ე.წ. „სიამოვნების სხვაობა“ (ინგლ. Orgasm gap) არის პრობლემა, რომელიც ბევრ ჰეტეროსექსუალ წყვილს აწუხებს. როდესაც სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი უფრო იშვიათად განიცდის ორგაზმს, ეს სხვაობა იზრდება. ქალებსა და კაცებს შორის სიამოვნების სხვაობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, გადავიაზროთ ჰეტეროსექსუალური სექსი.
ალბათ, წარმოუდგენელია ისეთი ადამიანის ნახვა, ვისაც ორგაზმი არ სიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან სექსი გაქვთ თუ მასტურბირებთ — ორგაზმი ამ აქტის ბუნებრივი დასასრულია. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს ორგაზმის მიღწევა. კვლევები აჩვენებს, რომ სექსის დროს უფრო მეტი კაცი განიცდის ორგაზმს, ვიდრე ქალი, ამიტომაცაა სიამოვნების სხვაობა ასეთი დიდი.
რას ნიშნავს „სიამოვნების სხვაობა“?
სიამოვნების სხვაობა აღნიშნავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი სექსუალურ ურთიერთობაში უფრო იშვიათად აღწევს ორგაზმს, ვიდრე მეორე. ჰეტეროსექსუალ წყვილებში ეს სხვაობა ყველაზე დიდია: კაცების 95% ამბობს, რომ ისინი ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის აღწევენ ორგაზმს, როცა ქალების შემთხვევაში იმავეს მხოლოდ 65% ამბობს.
სხვაობა კიდევ უფრო დიდია, თუ მას ლესბოსელ წყვილებს შევადარებთ. ლესბოსურ ურთიერთობებში ქალების 86% აღწევს ორგაზმს. უმეტეს შემთხვევაში, ქალის ორგაზმი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე კაცის ორგაზმი, რაც ნიშნავს, რომ ქალებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ საიმისოდ, რომ თავიანთ სექსუალობასთან სრულად დაამყარონ კავშირი. მკვლევრები თანხმდებიან, რომ სიამოვნების სხვაობა იმდენად არაა განპირობებული ანატომიითა და სხეულის კომპლექსურობით, რამდენადაც იმით, თუ როგორ აღვიქვამთ ჰეტეროსექსუალურ სექსს.
სხვაობის გამომწვევი მიზეზები
კაცის სხეულზე ფოკუსირება
საუკუნეების განმავლობაში სექსის მთავარი დანიშნულება რეპროდუქცია (გამრავლება) და კაცის სიამოვნება იყო. მედიამ და მედიცინის მუშაკებმა ქალის სიამოვნებაზე ფოკუსირება მხოლოდ ბოლო დროს დაიწყეს. თუმცა პრობლემა მაინც რჩება, რადგან ბევრ ჩვენგანს სკოლებში არაფერს ასწავლიან სექსის შესახებ. ნაცვლად ამისა, ახალგაზრდები სექსის შესახებ დიდწილად პორნოგრაფიიდან იგებენ, რომელიც ხშირად მცდარ წარმოდგენებს ქმნის, განსაკუთრებით როცა საქმე ქალის სხეულს ეხება.
პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი ფოკუსი კაცის ორგაზმსა და პენისზეა. მსგავსი ვიდეოების მოსალოდნელი კულმინაცია ხშირად კაცის ეაკულაციაა — ორგაზმი. ეს მცდარი წარმოდგენები და მოლოდინები სექსშიც გადმოგვაქვს და ქალები სრულიად გვავიწყდება.
პრელუდიის ნაკლებობა
როგორც წესი, ქალს 20 წუთი მაინც სჭირდება, რათა აღიგზნოს და სქესობრივი აქტისთვის მზად იყოს, კაცებს კი, ჩვეულებრივ, ამდენი დრო არ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ჰეტეროსექსუალ წყვილებში სქესობრივი აქტის საშუალო ხანგრძლივობა 19 წუთია. თუკი წყვილის სექსში ხანგრძლივი პრელუდია — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტი სექსის წინ — არ არის, ქალი თითქმის არაა აღგზნებული, როცა კაცი უკვე ორგაზმს აღწევს.
პრელუდია შეიძლება ტანსაცმლის გახდამდე დაიწყოს. პარტნიორებმა შეიძლება ერთმანეთის სტიმულაცია ფლირტით მოახდინონ, მასაჟის გაკეთებით ან შეხვედრამდე „სექსტინგით“ (ეროტიკული სექს-მიმოწერით; ინგლ. Sexting). არ არსებობს სექსის ქონის ერთი სწორი გზა — პარტნიორთან ინტიმური თავისუფლება და ექსპერიმენტირება თქვენთვის შესაფერის გზას გაპოვნინებთ.
► იხილეთ აგრეთვე: პრელუდია — ინტიმური სიახლოვე სექსის წინ
მხოლოდ პენეტრაციული სექსი
ჩვენ სქესობრივი აქტის ტიპურ სურათს ვართ მიჩვეული: ვაგინა და პენისი. კვლევები აჩვენებს, რომ ეს, როგორც წესი, ქალისთვის ორგაზმის მისაღწევად საკმარისი არ არის. მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციის — ვაგინაში შეღწევის — გზით ქალების მხოლოდ 25%-ს შეუძლია ორგაზმი. ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფილმების ისტორიაში ჰეტეროსექსუალური სექსი დიდწილად სწორედ ვაგინალური სექსის სახით იყო ნაჩვენები, მაგრამ ქალების უმეტესობა ასე ვერ აღწევს ორგაზმს. ამ პრობლემის ცნობადობა თუ არ გაიზრდება, სიამოვნების სხვაობის შემცირება ვერ მოხერხდება.
ქალი ორგაზმს ყველაზე ხშირად კლიტორის სტიმულაციით აღწევს. კლიტორს დაახლოებით 10 000 ნერვული დაბოლოება აქვს, რის გამოც ის ადამიანის სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა. ეს ასევე ერთადერთი ორგანოა, რომლის დანიშნულებად მხოლოდ სიამოვნების მიღებაა. ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში კაცები ხშირად უგულებელყოფენ კლიტორს, რის გამოც მათ პარტნიორებს ორგაზმის მიღწევა უჭირთ.
► იხილეთ აგრეთვე:
წყარო: WomanLog
ფსიქოლოგიური მიზეზები
ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა მათგანს ორგაზმის თავისებური, უნიკალური განცდა აქვს. ქალებს, ჩვეულებრივ, ორგაზმის მისაღწევად უფრო მეტი დრო სჭირდებათ და შეიძლება ფსიქოლოგიური მიზეზები ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ქალებსა და მათ მიერ ორგაზმის მიღწევის სირთულეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც უარყოფითად აღიქვამენ თავიანთ სხეულს, როგორც წესი, უფრო რთულად აღწევენ ორგაზმს.
ორგაზმის მიღწევის პრობლემები ასევე შეიძლება გამოიწვიო სხვა ფსიქოლოგიურმა მიზეზებმა, მაგალითად:
-
სექსის ქონის გამო სირცხვილმა — ეს ხშირად ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც კონსერვატიულ რელიგიურ ოჯახებში გაიზარდნენ, სადაც სექსი დემონიზებული იყო. მათ შეიძლება რცხვენოდეთ ან საკუთარ თავს ბინძურად აღიქვამდნენ სექსუალურ აქტივობებში მონაწილეობის გამო ან შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ვინმეს იმედს უცრუებენ.
-
წარსულის ტრავმამ — თუკი ოდესმე სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება ან სხვა მსგავსი სიტუაცია გამოგივლიათ, რომლის დროსაც თქვენი სხეული თქვენი თანხმობის გარეშე გამოიყენეს, შესაძლოა, სექსის დროს ფსიქოლოგიურად საკუთარ სხეულს მოშორდეთ.
-
პარტნიორთან ცუდმა ურთიერთობამ — თუკი ხშირად ჩხუბობთ პარტნიორთან ან ის რაიმე ფორმით ცუდად გეპყრობათ, შესაძლოა, მასთან სექსის დროს მოდუნება გაგიჭირდეთ. შეიძლება სცადოთ სექსზე ფოკუსირება, მაგრამ სხეული არ დაგემორჩილოთ და ვაგინის კუნთების უნებური შეკუმშვა დაიწყოს ან ლუბრიკაცია (სისველე) არ გამოყოს, რასაც ხშირად პენეტრაციის დროს ტკივილი ახლავს.
კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც სექსი შეიძლება პრობლემად იქცეს, მაგალითად, შფოთვა, სტრესი და მშობიარობა. სხეულის აღქმასთან, ოჯახურ დისფუნქციებთან ან ფინანსურ სირთულეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ასევე შეიძლება იმოქმედოს ქალის მიერ სექსუალური აქტივობის დროს სიამოვნების მიღებაზე. გარდა ამისა, ქალებს, რომლებიც მუდმივად სტრესის ქვეშ არიან, როგორც წესი, უფრო დაბალი სქესობრივი ლტოლვა აქვთ.
► იხილეთ აგრეთვე:
ფიზიკური მიზეზები
თუკი ქალს შეუძლია ორგაზმი განიცადოს მარტომ — მაგალითად, მასტურბაციისას — მაშინ მას ორგაზმის მიღწევა პარტნიორთანაც უნდა შეეძლოს. თუ ქალი სქესობრივი ლტოლვის ნაკლებობას განიცდის, დამოუკიდებლადაც ვერ ახერხებს ორგაზმის მიღწევას ან სექსის დროს ტკივილს გრძნობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას ორგაზმთან დაკავშირებული დისფუნქცია, ანუ დარღვევა, აქვს.
ორგაზმული დისფუნქცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მიზეზების გამო. ორგაზმის მიღწევის სირთულის გამომწვევ ფიზიკურ პრობლემებს შორისაა:
-
გინეკოლოგიური ოპერაციები. მაგალითად, ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა);
-
მედიკამენტები. მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეფცია ან ანტიდეპრესანტები;
-
არაჯანსაღი ცხოვრების სტილი. მაგალითად, ალკოჰოლი, მოწევა და ნარკოტიკები — ყველა მათგანი დაკავშირებულია სექსუალურ დისფუნქციებთან, ქალებშიც და კაცებშიც;
-
მენოპაუზა. ამ დროს სხეულში ესტროგენის დონე ეცემა, რაც ართულებს აღგზნებასა და ორგაზმის მიღწევას
როგორ ვუშველოთ ორგაზმის სხვაობას?
ჰეტეროსექსუალურ წყვილებში ქალებსა და კაცებს შორის ორგაზმის სხვაობას დიდი ისტორია აქვს და მის შეცვლას დრო დასჭირდება. სანამ თქვენს სექსუალურ პარტნიორს განსჯიდეთ, აუცილებელია, ჯერ საკუთარი სხეული უკეთ გაიცნოთ და გაიგოთ, რა მოგწონთ ყველაზე მეტად. აი, რამდენიმე გზა, რომელიც ორგაზმის სხვაობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება:
სექსი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პენეტრაცია
თუკი მხოლოდ პენეტრაციული სექსი დავკავდებით — ისეთით, რომელშიც მხოლოდ პენისის ვაგინაში შეღწევა ხდება — საათობით სიამოვნებასა და ორგაზმს მოვიკლებთ. სექსი შეიძლება ფლირტით დაიწყოს: მიმზიდველი გამოხედვები, მსუბუქი შეხებები, კომპლიმენტები — ყველა მათგანი მოლოდინის სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
სექსის მთავარი არსი ინტიმურობის შექმნა და სიამოვნების გაცემა და მიღებაა. აუცილებელი არაა, რომ ყურადღება მხოლოდ პენისისა და ვაგინის გარშემო ტრიალებდეს. სექსუალურ სიამოვნებაში ჩართვა მთელ სხეულს შეუძლია, ქალისასაც და კაცისასაც — რატომაც არა? მიეცით საკუთარ თავს იმის დრო, რომ ინტიმურობით დატკბეთ. სექსი შეჯიბრი არ არის და დროისა და ექსპერიმენტირების ჩარჩოებში მოქცევა სიამოვნების შესაძლებლობებს ამცირებს.
გამოიყენეთ სექს-სათამაშოები
საკუთარი სხეულის შესახებ უფრო მეტის შესწავლისა და სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის სექს-სათამაშოების გამოყენება ძალიან სახალისო გზაა. შეგიძლიათ, ისინი მასტურბაციისას გამოიყენოთ, როცა მარტო იქნებით, ან სექს-სათამაშოები პარტნიორთან ერთად გამოიყენოთ სექსის დროს — სექს-სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს როგორც ქალებისთვის და კაცებისთვის, ისე წყვილებისთვის.
ესაუბრეთ პარტნიორს თქვენს სურვილებზე
საათობით შეგვიძლია ხოლმე საკუთარ ურთიერთობებზე საუბარი, მაგრამ როგორც კი საქმე სექსზე მიდგება, ბევრი ჩვენგანი იკეტება და აღარ საუბრობს. ზოგჯერ გვეშინია ჩვენი პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ რეალურად რა მოგვწონს სექსში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იყოს ან, უბრალოდ, გვრცხვენია. სამწუხაროდ, თუკი პარტნიორს არ ეტყვით თქვენი სურვილების შესახებ, დიდი ალბათობით, სექსში არაფერი შეიცვლება. თქვენი სექსუალური ცხოვრება თუ არ გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მეტად იმედგაცრუებულად იგრძნობთ თავს, რაც საბოლოოდ თქვენს პარტნიორსა და ურთიერთობაზეც ცუდად აისახება.
უთხარით პარტნიორს, რა მოგწონთ და რისი სურვილი გაქვთ. შეგიძლიათ, ერთმანეთს აჩვენოთ, როგორ გირჩევნიათ, რომ შეგეხონ, გაკოცონ და მოგეფერონ. ამით არა მხოლოდ მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, არამედ ასევე ისიამოვნებთ და აღიგზნებით იმის ხილვით, თუ როგორ ტკბება თქვენი პარტნიორი საკუთარი სხეულით. გააგებინეთ პარტნიორს, რომ თქვენი ორგაზმი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი, და რომ აუცილებელი არაა, სექსი შეწყდეს მაშინ, როცა ერთ-ერთი თქვენგანი ორგაზმს აღწევს.
წყარო: WomanLog
გააღვივეთ სექსუალური ენერგია
როდესაც წყვილს უკვე წლებია ურთიერთობა აქვს, მარტივია რუტინაში გადავარდნა. ველურ სექსს ანაცვლებს საყიდლები, ბავშვები, სახლის საქმეები. მაგრამ როცა პარტნიორთან უფრო მაღალი დონის ინტიმურობას ვაღწევთ, ამით ჩვენი სექსუალური ცხოვრებაც უნდა გაუმჯობესდეს — აუცილებელი არაა, წლებთან ერთად აღტაცება და მიზიდულობა გაქრეს.
შეეცადეთ, გააღვივოთ თქვენი სექსუალური ენერგია — ეს კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ პარტნიორთან. შეგიძლიათ, რომანტიკული საღამო მოაწყოთ — ლამაზად ჩაიცვათ, და ერთად დალიოთ, სახლში თუ გარეთ. ასევე დღის განმავლობაში შესვენებების დროს ერთმანეთს სექსუალური ხასიათის მესიჯები მიწეროთ, ეფლირტაოთ, ან ერთად ყოფნისას უფრო ხშირად აკოცოთ, მოეფეროთ, ფიზიკური სითბო გამოხატოთ და აგრძნობინოთ, რამდენად სასურველია ის თქვენთვის.
აქცენტს ორგაზმზე ნუ გააკეთებთ
სექსში მთავარი ის არ არის, თუ ვინ „გაათავებს“ პირველი. სექსი ინტიმური თამაშია და მართალია, ორგაზმი ზოგჯერ გასაოცრად სასიამოვნოა, მაგრამ სექსის მთავარი ხიბლი მხოლოდ მასში არ არის. სქესობრივი აქტის დროს სიახლოვისა და ნდობის შესაქმნელად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიამოვნება და ინტიმურობა. გარდა ამისა, თუკი ყურადღებას მომენტით ტკბობაზე გაამახვილებთ, ორგაზმის მიღწევის ბევრად დიდი შანსი გექნებათ.
როდესაც მხოლოდ სასქესო ორგანოზე ვკონცენტრირდებით და საკუთარ თავს ორგაზმისკენ ვუბიძგებთ, როგორც წესი, მას კიდევ უფრო ვშორდებით. ორგაზმი ერთიანი გამოცდილებაა და მასში მთელი სხეულია ჩართული, ქალების შემთხვევაში კი ის განსაკუთრებით უკავშირდება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როდესაც ქალი დუნდება და იძულების ნაცვლად ღიაობას იჩენს სიამოვნებისადმი, ორგაზმის ბუნებრივად მიღწევის შანსი ბევრად უფრო იზრდება.
მიმართეთ პროფესიონალს
ბევრ ადამიანს ძალიან ეხმარება სექსის თერაპია. თუკი ორგაზმის მიღწევა გიჭირთ — განურჩევლად იმისა, ყოველთვის ასე იყო თუ არა — შეიძლება სექს-თერაპევტი ან ფსიქოლოგი დაგეხმაროთ. ყველაზე ხშირად ორგაზმული დისფუნქციების მკურნალობის რამდენიმე მეთოდს მიმართავენ:
-
სტრესის მართვა
-
წარსულის ტრავმასთან გამკლავება
-
საკუთარი სხეულის აღქმის შეცვლა
-
ჯანსაღად კვება და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა
-
მედიკამენტების მიღების შეწყვეტა