Facebook Script

თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

06 დეკემბერი, 2021 | სექსუალური ძალადობა

რას ნიშნავს „გაუპატიურება“?

თქვენ წარმოიდგინეთ, ამაზე არათუ ადამიანები, არამედ კანონმდებლობებიც კი ვერ თანხმდებიან. არადა, პრობლემა შემაშფოთებლად მწვავეა — მიახლოებით დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველ მესამე ქალზე ერთხელ მაინც უძალადიათ სექსუალურად. ამ ქალებში უფრო ხშირია დეპრესია, შფოთვა, დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) და ა.შ.

გავრცელებული, არასრულყოფილი დეფინიცია

დღეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გაუპატიურებას მოძველებული სამართლებრივი განმარტება აქვს. საქართველოს კანონმდებლობით, ესაა „სქესობრივი აქტი, რომელსაც ახლავს ძალადობა და ძალადობის მუქარა და უმწეო მდგომარეობის გამოყენება.” 

სამწუხაროდ, ასეთი დეფინიციის (განმარტების) გამო, მსხვერპლი გაუპატიურებულად არ ითვლება, თუ, მაგალითად, პარალელურად ნაცემიც არ არის. შედეგად, ქართველი უფლებადამცველების ცნობით, ბევრი მოძალადე დაუსჯელი რჩება. 

ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი, იმისათვის, რომ აქტი ჩაითვალოს გაუპატიურებად, უნდა დაფიქსირდეს იძულება, ძალის გამოყენება, მუქარა, ან თავდაცვის უუნარობა. არადა, „ბუჩქებიდან უეცრად გამოვარდნილი თავდამსხმელი მამაკაცის” სტერეოტიპი რეალურ ცხოვრებაში იშვიათია. მსხვერპლ ქალთა 86%-ს ამჟამინდელი ან ყოფილი ქმრები ან პარტნიორები აუპატიურებენ. მსხვერპლი ქალები ხშირად შოკშიც ვარდებიან ან შეშდებიან, რის გამოც ფიზიკური ძალადობის კვალიც კი არ რჩება. 

მაშინ ზუსტად რა არის გაუპატიურება?

სინამდვილეში, საქმე ბევრად უფრო მარტივადაა. სექსი თანხმობის გარეშე არის გაუპატიურება. წერტილი. გაუპატიურებაა მაშინაც კი, როცა ადამიანმა გადაწყვიტა, ვინმეს გაყვეს სახლში, მაშინაც კი, როცა ის ნასვამია ან აცვია „გამომწვევად“ და მაშინაც კი, როცა მას გარკვევით არ უთქვამს უარი ან არ გაუწევია წინააღმდეგობა. 

სწორედ ასეთ დეფინიციას ითხოვს სტამბულის კონვენციის 36-ე მუხლიც (რომელიც საქართველოშიცაა რატიფიცირებული და რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად) და ამას გვეუბნება ყველა ის ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზზეა.

და რას ნიშნავს თანხმობა?

თანხმობა სამართალში აპრობირებული ტერმინია. დაგვთანხმდა თუ არა ადამიანი, სახლში წაგვეღო მისი საყვარელი, ძვირფასი ნახატი? დაგვთანხმდა თუ არა ადამიანი, ჩაგვეტარებინა ესა თუ ის სამედიცინო პროცედურა? თითოეულ ამ შემთხვევაში სასამართლოს მოვალეობაა, დეტალურად შეისწავლოს როგორც კონტექსტი, ისე მონაწილეების პერსპექტივები.

საიდან გავიგოთ, რომ ადამიანი გვთანხმდება ამა თუ იმ სექსუალურ აქტზე? ამისათვის მხოლოდ ერთი გზაა — უნდა გვითხრან. 

გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება, გვითხრან როგორც სიტყვებით, ისე სხეულით. სხეულით როგორ? დავაკვირდეთ — ჩვენკენ იწევს თუ გვშორდება ადამიანი? არაკომფორტულად ხომ არ გამოიყურება? ისიც გვკოცნის? გაყინული, გაშეშებული ხომ არ არის?

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი თანხმობა ერთხელ გამოგვიცხადეს ან გვაგრძნობინეს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორეჯერაც ავტომატურად გვთანხმდებიან. ან თუ, მაგალითად, ვაგინალურ სექსზე ენთუზიაზმით დაგვთანხმდნენ, შეიძლება, ანალურ სექსზე თანახმა სულაც არ იყვნენ — ერთი სიტყვით, თანხმობას გავცემთ კონკრეტულ აქტებზე და მრავალჯერ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანხმობა?

  • ყველა მონაწილეს ზუსტად უნდა ესმოდეს, რა ხდება/რაზე აძლევენ თანხმობას. თუ, მაგალითად, გვეტყვიან, რომ პრეზერვატივს (კონდომს) გამოიყენებენ, შემდეგ კი თავს არ დაიცავენ, ჩვენ არ გვექნება სრული თანხმობა;
  • მონაწილეები უნდა გამოხატავდნენ სურვილს, ენთუზიაზმს;
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ უარის თქმა. ადამიანი, მაგალითად, თანხმობას ვერ გამოგვიცხადებს, თუ ალკოჰოლისგან გონება აქვს დაკარგული. შეიძლება, ადამიანი, ასევე, გარკვეულ წნეხს ან სინდისის ქენჯნას გრძნობდეს, რომლის გამოც უარის თქმა ვერ შეძლოს, მაგალითად, თუ მოძალადე მისი უფროსია სამსახურში. 

ამ კრიტერიუმებისა და ნიშნების ამოცნობა რომ შევძლოთ, სექსზე, თანხმობაზე, ურთიერთბებზე ნაფიქრიც უნდა გვქონდეს და გარკვეული ინფორმაციაც უნდა მივიღოთ. სამწუხაროდ, პატრიარქალურ წყობილებებში, სადაც გაუპატიურების მსხვერპლთა აბსოლუტური უმეტესობა ქალია, ამ პრობლემაზე კაცებს თუ მოზარდ ბიჭებს აქტიურად დღესაც იშვიათად ესაუბრებიან. ბევრ კულტურაში დღესაც ხშირია როგორც სექსუალური დანაშაულები, ისე სექსუალური ძალადობის არაინფორმირებული, არასენსიტიური ხედვა და, მათ შორის, მსხვერპლის დადანაშაულების, დარცხვენის ან დადუმების პრაქტიკა. არადა, რაც მეტს ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე, მით უფრო მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში ვიცხოვრებთ. 

მოძრაობა #MeToo / #მეც

საბედნიეროდ, ეს საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და საზოგადოებები, მათ შორის მოზარდები და მშობლები, კინოხელოვანები, მწერლები, მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები უფრო მეტ დროს უთმობენ ამ პრობლემაზე ფიქრსა და მსჯელობას.

მოძრაობა #MeToo (#მეც), რომლის დროსაც ქალებმა მამაკაცები სექსუალურ ძალადობაში თუ შევიწროებაში საჯაროდ ამხილეს, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოედო მსოფლიოს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც #მეც მოძრაობამ ყურადღება მიგვაქცევინა, იყო ძალაუფლების, სამსახურეობრივი იერარქიის მნიშვნელობა სექსში. მოძრაობის დროს არაერთი ცნობილი ფიგურა ამხილეს სექსუალურ ძალადობაში. მალევე ცხადი გახდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ზოგიერთი ბრალდებულისთვის, ცალსახა საერთოდ არ იყო, რომ ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ.

მოდით, განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი. ლუი სი ქეი (Louis C.K.) ამერიკელი კომიკოსია, რომელიც პირდაპირი, კრიტიკული, მამხილებელი და, ამავდროულად, ვულგარული შოუებითაა ცნობილი. #მეც მოძრაობა რომ გავრცელდა, რამდენიმე ქალმა განაცხადა, რომ ლუი სი ქეი მათ წინ მასტურბირებდა. საქმე ისაა, რომ სი ქეიმ ყველა ქალს წინასწარ ჰკითხა, შეეძლო თუ არა მათ თვალწინ მასტურბაცია და სიტყვიერი თანხმობაც მიიღო.

შეიძლება, იკითხოთ — მაშ, თანხმობაც ჰქონია, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული? ვფიქრობთ, საუკეთესო პასუხს ამაზე ისევ სიქეი გაგვცემს. აი, რას წერს ის  2017 წელს, ბრალდებების გამოქვეყნების შემდეგ:

„ეს ისტორიები მართალია. მაშინ ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ჩემი საქციელი მისაღები იყო, რადგან მე არცერთი ქალისთვის არ მიჩვენებია ჩემი პენისი ნებართვის გარეშე, რაც მართალიცაა. მაგრამ მოგვიანებით — ზედმეტად მოგვიანებით — გავიაზრე, რომ როცა სხვა ადამიანზე გარკვეული ძალაუფლება გაქვს და მას სთხოვ, პენისზე შემოგხედოს, ამას არ აქვს შეკითხვის ფორმა. ეს დილემაა, უხერხული მდგომარეობა. ამ ქალებზე გარკვეული ძალაუფლება მქონდა — ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ჩემით, როგორც კომიკოსით — მე კი ეს ძალაუფლება უპასუხისმგებლოდ გამოვიყენე… გამოვიყენე ის ფაქტიც, რომ ჩემს და მათ თემშიც პოპულარობით ვსარგებლობდი და ამ ქალებს საშუალება აღარ ჰქონდათ, გაეზიარებინათ თავიანთი ისტორია. როცა აზიარებდნენ, ისევ თავად ზარალდებოდნენ, რადგან ჩემს ქომაგებს ამ ისტორიის მოსმენა არ უნდოდათ“.

თუ ამ დინამიკის ეკრანზე ნახვაც გსურთ — ან თუ ახალ კარგ სერიალს ეძებთ საყურებლად — გირჩევთ, The Morning Show-ს პირველ სეზონსაც შეავლოთ თვალი. თუ მთლიანი სეზონისთვის ვერ მოიცლით, მაშინ პირველი სეზონის მე-8 სერია ჩართეთ 49-ე წუთიდან. სცენაში ჰანა საინფორმაციო შოუს ახალბედა თანამშრომელია და საზარელი მოვლენების გადასაღებად უცხო ქალაქშია ჩამოსული. შეძრულ, დადარდიანებულ ჰანას ანუგეშებს მიჩი — შოუს ვარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ცნობილი ადამიანი აშშ-ის მედიაში. ჰანა ბედნიერია თავისი მენტორის ამხელა ყურადღებით, მიჩის ნომერში განსატვირთად, ფილმის საყურებლადაა მოსული, თუმცა მიჩი ჰანას აუპატიურებს.

რას ფიქრობს მიჩი? ჰანასგან წინააღმდეგობა არ ხვდება — უფრო სწორად, ვერ ამჩნევს — და მიაჩნია, რომ ორ ზრდასრულ ადამიანს შეთანხმებული სექსი ჰქონდა.

ჰანა რას ფიქრობს და განიცდის, ამას სეზონის მე-10 სერიაში, მე-19 წუთიდან, ნახავთ.

მსგავსი სტატიები

ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია