ყველას გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ. ამას ისიც ემატება, რომ სილამაზის სტანდარტები, მედია, სარეკლამო რგოლები და მოდის ინდუსტრია მუდმივად იდეალურ სხეულებს გვიჩვენებენ, რაც ადამიანის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს.
სხეულის დისმორფული აშლილობა სხეულის ნეგატიურად აღქმის ყველაზე მწვავე ფორმაა. არ აქვს მნიშვნელობა, სხეულის როგორი ფორმები აქვს ადამიანს, რადგან სხეულის დისმორფული აშლილობა ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა მისგან განკურნება შესაძლებელია.
სხეულის დისმორფული აშლილობა არის ქრონიკული მენტალური აშლილობა, რომლის დიაგნოზიც აუცილებლად ფსიქოლოგმა უნდა დასვას. სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები მუდმივად ზრუნავენ საკუთარი გარეგნობის გამოსწორებაზე — მათ შორის, ისეთ დეტალებზეც, რომლების სხვა ადამიანებისთვის სრულიად შეუმჩნეველი ან ძნელად შემჩნევადია.
თუკი სარკეში ან თქვენი ფოტოს ყურებისას მაშინვე სხეულის იმ ნაწილს აკვირდებით, რომელიც განსაკუთრებით არ მოგწონთ — მაგალითად, ცხვირის ფორმა, ნიკაპის სიგრძე, თმა, მკერდის ზომა — ეს პოტენციურად სხეულის დისმორფულ აშლილობაზე მიუთითებს. სხეულის დისმორფული აშლილობა დაახლოებით თანაბარი რაოდენობით ემართებათ როგორც ქალებს, ასევე კაცებს. ყველაზე ხშირად ის მოზარდებში ვლინდება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ზრდასრულს ადამიანს ჰქონდეს სხეულის დისმორფული აშლილობა და ამის შესახებ არ იცოდეს.
ადამიანები, რომლებსაც სხეულის დისმორფული აშლილობა აქვთ, საათობით დარდობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან, აკვირდებიან სხეულის კონრეტულ ნაწილებს და ფიქრობენ, როგორ გამოასწორონ თავიანთი „ნაკლი“. ისინი საკუთარ თავს ადარებენ მოდელებსა და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად იდეალურად გამოიყურებიან. ხშირად ისინი დიდ თანხებს ხარჯავენ სილამაზის პროდუქტებზე და მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიასაც კი. მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს ახასიათებთ აკვიატებული აზრები საკუთარ სხეულთან მიმართებით, გარეგნობასთან დაკავშირებული განმეორებითი ქცევები (მაგალითად, სხეულის გადაჭარბებით მოვლა ან იმ ნაწილების დამალვა, რომლებიც არ მოსწონთ) და, ყველაზე ხშირად, გადამეტებული ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებიან და როგორ აღიქვამენ მათ სხეულებს სხვა ადამიანები. სხეულის დისმორფული აშლილობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც იწვევს სტრესსა და ძლიერ შფოთვას, აზიანებს ადამიანის თვითშეფასებას და ხელს უშლის მას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს.
ხშირად, სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები უარს ამბობენ გარეთ გასვლასა და სოციალიზაციაზე, რადგან ეშინიათ, რომ არ გამოიყურებიან შესაბამისად და დაცინვისა და განსჯის ობიექტები გახდებიან. სხეულის მცირე არასრულფასოვნებას სერიოზულ ნაკლად ან დეფექტად მიიჩნევენ და ამ დამოკიდებულებას იმის მტკიცებულებად იღებენ, რომ მახინჯები და არასასურველები არიან. სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებს ძალიან ეშინიათ მათ სხეულზე გაკეთებული უარყოფითი კომენტარებისა და მათი ვიზუალის ყურადღების ცენტრში მოხვედრის.
► სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებს ის განცდა აქვთ, რომ სხვები მათ სხეულებს აკრიტიკებ და განიხილავენ, რაც მათთვის მუდმივი სტრესის საფუძველი ხდება.
რა იწვევს სხეულის დისმორფულ აშლილობას?
როგორც ყველა ფსიქოლოგიურ აშლილობას, სხეულის დისმორფულ აშლილობასაც არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს. ხშირ შემთხვევაში მიზეზები კომბინირებულია და შეიძლება მოიცავდეს გარემოსგან გამოწვეულ (მაგალითად, დაცინვა ბავშვობისას თუ მოზარდობის წლებში), ფსიქოლოგიურ (მაგალითად, დაბალი თვითშეფასება) და ბიულოგიურ (მაგალითად, გენეტიკური მიდრეკილება სხვადასხვა დაავადების მიმართ) ფაქტორებს.
დეპრესიის, შფოთვის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა თუ სხვა მენტალური პრობლემების (მაგალითად, მიდრეკილება პერფექციონიზმისკენ) პირადი ან ოჯახური ისტორია ასევე იწვევს სხეულის დისმორფულ აშლილობას. ხშირად, დაცინვა (ბულინგი) და თანატოლების მხრიდან ზეწოლა ხელს უწყობს ადრეული ასაკიდავნე სხეულის დისმორფული აშლილობის გაჩენას.
იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის დისმორფული აშლილობა დაკავშირებულია წონასთან, დიდია ალბათობა, რომ ადამიანს კვებითი აშლილობაც დაეწყოს.
► იხილეთ აგრეთვე:
როგორ იკურნება სხეულის დისმორფული აშლილობა?
სხეულის დისმორფული აშლილობა იკურნება ფსიქოლოგის დახმარებით და ეს მდგომარეობა სამუდამო განაჩენი არ არის. ხშირად სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები არ მიმართავენ თერაპევტს დასახმარებლად, რადგან არ მიაჩნიათ, რომ რაიმე სჭირთ. ასეთ დროს ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ქცევის პატერნებს და ეშინია, რომ დასცინებენ, რადგან ასეთი „უმნიშვნელო“ საკითხის გამო დახმარება ითხოვა.
► ყველა პრობლემა, რომელიც სტრესს იწვევს და თქვენი ცხოვრების ხარისხს ამცირებს, ყურადსაღებია. მნიშვნელოვანია, იზრუნოთ პრობლემის გამოსწორებაზე განურჩევლად იმისა, თუ რამდენად „დიდი“ ან „პატარაა“ ეს პრობლემა.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მენტალური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემას, როგორიცაა სხეულის დისმორფული აშლილობა, თან ახლავს შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული და ობესიურ-კომპულსიური აშლილობა. ფსიქოლოგთან კონსულტაცია დაგეხმარებათ, რომ ნათლად დაინახოთ თქვენი პრობლემა და იმუშაოთ მის გამოსწორებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა ქრონიკული მდგომარეობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისგან განკურნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება მკურნალობის სხვადასხვა ტიპს მოიცავდეს, დაგჭირდეთ არაერთი ფსიქოლოგი და ცხოვრების სტილის შეცვლაც. არ მიეცეთ სასოწარკვეთას, თუკი სხეულის დისმორფულ აშლილობას მალე ვერ დაამარცხებთ, და მკურნალობის პროცესს მოთმინებით მიუდექით.
სურათი: Reksita Wardani
სხეულის დისმორფული აშლილობის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული საშუალება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა. თერაპევტი პირველ ეტაპზე იმ უარყოფითი ფიქრებსა და მიდგომებს იკვლევს, რომლებიც ადამიანს საკუთარი სხეულის მიმართ აქვს. ამის შემდეგ ის ცდილობს, ეს ქცევები და მიდგომები ჩაანაცვლოს იმგვარად, რომ პაციენტის ყოველდღიურობა ბევრად მარტივი გახდეს. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია არ ფოკუსირდება იმ მიზეზის გამოკვლევაზე, თუ რამ გამოიწვია სხეულის დისმორფული აშლილობა, არამედ ადამიანს რეალისტურ და გამოსადეგ გამოსავალს სთავაზობს, რომელიც ამ დაავადებისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს.
სხეულის დისმორფული აშლილობის უფრო სერიოზული შემთხვევების დროს ექიმები იყენებენ მედიკამენტებს. დეპრესიისა და შფოთვების დროს სასურველია ანტიდეპრესანტების და სეროტონინის (SSRI) გამოყენება. დამატებით სეროტონინის მიღება ადამიანს ეხმარება, რომ ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული სერატონინი მიმოქცევაში დარჩეს, რადგან დეპრესიის დროს ტვინში სეროტონინის დაბალ დონეა.
გარდა ამისა, იმავე პრობლემის მქონე ადამიანებთან საუბარიც შვების მომგვრელია. მზარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებს აერთიანებს, ბევრგან არსებობს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურადაც. ასეთ ჯგუფებში ჩართვა კარგის მომტანია რამდენიმე მიზეზის გამო: მსგავს გარემოში გამოცდილებების გაზიარებისას სტიგმებთან გამკლავება არ მოგიწევთ, ჩაუღრმავდებით თქვენს ქცევებსა და მიდგომებს და იგრძნობთ თანადგომასა და გამხნევებას.
სხეულის დისმორფული აშლილობა ყველაზე მეტად თინეიჯერებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული. ვინაიდან ამ ტიპის აშლილობას სამომავლოდ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, სასურველია, ის მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე იქნეს შემჩნეული. თუკი თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში სხეულის დისმორფული აშლილობის სიმპტომებს შეამჩნევთ, არ უგულებელყოთ ისინი. იყავით ყურადღებიანი და შესთავაზეთ დახმარება და საუბარი, თუმცა მზად იყავით, რომ უარს მიიღებთ. თუკი ამჩნევთ, რომ ადამიანი ცდილობს, გაუმკლავდეს სხეულის დისმორფულ აშლილობას, აუცილებლად მოუსმინეთ და დააფასეთ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც უკეთ გახდომისკენ დგამს. გარდა ამისა, შეგიძლიათ შესთავაზოთ ფსიქოლოგის დახმარებაც, რადგან მსგავსი ტიპის აშლილობებს პროფესიონალის ჩართვა სჭირდება.
მნიშვნელოვანია, რომ სხეულზე გაკეთებულ კომენტარებს მოვერიდოთ. განურჩევლად იმისა, თუ რა კონტექსტში ვამბობთ მსგავსი ტიპის რეპლიკებს, ეს შეიძლება მეორე ადამიანზე დამანგრევლად მოქმედებდეს. ისეთი ფრაზების თქმა, როგორებიცაა, „არ იდარდო კეხიან ცხვირზე“ სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებს მაშინვე შფოთვას უღვიძებს და რაც მთავარია, ყველაზე დიდ შიშს — რომ მოხვდებიან ყურადღების ცენტრში „ნაკლის“ გამო. საზოგადოების მხრიდან წამოსული წნეხი და მიღებული სილამაზის სტანდარტები ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია, რომლებიც სხეულის ნეგატიურ აღქმას იწვევენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვერიდოთ სხვა ადამიანის სხეულზე კომენტარის გაკეთებას, იმის მიუხადავად, თუ ვის ვეუბნებით ამას და რამდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს მასთან.
სხეულის დისმორფული აშლილობა და პლასტიკური ქირურგია
ადამიანები, რომლესაც საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილი არ მოსწონთ, საკმაოდ ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას. თანამედროვე პლასტიკური ქირურგია იმდენადაა განვითარებული, რომ სხეულზე არანაირ კვალს არ ტოვებს, სწორედ ამიტომ ეს გზა მიმზიდველია სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის, რათა გამოასწორონ საკუთარი „ნაკლი“.
თუმცა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხეულის დისმორფული აშლილობა აქვთ, მთავარი პრობლემა არის არა სხეულის რომელიმე ნაწილი, რომელიც არ მოსწონთ, არამედ ის სტრესი, შფოთვა და აკვიატებული ნეგატიური ფიქრები, რომლებთან გამკლავებასაც მუდმივად ცდილობენ. ექიმები თანხმდებიან, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის დროს პლასტიკური ქირურგია ვერ აგვარებს მთავარ პრობლემას და პირიქით, შეუძლია კიდევ უფრო დიდი გართულება გამოიწვიოს. სხეულის ტრანსფორმაცია დიდი ალბათობით ვერ აამაღლებს ადამიანის დაბალ თვითშეფასებას და ის არ ნიშნავს იმას, რომ აკვიატებული ფიქრები სხეულის სხვა ნაწილის მიმართ არ გაუჩნდება. პირიქით, პლასტიკური ქირურგიის ოპერაციის შემდეგ სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები კვლავ ეძებენ ისეთ ნაკლს თუ არასრულყოფილებას, რომელსაც გამოასწორებენ.
სხეულის დისმორფული აშლილობის დიაგნოზი არ მაქვს, თუმცა მსგავსად ვიქცევი. როგორ მოვიქცე?
იმ შემთხვევაში, თუკი სხეულის დისმორფული აშლილობის დიაგნოზი არ გაქვთ, მაგრამ მაინც ღელავთ ან ნეგატიური ფიქრები გაქვთ თქვენს გარეგნობასა და სხეულზე, შეგიძლიათ ამ ნაბიჯების გადადგმით თქვენი ყოველდღიურობა უფრო ჯანსაღი გახადოთ:
-
იკვებეთ სწორად, საკუთარ თავს გამოძინების საშუალება მიეცით და იარეთ ფეხით — იცხოვრეთ ჯანსაღად.
-
დღის განმავლობაში წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.
-
დარწმუნდით, რომ თქვენი გარდერობი ისეთი ზომის ტანსაცმელს მოიცავს, როგორიც თქვენ მოგწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტზე დაწერილი ზომა უფრო დიდი ან პატარაა, ვიდრე იყენებთ, კომფორტულად მორგებული ტანსაცმელი ბევრად კარგად გაგრძნობინებთ თავს.
-
მკვეთრად შეამცირეთ ან გააკონტროლეთ ის დრო, რომელსაც სოციალურ მედიაში ატარებთ, რადგან იქ ნანახი კონტენტი ხშირად ნეგატიურად აისახება თქვენს თვითშეფასებაზე.
-
მოძებნეთ ისეთი გვერდები/ადამიანები, რომლებიც ონლაინ სივრცეში ღიად საუბრობენ სხეულის განსხვავებული ფორმების ნორმალურობასა და მიმღებლობაზე.
-
დააკვირდით, თუ ფიქრობთ თქვენი სხეულის ან ირგვლივ მყოფი ადაიანების სხეულებზე, რომ მათი რომელიმე ნაწილი ცუდია. იფიქრეთ იმაზე, თუ საიდან მოდის ეს ფიქრები?
-
გამოხატეთ მადლიერება თქვენი სხეულის მიმართ (მაგალითად, დაიწყეთ დღიურის წერა).
-
მედიტაცია და სუნთქვის მოკლე ვარჯიშები დაგეხმარებათ სხეულის მოდუნებაში. შესაძლოა, იმ დასკვნამდეც მიხვიდეთ, რომ მედიტაცია სწორედ ისაა, რაც განსატვირთად გჭირდებათ.
► ესაუბრეთ სანდო ადამიანებს თქვენი ნეგატიური ფიქრების შესახებ. ანონიმური მენტალური დახმარების ჯგუფებიც გამოსადეგია მსგავს ფიქრებთან გასამკლავებლად. ხშირად ის განცდა, რომ გვისმენენ და გვიგებენ, ცვლილებების მოხდენის სტიმულს გვაძლევს.
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: WomanLog