Facebook Script

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

ასაკის მატება და სექსუალობა ის ორი თემაა, რომელიც საზოგადოებაში მითებითა და სტერეოტიპებითაა მოცული. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენი სხეულები იცვლება, არ ნიშნავს, რომ გვიქრება სექსისა და ინტიმის სურვილი. რას გულისხმობს საკუთარი სექსუალობის მართვა ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე?

ასაკის მატება ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტზე მოქმედებს. ჩვენს სხეულებს უჯრედულ დონეზე ისე სწრაფად აღდგენა აღარ შეუძლიათ, როგორც ახალგაზრდობაში. ამან შეიძლება ცოტათი გაართულოს კონკრეტული აქტივობებით სიამოვნების მიღება, მათ შორის სექსით. თუმცა, რამდენიმე პატარა ცვლილების დახმარებით, ასაკის მატებამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ სასიამოვნო და ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების ქონაში.

სექსუალობის ცვლილება ცხოვრების განმავლობაში

სექსუალობა ადამიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიმართება სექსთან დაკავშირებით იცვლება და ვითარდება დროთა განმავლობაში და მასზე გავლენას ახდენს ჩვენი აღზრდა, გარემო, რელიგია, სოციალური ფონი და ჩვენი სექსუალობის აღმოჩენისა და შესწავლის პირადი სურვილები და მცდელობები.

უამრავ ადამიანს სექსუალური სურვილები და საჭიროებები დროთა განმავლობაში ეცვლება. უმეტესობისთვის სექსუალობა პიკს ადრეულ 20-იან წლებში აღწევს და ეს პროცესი რეპროდუქციული ასაკის წლებში აგრძელებს ცვლილებას. სამწუხაროდ, როდესაც გარკვეულ ასაკს ვაღწევთ, ჩვენი სექსუალური სურვილი და შესაძლებლობები კლებას იწყებს.

სქესობრივ ლტოლვაზე, ანუ ლიბიდოზე, და სექსუალურად აქტიურობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა მათგან მთავარია ასაკის მატება, ჯანმრთელობის გაუარესება, ჰორმონალური ცვლილებები და ასაკოვნებასა და სექსუალობასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმა. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ იცვლება სექსუალობა ასაკის მატებასთან ერთად.

როგორ იცვლება სექსუალობა ასაკთან ერთად?

მართალია, სექსუალობა ინდივიდუალურია, მაგრამ კაცისა და ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებს განსხვავებული შიდა რიტმები აქვთ. კაცისა პიკს აღწევს 20-იან წლებში, ხოლო ქალის — უმჯობესდება 30-იანების და ზოგჯერ 40-იანების განმავლობაშიც კი.

კაცის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში ტესტოსტერონი განსაზღვრავს სექსუალურ მიზიდულობასა და ლიბიდოს, მაგრამ მათი ტესტოსტერონის დონე ნელ-ნელა იწყებს კლებას 30-იანი წლების მიღწევისას. ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანები უფრო გვიან აღწევენ პიკს და ჯერ კიდევ არ არის ახსნილი, რატომ იზრდება ლიბიდო, როდესაც ქალის ფერტილურობა (ნაყოფიერება) მცირდება. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამას განაპირობებს ურთიერთობაში უსაფრთხოდ ყოფნა და ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე საკუთარი სხეულებისა და სექსუალური საჭიროებების უკეთ გააზრება.

50 წლის შემდეგ ორივე სქესის სხეულისთვის, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია სექსუალურად აქტიურობისადმი ინტერესის კლება. კაცის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში ტესტოსტერონის დონე აგრძელებს კლებას, რამაც შეიძლება ნაკლებად ხშირი ერექციები და სექსისადმი ინტერესის კლება გამოიწვიოს. ქალის რეპროდუქციული სისტემის ადამიანებისთვის ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე აღარ არის საჭირო არასასურველ ორსულობაზე დარდი, თუმცა იკლებს ესტროგენის დონე და მენოპაუზა ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება ადამიანისთვის დამაბრკოლებელი იყოს სექსთან მიმართებით.

► მენოპაუზის დროს ადამიანი გრძნობს პერიოდულ წამოხურებებს (ე.წ. „ალებს“), შფოთვას, დაღლილობასა და გაღიზიანებადობას. გარდა ამისა, ესტროგენის დონის დაცემა გულისხმობს, რომ შეიძლება უფრო რთული გახდეს აღგზნება და ბუნებრივად ლუბრიკაცია (დასველება), რაც სქესობრივ აქტს უფრო არაკომფორტულს ხდის.

► იხილეთ აგრეთვე:

რა მოქმედებს სექსუალობაზე ყველაზე მეტად?

ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებები. საიდუმლო არაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სხეულები კარგავენ სწრაფად აღდგენის უნარს და უფრო მოწყვლადები ხდებიან დაზიანებებისა და დაავადებების მიმართ. ასაკის მატებასთან დაკავშირებულ დაავადებებს შორისაა კიბო, დიაბეტი, ართრიტი, ქრონიკული ტკივილი და გულის დაავადებები. ზოგი მათგანი პირდაპირ ზემოქმედებს ჰორმონებსა და ლიბიდოზე, სხვებმა კი შეიძლება სექსი არაკომფორტული გახადოს.

მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაავადებები ამცირებს სისხლის მიწოდებას გენიტალიების (სასქესო ორგანოების) უბნისკენ, რაც ორივე სქესის სხეულისთვის ართულებს აღგზნებასა და ორგაზმის მიღწევას. ასევე შეიძლება შემცირდეს ერექციის ხანგრძლივობა და სიმაგრე.

მენოპაუზა. ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ზოგი ადამიანი სექსუალურად უფრო აღგზნებულად გრძნობს თავს მენოპაუზის დროს, რადგან მათ არასასურველი ორსულობის აღარ ეშინიათ. თუმცა, მენოპაუზა, დიდი ალბათობით, თქვენს სექსუალურ ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ესტროგენის კლების გამო ვაგინის კედლები ნაკლებად გამოყოფენ სისველეს და კანის ქსოვილი უფრო თხელდება, რაც სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტს იწვევს. ამ ცვლილებებს საშოს ატროფია ეწოდება. იმ ცვლილებებმა, რომლებსაც ჩვენი სხეულები გადის ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება გაღიზიანება და აღელვება გამოიწვიონ, რაც სექსისადმი ინტერესზე მოქმედებს.

ერექციული დისფუნქცია. ერექციული დისფუნქციის პრობლემა შეიძლება პენისის (ასოს) მქონე ადამიანთა უმეტესობის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დადგეს. მეტიც, ეს ხშირად ნაკლებადაა დაკავშირებული ასაკთან და უფრო მეტად მენტალურ და ფიზიოლოგიურ კეთილდღეობასა და სტრესს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე, როგორც წესი, ერექციის პრობლემები იზრდება. მათ, ვისაც გულის ან გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვთ, შეიძლება უფრო გაუჭირდეთ ერექციის შენარჩუნება, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება სისხლის მიმოქცევას.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ბევრ ადამიანს ასაკთან ერთად უფრო მეტად აწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ისეთი დაავადებები, როგორებიცაა დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება, ზოგჯერ ზრდის ლტოლვას, მაგრამ ამავდროულად აქვეითებს მენტალურ ფუნქციას და იწვევს დისორიენტაციას. თუკი თქვენს პარტნიორს ვერ ცნობთ, მასთან სექსის სურვილი ნაკლებად გექნებათ.

სტერეოტიპები. ახალგაზრდობის კულტი მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს წარმოაჩენს სექსუალურ არსებებად. ბევრ ადამიანს, რომელსაც ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა აქვს, კულტურული სტერეოტიპები აბრკოლებს. როდესაც საკუთარ თავს საკუთარი სექსუალობისგან ვმიჯნავთ, ჩვენი სქესობრივი ლტოლვაც იკლებს.

წყარო: Gurulex

რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების შენარჩუნება?

ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას უამრავი დადებითი მხარე აქვს ჩვენი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხრივ. აქ სულ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი, თუ რა სარგებელი მოაქვს სექსუალურად აქტიურობას ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე:

უკეთესი ჯანმრთელობა. სასიამოვნო სექსი ძალიან სახალისოა, თუმცა ის ასევე ჯანმრთელობისთვისაცაა კარგი. სექსი თქვენს სისხლის მიმოქცევას უწყოს ხელს და ათავისუფლებს ბედნიერების ჰორმონებს, ენდორფინებს, რომლებიც არამხოლოდ აუმჯობესებს თქვენს განწყობას, არამედ ასევე ამსუბუქებს ტკივილს. სექსი ასევე აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ასტაბილურებს სასქესო ჰორმონების წარმოებას, როცა ასაკში ვართ.

მეტი კმაყოფილება ცხოვრებით. სექსუალობა მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები ვართ, და ეს ასაკის მატებასთან ერთად არ ქრება. დადებითი სექსუალური გამოცდილებების ქონა ჩვენს პარტნიორებსა და საკუთარ თავებთან დაახლოებაში გვეხმარება. ღრმა ემოციური კავშირები და სასიამოვნო აქტივობები საკვანძო როლს ასრულებს ცხოვრებით კმაყოფილებაში. მეტიც, მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ცხოვრებით ტკბობა პირდაპირაა დაკავშირებული სექსუალურ კმაყოფილებასთან. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ვახერხებთ ცხოვრებით ტკბობას, როგორც წესი, სექსის მიმართ უფრო მეტი ლტოლვა გვაქვს და ასევე პირიქით.

უფრო ძლიერი ურთიერთობები. მართალია, არ არსებობს ჯადოსნური რიცხვი, თუ რამდენჯერ უნდა გქონდეთ სექსი საიმისოდ, რომ პარტნიორთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, მაგრამ სექსი ამას ნამდვილად უწყობს ხელს. ის უფრო ღრმა ემოციურ კავშირს ქმნის და ხელს უწყობს ადამიანებს შორის ინტიმურობის შენარჩუნებას. მართალია, მრავალწლიანი პარტნიორობისას ლტოლვის შენარჩუნება შეიძლება ზოგჯერ რთული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ინტიმურობაზე ზრუნვა, რამდენადაც შეგვიძლია.

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სექსუალური ცხოვრება გვიანდელ ასაკში?

ესტროგენის თერაპია. ესტროგენის თერაპია არის ჰორმონალური მკურნალობის ფორმა, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანის სხეულში ხელს უწყობს ესტროგენის დონის შენარჩუნებას, როცა ის ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. ესტროგენის აბები, კანის პლასტირები და გელები ხელს უწყობს ძვლების სიმყიფის ზრდის პრევენციას, ამცირებს პერიოდულ წამოხურებებს და ამსუბუქებს ვაგინალურ ტკივილს. ამან შეიძლება უკეთ გაგრძნობინოთ თავი და სექსი უფრო კომფორტული გახადოს. მიუხედავად ამისა, ესტროგენის თერაპიის გვერდით მოვლენებს შორისაა ძუძუს კიბოს, ინსულტისა და გულის შეტევის გაზრდილი რისკი. სანამ ახალ ჰორმონალურ თერაპიას დაიწყებდეთ, ეს რისკები ექიმთან ერთად უნდა შეაფასოთ.

გახადეთ სექსი უფრო სასიამოვნო. ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ, როგორც წესი, ვკარგავთ მოქნილობას, თუმცა პარტნიორთან სექსით ან მარტო მასტურბაციით ტკბობის ბევრი გზა არსებობს. აუცილებელი არაა, სექსი პენეტრაციის (პენისით ვაგინაში ან ანუსში შეღწევის) გარშემო ტრიალებდეს. სცადეთ ყველაფერი, რაც ინტიმურობის ნაპერწკლის შენარჩუნებაში გიწყობთ ხელს: კოცნა, ჩახუტება, მასაჟი, ორმხრივი მასტურბაცია და ფიზიკური ინტიმურობის სხვა ფორმები — ყველა მათგანი ხელს უწყობს სიამოვნებისა და კმაყოფილების ზრდას სექსის დროს.

არ დაგავიწყდეთ ლუბრიკანტი. ინტიმური ლუბრიკანტი (საცხი) შეიძლება ნებისმიერ ასაკში იყოს სასარგებლო სქესობრივი კავშირის დროს ვაგინალური ტკივილის შესამსუბუქებლად თუ, უბრალოდ, აქტის გასამარტივებლად და სიამოვნების გასაძლიერებლად. თუკი გაწუხებთ ვაგინის სიმშრალე, დისკომფორტი და ტკივილი ან დაზიანება სექსის დროს, ლუბრიკანტის გამოყენება დაგეხმარებათ, უფრო მეტად დატკბეთ სექსით და გააძლიეროთ თქვენი ლტოლვა.

სცადეთ კეგელის ვარჯიშები. კეგელის ვარჯიშები სასარგებლოა ნებისმიერ ასაკში ნებისმიერი გენდერის ადამიანისთვის. მენჯის კუნთები ასაკის მატებასთან, მძიმე წონის აწევასა და ორსულობასთან ერთად უფრო სუსტდება. მენჯის კუნთების ვარჯიში გეხმარებათ, შეინარჩუნოთ სასიამოვნო სექსუალური ცხოვრება, მიაღწიოთ უფრო ძლიერ ორგაზმებს და დაგეხმაროთ შარდის შეუკავებლობის პრობლემის მოგვარებაში. ამისთვის საჭიროა, სწორად ამოიცნოთ მენჯის კუნთები და შემდეგ რეგულარულად ივარჯიშოთ მათ შეკუმშვაში ყოველდღიურად ან კვირაში რამდენიმე დღე. თავდაპირველად უმჯობესია, წამოწვეთ და ისე სცადოთ ვარჯიში. როცა უკეთ გაერკვევით, კეგელის ვარჯიშების შესრულება ყველგან შეგიძლიათ, რადგან მათ ბევრი მოძრაობა არ სჭირდება.

► ინტიმურობა და სექსუალობა ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილებია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სხეული იცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სექსით სიამოვნება აღარ უნდა მივიღოთ. თუნდაც თქვენს ცვალებად სხეულთან შესაფერისი გარკვეული ცვლილებების განხორციელება გიწევდეთ ცხოვრებაში, საკუთარ სექსუალობაზე ზრუნვა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ურთიერთობების გაძლიერებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ!

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია