Facebook Script

ერექციული დისფუნქცია — რა უნდა იცოდეთ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაზე

პენისის (ასოს) მქონე ადამიანთა უმეტესობა დაადასტურებს, რომ პენისი საკმაოდ არაპროგნოზირებადი რამაა. ხანდახან სექსის დროს ერექციის — სქესობრივი აღგზნების დროს სისხლის გაძლიერებული მიწოდების შედეგად პენისის გამაგრების — დაკარგვა ძალიან ნორმალურია. თუმცა, თუკი ადამიანს მუდმივად აქვს ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების პრობლემა, ამას ერექციული დისფუნქცია ეწოდება.

ერექციული დისფუნქცია საკმაოდ სენსიტიური თემაა და ის მჭიდროდაა გადაჯაჭვული ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობასთან. მას პოტენციურად საზიანო გავლენა აქვს როგორც საკუთარი თავის აღქმაზე, ისე სექსუალურ ურთიერთობებზეც. ერექციული დისფუნქცია ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირი ასაკის მატებასთან ერთად ხდება.

როდესაც ორ (ან მეტ) ადამიანს სექსუალური ურთიერთობა აქვს, ერთ-ერთი პარტნიორის ჯანმრთელობაზე მოქმედი პრობლემები სხვა პარტნიორ(ებ)ზეც მოქმედებს. როგორც დროთა განმავლობაში ქალებმა სამართლიანად მოითხოვეს კაცებისგან, რომ მათ საბაზისო ცოდნა ჰქონოდათ მენსტრუალურ ციკლსა და ქალის სექსუალობაზე, ისევეა საჭირო, რომ ქალებმა მეტი გაიგონ კაცის სექსუალობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის პრობლემები ყველა ჩვენგანს გვაწუხებს ცხოვრების რაიმე ეტაპზე. ამაში სამარცხვინო არაფერია და გამგები პარტნიორის მხარდაჭერის ქონა ბევრად უფრო ამარტივებს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას.

ამ პრობლემის აღმნიშვნელი ძველი ტერმინია „იმპოტენცია“, რომელიც ლათინურად „ძალის ნაკლებობას“ გულისხმობს. დღესდღეობით გამოიყენება უფრო კლინიკური ტერმინი „ერექციული დისფუნქცია“, რადგან ბევრი ადამიანისთვის ძველი ტერმინი დაკავშირებულია უცნაურ, ძველებურ მკურნალობის გზებსა თუ ბრალდებისა და დარცხვენის არასაჭირო კონოტაციებთან.

► 40 წელს გადაცილებული კაცების 50%-ზე მეტს აწუხებს ერექციული დისფუნქცია რაიმე ფორმით, ხოლო საშუალოდ ყოველი 10 კაციდან 1-ს ერექციული დისფუნქციის მწვავე ფორმა ჰქონია ან ექნება ცხოვრების რაიმე ეტაპზე.

ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში ქალისთვის შეიძლება რთული იყოს მათი პარტნიორის შეგრძნებებში ორიენტირება. მათ სურთ, იყვნენ გამგებები და მხარდამჭერები, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებში, და თავიანთ პარტნიორებს მისცენ პირადი სივრცე, რომელშიც ისინი საკუთარი პრობლემების მოგვარებას შეძლებენ, მაგრამ პრობლემების გაჩენის დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ღია და პირდაპირი კომუნიკაცია, ისე ორმხრივი პატივისცემა.

ჯანმრთელი ერექცია

პენისის ერექცია ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია კაცის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში. ამ დროს პენისი მაგრდება და ზომაში იზრდება. ერექცია ხშირად სექსუალური აღგზნების საპასუხო რეაქციაა, თუმცა ის ასევე შეიძლება არასექსუალური სტიმულითაც იყოს განპირობებული.

პენისის ერექტილური ქსოვილი შედგება სამი ცილინდრული საკნისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ბოჭკოვანი ქსოვილი აკავშირებთ. პენისის ორივე მხარეს ორი იდენტური ცილინდრი — corpora cavernosa — ერექციის დროს სისხლით ივსება და პენისს ზომაში ზრდის, ზოგჯერ საკმაოდ დიდადაც. შუა ცილინდრი — the corpus spongiosum — გარს ერტყმის შარდსადენს და ქმნის მგრძნობიარე უბანს — პენისის თავს.

კლიტორის ანატომიური აგებულება პენისის შესაბამისია. ის ერექტილური ქსოვილისგან შედგება, რომელიც მოიცავს ორ ღრუ corpora cavernosa-ს და უფრო მცირე ზომის ცენტრალურ corpus spongiosum-ს, რომელიც ასევე ქმნის მგრძნობიარე უბანს — კლიტორის თავს. 

ერექციის მიღწევა და შენარჩუნება პირდაპირაა დაკავშირებული სხვადასხვა ფიზიოლოგიურ, ნერვულ და სისხლძარღვოვან ფაქტორებთან. ამ საკითხთან მიმართებით ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის მენტალური და მდგომარეობა და გუნება-განწყობა.

► ერექციის ქონა აუცილებლად სექსისთვის მზაობას ან სექსუალურ თანხმობას არ გულისხმობს. ეს, უბრალოდ, ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც პენისისკენ სისხლის მიწოდების გაზრდის მანიშნებელია. პენისი შეიძლება ერეგირდეს ძალიან შემთხვევით და შეუფერებელ სიტუაციებში, როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში. ხშირი შემთხვევითი ერექცია საკმაოდ ნორმალურია მოზარდობისას, მაგრამ თუ მისი სიხშირე ზრდასრულობის დროსაც გრძელდება, ეს შეიძლება რამე პრობლემაზე მიუთითებდეს და ასეთ დროს უმჯობესია, მიმართოთ პირად ექიმს ან უროლოგს.

ერექცია აუცილებელია ტრადიციული „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსისთვის, ზოგადად პენეტრაციული (შემღწევი) სქესობრივი აქტისა და გამრავლებისთვის. მართალია, ტექნიკურად შესაძლებელია ეაკულაციის — პენისიდან სპერმის გამონთხევის — მიღწევა ერექციის გარეშე, ეს ნაკლებად ალბათურია. თუკი თქვენ და თქვენი პარტნიორი ბავშვის გაჩენას გეგმავთ, ერექციულმა დისფუნქციამ შეიძლება გააძლიეროს ის სტრესი, რომელიც კაცებს აქვთ „სექსის დროს პერფორმანსთან“ დაკავშირებით, რაც ემოციურად კიდევ უფრო გაართულებს მისთვის ამ პროცესს. მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პირველი ნაბიჯი ამ სტრესის მოშორება და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებაა.

როგორია ერექციული დისფუნქცია? — სიმპტომები

დროთა განმავლობაში სექსის დროს ერექციის დაკარგვა აბსოლუტურად ნორმალურია. განწყობა შეიძლება უამრავმა რამემ გააქროს. კაცები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ემოციები და პრობლემები აქვთ. ამ დროს უმჯობესია, თანაგრძნობითა და ფაქიზი იუმორით მიუდგეთ საკითხს, ისე რომ ამისგან დიდი პრობლემა არ შექმნათ ან არ გააძლიეროთ თქვენი პარტნიორის საკუთარი თავისადმი ბრალეულობისა თუ სირცხვილის შეგრძნება.

ერექციული დისფუნქცია განისაზღვრება, როგორც ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების მუდმივი შეუძლებლობა. თქვენს პარტნიორს შეიძლება უნდოდეს სექსი, მაგრამ ვერ ახერხებდეს შესაბამისი ფიზიკური რეაქციის მიღებას, ან მას შეიძლება, ზოგადად, დაბალი სქესობრივი ლტოლვა, იგივე ლიბიდო, ჰქონდეს.

ერექციული დისფუნქციის მთავარ სიმპტომებს შორისაა:

  • ერექციის მიღწევის შეუძლებლობა

  • ერექციის მოულოდნელად დაკარგვა

  • ნაადრევი ეაკულაცია (ე.წ. „გათავება“)

დამატებით ინდიკატორებს შორისაა:

  • დაბალი სქესობრივი ლტოლვა

  • პრიაპიზმი — მტკივნეული, ხანგრძლივი ერექცია, რომელსაც არ ახლავს სექსუალური ურთიერთობის სურვილი და აღგზნება

  • ხშირი შემთხვევითი ერექციები

თუკი ამ სიმპტომებიდან რომელიმე რეგულარულად გაწუხებთ, დროა, მიმართოთ პირად ექიმს ან უროლოგს.

წყარო: WomanLog

მართალია, ერექციული დისფუნქცია უფრო ხშირი 50 წელს გადაცილებულ კაცებშია, მისი სიმპტომები შეიძლება ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე და/ან ემოციურ სტრესზე მიანიშნებდეს. ერექციული დისფუნქცია შეიძლება ახალგაზრდებშიც გამოვლინდეს, იქნება ეს გენეტიკური ფაქტორებისა თუ ცხოვრების წესის გამო.

► თუკი ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდა ან თუკი ისინი რეგულარულად იჩენს თავს სექსის დროს, მიმართეთ ექიმს, რათა დაადგინოთ პრობლემის მიზეზი და რაც შეიძლება დროულად დაიწყოთ მკურნალობა.

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები

ერექციულ დისფუნქციას პოტენციურად ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობა სხეულში მიმდინარე თითქმის ყველა სხვა ფიზიკურ და მენტალურ პროცესთანაა დაკავშირებული. სისხლძარღვოვანი (სისხლის მიმოქცევის), ნერვული (სენსორული პასუხები) და ენდოკრინული (ჰორმონების წარმოება) სისტემები — ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების პროცესში.

ერექციული დისფუნქციის ხშირი რისკ-ფაქტორები

ყოველდღიურობაში ნებისმიერმა რამემ შეიძლება განაპირობოს დროებითი ერექციული პრობლემები. ეს საკმაოდ ხშირია და სანერვიულო არ არის. ერექციული დისფუნქციის ყველაზე ცნობილ რისკ-ფაქტორებს შორისაა:

  • ალკოჰოლი და ნარკოტიკები

  • სიგარეტის მოწევა ან ნიკოტინი

  • ჭარბი წონა

  • ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა

  • სტეროიდები

  • სტრესი და დაღლილობა

თუკი ამ ფაქტორებიდან რომელიმე ქრონიკული და ჩვევითი გახდება, დიდი ალბათობით, სექსის დროს ერექციის პრობლემაც უფრო გახშირდება.

40 წელს გადაცილებული კაცები ერექციული დისფუნქციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ბუნებრივი ფიზიკური პროცესების გამო, თუმცა ჯანმრთელი სექსუალური ფუნქციის შენარჩუნება ხანდაზმულობაშიცაა შესაძლებელი და ერექციული დისფუნქცია ისეთი რამ არ არის, რაც უბრალოდ უნდა უგულებელყო, რადგან ხშირად ის სხვა უფრო სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება უფრო მარტივია, როდესაც მათ ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩენთ.

ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა

ერექციული დისფუნქცია შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს. ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

  • სისხლძარღვოვანი დაავადება

  • დიაბეტი

  • თირკმლის დაავადება

  • მაღალი წნევა

  • ეპილეფსია

  • გაფანტული სკლეროზი

  • დაბალი ტესტოსტერონი

  • ათეროსკლეროზი

სექსუალურ ფუნქციაზე გავლენა ასევე შეიძლება იქონიოს, ფაქტობრივად, ნებისმიერმა რამემ, რაც ზემოქმედებს წნევაზე ან ჰორმონებზე.

სექსუალური ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური ფაქტორები. ყოველდღიური ცხოვრების სტრესის გარდა, უფრო სერიოზულ პრობლემებს შორის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია, არის:

  • დეპრესია

  • შფოთვითი აშლილობები

  • არეული ძილი

  • მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები

  • პრობლემები ურთიერთობაში

გარდა ამისა, ერექციულ დისფუნქციას შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომელიც მენტალურ თუ ფიზიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად გამოიყენება, მათ შორისაა:

  • ანტიდეპრესანტები

  • ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი

  • მიორელაქსანტები (კუნთების მომადუნებელი პრეპარატები)

  • დიურეზული საშუალებები (შარდმდენი პრეპარატები)

  • ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები)

  • ტრანკვილიზატორები (დამამშვიდებელი საშუალებები)

  • პროსტატის კიბოს სამკურნალო პრეპარატები

  • ჰორმონალური მედიკამენტები

ერექციული დისფუნქციის მკურნალობის გზები

ერექციული დისფუნქცია განკურნებადია. მკურნალობის პირველი საფეხურია ადამიანის ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. თქვენი პარტნიორი ჩვეულზე უფრო მეტი სტრესის ქვეშ ხომ არ არის? ამ სტრესთან გასამკლავებლად არაჯანსაღი ჩვევები ხომ არ გამოუმუშავდა? სისხლის ანალიზმა და ჯანმრთელობის სხვა რუტინულმა შემოწმებებმა შეიძლება გამოარკვიოს შესაძლო გამომწვევი მიზეზები, ამიტომაც მხარი დაუჭირეთ თქვენს პარტნიორს, რომ გადალახოს საწყისი სირცხვილის შეგრძნება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, რათა მან ექიმს მიმართოს და გაიგოს, რა იწვევს ამ პრობლემას.

თუკი თქვენი პარტნიორის ერექციული დისფუნქცია ჯანმრთელობის სხვა პრობლემითაა განპირობებული, მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პირველი გზა დიაგნოზის დასმაა. თუკი ერექციულ დისფუნქციას სხვა პრობლემა არ უდევს საფუძვლად, თქვენს პარტნიორს გამოადგება თქვენი გვერდში დგომა, რათა ჩამოიყალიბოს ჯანსაღი ჩვევები სტრესთან და შფოთვასთან გასამკლავებლად, იკვებოს ჯანსაღად და რეგულარულად დაკავდეს მისთვის სასიამოვნო ფიზიკური აქტივობებით.

ერექციული დისფუნქციის სიმპტომების მკურნალობა მედიკამენტებითაა შესაძლებელი: სილდენაფილი, ანუ „ვიაგრა“, ყველაზე ცნობილი პრეპარატია, თუმცა ასევე გამოიყენება სხვა მედიკამენტები, მაგალითად, ავანაფილი ან ვარდენაფილი.

► ყურადღება! ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს და გაესაუბრეთ შესაძლო რისკებსა და გვერდით მოვლენებზე.

ეს მედიკამენტები, როგორც წესი, დასალევი აბის სახით მიიღება, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია ინიექციები, განსაკუთრებით თუკი ექიმი ჰორმონალურ თერაპიას დაგინიშნავთ. ზოგჯერ რამდენიმე მედიკამენტის ცდაა საჭირო, სანამ შესაფერისს იპოვით.

► გახსოვდეთ: მართალია, პარტნიორის მხარდაჭერა ნორმალური და აუცილებელია, მაგრამ მისი მკურნალობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იფიქროთ, რომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ექიმთან ვიზიტებზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. თუმცა, მნიშვნელოვანია, იყოთ გამგები.

ემოციურ ზეწოლასთან გამკლავება

კაცებზე არსებობს სოციალური წნეხი, რომ ისინი 24/7-ზე უნდა იყვნენ სექსისთვის მზად, განსაკუთრებით სტერეოტიპულად მასკულინურ სოციალურ ჯგუფებში. ეს, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს. კაცები კომპლექსური ადამიანები არიან მდიდარი ემოციური ცხოვრებით და მათ სექსის ქონის მზაობა ან სურვილი ყოველთვის სულაც არ აქვთ. ზოგჯერ შეიძლება, კაცს სხეულმა არ შეუწყოს ხელი, თუნდაც სექსის სურვილი ჰქონდეს. ზოგჯერ, უბრალოდ, ასე მუშაობს ჩვენი სხეული.

„პერფორმანსზე შფოთვა“ — შფოთვა იმაზე, თუ როგორ „შეასრულებს“ კაცი თავის საქმეს პენეტრაციული (შემღწევი) სექსის დროს — არის ფრაზა, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება კაცის იმ შიშის აღსაწერად, თუ რამდენად მოახერხებს ის ერექციის შენარჩუნებას ან „რამეს არასწორად იზამს“ სექსის დროს. ეს შეგრძნება შეიძლება ძალიან დამთრგუნველი იყოს.

ერექციული დისფუნქციის მოგვარებას, როგორც წესი, ორივე პარტნიორის მხრიდან ემოციური მოწყვლადობის რაღაც დონე სჭირდება. წყვილისთვის წარმატებული და ორმხრივად მხარდამჭერი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ემოციური სიმწიფე, რათა ღიად და პირდაპირ ისაუბრონ ერთმანეთთან. სამწუხაროდ, კულტურული მოლოდინები და „ვალდებულებები“ ხშირად ამ ემოციური სიმწიფის მიღწევას ხელს უშლის, კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც.

მართალია, ადამიანური კავშირის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია თანაგრძნობა და გულისხმიერება, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მზრუნველობა და „ემოციური განებივრება“ იმდენადვე უარყოფითი შედეგის მომტანია, რამდენადაც დაცინვა ან უგულებელყოფა. თუკი არ ხართ დარწმუნებული, როგორ მიუდგეთ თქვენს პარტნიორს ერექციულ დისფუნქციასთან გასამკლავებლად, ამის დადგენის ყველაზე მარტივი გზაა, ჰკითხოთ: „რით შემიძლია დაგეხმარო?“ — და გახსოვდეთ, რომ ჩვენი საჭიროებები დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომაც დღეს შეიძლება სხვა რამ გვჭირდებოდეს, ხვალ კი — სხვა.

სექსის დროს პრობლემები შეიძლება სირცხვილის მომგვრელი ან გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ მკურნალობა შესაძლებელია. გულწრფელად შეაფასეთ სიტუაცია, ეცადეთ პრობლემის მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგმას და ეძებეთ გზები საიმისოდ, რომ დატკბეთ ერთმანეთთან ყოფნით როგორც სექსში, ისე თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური დისფუნქციები

სექსუალური დისფუნქციები — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა სახის სექსუალური დისფუნქციები (დარღვევები) არსებობს, როდის უნდა მიმართოთ ექიმს და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა?

სექსუალური დარღვევები
დისპარეუნია, ტკივილი, სექსი

ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

მტკივნეული პენეტრაცია, ანუ დისპარეუნია, არის მუდმივი ან განმეორებითი გენიტალური — სასქესო ორგანოს — ტკივილი, რომელიც სქესობრივ აქტამდე, მის დროს ან მის შემდეგ ხდება.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ერექციული დისფუნქცია — რა უნდა იცოდეთ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაზე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია