Facebook Script

სად არიან მოხუცები? — განსხვავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

24 აგვისტო, 2024 | საკითხავი

ყოველ ჯერზე, როცა გერმანიაში ჩემს მეგობართან ჩავდივარ, გაკვირვებული ვრჩები იმ ფაქტით, თუ რამდენი მოხუცი დადის ქუჩაში. მათ დაინახავთ ყველგან: პარკში, ტრანსპორტში, კაფეში. დაინახავთ მოხუც  წყვილებს, რომლებიც ზურგზე ჩანთამოკიდებული და ხელჩაკიდებული მოგზაურობენ. საითაც არ უნდა გაიხედოთ, აუცილებლად შენიშნავთ გაღიმებულ მოხუცებს, რომლებიც ნაყინს ჭამენ, ძაღლს ასეირნებენ, ცეკვავენ და, ბანალურად რომ ვთქვათ, ცხოვრებით ტკბებიან. რომ არა საქართველოში ამისგან რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა, ცხადია, ეს ფაქტი არ გამაკვირვებდა და ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდი. თუმცა, რთულია არ მოგხვდეს თვალში ქუჩაში მოსიარულე აქტიური მოხუცები მაშინ, როცა საქართველოში მათი უმეტესობა სახლშია გამოკეტილი. კაფეში შესულს რამდენი მოხუცი დაგინახავთ? ან კინოში მისულს? და თქვენი ბებია-ბაბუები ხშირად მოგზაურობენ? საერთოდ, მოგზაურობენ? ამ თემაზე ჩვენთან ბევრს არ ვლაპარაკობთ. რატომღაც არ გვახსენდება, ვიკითხოთ, სად არიან ჩვენი მოხუცები? სად არიან ჩვენი მეგობრების, ჯგუფელების, თანამშრომლების, ნაცნობების ბებია-ბაბუები? თუ მკითხავდით, რომელი ფილმის სათაური მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად გიპასუხებდით: „მოხუცების ადგილი აქ არ არის“. 

„ბოლოს როდის ვიმოგზაურე? არ ვიცი, ათასიან წლებში... ჩემს ქმარს დავყავდი სამოგზაუროდ. ახლა? არა, ახლა აბა რას ვიმოგზაურებთ? პენსიონერი კაცია. სოფელშიც კი ვერ მივდივართ ხშირად. ბენზინს ხომ უნდა ჩასხმა? როგორ შეიძლება ამდენი ღირდეს ბენზინი? ეგ რა არის, მე პენსიას მიმატებ და სხვა რაღაცებს აძვირებ? სვანეთში მინდა წასვლა. რაჭაშიც. წავიდოდი კი. არ ვარ ნამყოფი. უცხოეთში? იერუსალიმში მინდა. ჩემი ოცნება არის ეგ“, — ნათელა, 70 წლის.

ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის 25-ე მუხლი ეხება მოხუცების უფლებებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი აღიარებს და პატივს სცემს ხანდაზმულთა უფლებებს, იცხოვრონ ღირსეულად და დამოუკიდებლად და მონაწილეობა მიიღონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. გერმანიაში მოქმედებს „ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სამინისტრო“, რომლის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია: „ხანდაზმულთათვის პოლიტიკის შემუშავება ნიშნავს მათთან ერთად პოლიტიკის შემუშავებას — მათ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობის შესაძლებლობა. მათი გამოცდილებისა და ცხოვრებისეული მიღწევების დაფასება და მათთვის მეტი შესაძლებლობისა და გავლენის მინიჭება საზოგადოებას უფრო ძლიერს გახდის“. 

ეს უბრალოდ დოკუმენტებში აღბეჭდილი სიტყვები და მუხლები არ არის. მოხუცების ცხოვრების ხარისხი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაცილებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად, საქართველოში. მოხუცების კეთილდღეობაზე საუბრისას, ცხადია, პირველ ყოვლისა, პენსიის საკითხი გვახსენდება, რაც ბუნებრივია. ეკონომიკური მდგომარეობა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, მათ შორის მის სოციალიზაციასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 

„ძალიან ძვირია წამლები. შვილები მეხმარებიან, თორემ ჩემი პენსიით ვერ ვიყიდდი. ვწუხვარ ამაზე, შვილებს რომ ვაწუხებ“, —  დოდო, 73 წლის. 

საქართველოში დღეისათვის პენსიის ოდენობა 70 წლამდე პენსიონერებისთვის 315 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 415 ლარს შეადგენს.  2004 წელთან შედარებით, როცა ყოველთვიური პენსია 14 ლარი იყო, ეს ნამდვილად დიდი ნახტომია. თუმცა, დიდი და, ვიტყოდი, პროპორციული „ნახტომი“ გვაქვს საყოფაცხოვრებო ნივთების, საბაზისო საჭიროებებისა და მედიკამენტების ფასების ზრდაშიც. კაცი უნდა ეყოს პენსიას და არა პენსია კაცსო, გვეტყოდა, ალბათ, მუშნი ზარანდია და აუცილებლად დაეთანხმებოდა მას პარლამენტის ყოფილი წევრი გუგული მაღრაძე, მაგრამ, მოდით, ჩვენ ნუ დავეთანხმებით (სანამ ჯერ კიდევ გვაქვს ამის უფლება),  რადგან 415 ლარს ყველაზე მოქნილი პენსიონერიც ვერ ეყოფა. 

„ამ ბოლო დროს ყველაფერი ისე გაძვირდა. მე მარტო ვერა. ჩემი შვილი მიხდის ყველაფერს. წამლები, ექიმები... ყველაფერი ძვირია. შეიძლება პატარა რაღაც აგტკივდეს და ამდენი ათასი გინდაო, გეტყვიან. აი, ფეხი მიცვდება, სახსრები, იცი, რამდენი ჯდება? ძალიან ბევრი. არ უნდა ღირდეს ამდენი, შვილო. როგორი ქვეყანა მინდა და ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები და უფასო ექიმი რომ იქნება, ისეთი“, — ნათელა, 70 წლის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი პენსია ლუქსემბურგშია და ის 2575 ევროს (დაახლოებით 7770 ლარს) შეადგენს. მეორე და მესამე ადგილს დანია და ავსტრია იკავებენ — 2417 (დაახლოებით 7300 ლარი) და 1962 (დაახლოებით 5800 ლარი) ევროთი. ზოგადად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პენსია კი საშუალოდ 1294 (დაახლოებით 3900 ლარი) ევროა. ამის საპირისპიროდ, ევროპის კონტინენტის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები ჯერ არ არიან, როგორებიცაა, მაგალითად, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, მონტენეგრო და სხვა, პენსიის ოდენობა 200-300 ევროს (დაახლოებით 600-900 ლარს) შორის მერყეობს.

„მე იქ არ ვყოფილვარ [ევროპაში], მაგრამ ამბობენ, იქ კარგიაო. პენსია დიდიაო. სამედიცინო დახმარებებიც არის და ყველაფერიო. პენსიები დიდი არის და თან სუპერმარკეტებში პროდუქტი იაფიაო. აქ, ჩვენთან, სიძვირეა, პენსია არაფერში გყოფნის“, — რომანი, 74 წლის.

იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში მცხოვრები პენსიონერის ცხოვრება კარგად ასახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრები საშუალო პენსიონერის მდგომარეობას, განვიხილოთ, თუ რა სტრატეგიები და მიზნები აქვს გერმანიის სახელმწიფოს მოხუცების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

„ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სამინისტრო“ ცდილობს, უზრუნველყოს ოჯახის, ზრუნვისა და სამუშაოს უკეთ შეთავსება ერთმანეთთან და ის ორიენტირებულია ექთნის პროფესიის განახლებასა და განვითარებაზე, რათა მედდებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ. სამინისტრო ასევე ცდილობს, მოხუცების ზრუნვის პროცესში უფრო მეტად ჩაერთონ ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, რის გამოც ქვეყანაში არსებობს მზრუნველებისთვის შვებულების მიცემის პრაქტიკა. 

„ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სამინისტრო“  რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს:

დემენციის მქონე ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება

დემენციის ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს დემენციის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი და მათი ოჯახის წევრების/ნათესავების მხარდაჭერას, დემენციის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით საჭირო კვლევების ჩატარებას. ეს არის მიმდინარე პროექტი, რომელიც 2026 წლისთვის სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.

დემოგრაფიული ცვლილება

„ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სამინისტრო“ მიიჩნევს, რომ მოხუცებსა და ახალგაზრდებს შორის ერთიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მათ დღის წესრიგში. მხოლოდ თაობათა შორის თანასწორობა და მშვიდობიანი თანაარსებობა შექმნის გარემოს, რომელშიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფი ცხოვრების ყველა ეტაპზე შეძლებს ღირსეულ ცხოვრებას. ამ მიზნით შეიქმნა პროექტი „ვორქშოფი მუნიციპალიტეტების მომავლისთვის“. პროექტი მხარს უჭერს მონაწილე მუნიციპალიტეტებს ისეთი დემოგრაფიული სტრატეგიების შემუშავებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ინტეგრაციას.

მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია

2018 წლიდან „ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სამინისტრო“ ებრძვის მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას, განსაკუთრებით კი მოხუცებში. ამჟამად ფედერალური სამინისტრო ხანდაზმულებში მარტოობის წინააღმდეგ შემუშავებულ რამდენიმე პროექტს აფინანსებს, როგორებიცაა: „ერთად ერთმანეთისთვის: კონტაქტი და საზოგადოება ხანდაზმულ ასაკში“,  რომელიც ხორციელდება ასზე მეტ ლოკაციაზე გერმანიაში. ევროპის სოციალური ფონდის ESF Plus პროგრამა  „ხანდაზმულთა მონაწილეობის გაძლიერება — მარტოობისა და სოციალური იზოლაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2027 წლამდე 70-ზე მეტი პროექტის განხორციელებას მოიცავს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, 2021 წლის ბოლოდან ფედერალურმა სამინისტრომ დააფინანსა  პროექტი „Loneliness Network Germany“, რომელიც  ხელს უწყობს მარტოობის შესახებ პერსპექტივებს გაფართოებას ყველა ასაკობრივ ჯგუფში. პროექტი ორიენტირებულია მარტოობის მიზეზებისა და შედეგების გამოვლენაზე. ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის შემოდგომაზე ფედერალურმა სამინისტრომ დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია მარტოობის თემაზე, რომლის მიზნობრივი ჯგუფიც არიან როგორც ადამიანები, რომლებიც განიცდიან მარტოობას, ასევე მათ გარშემო მყოფები.

ვიდეოს ავტორი: ნუცა შიოშვილი

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა და ციფრულიზაცია ხანდაზმულ ასაკში

იქნება ეს ონლაინ ბანკით სარგებლობა, ექიმთან ვიზიტი თუ ნათესავებთან დარეკვა ვიდეოზარით, ციფრულიცაზიის პროცესმა შეიძლება გაამრავალფეროვნოს ადამიანების ცხოვრება და გაუადვილოს მათ ყოველდღიურობა. თუმცა, ციფრული მედიისა და სერვისების მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების უსაფრთხოდ გამოყენება მოითხოვს შესაბამისი უნარების ფლობას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. ამ მიზნის მიღწევას გერმანიის სახელმწიფო ცდილობს ევროპის საბჭოსთან, ევროკავშირთან, გაეროსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

„უფ, მოხუცები ევროპაში? იმათ, გენაცვალე, დანაზოგი აქვთ. დადიან ჩანთაგადაკიდებული და მსოფლიოს უვლიან. მე ხომ გითხარით, სახლიდან გასვლაც არ მინდა. ისინი... ჩვენ იმათ ვერ დავეწევით ჯერჯერობით, ასე მგონია“ — ელნერი, 75 წლის.

გარდა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიებისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კავშირი მუშაობს მოხუცების გაძლიერების მიზნით. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა არის AGE PLATFORM Europe, რომლის ოფისიც მდებარეობს ბრიუსელში. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი ევროპული ქსელი, რომელიც იბრძვის ხანდაზმულთა უფლებებისთვის, მათი თანასწორობისა და იმისთვის, რომ მოხუცების ხმა და გამოცდილება სათანადოდ იყოს გაჟღერებული და აღქმული. 

AGE PLATFORM Europe-ის ძირითად ღირებულებებსა და სახელმძღვანელო პრინციპებში წერია: 

  • ადამიანის უფლებები და ღირსება ასაკთან ერთად არ იკლებს და პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის უფლებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში;

  • ხანდაზმულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა, შეძლონ თავიანთი თავის ადვოკატირება, როგორც თავიანთი ცხოვრების ექსპერტებმა;

  • მოხუცები მუშაობით, მოხალისეობრივი საქმიანობებით, არაფორმალური ზრუნვით, შემოქმედებით, გამოცდილებითა და მომხმარებლობით, ჩვენი საზოგადოებების მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ.

  • ასაკზე მორგებული გარემო აუცილებელია სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური ქვეყნის მისაღებად.

აღნიშნული პლატფორმა ხელს უწყობს ასაკზე მორგებული გარემოს შექმნას, რათა გაიზარდოს ხანდაზმულების დამოუკიდებლობა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაზრდას სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის, ციფრულ გარემოში ხანდაზმულთა ადაპტაციას, გადაადგილებისა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე მათთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობის შეთავაზებას.

„რითი ვერთობი? შვილიშვილებით. შვილიშვილებს ვუვლი. საკუთარ თავს, ოჯახს, ყვავილებს. ზოგჯერ ბულვარში გავისეირნებ ხოლმე, დრო თუ მაქვს“, — დოდო, 73 წლის.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც AGE PLATFORM Europe მუშაობს, მოხუცების დასაქმებისა და მათი მონაწილეობის ხელშეწყობაა. ქსელში გაწევრიანებული ევროპის ათობით ქვეყანაში განხორციელებული არაერთი პროექტით, ისინი ცდილობენ კომპანიებსა და ორგანიზაციებში ასაკობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობას და „დაბერების“ შესახებ არსებული პოლიტიკური ნარატივის შეცვლას; დასაქმების პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა უფლებების დაცვას შრომით ბაზარზე; სწავლის შესაძლებლობის მიცემას მოხუცებისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში; ხანდაზმულთათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის უფლების უზრუნველყოფას.

„მიხარია, შვილები და შვილიშვილები რომ მყავს, მაგრამ ისე კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცხოვრებით, რა თქმა უნდა. მეც მინდა ცხოვრება. სამსახური არა მაქვს, პენსია არ მყოფნის. რაღაცით რომ ვიყო დაკავებული და თან დამატებითი შემოსავალი მქონდეს, კარგი იქნებოდა. ჯერჯერობით შემიძლია მუშაობა ფიზიკურად. როცა დასაქმებული ხარ, ცხოვრებაც უფრო საინტერესო ხდება. ამჟამად ჩემი ცხოვრება უინტერესოა. რა დაგვრჩა ჩვენი ასაკის ხალხს? დგები, საჭმელს მიირთმევ, გახვალ-გამოხვალ, სერიალს ნახავ, დაიძინებ... გათენდება და ისევ იგივე. ესაა ჩვენი ყოველდღიურობა“, — რომანი, 74 წლის.

მას შემდეგ, რაც ეს პლატფორმა აღმოვაჩინე, დავინტერესდი, არსებობდა თუ არა საქართველოში მსგავსი ქსელი ან ორგანიზაცია, რომელიც კონკრეტულად მოხუცების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს და, ჩემდა გასაკვირად, ვერ ვიპოვე. არის გარკვეული პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომლის მიხედვითაც თავის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია ფინანსდება, თუმცა ესეც მხოლოდ იმ მოხუცებისთვის, რომლებსაც კლინიკამდე თავიანთი ფეხით შეუძლიათ მისვლა. ასეც რომ არ იყოს, ის რამდენიმე პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ამ თემაზე კვლევის პროცესში შემხვდა, ეხება მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხებს. მოხუცების სოციალიზაციაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაძლიერებაზე, დასაქმებასა თუ მათთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზებაზე ფიქრი, როგორც ჩანს, ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა. საინტერესოა ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ვერ ვხედავთ მოხუცების, როგორც მნიშვნელოვანი ელექტორატის ხმების მოპოვებისთვის ბრძოლას. თითქოს, ეს ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ — არსად და არავისთვის.

„არჩევნები როცა ახლოვდება ხოლმე, უფრო იწყებენ ჩვენზე ლაპარაკს. პენსიების მომატება და ასეთი რაღაცები. რა ვიცი. ისეთი არაფერი. იმას ვფიქრობ, ახლა არჩევნები ტექნიკით რომ არის, როგორ იქნება. უნდა გააფერადოო. არ შემეშალოს და არ შევრცხვე-მეთქი, მაგას ვფიქრობ სულ. აუცილებლად წავალ. ოღონდ, ეს მაინტერესებს ძალიან, ხომ არ იცი შენ, აი, გაყალბება იქნება მანდ ნეტა?“ — ელნერი, 75 წლის.

გამოყენებული წყაროები:

ინტერვიუები: ელნერი (75 წლის), ნათელა (70 წლის), დოდო (73 წლის), რომანი (74 წლის).

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: DALL·E

► სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

სად არიან მოხუცები? — განსხვავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია