრალიზებისკენ და ხიდჩატეხილობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმა იყო. იმის ჩვენება გვინდოდა, რომ აი, კონკრეტული ადგილიდან კი არ ჟღერდება რაღაც და ამ კონკრეტულ ადგილას კი არ არის მარტო ბრძოლა, არამედ მთელ ქვეყანაშია ეს ბრძოლა. დღეს ეს ერთიანობა და კავშირი გვაკლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ იდეოლოგიურადაც გვზრდის და გვაძლიერებს. ახლა მარტო ქალაქები იყო, ბალდას თუ არ ჩავთვლით, მე კი ვიმედოვნებ, რომ მალე მსგავსი მესიჯები გაჟღერდება ისეთი სოფლებიდანაც, არასდროს არავის რომ არ უხსენებია, მაგალითად, დედაჩემის სოფელი ანაგა, რომელიც არასდროს, არცერთ ბრძოლაში არ თქმულა. სულ ეგ პროტესტი მაქვს ხოლმე, როცა სხვადასხვა ჯგუფში წერენ, აი, ჩამოვდივართ თბილისში რეგიონებიდანო... არა, არ უნდა ჩამოხვიდე. სადაც ხარ იქიდან იბრძოლე... სადაც ხარ. სულ ვფიქრობ, რომ თბილისში ჩამოხვიდე კი არა, რეალურად რუსთაველზე გამოსვლაც კი არ უნდა იყოს საჭირო. შეგიძლია მუხიანში შენი კორპუსის წინ დადგე და მანდ იბრძოლო, მანდედან იყვირო. კი, ისტორიულად ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია პარლამენტის შენობა და რუსთაველის გამზირი, მაგრამ ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, დიდი ხანია პარლამენტის შენობა და ეგ ქუჩა ჩაკეტილი წრის ერთ-ერთ მთავარ ადგილად იქცა და სულ ხუთი წელი რომ ვიდგეთ მანდ, მაგით დისკომფორტს ვერავის შევუქმნით. დღეს უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ ეგ არის ადგილი, რომელიც ძალას გვართმევს და წრეზე გვატრიალებს. წლებია ამას ველოდები, ამ ერთიანობას, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან ისმოდეს წინააღმდეგობის ხმა.

თბილისში, ვორონცოვის ხიდზე იყო ასეთი ბანერი: „ბრძოლის ალში, ცეცხლით ხელში, ქალი იმედს აფრქვევს ერში“. სოციალურ ქსელში ხშირად შემხვედრია კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს. თუკი საზმაუს მარშს ხშირად უერთდები, რთულია, ამას არ დაეთანხმო. ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯები დღეს სწორედ ამ გზაზე ქალების მიერ ჟღერდება.

— მართლა ეგრეა. თუმცა, ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ახალი ამაში არაფერია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ან რამდენიმე ქალის პიროვნული დამსახურება არ არის ის, რომ ამ პროტესტში ასე მკაფიოდ ისმის ქალების ხმა. ზოგადად, ქალის ხასიათია ეგეთი — მტკიცე, მენტალურად ძლიერი, ამტანი. ქალებს ყოველთვის შეეძლოთ ბრძოლა, ეს ახლა არ მოგონილა. ნუ, შეიძლება ჩვენც, ასე ვთქვათ, მემარცხენე ქალებმაც, ვიყოჩაღეთ კონკრეტულ სივრცეში და „მოვიპოვეთ“ ეს ხმა, არ ვიცი... თუმცა, ცხადია მარტო ჩვენ არ ვართ, მაგალითად, არ შემიძლიაб გოტა არ ვახსენო. სანამ მარში დაიწყება, ძირითადად გოტა ავსებს ამ დროს, გოტა ლაპარაკობს, ყვირის. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს და მნიშვნელოვანია ჩვენთვის მისი მხარდაჭერა. ეს მარტო ის ხომ არ არის, რომ ფიზიკურად ატარებს ჩვენს „რუპორს“, ამით ის მორალურადაც გვამხნევებს, გვერდში გვიდგას ამ რთულ გზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ კი, ყველა ხმა, რაც სწორედ ამ „რუპორში“ ისმის, სინამდვილეში არა ცალკეული ადამიანების, არამედ ჩვენი, საზოგადოების ხმაა.

მიუხედავად ბევრი გამორჩეული ხმისა, ჩემთვის სონას ხმა განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან მისი ხმა პირველად მაშინ გავიგონე, როცა ბრძოლის მიზანს და მიმართულებას ვეღარ ვხედავდი და პირველად, ბევრი წლის მერე, მეშინოდა, შევძლებდი თუ არა ბრძოლის გაგრძელებას და ამ პროცესში საკუთარი თავის, საკუთარი მნიშვნელობის დანახვას. როცა გლდანში მოეწყო მარში პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, ბოლო ძალები მოვიკრიბე წასასვლელად. თითქოს, კიდევ ერთი შანსი მივეცი საკუთარ თავს თუ ამ პროცესს. მარშის დაწყებიდან მალევე „რუპორში“ გავიგონე საოცრად ძლიერი, ენერგიული, მელოდიური, გაბრაზებული და თან იმედისმომცემი ხმა. „ცეეეეეცხლი ოლიგარქიას“, დაიყვირებდა მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ქალი,  ხოლო სანამ ხალხი მის ამ შეძახილს გავიმეორებდით, მეორე ხელში დაჭერილ სიგარეტს უცებ-უცებ მოწევდა და შემდეგ აგრძელებდა: „ცეეეეცხლი ოლიგარქიას“, „სოლიდარობა მშრომელებს“, „სოლიდარობა ქვიარებს“.

ასე აღმოვაჩინე პირადად მე სონა კალანდაძე ჯერ კიდევ საზმაუს მარშებამდე.

და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის ხმა, რომელსაც აუცილებლად გავყვებოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხმა მიმიყვანდა სივრცეში, სადაც იმ შინაარსს აღმოვაჩენდი, რომელიც ასე გვაკლდა მთელ საზოგადოებას ბევრი წლის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

რესპონდენტი: სონა კალანდაძე

მთავარი ფოტო: ვახო ქარელი / მედია აპრილი

♦ სტატია მომზადებულია Urgent Action Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

სოლიდარობის ხმა — სონა კალანდაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშებისა და ალაპარაკებული ხიდების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია