Facebook Script

ჩემი ამბავი — ცხოვრება შფოთვასთან ერთად და მისი მკურნალობა

„გამარჯობა, თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ათასში ერთხელ დიაზეპამს ვსვამ, როცა ნერვული სპაზმების გამო ვეღარც კი ვიძინებ ხოლმე. გამითავდა და იქნებ, თავიდან გამომიწეროთ“ — ვეუბნები ფსიქიატრს

ამ დროს უკვე რამდენიმე წელია, ჩვეულებრივ სიტუაციებშიც კი ხანდახან გაუჩერებლად ვშფოთავ — აი, ასე, ავტობუსში ვზივარ და მთელი სხეულით ვგრძნობ არარსებულ საფრთხეს. იმუნიტეტი დასუსტებული მაქვს, ორთვიან ვირუსს ვებრძვი, პანდემიის გამო საავადმყოფოებში ადგილი არაა და ხან ელენთას გასკდომა მეჩვენება, ხან — ბრმანაწლავის. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მჟავიანობაც მომატებული მაქვს და ისეთი გულძმარვები მაწუხებს, მოხარშული კარტოფილის გარდა არაფერს აღარ ვჭამ და 7 კილო 1 თვეში დავიკელი.

ამ ყველაფრის მიუხედავად (და იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე თვეა ფსიქოლოგთან დავდივარ და თავი ასეთ პრობლემებში გათვითცნობიერებული მგონია), საერთოდ არც კი ვუშვებ, რომ სისტემატური მკურნალობა მჭირდება და, მიჩვევას რომ იწვევს, ისეთი ბენზოდიაზეპინის მაგივრად, რეალურად ეფექტური წამლით უნდა ვმკურნალობდე.

გამიმართლა, ფსიქოლოგიც კარგი მყავდა და ფსიქიატრიც — ორივე მეგობრებმა შემარჩევინეს. როგორც აღმოჩნდა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის (GAD) კლასიკური შემთხვევა ვიყავი. მკურნალობის გზაც კლასიკური ავირჩიეთ — ანტიდეპრესანტი და თერაპია.

წამლის დალევიდან 1-2 თვეში ისეთი გრძნობა მქონდა, გეგონება, ჰაერი პირველად ჩავისუნთქეო. მკაფიოდ მახსოვს პირველი რამდენიმე წუთი, როცა თავი 100%-ით მშვიდად ვიგრძენი. თერაპიის ყოველ თვესთან ერთად კი თავს უფრო და უფრო მშვიდ და კარგ ადამიანად ვგრძნობ. მაშინდელ ჩემს თავს რომ ვიხსენებ, გული მიკვდება. დაჯერებაც კი მიჭირს, რამდენად ცუდად ვიყავი და რამდენად ვერ ვიაზრებდი საკუთარ პრობლემას — არადა, მძიმე შემთხვევაც კი არ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არც იმდენად გაცნობიერებული გახლდით შფოთვით აშლილობებში, როგორც მეგონა.

სურათი: Healthline

რა არის შფოთი?

შფოთი ემოციაა, რომელსაც სტრესის საპასუხოდ გამოვიმუშავებთ — შიშის, ცუდის მოლოდინის შეგრძნება. გარკვეულ სიტუაციებში და გარკვეული დოზით, შფოთი სასარგებლოა — მაგალითად, როცა ახალ სამსახურს ვიწყებთ ან სიტყვით უნდა გამოვიდეთ. ასეთ დროს შფოთი ზოგჯერ მობილიზებაშიც კი გვეხმარება.

შფოთი პრობლემური მაშინ ხდება, როცა ის გრძელვადიანია ან იმდენად მძიმეა, რომ ხელს გვიშლის ფუნქციონირებაში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ვეღარ ვასრულებდეთ მარტივ მოქმედებებს, როგორიცაა ლიფტის გამოყენება, ან ვეღარ ვიღებდეთ სიამოვნებას საყვარელი საქმიანობებისგან. ასეთ დროს ფსიქოლოგმა ან ფსიქიატრმა შეიძლება რომელიმე შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაგვისვას.

სიმპტომები ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ხშირად მოიცავს:

♦ გახშირებულ გულისცემას;

♦ სწრაფად სუნთქვას;

♦ მოუსვენრობას;

♦ კონცენტრირების სირთულეს;

♦ ჩაძინების სირთულეს.

ხშირად შფოთს სხვა მენტალური პრობლემებიც ახლავს თან — ძილიანობა, დეპრესია, პანიკური შეტევები, ფიზიკური სიმპტომები.

შფოთვითი აშლილობები საკმაოდ ხშირიცაა. აშშ-ში, მაგალითად, ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მენტალური დაავადებაა — აქ ის ზრდასრული მოსახლეობის 18%-ს ახასიათებს.

რა იწვევს შფოთს?

სამწუხაროდ, არ ვიცით. სავარაუდოდ, მნიშვნელობა აქვს როგორც გენეტიკურ ფაქტორებსა და ტვინის ქიმიურ ნივთიერებებს, ისევე გარემოს.

მაგალითად, პანდემიის დროს შფოთვითი აშლილობები საგრძნობლად მოხშირდა. აშშ-ში 2019 წლის ივნისისთვის თუ 10-დან მხოლოდ 1 ზრდასრული ადამიანი აცხადებდა, რომ ჰქონდა შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია, პანდემიის დროს ეს რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

სურათი: Getty Images

როგორ ვადგენთ დიაგნოზს?

დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული და გრძელი პროცესი აღმოჩნდეს. შეიძლება, საჭირო გახდეს როგორც მენტალური, ისე ფიზიკური გამოკვლევები. ჩემს შემთხვევაში შფოთი დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იჩენდა თავს სხვადასხვა ფიზიკურ სიმპტომებში. ფსიქიატრთან 1 სესიაში ვისაუბრეთ სიმპტომებზე, ისტორიაზე, ჩემი ფსიქოლოგის დაკვირვებებსა და დინამიკაზე და დიაგნოზის დასმა მაშინვე შევძელით.

როგორ ვმკურნალობთ შფოთს?

შფოთი, შესაძლოა, ბოლომდე ვერასოდეს ვერ გავაქროთ და, როგორც უკვე ვთქვით, ეს არცაა საჭირო ან სასურველი. თუმცა შეგვიძლია, ვიმკურნალოთ ისე, რომ ჩვენი აშლილობა აღარ გვიშლიდეს ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში ან ნორმალურად ფუნქციონირებაში.

► კვლევებზე დაყრდნობით, ყველაზე ეფექტურ გზად მედიკამენტისა და თერაპიის კომბინაცია მიიჩნევა.

ყველაზე ხშირად თავდაპირველად პაციენტს SSRI — სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების — ტიპის ანტიდეპრესანტს უნიშნავენ. წამლის სმის პირველ ორ კვირაში შესაძლებელია, შფოთი მოგვემატოს კიდეც. შედეგს, როგორც წესი, 1 თვიდან ხედავენ. თუკი მედიკამენტს არ აქვს არასასურველი გვერდითი მოვლენა და თუკი პაციენტი გრძნობს პროგრესს, ფსიქიატრთან ერთად შესაბამისად შეირჩევა დოზა და წამლის მიღების ხანგრძლივობა.

სანამ მედიკამენტი „ამოგვასუნთქებს“, ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად ვაშენებთ იმ „საძირკველს“, რომელიც პრობლემის სრულად გადალახვისთვისაა აუცილებელი. ფსიქოანალიზმა შეიძლება მრავალი მიმართულებით წაგვიყვანოს, გვამოგზაუროს წარსულსა თუ მომავალში.

სურათი: Stanford Neuroscience

ჩემს შემთხვევაში ეს აღმოჩნდა საუკეთესო ინვესტიცია, რაც კი გამიკეთებია. ხშირად გამიგია, რომ მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგთან კლიენტს „ქიმია” გაუჩნდეს. მეც გამიმართლა და ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ვენდობი, რომელსაც ყველაფერი ესმის და რომელიც არ მკიცხავს. გავიაზრე და გადავლახე ბარიერები და, რაც მთავარია, ყოველი სესიის შემდეგ კიდევ უფრო მიმღებლური ვარ როგორც ჩემი თავის, ისე სხვების მიმართ. სიარული არ დამისრულებია, თუმცა იმდენად საინტერესო და აღმაფრთოვანებელი პროცესია, რომ არც ფული მენანება და არც — დრო. ჩემს ბედნიერებასა და მენტალურ კეთილდღეობაზე უკეთესში ფული რაში უნდა გადავიხადო, აღარც ვიცი.

შფოთის მკურნალობისას ხშირად ახსენებენ ასევე კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომლის ფარგლებშიც ვაკვირდებით, ვამჩნევთ და ეჭვი შეგვაქვს უარყოფით ან შფოთით სავსე აზრებში და მიზანმიმართულად ვცვლით საკუთარ ქცევას.

გარდა ამისა, არსებობს ე.წ. გამოყენებით რელაქსაციასაც (ინგლ. Applied relaxation), რომლის დროსაც შფოთის გამომწვევ სიტუაციებში კუნთების მოდუნებას ვსწავლობთ.

პაციენტებს განსაკუთრებით ხშირად ურჩევენ მედიტაციასაც. საწყის ეტაპზე, როცა თავიდან ბოლომდე შფოთს ვყავდი ატანილი და იპოქონდრიაც კი შემომეპარა, საღი აზრი სწორედ მედიტაციის წყალობით შევინარჩუნე. მედიტაციის დროს ერთადერთ რამეს ვაკეთებთ: ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს აზრებს, ემოციებსა და შეგრძნებებს. ვცდილობთ, არ გავკიცხოთ საკუთარი თავი ამა თუ იმ აზრის გამო. ამ ყველაფრის შედეგად კი ვხვდებით, რომ თითოეული ჩვენი აზრი თუ ემოცია წარმავალია — როგორც კი მას უბრალოდ ყურადღებას მივაქცევთ, ის წავა. საერთოდ არ არის აუცილებელი, ემოციამ „წაგვიღოს“ ან ჩვენ „გავუტოლდეთ” საკუთარ ემოციას. ჩვენი ცნობიერება ცალკეა და ის უბრალოდ ამ ემოციებისა და აზრების აღქმის საშუალებას გვაძლევს. ამ მიგნებას მხოლოდ მედიტაციით თუ გავიაზრებთ, ამის გააზრება კი თავისუფლების განუზომელ შეგრძნებას მოგვცემს.

შფოთის შემსუბუქებაში ცხოვრებისეული ჩვევების შეცვლაც გვეხმარება. მაგალითად:

♦ საკმარისი ძილი;

♦ ვარჯიში, აქტიური ცხოვრება;

♦ ჯანსაღი დიეტა;

♦ ალკოჰოლზე, სიგარეტსა და კოფეინზე უარის თქმა.

რა ვქნა, თუ ვეჭვობ, რომ შფოთვითი აშლილობა მაქვს?

დაელაპარაკეთ პროფესიონალს. საქართველოში ასეთ დიაგნოზს, როგორც წესი, ფსიქიატრი სვამს და მედიკამენტსაც ის შეგირჩევთ. აუცილებელია მასთან რეგულარული კონსულტაცია, რომ განიხილოთ თქვენი სიმპტომები, გვერდითი მოვლენები, პროგრესი და ეტაპობრივად შეცვალოთ დოზა.

დაიწყეთ, ასევე, ფსიქოლოგთან სიარული. თუკი თქვენს თერაპევტთან შეძლებისდაგვარად გაიხსნებით, თავს აუცილებლად უკეთ იგრძნობთ — მაშინაც კი, როცა არაფერი გაწუხებთ. სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ და ბოლოს და ბოლოს შეიძლება, ისიც კი გაიგოთ, ვინ ხართ, რა გსურთ და საით წახვიდეთ.

არაფერია სათაკილო იმაში, რომ ამა თუ იმ ემოციამ აგიტანათ ან რომ მკურნალობა გჭირდებათ. ადამიანები ვართ, სამყაროს ყველა თავისებურად აღვიქვამთ, ყველას — უკლებლივ ყველას — გვაქვს ტრავმები და ემოციები. შფოთვითი აშლილობა სისუსტეზე არ მიუთითებს. პირიქით, როგორც კი პრობლემა გავაცნობიერე, საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე და ეს საოცარი პროგრესი ვიგრძენი, თავი უძლეველი მეგონა. არაფერი ჯობია იმის გაცნობიერებას, რომ თურმე შენივე ბედნიერება და სიმშვიდე შენს ხელშია და მზად ხარ, თავს უპატრონო.

მთავარი სურათი: Healthline

მსგავსი სტატიები

სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, ფორმები, სიმპტომები, მიზეზები, მკურნალობა, შფოთი, shpotva, ashliloba

შფოთვა და შფოთვითი აშლილობა — მისი ფორმები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის შფოთვა და შფოთვითი აშლილობა? რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

შფოთვა და სტრესი
პანიკური, შეტევა, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა, შფოთვა, პანიკა, panika, panikuri, sheteva, shpotva, shfotva, shfoti, panikis, პანიკის

პანიკური შეტევა — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

რა არის პანიკური (პანიკის) შეტევა, რომელსაც შფოთვის შეტევასაც უწოდებენ, როგორ ამოვიცნოთ ის და როგორ გავუმკლავდეთ მას?

შფოთვა და სტრესი

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — ცხოვრება შფოთვასთან ერთად და მისი მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია