Facebook Script

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

დაქორწინება იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომლებიც ზრდასრულმა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. თუმცა, ყველა ჩვენგანს როდი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად გადადგას ეს ნაბიჯი და თანაც სრულწლოვანების ასაკში.

ადრეული ქორწინება, რომელსაც ხშირად „ბავშვთა ქორწინებასაც“ უწოდებენ, არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ პირს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე არასრულწლოვანია. ადრეული ქორწინება ბავშვთა უფლების დარღვევადაა მიჩნეული.

მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადრეული ქორწინების ცნება გენდერული ჩაგვრის მკვეთრად გამოხატულ ნიშან-თვისებებს ატარებს.

რამდენად ხშირია ადრეული ქორწინება?

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში დაქორწინების პრაქტიკა ყველაზე გავრცელებული აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. თუმცა, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ნაწილებშიც ტრადიციების მიმდევართა შორის კვლავ აქტუალურია სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდთა დაქორწინება. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახები გოგოებს სქესობრივი მომწიფების დაწყებამდეც კი აქორწინებენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია გოგოების 16-18 წლის ასაკში დაქორწინება.

ადრეული ქორწინების გავრცელების შეფასების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა რეგისტრირებული არაა და ასეთი წყვილები არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან. ქვეყნების უმეტესობაში ძალიან მწირი მონაცემები მოიძებნება 14 წლამდე ასაკის მოზარდთა ქორწინების შესახებ. მით უფრო რთულია ინფორმაციის მიღება იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც 10 წლამდე ასაკში დააქორწინეს. გამონაკლისი ბანგლადეშია, სადაც ეროვნულ დემოგრაფიულ კვლევაში (DHS) მითითებულია, რომ გასული საუკუნის მიწურულს, 1996-97 წლებში, 10-14 წლის მოზარდთა 5% უკვე დაქორწინებული იყო.

ნაადრევი ქორწინება უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს. მაგალითად, ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, 1993 წელს 5000 ქალში ჩატარდა გამოკითხვა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 56% 15 წლამდე იყო დაქორწინებული, მათგან 17% კი 10 წლამდე უკვე ქორწინებაში იმყოფებოდა. ეთიოპიასა და დასავლეთ აფრიკის ნაწილებში შვიდი ან რვა წლის ასაკში ქორწინება იშვიათი არ არის. ჩრდილოეთ ნიგერიაში, კების შტატში, გოგონების ქორწინების საშუალო ასაკი 11 წელია, სრულიად ქვეყანაში კი ქორწინების საშუალო ასაკი 17 წელს არ სცდება.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოშიც, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, ადრეული ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არასრული მონაცემებიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნებში ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კლების ტენდენცია შეინიშნება, საქართველოს მონაცემები უტოლდება თურქეთისა და მოლდოვის მაჩვენებლებს და აჭარბებს მეზობელი ქვეყნების — სომხეთისა და აზერბაიჯანის — რიცხვებს. 

ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ქალებში კაცებთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ქალების 14% 18 წლამდე ასაკში დაქორწინდა, როცა კაცებში ეს მაჩვენებელი 0.5%-ს არ აღემატება. ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა, თუმცა ასეთი შემთხვევები სოფლებში უფრო ხშირად ხდება (25%). ქალაქებში ადრეული ქორწინების მაჩვენებელი 8%-ია.

► ამჟამად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლიდან არის დაშვებული. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ 16 წლამდე ასაკის მიუღწეველ ბავშვთან თანაცხოვრება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები

ფაქტია, რომ 2022 წელსაც კი მსოფლიოში ადრეული ქორწინების პრობლემა კვლავ აქტუალურია სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორისაა სიღარიბე, განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა, სექსუალური განათლების სიმწირე, ჩვეულებისა და ტრადიციების ძალა და ომისა და კონფლიქტის წერტილებში დაუცველობა.

სიღარიბე

ბევრი ღარიბი ოჯახისთვის ოჯახის წევრი გოგოს ადრეულ ასაკში დაქორწინება ფინანსური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ოჯახები გოგოს დაქორწინებით მატერიალურ სარგებელს ნახულობდნენ. ამასთანავე, ოჯახს ერთი წევრის გამოკვების, ჩაცმისა და განათლების ხარჯი მოაკლდება.  აზიასა და აფრიკაში ქორწინებას ფინანსური გარიგებაც მოსდევს, რაც ასევე უბიძგებს ოჯახებს, რომ გოგოები ადრე დააქორწინონ.

მაგალითად, სუბსაჰარულ კულტურაში მშობლები ბევრად უფრო მაღალ თანხას იღებენ ისეთი გოგოს დაქორწინებაში, რომელსაც სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ბანგლადეშში, ინდოეთში, პაკისტანსა და ნეპალში რაც უფრო პატარაა ასაკით გოგო, მით უფრო ნაკლებდანახარჯიანია მისი მზითევი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მოტივაცია ხდება მშობლებისთვის, რომ შვილი პატარა ასაკში დააქორწინონ.

გლობალურად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება ბევრად უფრო ხშირია ღარიბ ქვეყნებსა და რეგიონებში. მაგალითად, სენეგალში გოგო ღარიბი ოჯახიდან ოთხჯერ უფრო ხშირად ქორწინდება არასრულწლოვანების ასაკში, ვიდრე გოგო მდიდარი ოჯახიდან.

შეზღუდული განათლება

სტატისტიკის მიხედვით, გოგოები, რომლებიც სკოლაში დადიან, უფრო ნაკლებად ხდებიან ადრეული ქორწინების მსხვერპლი. ბევრ ქვეყანაში გოგოების განათლება ბიჭებთან შედარებით უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლად დედობა და დიასახლისობა განიხილება.

მაშინაც კი, როდესაც ღარიბ ოჯახებს სურთ, რომ ქალიშვილებსაც მიაღებინონ განათლება, ხშირად ეკონომიკური პრობლემები (მაგ.: სკოლის გადასახადი, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ხარჯი) აიძულებთ, არჩევანი ვაჟისა და ქალიშვილის განათლებას შორის გააკეთონ, რა შემთხვევაშიც ხშირად გოგოები იჩაგრებიან. როგორც წესი, ოჯახები მიიჩნევენ, რომ უფრო უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანია ბიჭების განათლებაზე რესურსების დახარჯვა, ვიდრე გოგოებისაზე. ეს აიძულებს ოჯახებს, არასრულწლოვანების ასაკში დააქორწინონ გოგოები და ადრეული ასაკიდანვე მოარგონ მათ დედობისა და დიასახლისობის როლი.

წყარო: NBC News

სექსუალური განათლების სიმწირე

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში მონაწილე მოზარდები აღნიშნავდნენ, რომ მშობლები მათ პაემნებზე თავისუფლად სიარულის საშუალებას არ აძლევდნენ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი აკრძალვები მხოლოდ გოგოებზე ვრცელდება. ამ დროს მოზარდთა ნაწილი დაქორწინებას „ირჩევს“, ვინაიდან ეს მათთვის პარტნიორთან დროის გატარებისა და სქესობრივი აქტივობის ერთადერთი გზაა.

საზოგადოების ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ დაუშვებელია, ქალი ქორწინებამდე სექსუალურად აქტიური იყოს. შესაბამისად, ეს ტრადიციაც თავისებურად იწვევს ადრეულ ასაკში ქორწინებას, რადგან ქორწინების გარეშე სექსუალური სახის ურთიერთობები მათთვის მიღებული არ არის. ე.წ. „ქალიშვილობის შემოწმება“ ერთ-ერთი ყველაზე საზიანო პრაქტიკაა, რომელიც ქალებს ქორწინებამდე სექსუალურ აქტივობებს უზღუდავს, მაშინ როდესაც კაცებს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ და, პირიქით, წახალისებულიც კია.

ამგვარად, ადრეული ქორწინება, როგორც ჩანს, მოზარდებისა და განსაკუთრებით გოგოების სექსუალობის კონტროლთან არის დაკავშირებული. ამას ემატება სექსუალური განათლების სიმწირე და ტაბუდადებული თემები, რაც მოზარდებს უბიძგებს დაქორწინებისკენ, რადგან ეს მათთვის სექსუალური თვითგამორკვევის, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და სქესობრივი ურთიერთობის დაწყების ერთადერთი გზაა.

ტრადიცია და რელიგია

ტრადიციების მიმდევარ საზოგადოებებში, რომელთაც არ სურთ, რომ გოგონებს სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე ჰქონდეთ, ამის პრევენციისთვის გოგოებს ადრეულ ასაკში აქორწინებენ. უამრავი რელიგიური აღმსარებლობა და ეროვნული ტრადიცია ქალის სქესობრივ აქტივობას ქორწინების გარეშე ცოდვად, ოჯახის შეურაცხყოფად და ღირსების შელახვად მიიჩნევს. ასეთ საზოგადოებაში ხშირად ქორწინება განსაზღვრავს ქალის სტატუსს და „იცავს“ მას „რეპუტაციის შელახვისგან“.

ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა ქორწინება ადრეულ ასაკში სქესობრივი კავშირის ან არასასურველი ორსულობის დასამალად ხდება. 

ზოგიერთ კულტურაში ბავშვთა იძულებითი ქორწინება ოჯახური, კლანური და ტომობრივი კავშირების გამყარების ერთ-ერთი გზაა. მაგალითად, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო პროვინციაში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში, არასრულწლოვანი გოგოების დაქორწინება გავრცელებული პრაქტიკაა, რათა ოჯახებს შორის დავები დაასრულონ. 2007 წლის ICRW-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთი რელიგია აღმოფხვრის ნაცვლად, პირიქით ხელს უწყობს არასრულწლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებას.

თუმცა, ჩვეულებები და ტრადიციები იცვლება. ფაქტობრივად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება თითქმის გაქრა რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს მოვლენა ერთი-ორი თაობის წინ გავრცელებული კულტურული პრაქტიკა იყო. ასეთი ქვეყნებია ჩინეთი, ტაივანი, კორეა, ტაილანდი და ინდონეზია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს მავნე ტრადიცია ასევე წარსულს არ ჩაბარდეს იმ ქვეყნებში, სადაც იგი დღესაც აქტუალურია — მათ შორის საქართველოში.

დაუცველობის შეგრძნება

როდესაც ოჯახები სახიფათო რეგიონებში ცხოვრობენ, მშობლებს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეთ, რომ მათი ქალიშვილების დაქორწინება საუკეთესო საშუალებაა საფრთხისგან დასაცავად. მაგალითად, ავღანეთის, ჩრდილოეთ უგანდის ან სომალის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, არასრულწლოვან გოგოებს  იძულებით აქორწინებენ მეომარზე ან სხვა ავტორიტეტზე, რომელიც უზრუნველყოფს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ჯგუფები არასრულწლოვან გოგოებს იტაცებდნენ და მებრძოლებისა და მეთაურების ცოლებად ზრდიდნენ.

ადრეული ქორწინების შედეგები

ყველაფერზე მეტად ადრეული ქორწინება გოგოებს ბავშვობას ართმევს. მათ ოჯახური პასუხისმგებლობის, დედობისა და სექსუალური ურთიერთობების სრული ტვირთი ეკისრებათ, მაშინ როცა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან სოციალიზაცია, საკუთარი ჰობებისა და ინტერესების გამოკვლევა ან განათლების მიღება უნდა იყოს.

არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგოები ტოვებენ მშობლების სახლს, რათა იცხოვრონ ქმართან და მის ოჯახთან ერთად, სადაც მათ არ ჰყავთ მეგობრები და ვერავის მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგოები ხშირად იზოლირებულები და უძლურები არიან. ხშირია მენტალური პრობლემებიც. არასრულწლოვან გოგოებში მეტია ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც, როგორც ფსიქოლოგიური, ისე — ფიზიკური.

UNICEF-ის კვლევის მიხედვით, არასრულწლოვან გოგოებში იმატებს მშობიარობის დროს სიკვდილისა და ახალდაბადებული ჩვილის გარდაცვალების შემთხვევები. იზრდება აივ/შიდსით ინფიცირების საფრთხეც.

ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ არასრულწლოვანმა განათლების მიღება გააგრძელოს. უმეტეს ქვეყნებში სკოლის კარი, როგორც წესი, დაკეტილია დაქორწინებული გოგოებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ თითქმის არ აქვთ შესაძლებლობა, სამომავლოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეთ და საკუთარი თავის რეალიზება მოახერხონ. ამიტომაც, ისინი ფინანსურად კვლავ დამოკიდებულნი არიან ქმრებსა და მათ ოჯახზე.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ბავშვთა ქორწინება პრობლემაა და მას ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს არასრულწლოვანისთვის, მაინც გვესმის შემთხვევები, როცა მოზარდი იძულებით თუ მშობლებისგან დამოუკიდებლად მაინც ქორწინდება. მშობლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რა დაბრკოლების წინაშე აყენებს გოგოს ადრეული ქორწინება, რა საფრთხეს უქმნის ეს ნაბიჯი მის მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კარიერას, და რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნებამ მშობლების, ნათესავების, სასულიერო პირისა თუ პარტნიორის ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია