Facebook Script

ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

მტკივნეული პენეტრაცია, ანუ დისპარეუნია, არის მუდმივი ან განმეორებითი გენიტალური — სასქესო ორგანოს — ტკივილი, რომელიც სქესობრივ აქტამდე, მის დროს ან მის შემდეგ ხდება. ვაგინალური პენეტრაციის — ვაგინაში შეღწევის — დროს დისკომფორტი დროგამოშვებით ყველა ქალს აწუხებს, თუმცა ზოგიერთი ქალისთვის მტკივნეული სექსი ინტიმური ცხოვრების რეგულარული ნაწილია.

დისპარეუნიის გამო სექსის პერსპექტივა სტრესული ხდება, რაც ქალის ინტიმურ ცხოვრებას აზიანებს. ზოგი ქალი ახერხებს დისკომფორტთან გამკლავებას ან საკუთარი სექსუალობისგან გამიჯვნას, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, მათ ცხოვრებაში სხვა პრობლემებს წარმოქმნის. სამწუხაროდ, დისპარეუნია შეიძლება ყველას აწუხებდეს, ასაკისა და ცხოვრების სტილისგან განურჩევლად. კარგი ამბავი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში მისი მარტივად განკურნებაა შესაძლებელი.

ბრიტანული კვლევის მიხედვით, ყოველი 13 ქალიდან 1-ს აწუხებს მტკივნეული სქესობრივი აქტის პრობლემა, რომელიც წელიწადში 3 თვეზე მეტხანს მაინც გრძელდება.

მტკივნეული სექსის სიმპტომებს შორისაა:

  • ტკივილი პენეტრაციის (ვაგინაში შეღწევის) დროს

  • გაღიზიანება პენეტრაციის დროს, მათ შორის ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის გამოყენებისას

  • ძლიერი ტკივილი ბიძგების დროს

  • წვის შეგრძნება და ყრუ ტკივილი

  • ვაგინალური ქსოვილის დაზიანება

  • მჭვალავი ტკივილი, რომელიც მენსტრუალურ ტკივილს ჰგავს და გრძელდება სქესობრივი აქტის შემდეგაც

► მტკივნეული სექსის გამო ქალი შეიძლება სექსის მოლოდინის ან რაიმე ფორმის ინტიმური აქტივობის დროს შფოთვამ შეაწუხოს. ქალებს, რომლებსაც დისპარეუნია აწუხებთ, ხშირად აქვთ დაბალი ლიბიდო, ანუ სქესობრივი ლტოლვა, და უჭირთ როგორც აღგზნება, ისე ორგაზმი.

რა ხდის სექსს მტკივნეულს?

მტკივნეული სქესობრივი აქტის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. იმ ქალებისთვისაც კი, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ აქვთ, პენეტრაცია შეიძლება არაკომფორტული ან მტკივნეული იყოს ისეთი მარტივი მიზეზის გამო, როგორიცაა ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, ზოგ ქალს აწუხებს ისეთი ფიზიკური და მენტალური პრობლემები, რომელთა გამოც სექსი საშინლად მტკივნეულია.

ამის რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს:

ვაგინიზმი. ადამიანმა, რომელსაც ვაგინიზმი აწუხებს, ტკივილი შეიძლება იგრძნოს როგორც ვაგინალური სექსის დროს, ისე ტამპონის გამოყენებისას ან თუნდაც გინეკოლოგთან შემოწმების დროს, რადგან ნებისმიერი სახის პენეტრაციისას ვაგინის კედლები უნებლიეთ იკუმშება. პაციენტები ამ შეგრძნებებს აღწერენ როგორც მწველ ტკივილს ან შეუვალობის განცდას პენეტრაციის დროს. ვაგინიზმის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ ის შფოთვასა და წარსულში მომხდარ უარყოფით სექსუალურ გამოცდილებებთან იყოს დაკავშირებული.

ინფექციები. როდესაც ვაგინის მიკროფლორა სავსეა ბაქტერიებით, ვაგინა უფრო მგრძნობიარე და მარტივად გაღიზიანებადი ხდება, ასევე ჩნდება ქავილის შეგრძნება. გავრცელებულმა ვაგინალურმა ინფექციებმა, მაგალითად, სოკოვანმა ინფექციებმა ან ბაქტერიულმა ვაგინიზმმა, შეიძლება ვაგინის სიმშრალე და კანის დაზიანებები გამოიწვიოს, რის გამოც ნებისმიერი სახის პენეტრაცია მტკივნეულია. სექსი არაკომფორტული და რთული შეიძლება გახადოს ასევე სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა (სგგი-ებმა). სგგი-ები, მაგალითად, ქლამიდია და გონორეა, გენიტალიების გაღიზიანებასა და ქსოვილის რღვევას იწვევს, გენიტალური ჰერპესი კი უკიდურესად მტკივნეულ წყლულებს აჩენს.

საშვილოსნოს ყელის ანთება — ცერვიციტი. ზოგიერთი ვაგინალური ინფექცია და სგგი ცერვიციტს იწვევს. საშვილოსნოს ყელის ანთების სიმპტომებს შორისაა მტკივნეული პენეტრაცია, ტკივილი სექსის შემდეგ და გაღიზიანებადობა შარდვისას. თუკი მსგავს სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიდით თქვენს პირად ექიმთან ან გინეკოლოგთან, რათა ტკივილის მიზეზი დაადგინოთ. საშვილოსნოს ყელის ტკივილი და სექსის დროს სისხლდენა შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს მანიშნებელი იყოს; მის გამოსარიცხად გინეკოლოგი პაპ-ტესტს გაგიკეთებთ.

ფიბროიდები — უჩვეულო გამონაზარდები, რომლებიც საშვილოსნოზე წარმოიქმნება. საშვილოსნოს ფიბროიდებს, როგორც წესი, სიმპტომები არ ახასიათებს და მათი აღმოჩენა დიდწილად რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმების დროს ხდება. მართალია, ფიბროიდები ხშირ შემთხვევაში არ არის საზიანო, თუმცა ზოგჯერ ისინი შეიძლება მტკივნეული მენსტრუაციას ან სექსის მიზეზი გახდეს.

ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, ანუ ენდომეტრიუმი, საშვილოსნოს ღრუს გარეთ იწყებს ფორმირებას. სიმპტომები განსხვავდება ქალებს შორის — იმის მიხედვით, თუ სად წარმოიქმნება ენდომეტრიული უჯრედები. მტკივნეული სექსი ენდომეტრიოზის ერთ-ერთი შესაძლო სიმპტომია; ზოგ ქალს ამ დროს აწუხებს მსუბუქი ან ძლიერი მჭვალავი ტკივილი მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში.

წყარო: WomanLog

საკვერცხის კისტები (ცისტები). მართალია, საკვერცხეებზე პატარა „ფუნქციური“ კისტების წარმოქმნა და მენსტრუაციის დროს გასკდომა არც ისე იშვიათია, თუმცა ზოგჯერ ისინი უფრო დიდი ზომის იზრდება და სქესობრივი აქტის დროს ტკივილს იწვევს. ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს პენეტრაციის დროს პენისის საკვერცხეებზე ხახუნმა, რის შედეგადაც კისტა სითხეს გამოყოფს. თუკი ამასთანავე მტკივნეული, ძალიან არარეგულარული მენსტრუაცია გაქვთ, ასევე გაქვთ აკნე და იმატებთ წონაში, ეს შეიძლება პოლიკისტური (პოლიცისტური) საკვერცხის სინდრომზე მიანიშნებდეს.

მენჯის ანთებითი დაავადება. ანთებას ხშირ შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერია იწვევს. ამის შედეგია ტკივილი შარდვის დროს, უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის და ტკივილი სქესობრივი აქტის გამო. მენჯის ანთებით დაავადებას დროულად თუ არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ქრონიკული ტკივილი ან ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობა.

მენოპაუზა. ასაკთან ერთად ქალის სხეულში ესტროგენის დონე ეცემა, რაც ათხელებს ვაგინალურ ქსოვილს და ამცირებს ბუნებრივ სისველეს. მენოპაუზით განპირობებულმა ვაგინის სიმშრალემ სექსი შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო გახადოს და გამოიწვიოს ტკივილი და ვაგინის ქსოვილის დაზიანება.

მშობიარობა. როდესაც ქალის სხეული ბავშვის გამოკვებაზეა ორიენტირებული, სხეულში ესტროგენის დონე ეცემა და პოსტპარტუმ (მშობიარობის შემდგომი) სექსი შეიძლება მტკივნეული იყოს. სექსი მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს ასევე იმ შემთხვევაში, თუკი ქალს მშობიარობიდან ზედმეტად მალე ექნება სქესობრივი აქტი, როცა მისი მენჯის ფსკერი ჯერ კიდევ სუსტია.

ვაგინის სიმშრალე. ბუნებრივი ლუბრიკაციის (სისველის) ნაკლებობა დისპარეუნიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ვაგინალური ლუბრიკაცია სხეულში ესტროგენის დონესთანაა დაკავშირებული. ესტროგენი ეცემა მენოპაუზის დროს, ასევე მედიკამენტების — მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეფციის, გულისა და წნევის წამლების ან ანტიდეპრესანტების — მიღებისას. დამატებითი ლუბრიკაციის გარეშე სექსი შეიძლება არასასიამოვნო იყოს და ვაგინალური ქსოვილი დააზიანოს.

ვულვოდინია. ასე ჰქვია ვულვის გარშემო არსებულ მწვავე, ბასრ ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ წვის შეგრძნებაც ახლავს თან, რასაც ხშირად ვაგინაში რაიმე ნივთის შედება იწვევს. ვულვოდინიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იყოს ისეთ ფიზიკურ პრობლემებთან, როგორებიცაა ინფექციები ან ალერგიული რეაქციები, ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, მაგალითად, ზედმეტად აგზნებულ ნერვულ სისტემასთან.

როგორ ვუშველოთ ტკივილს?

ახლა, როცა შესაძლო მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ, მოდით, განვიხილოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პირველი ნაბიჯი პრობლემის იდენტიფიცირებაა. ექიმებმა უნდა გამორიცხონ სგგი-ები და ვაგინალური ინფექციები. თუკი ამ შემოწმებების პასუხი უარყოფითი იქნება, გინეკოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ექოსკოპია და მენჯის გამოკვლევა, რათა გაიგოთ, გაქვთ თუ არა კისტები, ფიბროიდები ან ენდომეტრიოზი. თუკი გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიურია, ექიმმა შეიძლება ფსიქოთერაპია ან გათვითცნობიერების ტექნიკები გირჩიოთ.

ვინაიდან დისპარეუნია ხშირ შემთხვევაში ვაგინის სიმშრალის შედეგია, მედიკამენტებმა, რომლებიც ვაგინალურ ლუბრიკაციას ზრდის, შეიძლება შეამციროს დისკომფორტი. ვაგინალური დამატენიანებლები და ლუბრიკანტები ამსუბუქებს ხახუნს, რაც ამცირებს გაღიზიანებას და ვაგინალურ ქსოვილს პენეტრაციის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგენაში ეხმარება. მენოპაუზის სიმპტომებთან, მათ შორის ვაგინის სიმშრალესთან, გასამკლავებლად ექიმი ზოგჯერ ესტროგენის თერაპიას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ეს რეკომენდებული არაა მათთვის, ვინც მკერდის კიბოს უფრო მაღალი რისკის ქვეშაა.

მართალია, მედიკამენტებს ფიზიკური სიმპტომების განკურნება შეუძლია, მაგრამ მტკივნეული სექსის გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, რომელიც ფიზიკური პრობლემის მოგვარების შემდეგაც გრძელდება. ესაუბრეთ პარტნიორს თქვენი გამოცდილების შესახებ და აუხსენით, რას გრძნობთ სექსისა და ინტიმურობის შესახებ; ეს შეიძლება ემოციურ ტრავმასთან გამკლავებაში დაგეხმაროთ და პარტნიორთან ინტიმურობის გაღრმავებაში შეგიწყოთ ხელი.

თქვენი სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად რამდენიმე რამის ცდა შეგიძლიათ:

  • გამოცადეთ სხვადასხვა პოზები და გაიგეთ, რა განიჭებთ ყველაზე მეტ სიამოვნებას. თუკი რომელიმე პოზა გამორჩეულად სასიამოვნო იქნება, შეინარჩუნეთ ის. თუკი იმაზე დარდობთ, რომ სექსი შეიძლება მოსაწყენი და რუტინული გახდეს, გამოაცოცხლეთ ის სექს-სათამაშოების, როლური თამაშების ან ახალი ლოკაციების მეშვეობით.

  • გამოიყენეთ ლუბრიკანტი. ხშირად არასწორად ჰგონიათ, რომ ლუბრიკანტი მხოლოდ მენოპაუზის შემდეგაა საჭირო. რეალურად, ბევრი ქალისთვის დამატებითი ლუბრიკაცია სექსუალურ გამოცდილებას აუმჯობესებს, თუნდაც მანამდე არაფერი არ აწუხებდეთ. ლუბრიკანტი სექსს უფრო სასიამოვნოს ხდის და ვაგინის გაღიზიანებასა და დაზიანებას უშლის ხელს. ასევე, რაც უფრო სველია ვაგინა, მით უფრო დაბალია პრეზერვატივის (კონდომის) გახევის ალბათობა.

  • ყურადღება გაამახვილეთ პრელუდიაზე — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტზე, რომელიც უშუალოდ სექსს უძღვის წინ. ქალის აღგზნებას საკმაო დრო სჭირდება. ამას შეიძლება 20 წუთი ან უფრო მეტიც კი დასჭირდეს, თუკი ქალი ტკივილს ან შფოთვას განიცდის. პრელუდიის დროს უფრო მეტ თავისუფლებასა და კომფორტზე კონცენტრაცია პარტნიორებს მოდუნებაში ეხმარება.

  • ნუ გექნებათ სექსი ძალით, თუკი ამის განწყობა არ გაქვთ. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, განსაკუთრებით როცა საქმე სექსს ეხება.

  • გამოიკვლიეთ ახალი გზები ინტიმურობისთვის. სექსი მხოლოდ ვაგინალური პენეტრაცია არ არის. მეტიც, ქალების უმეტესობა მხოლოდ ვაგინალური სექსით ორგაზმს ვერ განიცდის. მოფერება, კოცნა, ორმხრივი მასტურბაცია და ორალური სექსი ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება და გაზრდის ინტიმურობას.

► სექსი შეიძლება წარსულში მომხდარი ტრავმების ან სხვა ფსიქოლოგიური მიზეზების გამო იყოს მტკივნეული. თუკი თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გაესაუბრეთ ფსიქოლოგს, რათა ის პრობლემის გამომწვევ მიზეზთან გამკლავებაში დაგეხმაროთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტკივილი პენეტრაციის დროს შენარჩუნდება, აუცილებელი არაა, სექსი თქვენი ცხოვრებიდან გამორიცხოთ. უამრავი გზა არსებობს, რომლითაც მარტო ან პარტნიორთან ინტიმურობით შეგიძლიათ სიამოვნების მიღება. მართალია, საკუთარ გამოცდილებებზე ღიად საუბარს დაუცველობის განცდა ახლავს, რაც ზოგჯერ შემაშინებელია, მაგრამ ნუ დაიტანჯავთ თავს მდუმარებით. თქვენს პარტნიორთან ან ექიმთან მტკივნეული სექსის შესახებ საუბარი მისი მიზეზების პოვნასა და საჭირო მკურნალობის მიღებაში დაგეხმარებათ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: The New York Times / Claire Milbrath

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ტკივილი სექსის დროს, ანუ დისპარეუნია — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია