კი, მართალია, რომ ვარჯიში სტრესისგან გათავისუფლებისა და ძილის გაუმჯობესების კარგი გზაა, თუმცა ასეთივე ეფექტი აქვს საკუთარ სხეულთან განმარტოებით ტკბობასაც. მასტურბაცია უსაფრთხო და ბუნებრივი გზაა იმისთვის, რომ:
-
უკეთ იგრძნოთ თავი;
-
აღმოაჩინოთ, რა აღგაგზნებთ;
-
გამოათავისუფლოთ დაგროვილი სექსუალური დაძაბულობა.
მეტიც, მასტურბაციას უამრავი სასარგებლო ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე და არცერთი უარყოფითი, თანაც ის საკმაოდ სახალისო აქტივობაა.
ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ ხდება მასტურბაცია ვაგინით, როგორ შეგიძლიათ მისი დაწყება და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ მაქსიმალურად აღიგზნოთ.
► იხილეთ აგრეთვე: მასტურბაცია — მითები და სიმართლე
მასტურბაციის რა ფორმები არსებობს?
ქვემოთ მოცემულია მასტურბაციის ხშირი ფორმების სია და ის, თუ რა შეგრძნება მოაქვს თითოეულს, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე. არსებობს მასტურბაციისა და ორგაზმის რამდენიმე ფორმა:
კლიტორული — ადამიანების უმეტესობა საკუთარი კლიტორის სტიმულაციისთვის თითებს იყენებს, თუმცა მასტურბაციისას სიამოვნების მისაღებად ვიბრატორი ან სხვა სექს-სათამაშოც გამოდგება. ასეთი ორგაზმის დროს თქვენ თრთოლის, ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება გექნებათ კანსა და ტვინში.
ვაგინალური — მასტურბაციისას შეგიძლიათ ვაგინის პენეტრაციისთვის თითები ან სექს-სათამაშო გამოიყენოთ. ორგაზმს სხეულში უფრო ღრმად იგრძნობთ და თქვენი ვაგინის კედლები პულსირებას დაიწყებს.
ანალური — ანალური მასტურბაციისთვის შეგიძლიათ თითები ან სექს-სათამაშო გამოიყენოთ (უფრო ღრმა პენეტრაციისთვის სათამაშო უკეთესი იქნება). ორგაზმის წინ შეიძლება მოშარდვის ძლიერი სურვილი იგრძნოთ, თუმცა, რეალურად, შეკუმშვას თქვენი ანალური ხვრელის მომჭერი კუნთი დაიწყებს.
კომბინირებული — ასეთი ორგაზმი პირად პრეფერენციაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, ორივე ხელი გამოიყენოთ ვაგინისა და კლიტორის სტიმულაციისთვის ან თითებისა და სექს-სათამაშოს კომბინაცია. როდესაც კლიტორსა და ვაგინას — განსაკუთრებით კი G-წერტილს (ე.წ. „ჯი-სფოთს“; ინგლ. G-spot) — ერთდროულად დაასტიმულირებთ, თქვენ ძალიან ძლიერ ორგაზმს იგრძნობთ, რომელმაც შეიძლება მთელი სხეული აგიცახცახოთ ან ეაკულაციაც (ე.წ. „სქვირთინგი“; ინგლ. Squirting) კი გამოიწვიოს.
სხვა ეროგენული ზონები — მასტურბაციისას შეგიძლიათ ძუძუსთავების, ბარძაყის შიდა უბნების, ყურების, კისრის ან სხეულის სხვა ნაწილების დაზელა, ჩქმეტა, მოქაჩვა ან მოჭერა. ამ უბნებს ეროგენული ზონები ეწოდება და ზოგისთვის ისინი სტიმულაციისას სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს მთელს სხეულში.
► იხილეთ აგრეთვე: ქალის ორგაზმი — რა უნდა ვიცოდეთ?
როგორ დავიწყოთ?
აუცილებელი არაა, რომ მასტურბაციას ორგაზმი (ე.წ. „გათავება“) მოსდევდეს. მაგრამ თუ საამისო ხასიათზე ხართ და სხეულში ენდორფინის მოზღვავება გსურთ, ორგაზმის მისაღწევად შეგიძლიათ რამდენიმე გზით შეუწყოთ ხელი თქვენს სხეულს:
შესაბამისად მოაწყეთ გარემო. მასტურბაციისას გარემოს ზოგჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განწყობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ჩააქროთ სინათლე, აანთოთ სანთლები და მოუსმინოთ მომადუნებელ მუსიკას.
გამოიყენეთ ლუბრიკანტი. აღგზნებისას თქვენი სხეული თავად გამოყოფს ლუბრიკაციას, ანუ სისველეს, რაც მასტურბაციას ბევრად უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. თუმცა, ზოგჯერ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი (ან შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს), ამიტომ კარგი იქნება, თუკი თან იქონიებთ და დაიხმართ ლუბრიკანტს (ინტიმურ საცხს).
მიუშვით გონება. ალბათ, ამას თქმაც არ სჭირდება, მაგრამ საკუთარი თავის აღსაგზნებად ისიც კი საკმარისია, რომ იმ ადამიანზე იფიქროთ, რომელიც გიზიდავთ. მიეცით გონებას საშუალება, იმ ხალხისა და სიტუაციების წარმოდგენა დაიწყოს, რომლებიც ტანში ჟრუანტელს მოგგვრით.
არ იჩქაროთ. მასტურბაციის დაჩქარება საჭირო არ არის. სცადეთ განსხვავებული ტექნიკები და აუჩქარებლად დატკბით ყველა იმ შეგრძნებით, რომელიც სხეულში დაგივლით.
გამოიკვლიეთ ეროგენული ზონები. სხვა ეროგენული ზონების — მაგალითად, ძუძუსთავების, ყურების ან ბარძაყების შიდა ნაწილების — სტიმულაცია შეიძლება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდეს მასტურბაციისას.
გამოიყენეთ სექს-სათამაშოები და არამხოლოდ. ვიბრატორები და დილდოები ძალიან სახალისოა, თუმცა მათ გარდა შეგიძლიათ სხვა ნივთებიც გამოიყენოთ. მაგალითად, ზოგს მოსწონს აბაზანის საშხაპის თავით კლიტორის სტიმულირება ან ბალიშზე ვულვის ხახუნი.
დაიხმარეთ ეროტიკა ან პორნოგრაფია. გონების მიშვება და ფანტაზიებში წასვლა ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელი არაა, ყოველთვის თქვენი წარმოსახვის იმედად იყოთ. მეტი აღგზნებისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ეროტიკული ტექსტი ან უყუროთ სექსუალურ ვიდეოს.
► იხილეთ აგრეთვე:
კლიტორი
კლიტორის ხილული ნაწილი პატარა მარგალიტის ზომის ორგანოა, ხშირად ჩუჩით დაფარული, და ის ვულვის ზედა ნაწილში მდებარეობს — იქ, სადაც ორი მცირე სასქესო ბაგე ერთდება. კლიტორის თავი დაახლოებით ბარდის მარცვლის ოდენაა, თუმცა თვითონ მთლიანი სტრუქტურა ბევრად უფრო კომპლექსური და დიდია.
კლიტორში ათასობით ნერვული დაბოლოებაა, რის გამოც ის გენიტალიის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. სწორედ ამიტომაა, რომ ქალების უმეტესობა ორგაზმს სწორედ კლიტორის სტიმულაციით აღწევს.
სურათი: WomanLog
♦ კლიტორული ორგაზმი
-
თქვენი ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილში რბილობის მქონე უბნის მასაჟი დაიწყეთ, შემდეგ კი თითები თქვენი ვულვის მცირე და დიდ სასქესო ბაგეებზე გადაატარეთ.
-
ჩუჩაზე გადატარებით დაიწყეთ თქვენი კლიტორის ზელა ან ხელის მოსმა. ასევე შეგიძლიათ თქვენი საჩვენებელი და შუა თითებით V-ს ფორმა შეკრათ და კლიტორის ტანს გვერდებზე ნელა გადაატაროთ, ზემოთ და ქვემოთ. იპოვეთ ისეთი რიტმი, რომელიც გესიამოვნებათ.
-
როგორც კი კლიტორი დასველდება ან მას შემდეგ, რაც ლუბრიკანტს გამოიყენებთ, თითები უფრო სწრაფად და ძლიერად ამოძრავეთ. შეგრძნების გასაძლიერებლად გაზარდეთ თითების დაწოლის ძალა, სანამ ორგაზმს არ მიაღწევთ.
-
ვიბრატორი კლიტორის სტიმულირების ძალიან კარგი საშუალებაა, თანაც თითებით ზედმეტი მუშაობა არ მოგიწევთ. უბრალოდ გადაატარეთ სექს-სათამაშო ამ უბანს ზემოთ და ქვემოთ, სანამ არ მიაღწევთ ორგაზმს.
► იხილეთ აგრეთვე: კლიტორი — ქალის სიამოვნების მთავარი წყარო
ვაგინა
გავრცელებული მითების მიუხედავად, ვაგინის მქონე ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ვაგინალური სტიმულაციით ორგაზმის მიღწევა უჭირს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაგინასთან თამაში სახალისო არ იქნება!
თითებით ან სექს-სათამაშოთი ვაგინის პენეტრაციამ შეიძლება ძალიან დიდი სიამოვნება მოგანიჭოთ, თუნდაც ორგაზმის გარეშე. თუმცა, თუკი ტანში ჟრუანტელის მომგვრელი შეგრძნება მაინც გსურთ, სცადეთ თქვენი G-წერტილის სტიმულირება — ეს არის ნერვული დაბოლოებებით მდიდარი უბანი, რომელიც ვაგინის წინა კედლების ზედა ნაწილში (მუცლისკენ) მდებარეობს, ვაგინის შესასვლელიდან დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში — თანმიმდევრული, ძლიერი ზეწოლით (ამის გაკეთებას ასევე შეიძლება მოჰყვეს ეაკულაცია — შარდსადენიდან სითხის გამონთხევა — ე.წ. „სქვირთინგი“).
♦ ვაგინალური ორგაზმი
-
თავდაპირველად მასაჟი გაუკეთეთ ვაგინის შესასვლელს, შემდეგ კი ნელა შეყავით თითები (ან სექს-სათამაშო) ვაგინაში. დარწმუნდით, რომ ვაგინა ამ დროს საკმარისად სველია ან რომ საკმარისი ლუბრიკანტი გამოიყენეთ საიმისოდ, რომ უხეში ხახუნი და გაღიზიანება არ მოხდეს.
-
დაიწყეთ თითების ან სექს-სათამაშოს მოძრაობა: წრიულად, შიგნით-და-გარეთ, მიწოლით და დაზელით ან ამ მოძრაობების რაიმე კომბინაციით. G-წერტილის სტიმულაციისთვის საუკეთესოა მოკაუჭებული თითებით „მოქაჩვის“ მსგავსი მოძრაობის კეთება.
-
როგორც კი შეგრძნებები მოიმატებს, გაზარდეთ სიჩქარე და ზეწოლის ძალა. შესაძლოა, თავბრუდამხვევი ორგაზმი იგრძნოთ, თუმცა ასე თუ არ მოხდა, არ იდარდოთ — მხოლოდ ვაგინალური პენეტრაციით ორგაზმის მიღწევა ყველას არ შეუძლია.
ანალური მასტურბაცია
ანალური ხვრელის მასტურბაციისას შესაძლებელია G-წერტილის არაპირდაპირი სტიმულაცია იმ კედლის გავლით, რომელიც ანალურ ხვრელსა და ვაგინას აკავშირებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ანალური პენეტრაციისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ლუბრიკანტი, რადგან ანუსი თავისით არ სველდება.
♦ ანალური ორგაზმი
-
დაიწყეთ ანალური ხვრელის გარე და შიდა ნაწილების მასაჟი, შემდეგ კი ნელა მოახდინეთ ანუსის პენეტრაცია თითით ან სექს-სათამაშოთი.
-
მონაცვლეობით გააკეთეთ წრიული და შიგნით-და-გარეთ მოძრაობები ანუსის პენეტრაციისას. სიამოვნების გაზრდასთან ერთად აუჩქარეთ, სანამ ორგაზმამდე არ მიაღწევთ.
-
სცადეთ სექს-სათამაშოები! ვიბრატორები, ანალური საცობები (ე.წ. „ბატ-პლაგი“; ინგლ. Butt-plug), ანალური მძივები და მასაჟორები — მათ შეიძლება სიამოვნება ათმაგად უფრო ინტენსიური გახადონ.
► იხილეთ აგრეთვე: ანალური სექსი — რა უნდა ვიცოდეთ?
კომბინაციები და სხვა ეროგენული ზონები
ბევრი ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ორგაზმი ვაგინისა და კლიტორის ერთდროულ სტიმულაციას მოაქვს. მასტურბაციისას სხვადასხვა ეროგენული ზონის კომბინირებული სტიმულაცია სიამოვნებას ზოგჯერ მნიშვნელოვნად ზრდის. თუ გსურთ, რომ სიამოვნება მთელ სხეულში იგრძნოთ, მასტურბაციისას შეეხეთ და დაზილეთ სხვა ეროგენული ზონებიც.
♦ კომბინირებული ორგაზმი
-
მასტურბაციისას შეგიძლიათ ორივე ხელი გამოიყენოთ ან თითებისა და სექს-სათამაშოს კომბინაცია, რათა ერთდროულად დაასტიმულიროთ ვაგინა და კლიტორი.
-
კლიტორისა და ვაგინის თანადროული სტიმულაციისას სცადეთ ერთნაირი ან საპირისპირო რიტმები, ცვალეთ ამ ორ ზონას შორის სტიმულაციის სიჩქარე.
-
მასტურბაციისას მნიშვნელოვანია ექსპერიმენტირება. როდესაც საქმე ეროგენული ზონების სტიმულაციას ეხება, სცადეთ სხვადასხვა ტიპის შეხება (მაგალითად, დაზელა, მოქაჩვა, ჩქმეტა, მოჭერა) და სექს-სათამაშო (მაგალითად, ბუმბულისებრი ან თითის ვიბრატორი), რათა გაიგოთ, ზუსტად რა განიჭებთ სიამოვნებას.
5 პოზა მეტი სიამოვნებისთვის
სულაც არაა აუცილებელი, მასტურბაცია რუტინული და მომაბეზრებელი იყოს. შეგიძლიათ, სცადოთ სხვადასხვა პოზა, რათა სიამოვნების ახალ საზღვრებს მისწვდეთ. აი, რამდენიმე იდეა:
კლიტორისთვის — სცადეთ ზურგზე გადაწოლა. მართალია, ზურგზე გადაწოლა ცოტა მოძველებულად ჟღერს, მაგრამ როცა საქმე კლიტორის სტიმულაციას ეხება, ეს საუკეთესო პოზაა. ზურგზე წოლისას თავქვეშ ბალიში ამოიდეთ, გადაშალეთ ფეხები და მუხლებში მოხარეთ, შემდეგ კი დაიწყეთ თქვენი კლიტორის სტიმულაცია. სწრაფად თუ ნელა, ძლიერად თუ მსუბუქად — ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ვაგინისთვის — სცადეთ ჩაკუზვა. გასაოცარი ორგაზმის მიღწევა თუ გსურთ, ჩაკუზულ მდგომარეობაში მასტურბაცია უნდა სცადოთ. ჩაკუზვა ამარტივებს G-წერტილის პოვნას, რომელიც ვაგინალური არხის შიგნით, დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ჩაკუზვისას იმდენად დაიხარეთ, რომ თქვენი ქუსლები ბარძაყების უკანა ნაწილს უახლოვდებოდეს ან ეხებოდეს, შემდეგ კი თითებით ან სათამაშოთი ვაგინაში ნელა შეაღწიეთ, უფრო და უფრო ღრმად. სტიმულაციისას სცადეთ სხვადასხვა მოძრაობები — წრიული, ზელა, შიგნით-და-გარეთ.
ანალისთვის — სცადეთ გადაკუზვა სახით ქვემოთ. როდესაც ანალურ სტიმულაციასთან გვაქვს საქმე, სახით ქვემოთ გადაკუზვა (ე.წ. „დოგი-სთაილი“, ანუ „ძაღლურად“; ინგლ. Doggy style) პენეტრაციისა და სიამოვნებისთვის საუკეთესო პოზაა. ეს პოზა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ცალი ხელით მარტივად შეაღწიოთ თქვენს ანუსში თითებით ან სექს-სათამაშოთი, მეორე ხელით კი დაიზილოთ. დადექით ოთხზე, შემდეგ სახე ჩამოდეთ იატაკზე ან საწოლზე, ისე რომ თქვენი ქვედატანი ზემოთ იყოს. ცალი ხელი ზურგზე გადაიდეთ ანუსამდე, მეორე კი — ქვემოთ, მუცელზე, ისე რომ კლიტორს მისწვდეთ და შეეხოთ.
სხვა ეროგენული ზონებისთვის — დადექით მუხლებზე. დილდო ან ვიბრატორი დადეთ საწოლზე და მუხლებზე დამდგარი დაიხარეთ მასზე, სანამ ისეთ პოზას არ იპოვით, რომელიც ყველაზე მეტად გესიამოვნებათ — იქნება ეს პენეტრაცია, კლიტორული თუ ორივე ერთად. სათამაშოს დასამაგრებლად შეიძლება ხელების გამოყენება დაგჭირდეთ. ტემპი თავად აირჩიეთ. ამავდროულად შეგიძლიათ სხვა ხელით კლიტორი ან ძუძუსთავები დაიზილოთ.
მეტი ემოციისთვის — სცადეთ სარკე. საკუთარი თავის დანახვა ძალიან კარგი გზაა საკუთარი სხეულისა და იმის შესასწავლად, თუ რა აღგაგზნებთ. დაჯექით დიდი სარკის წინ და გამოიყენეთ ლუბრიკანტი. ლუბრიკანტი წაუსვით მთელს სხეულს — მკერდს, მუცელს, ბარძაყის შიდა ნაწილებსა და ვულვას — და ხელით მოეფერეთ ამ ეროგენულ ზონებს. ჩქმეტა, მოჭერა, მოქაჩვა, დაზელა — სცადეთ ყველაფერი და დააკვირდით, რა გსიამოვნებთ.
წყარო: WomanLog
სხვა შეგრძნებების ჩართვა
მასტურბაციას თავისუფლად შეიძლება ახლდეს თავისი პრელუდიაც. პირდაპირ მასტურბაციით დაწყების ნაცვლად, შესაძლოა, უმჯობესი იყოს უფრო ნელა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დაწყება. მაგალითად:
თუ კითხვა გირჩევნიათ, ინტერნეტში ბლომადაა ხელმისაწვდომი ეროტიკული ისტორიები, რომლებიც აღგზნებასთან ერთად იმის აღმოჩენაში დაგეხმარებათ, თუ ზუსტად რა გიზიდავთ და რა აღგაგზნებთ. ეროტიკული ლიტერატურა ფანტაზიის გამდიდრებასა და სექსუალური პრეფერენციების უსაფრთხო და სახალისო გზით აღმოჩენას უწყობს ხელს. ინგლისურად ასეთი ისტორიების ნახვა literotica.com-ზე შეგიძლიათ.
თუ ყურება მოგწონთ, შეგიძლიათ მასტურბაციისას პორნოგრაფია ან ეროტიკული ფილმი დაიხმაროთ. ეს ლიბიდოს გაზრდაში, სტრესის შემცირებასა და თქვენი სექსუალური ფეტიშების აღმოჩენაშიც დაგეხმარებათ. ასეთი ვიდეომასალა ინტერნეტში მრავლადაა ხელმისაწვდომი, მათ შორის უშუალოდ ქალების სექსუალობაზე მორგებული პორნოგრაფიაც (მაგალითად, Bellesa).
თუ მოსმენა გსიამოვნებთ, შეგიძლიათ მასტურბაციისას ეროტიკული ლიტერატურის აუდიოწიგნების მოსმენა სცადოთ. ბევრისთვის ეს არანაკლებ — ზოგჯერ კი უფრო მეტადაც კი — აღმგზნებია, ვიდრე კითხვა ან ყურება.
► გახსოვდეთ, რომ მასტურბაცია, სახალისო, სექსუალური და უსაფრთხო გზაა იმის შესასწავლად, თუ რა გიზიდავთ და რა აღგაგზნებთ. თანაც მას უამრავი დადებითი ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე (ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ძილს, განიჭებთ სიამოვნებას). თუკი თვითსიამოვნების ხელოვნებაში ახალბედა ხართ, სანერვიულო არაფერია. არ არსებობს მასტურბაციის სწორი და არასწორი გზები — დაიწყეთ ნელა, შეისწავლით საკუთარი სხეული და დატკბით.