Facebook Script

ქალები და ფერტილურობა — როგორ იცვლება ნაყოფიერება ასაკის მიხედვით

ფერტილურობა (ნაყოფიერება), ანუ ადამიანის დაორსულების ბუნებრივი უნარი, ასაკთან ერთად მცირდება. თქვენი ფერტილურობა 23 წლის ასაკში ისეთივე არ არის, როგორიც 36 ან 45 წლის ასაკში იქნება, და არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს ადამიანის ნაყოფიერების შემცირებას დროთა განმავლობაში. ფერტილურობის უნარი ნებისმიერი სქესის ადამიანს აქვს, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანების ფერტილურობაზე ასაკის მიხედვით.

„ქალები იბადებიან ყველა იმ კვერცხუჯრედით, რომელიც ოდესმე ექნებათ და მათი რაოდენობა დაახლოებით 1-დან 2 მილიონამდეა. თუმცა, პირველი მენსტრუაციის დროს, რომელიც საშუალოდ 12 წლის ასაკში იწყება, მხოლოდ აქედან 400 ათასი კვერცხუჯრედი რჩება“, ამბობს მედიცინის დოქტორი ჯეინ ფრედერიკი. მისი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის კვერცხუჯრედების რაოდენობა იკლებს და 30-40 წლის ასაკში მათი მარაგი საკმაოდ მცირეა.

ფერტილურობა 20-დან 30 წლამდე ასაკში

დაორსულების ყველაზე მაღალი შანსი 20-დან 30 წლამდე ასაკშია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 19-დან 26 წლამდე ქალების ამის შანსი 50%-ია ნებისმიერ თვეს, თუ მათ აქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირი მენსტრუალური ციკლის ყველაზე ნაყოფიერ დღეს. ამავე კვლევის მიხედვით, ეს შანსები 35-დან 39 წლამდე ასაკის ქალებში 29%-მდე ეცემა.

თუ შვილის ყოლას 20-დან 30 წლამდე ასაკობრივ პერიოდში გეგმავთ, დაორსულების შანსების კიდევ უფრო გაზრდა მენსტრუალური ციკლის მონიტორინგით შეგიძლიათ (რაც სხვადასხვა აპლიკაციითაა შესაძლებელი), იქნება ეს სხეულის ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგით, საშვილოსნოს ყელის ლორწოს ცვლილებებზე დაკვირვებითა თუ ოვულაციის პროგნოზირების ტესტის ნაკრების გამოყენებით. ყველა ზემოჩამოთვლილი მეთოდის მიზანია, იცოდეთ, როდის გაქვთ ოვულაციის დღეები, რაც საუკეთესო პერიოდია დასაორსულებლად.

ფერტილურობის პოტენციური პრობლემების გამოსავლენად კარგი გზაა მენსტრუალური ციკლის კონტროლი. თუ შეამჩნევთ, რომ მენსტრუაცია არარეგულარულად გაქვთ ან არ გაქვთ ოვულაციის ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

თუ ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობთ დაორსულებას, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა მიმართოთ სპეციალისტს ფერტილურობის შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემა ახალგაზრდა წყვილებში ნაკლებად გავრცელებულია, ასეთი შემთხვევები მაინც არსებობს. აშშ-ს ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ფერტილურობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე წყვილების რაოდენობა  დაახლოებით 11%-ია.

► ნებისმიერ ასაკშია გონივრული, მიმართოთ სპეციალისტს დაორსულების შესაძლო ვარიანტების განსახილველად.

არ აქვს მნიშვნელობა, როდის გეგმავთ დაორსულებას — იქნებ, ჯერ არც ხართ დარწმუნებული, გსურთ თუ არა ბავშვის გაჩენა — ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, იზრუნოთ თქვენი ფერტილურობის ხარისხზე, რისთვისაც საჭიროა ჯანსაღი კვება, მოწევაზე უარის თქმა და უსაფრთხო სექსი მაშინ, როცა დაორსულება თქვენი მიზანი არ არის. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ზოგჯერ იწვევს მენჯის ანთებით დაავადებას (PID), რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ქალების ფერტილურობა, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ PID, 12%-ით მცირდება, ვისაც ორჯერ ჰქონია — 25%-ით, ხოლო სამჯერ — 50%-ით.

ფერტილურობა 30-იდან 40 წლამდე ასაკში

ფერტილურობის შანსები მცირდება 30 წლის ასაკიდან. თუმცა, რამდენად მკვეთრი იქნება კლება, ეს ინდივიდუალურია.

იქიდან გამომდინარე, რომ 35 წლიდან დაორსულების შანსები სულ უფრო სწრაფად მცირდება, თუკი პირველი ექვსი თვის მცდელობის შემდეგ ორსულობა არ დგება, საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი ნაყოფიერების შესაფასებლად. გაითვალისწინეთ, რომ დაორსულების შანსებზე შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი მამრობითი სქესის პარტნიორის ასაკმაც.

თუკი უახლოვდებით 35 წელს, მაგრამ ჯერ არ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, თუმცა არც სრულად გამორიცხავთ სამომავლოდ, ასეთ დროს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კვერცხუჯრედების გაყინვა. თავიდან კვერცხუჯრედების გაყინვის მეთოდს მიმართავდნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც სურდათ კიბოს მკურნალობის შემდეგ ეცადათ დაორსულება. დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ამ პროცედურას ახალგაზრდა ასაკში, როცა დაორსულების პრობლემას აწყდებიან. ასეთ დროს, თუკი გარკვეული პერიოდის მერეც ვერ მოხერხდება ბუნებრივი გზით დაორსულება, მათ შეუძლიათ გაყინული კვერცხუჯრედების გალღობა და ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის გამოყენება.

► ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) არის სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმა ორგანიზმის გარეთ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. აქ მიმდინარე პროცესები იდენტურია იმისა, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს.

კვერცხუჯრედის გაყინვისას, რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით უფრო სავარაუდოა, რომ კვერცხუჯრედი იქნება ჯანმრთელი და სასარგებლო გასანაყოფიერებლად. იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, თუკი თქვენს კვერცხუჯრედებს 35 წლამდე ასაკში გაყინავთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია. ამასთან, არსებობს შანსი, რომ თქვენი გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენების სურვილი არასდროს გაგიჩნდეთ ან, სურვილის შემთხვევაში, ვერ მოხდეს მათი განაყოფიერება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ეს პროცედურა „ყინავს“ ბავშვის გაჩენის პოტენციალს და ის არ არის გარანტია, რადგან ლღობის პროცესს ყველა კვერცხუჯრედი ვერ უძლებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ქალი გადაწყვეტს ბავშვის გაჩენას, რეკომენდებულია ჯერ ბუნებრივი მეთოდებით სცადოს, რა ასაკშიც არ უნდა გადაწყვიტოს ეს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს სხვა მეთოდებს. გაყინული კვერცხუჯრედები უნდა განიხილოთ, როგორც სარეზერვო გეგმა.

ფერტილურობა 40-იდან 50 წლამდე ასაკში

ფერტილურობის უნარი კიდევ უფრო მცირდება 40 წლის ასაკიდან. თუ თქვენ ამ ასაკობრივ შუალედში გეგმავთ ბავშვის გაჩენას, სასურველია, თავიდანვე მიმართოთ სპეციალისტს, რათა დაორსულების შანსები გაიზარდოს. ფერტილურობის შანსები ხანდაზმულ წყვილებში მკვეთრად დაბალია.

მიუხედავად შემცირებული შანსებისა, ადამიანები 40 წლის ასაკში და უფრო გვიანაც ორსულდებიან — ეს სავსებით შესაძლებელია. მართალია, 40-დან 50 წლამდე ასაკში ყოველი მესამე ადამიანი აწყდება ფერტილურობის პრობლემებს, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ სამიდან ორს შეუძლია ბავშვის გაჩენა.

თუ თქვენი კვერცხუჯრედები გაყინეთ, მოგვიანებით შეგიძლიათ ბავშვის გასაჩენად ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF) მიმართოთ. თუ კვერცხუჯრედები არ გაგიყინავთ ან გაყინეთ, მაგრამ მათი განაყოფიერება ვერ მოხერხდა, შეგიძლიათ, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილოთ დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ამ მეთოდს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის კარგი არჩევანია.

40-დან 50 წლამდე ასაკში დაორსულება არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. გარდა ჩასახვის მეთოდებისა, სხვა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როგორც მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯი (ACOG) აღნიშნავს, 35 წლის ასაკის შემდეგ ორსულობამ შეიძლება გაზარდოს გესტაციური (ორსულთა) დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის ან ორსულობის შეწყვეტის რისკი. თუმცა, გაზრდილი რისკები მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკში ორსულობის პერიოდი და შემდგომ მშობიარობა აუცილებლად გართულებებთან იქნება დაკავშირებული.

ფერტილურობა 50 წლის ასაკიდან ზემოთ 

არის თუ არა შესაძლებელი 50 წლის ასაკში ან შემდგომ ბავშვის გაჩენა? თეორიულად, დონორის კვერცხუჯრედებითა და შესაბამისი პროცედურებით, ეს შესაძლებელია. როგორც წესი, მენოპაუზა 50-51 წლის ასაკში იწყება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი კვერცხუჯრედები აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ შეიძლება თქვენი საშვილოსნო იყოს მზად თავისი ფუნქციის შესასრულებლად. სწორედ ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ დონორის კვერცხუჯრედების გამოყენების მეთოდს.

ორსულობის გართულების შანსები მნიშვნელოვნად მაღალია ამ ასაკობრივ შუალედში. 50 წლის და შემდგომ ასაკში ქალების დაორსულების ძირითადი საშუალება, როგორც წესი, დონორის კვერცხუჯრედების, საკუთარი გაყინული კვერცხუჯრედების ან გაყინული ემბრიონის გამოყენებაა, თუმცა თავად ორსულობის პერიოდიც არაერთ რისკთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ჰიპერტენზიული დარღვევები, პრეეკლამფსია, გესტაციური დიაბეტი, საკეისრო კვეთა და ა.შ.

თუ ბავშვის გაჩენას გეგმავთ დონორის კვერცხუჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით 50 წლის ასაკში ან, თუნდაც, 45 წლის ასაკის შემდეგ, სპეციალისტების უმრავლესობა გირჩევთ, მიმართოთ ისეთ მეან-გინეკოლოგს, რომელიც გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ გართულებების პროგნოზირება სრული სიზუსტით შეუძლებელია, მათ შეუძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემებისა და ინფორმაციის მოწოდება.

იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვის გაჩენა აღარ დგას დღის წესრიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ნებისმიერ ასაკში, მათ შორის, მენოპაუზის დაწყების შემდეგაც, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ორსულობას. მნიშვნელოვანია პაპ ტესტის გაკეთება და სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა გინეკოლოგის მიერ მითითებულ დროის შუალედებში. გარდა ამისა, საჭიროა ისეთი რუტინული სკრინინგები, როგორიცაა მამოგრაფია, კოლონოსკოპია და DEXA-დენსიტომეტრია (ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია, რაც გულისხმობს ძვლის სიმკვრივის გამოკვლევას).

გინეკოლოგთან ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზია მენოპაუზის სიმპტომების მართვაში დახმარება. ქალების დიდ ნაწილში მენოპაუზის სიმპტომები საკმაოდ უსიამოვნოა, ამიტომ გინეკოლოგის მითითებები და შესაბამისი მკურნალობა დაგეხმარებათ მენოპაუზის პერიოდის შედარებით მარტივად გადალახვაში.

თქვენი ფერტილურობა ასაკთან ერთად იცვლება. მიუხედავად იმისა, გეგმავთ თუ არა ბავშვის გაჩენას ფერტილურობისთვის საუკეთესო პერიოდში (20-იდან 30 წლამდე ასაკში), სწორედ ამ პერიოდიდან უნდა იზრუნოთ თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სამომავლოდ (თუკი ზოგადად აპირებთ ბავშვის გაჩენას) დაორსულების შანსების გაზრდაზე. ამისათვის საჭიროა მავნე ჩვევებზე უარის თქმა (როგორიცაა, მაგალითად, მოწევა), გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი და უსაფრთხო სექსი.

ასევე გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი გზით ბავშვის ყოლა მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და არა — ერთადერთი. არსებობს ბევრი სხვა ვარიანტი, როგორიცაა დონორის კვერცხუჯრედების, სპერმისა თუ ემბრიონის გამოყენება, სუროგაცია და, რა თქმა უნდა, შვილად აყვანა.

გამოყენებული წყარო:

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე

მთავარი სურათი: Seattle Sperm Bank

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოში

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა — აბორტი და უშვილობა: როგორია რეალობა საქართველოში?

ორსულობა და მშობიარობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ქალები და ფერტილურობა — როგორ იცვლება ნაყოფიერება ასაკის მიხედვით

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია