2024 წლის გაზაფხული ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად ძალიან მძიმე პერიოდი აღმოჩნდა. დღეს ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ადგილი ევროპაში, მისი საგარეო კურსი და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მომავალი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არაერთი აქტივისტი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც მთელი საზოგადოება ვდგავართ. თუმცა, არიან ჯგუფები, რომლებზეც ევროპული ღირებულებების გზიდან გადახვევა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება. უმცირესობათა ჯგუფები, რომელთა უფლებების დანახვა და აღიარება სახელმწიფო დონეზე მხოლოდ ბოლო ათწლეულებია დაიწყეს, ნელ-ნელა ისევ დაკარგავენ ბრძოლით და უდიდესი ძალისხმევის ფასად მოპოვებულ ამ უფლებებს, რადგან მათი ხილვადობის უმთავრესი გარანტი ჩვენს ქვეყანაში სწორედ ის ევროპელი მეგობრები არიან, რომლებთან ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის თანამშრომლობასაც, გვაიძულებენ, რომ სხვისი ქვეყნის ინტერესების გატარება დავარქვათ.
„ფინანსებამდე, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მოგვცეს, ინფორმაციაა — ინფორმაცია ჩვენი უფლებების შესახებ. სწორედ მათ გვასწავლეს, რომ გვაქვს უფლება, ვიყოთ პოლიტიკურად თუ სოციალურად აქტიური, დავსაქმდეთ ნებისმიერ სივრცეში და გვქონდეს წვდომა ყველა საჭირო რესურსზე. ამის მერე მოდის უკვე ფინანსები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ამერიკის თუ ევროკავშირის ქვეყნები უამრავ გრანტს გასცემენ შშმ პირების გაძლიერების მიმართულებით და რაც აქამდე გაკეთებულა, ყველაფერი მათი ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგია. არცერთი სერვისი თუ პროექტი არ დაწყებულა ჩვენი სახელმწიფოს ინიციატივითა და კეთილი ნებით, რადგან მათ შშმ პირები არ აინტერესებთ. ისინი ჩვენ წინაშე ვალდებულებას არ გრძნობენ. თუკი რამეს აკეთებენ, სწორედ ევროპელი პარტნიორების წნეხის შედეგად. თუ ეს ყველაფერი გაქრება, თუ ჩვენი პოლიტიკური კურსი სულ სხვა მიმართულებით წავა, ჩვენ, შშმ პირები, აღმოვჩნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ, როცა საბჭოთა კავშირში უსინათლოები, მაგალითად, გამოთლილი კომბლებით დადიოდნენ და იზოლირებული იყვნენ საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან“, — გვეუბნება ანა სიხაშვილი, რომელმაც მხედველობა ხუთი წლის ასაკში დაკარგა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არაერთი დაბრკოლება ხვდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოგზაურობისას ან/და სამსახურში. ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიაში შშმ პირების უფლებებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 87 მილიონი შშმ პირი ცხოვრობს, რომელთაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ. იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ სრულფასოვანი ცხოვრება და იყვნენ ჩართული სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში, ევროკავშირმა ბოლო წლებში არაერთი ახალი ინიციატივა და სტრატეგია შეიმუშავა. მაგალითად, 2021 წლის მარტში ევროკომისიამ შეიმუშავა „შშმ პირთა 2021-2030 წლების სტრატეგია“, რომლის მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობა და შშმ პირებს ჰქონდეთ გადაადგილების ისეთივე თავისუფლება და პირობები, როგორიც ევროკავშირის ყველა სხვა მოქალაქეს.
რა კონკრეტულ შედეგებს მიაღწია ევროკავშირმა დღემდე?
2024 წლის 8 თებერვალს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს დროებით შეთანხმებას შშმ პირების ევროპული ბარათისა და პარკირების ბარათის (European Disability Card and Parking Card) მიღების თაობაზე, რაც შშმ პირებისთვის ამარტივებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის აღიარებას ევროკავშირის ფარგლებში. ევროპული ბარათი მფლობელებს მისცემს თანაბარ წვდომას სპეციალურ პირობებსა და შეღავათიან მკურნალობაზე ევროკავშირის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მასში გათვალისწინებულია მუზეუმებსა თუ სხვა სივრცეებში შეღავათიანი ფასების მოქმედება შშმ პირებისთვის, პერსონალური დახმარების აღმოჩენა მათთვის, მათი უზრუნველყოფა გადაადგილებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებებით და ა.შ.
საქართველოში ამისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობა გვაქვს. მაგალითად, უსინათლო ადამიანს, რომელსაც მერია აძლევს უფასო მგზავრობის ბარათს, მისი გამოყენება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე შეუძლია. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისში მცხოვრები უსინათლო ადამიანი ამ ბარათს ბათუმში ვერ გამოიყენებს და პირიქით, რითაც მათი ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლის ისედაც ძალიან არაკომფორტული და დაბრკოლებებით სავსე პროცესი კიდევ უფრო რთულდება და დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
რაც შეეხება პარკირების ევროპულ ბარათს, ის ჩაანაცვლებს პარკირების ეროვნულ ბარათებს და ევროკავშირის მოქალაქე შშმ პირებისთვის შექმნის პარკირების ადგილების მუდმივ გარანტიას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში.
„ჩვენთან პარკინგის თემა დიდი პრობლემაა. მერია გასცემს შშმ პირებზე ბარათს, რომლის მფლობელსაც აქვს უფლება, მანქანა სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას გააჩეროს, მაგრამ ეს ადგილები თითქმის ყოველთვის დაკავებულია როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო მანქანების მიერ. შესაბამისად, ხშირად მიწევს დავა, რომ მანქანები გადააყენონ. პრობლემაა ისიც, რომ კერძო სივრცეებს ან საერთოდ არ აქვთ ადაპტირებული საპარკინგო სივრცეები, ან ძალიან ცუდად აქვთ მოწყობილი. ერთი სიტყვით, ყველა მხრივ პრობლემურია ეს საკითხი. ქალაქში გადაადგილებამ ყველანაირი შფოთი ამკიდა“ ,— აღნიშნავს ნატალი ბუკია.
ევროკავშირში მოქმედებს ასევე ხელმისაწვდომობის ევროპული აქტი (The European accessibility act), რომელიც მიზნად ისახავს შიდა ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და ერთიანი სისტემის შექმნას, რათა შშმ პირებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა მათთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე. მათ შორისაა: კომპიუტერები, ბანკომატები, სმარტფონები, სატელეფონო მომსახურება და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა, წვდომა აუდიო-ვიზუალურ მედია სერვისებზე, საბანკო მომსახურება და ა.შ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით კომიკურ, თუმცა, რეალურად, ძალიან პრობლემურ ამბავს გვიზიარებს ნატალი ბუკია:
„სასაცილოა, რომ ბანკებს, რომლებიც სოციალურ პაკეტს გასცემენ, ხშირად პანდუსებიც კი არ აქვთ. მაგალითად, იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, ლიბერთი ბანკის მხოლოდ ერთი ფილიალია, რომელსაც კიბე აქვს, რაც ჩემთვის იქ შესვლას შეუძლებელს ხდის, რის გამოც სხვა უბანში მიწევს წასვლა“.
ხელმისაწვდომობის ევროპული აქტი უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის ნაკლები ბარიერის არსებობას გადაადგილების, განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში.
ქალაქში გადაადგილების სირთულეზე საუბრობს ორივე რესპონდენტი. ანაც და ნატალიც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თბილისში მხოლოდ რამდენიმე ქუჩაა ადაპტირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჭავჭავაძის ქუჩაზე შეძლებ ავტობუსში ასვლას, ჩამოსვლის ამბავი, თუკი, მაგალითად, დიღომში მიდიხარ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ფაქტია, ჩვენი სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ავტობუსში ასვლის შესაძლებლობას სთავაზობს შშმ პირებს.
ანა: „ავტობუსის ზოგ ხაზზე საერთოდ არ ცხადდება გაჩერებები. იქ კი, სადაც ზოგადად აცხადებენ, სხვა პრობლემას ვაწყდებით — ძალიან ხშირად ფუჭდება სისტემა. არასწორად შექმნილ პირობებს, ჯობია საერთოდ არ იყოს ისინი, რადგან, როცა რაღაცაზე ხარ დამოკიდებული და ენდობი გარკვეულ სისტემას, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდე მისი არასწორად ფუნქციონირების გამო. ამერიკაში, მაგალითად, იდეალური სიზუსტით მუშაობს GPS. ზუსტად გეუბნება, თუ რომელი ქუჩის რომელ ნომერთან დგახარ. ჩვენთან მხოლოდ იმის გაგება შეგიძლია, რომელ ქუჩაზე იმყოფები, მაგრამ პირველ ნომერთან ხარ თუ მეშვიდესთან, თავად უნდა გამოიცნო“.
ევროკავშირის 2021-2030 წლის სტრატეგიაში გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის შორ მანძილზე გადაადგილების პროცესის გამარტივება, იქნება ეს ავტობუსის, მატარებლისა თუ თვითმფრინავის მეშვეობით. იმისათვის, რომ შშმ მგზავრებმა ადგილზე მიიღონ ყველა საჭირო სერვისი. მათ ოპერატორებსა და ავიაკომპანიებს, უბრალოდ, 24-36 საათით ადრე უნდა აცნობონ თავიანთი მგზავრობის შესახებ. ავტობუსებსა და მატარებლებს ევალებათ, საჭიროების შემთხვევაში, შშმ მგზავრთან ერთად უფასოდ დაუშვან დამატებით ერთი პირი, თუკი ეს შშმ პირის უსაფრთხო მგზავრობას სჭირდება.
„მატარებლით პირადად არ მიმგზავრია, თუმცა სხვებისგან ვიცი, რომ საკმაოდ ბევრ პრობლემას აწყდებიან. რაც შეეხება აეროპორტს, თანამშრომლები გადამზადებული არიან და აქვთ ვალდებულება, სპეციალური მომსახურება გაგიწიონ, თუმცა რაც განსაკუთრებულად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტში არსებული სერვისებისგან, არის დამოკიდებულება. ჩვენთან ტვირთად აღგიქვამენ მაშინ, როცა, მაგალითად, მიუნხენის აეროპორტში ისე გეპყრობიან, როგორც სრულფასოვან ადამიანს. ისინი, ფაქტობრივად, შენს თვალებად იქცევიან და შემდეგ შენი გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებ მათ. გიხსნიან ყველა ნაბიჯს... ახლა ლიფტში შევდივართ, ახლა ამ ღილაკს ვაჭერ და ზევით ავდივართ, ახლა კარში გავდივართ და ა.შ. ჩვენთან, უბრალოდ, მიჰყავხარ და შენით გრძნობ, თუ, ვთქვათ, ლიფტში ხარ“, — გვიზიარებს ანა თავის გამოცდილებას აეროპორტებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ქვეყნებში შშმ პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობაზე საუბრობს ნატალიც: „ევროკავშირის ქვეყანაში როგორც კი შეხვალ, მაშინვე იგრძნობ, რომ ევროკავშირის ქვეყანაში ხარ. ეს ეხება როგორც სერვისებს, ასევე მოპყრობას. იქ ჩვეულებრივ ადამიანად აღგიქვამენ და არა უცხოპლანეტელად, როგორც ჩვენთანაა. ეს ხილვადობის გამოც ხდება. თბილისში ეტლით სეირნობა შეუძლებელია. ევროპაში ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდები შშმ პირს, რადგან ამის შესაძლებლობა და საჭირო პირობები აქვთ“.
ნატალი გვიყვება ასევე თავის გამოცდილებაზე გერმანიაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე, რომელსაც 80 ათასი ადამიანი დაესწრო. ხალხმრავლობის მიუხედავად, მას არცერთი წამით არ შეჰქმნია პრობლემა გადაადგილებასა თუ სხვა საჭიროების დაკმაყოფილებაზე. ჰქონდა სრული მხარდაჭერა როგორც ღონისძიების თანამშრომლების, ისე პოლიციის მხრიდან, რასაც საქართველოში მოკლებულია. ასევე, ორგანიზატორების მხრიდან ჰქონდა სრული თანხმობა, თან წაეყვანა ერთი ადამიანი (უფასოდ), რომელიც მთელი კონცერტის განმავლობაში მასთან ერთად იქნებოდა.
„ჩვენთან კონცერტებზე სულ მაქვს დავა იმაზე, რომ გამყოლი პირის წაყვანის უფლება მომცენ. „ბლექ სი არენასთან“ მქონდა ზუსტად ამ საკითხზე დავა და სანამ საჯარო პროტესტი არ მოჰყვა ამ ყველაფერს, მანამდე არ მომცეს უფლება. საერთოდ არაფერს ითვალისწინებენ. ეტლის ტარებას ცოდნა უნდა. არ არის ისე, რომ უბრალოდ მოკიდო ხელი და ატარო. ესეც რომ არ იყოს, ამდენი საათის განმავლობაში შეიძლება სხვა ბევრი კუთხით დაგჭირდეს დახმარება. ჩვენთან მიღებული გამოცდილებების გამო, სულ მეგონა, რომ ხალხმრავლობის დროს შფოთი მქონდა, გერმანიაში კი მივხვდი, რომ არა, უბრალოდ ეს ჩვენს ქვეყანაში მაქვს შფოთი“.
ბუნებრივია, ჯერ კიდევ შორსაა მთელი სამყარო იმისგან, რომ შშმ პირებმა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ცხოვრება. განვითარებულ ქვეყნებშიც კი ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი ყველა ის პრობლემა, რომლის წინაშე სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანი დგას. ამ კუთხით არც ევროკავშირის ქვეყნებია გამონაკლისი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირი დღემდე აქტიურად აგრძელებს მუშაობასა და ფიქრს შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მუდმივად ცდილობს, მათთვის კიდევ უფრო ინკლუზიური გახადოს გარემო, ჩნდება გონივრული მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირის მოქალაქე შშმ პირებისთვის დროსთან ერთად ევროკავშირის თითოეული ქვეყანა სულ უფრო მეტად ადაპტირებული გახდება. ამის საპირწონედ, საქართველო ადგას გზას, სადაც შშმ პირებისა და, ზოგადად, უმცირესობების მომავალი, სრულიად ბუნდოვანია. ჩვენ ყველანი ვადგავართ გზას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს.
რას ვხედავთ, როცა ევროკავშირს ვუყურებთ? — ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაბრკოლებების გარეშე მისულ შშმ პირებს, რომლებიც, უბრალოდ, ბედნიერები არიან.
რას ვხედავთ, როცა არაევროპული ღირებულებების გზაზე დამდგარ ჩვენს ქვეყანას ვუყურებთ? — ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტობუსში ასულ შშმ პირებს, რომლებიც იქიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
ნატალი: „როცა ეტლით მოსარგებლე გავხდი, მაშინ სიტყვა ინკლუზიაც კი არ ვიცოდით, რას ნიშნავდა. ევროკავშირი ჩემთვის ყოველთვის იმედთან ასოცირდებოდა, რომ ოდესმე ჩვენც გავხდებოდით ქვეყანა, სადაც ადამიანი მნიშვნელოვანია, სადაც ადამიანს უსმენენ და აფასებენ და, რაც მთავარია, სადაც თავს დაცულად გრძნობ. ვფიქრობ, ყველა უმცირესობას სულ ეგ იმედი გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან რაღაც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. ბევრი ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი ელემენტარული საბაზისო საჭიროებები ყოფილიყო დაკმაყოფილებული, ხოლო თუ ეს ყველაფერი გაქრება და თუ ამ ყველაფერს ჩამოვშორდებით, ფაქტობრივად, ჩემს ბავშვობაში დავბრუნდებით — იქ, სადაც არც პანდუსი გვქონდა და არც უფლებები“.
გამოყენებული წყაროები:
ინტერვიუები: ანა სიხაშვილი, ნატალი ბუკია
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი სურათი: Inclusion.eu
► სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.