რამდენიმე თვის წინ გინეკოლოგთან ვიყავი. თავს ცუდად ვგრძნობდი, მენსტრუალური ციკლიც არეული მქონდა. აშკარა იყო, რომ ექიმთან კონსულტაცია მჭირდებოდა. დედამ თავისი გინეკოლოგი მირჩია. მივედი. მკითხა, გათხოვილი ვიყავი თუ არა. დარწმუნებული ვარ, ჩემი პირადი ცხოვრება არ აინტერესებდა, მხოლოდ იმის გაგება სურდა, მქონდა თუ არა სექსი, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი შინაარსის შეკითხვა „ვერ მაკადრა“. გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა გარე ორსულობა ყოფილიყო და მაშინვე მკითხა, იცოდა თუ არა დედამ ამის შესახებ. ანუ, დედამ იცოდა თუ არა, რომ 27 წლის ასაკში ქორწინების გარეშე სექსი მქონდა..
საბოლოოდ, მისი ვარაუდი არ გამართლდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან თუკი ცხოვრებაში რამეს ზედმიწევნით ვასრულებ, ეს სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვაა. საბედნიეროდ, ჩემი ფინანსური მდგომარეობა მაძლევს კონტრაცეპტივების გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ბევრი ქალისთვის ეს ჯერ კიდევ ფუფუნებაა. საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, კონტრაცეპტივების ფასი წარმოუდგენლად მაღალია. შესაბამისად, არასასურველი ორსულობების ფაქტიც ბევრია. არასასურველ ორსულობას, ბუნებრივია, აბორტზე ფიქრი მოჰყვება. აბორტზე ფიქრს იმაზე ნერვიულობა მოსდევს, როგორ გამონახო შესაბამისი ფინანსური რესურსი და უფრო მეტიც, როგორ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი გაგიკრიტიკებს ეკლესიური დოგმებიდან თუ თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე.. ან, პარტნიორი არ დაგთანხმდება და საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ შენს სხეულზე უფლება შენ გარდა ყველას აქვს.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქალის რეპროდუქციული უფლებები საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე და ყველა კონტექსტში ირღვევა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ირღვევა სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ამ უფლების უგულებელყოფა პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევაა.
რას ნიშნავს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რას გულისხმობს რეპროდუქციული უფლებები?
რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის ადამიანის სასიცოცხლო პროცესი, რომელიც გულისხმობს სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ეს ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანს შეუძლია ჰქონდეს სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება და არჩევანის თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, როდის და რამდენი შვილი იყოლიოს. მარტივად რომ ვთქვათ, რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ინდივიდის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, სექსუალურ ცხოვრებასთან, ოჯახის დაგეგმვასთან, ორსულობასთან, კონტრაცეპტივების გამოყენებასა და მსგავს საკითხებთან. ის გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული აღნიშნულ თემებზე და მისი არჩევანი, თუ როგორ წარმართავს თავის სექსუალურ და პირად ცხოვრებას, უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი წნეხისგან, ზემოქმედებისა და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისაგან.
შესაბამისად, რეპროდუქციული უფლებები გულისხმობს კონტრაცეპტივების გამოყენების უფლებას, ლეგალური და უსაფრთხო აბორტის უფლებას, რეპროდუქციულ კვლევებსა და საჭირო სამედიცინო (მაგ., დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ) სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული უფლება პირდაპირ კავშირშია სექსუალური განათლების მიღების უფლებასთან, რათა ქალს განვითარების ადრეული ეტაპიდანვე ჰქონდეს სრული და გადამოწმებული ინფორმაცია თავის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით.
რეპროდუქციული უფლებების დაცვა დღეს უკვე ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რაც საქართველოში არაერთი საერთაშორისო დოკუმენტითა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობით რეგულირდება.
რეპროდუქციული უფლებების განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 1994 წელს გაეროს მიერ გამართულ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავებულ კაიროს სამოქმედო პროგრამას, რომელმაც ახლებურად გადაიაზრა ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მასთან დაკავშირებული უფლებები და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გაუსვა ხაზი, რომ წყვილები უნდა იყვნენ ინფორმირებული და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის დასარეგულირებელი მეთოდებით.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. ამავე კანონით რეგულირდება აბორტთან დაკავშირებული წესები, ექსტრაკორპორულ განაყოფიერებასა (კვერცხუჯრედის განაყოფიერება დედის სხეულის გარეთ და ემბრიონის შემდგომი გადატანა საშვილოსნოში) და სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. რეპროდუქციულ უფლებებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული რეგულაციები გვხვდება სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, როგორიცაა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და სხვა. თითოეული მათგანის მთავარი მიზანია, ქალს ჰქონდეს უფლება, ისარგებლოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისით, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და იყოს მესამე პირის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალდატანებისა თუ ძალადობისგან დაცული.
წყარო: Frontiers
როგორია რეალობა?
საზოგადოებაში, სადაც სექსუალურ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე, საუბარი არ არის მიღებული, ბუნებრივია, ვერც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხი იქნება ღიად განსჯის საგანი. ქალი, რომელსაც საზოგადოება ქორწილამდე სექსს რთულად აპატიებს (თუკი საერთოდ აპატიებს), რა გასაკვირია, თუკი თავისი რეპროდუქციული უფლებების დასაცავად არაფერს მოიმოქმედებს? როგორ გავაპროტესტოთ გინეკოლოგის მხრიდან ჩვენი უფლებების დარღვევა ან პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გაცემის ფაქტი, თუკი იმასაც კი ვერ ვამბობთ, რომ გინეკოლოგთან ვიყავით? საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და სტიგმები, ქალებს ართმევს უფლებას, ღიად ისაუბრონ თავიანთ საჭიროებებზე და დანაშაულის გრძნობის გარეშე მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მათ სხეულს, ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას ეხება.
► იხილეთ აგრეთვე: ქალიშვილობა — უმანკოების მითი, რომელსაც ქალები სძულს
რაც არ უნდა ბევრი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო დოკუმენტით რეგულირდებოდეს, ფაქტია, რომ ქალთა რეპროდუქციული უფლებები მაინც ირღვევა, რისი მაგალითებიცაა: იძულებითი სტერილიზაცია, იძულებითი აბორტი, იძულებითი ორსულობა, აბორტის კრიმინალიზება, ორსულობის იძულებითი გაგრძელება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, სერვისებისა და სხვა საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმა. თითოეული ეს შემთხვევა წარმოადგენს გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმას და უარყოფითად აისახება ქალის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
აბორტი
რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზირებული საკითხია აბორტი. მსოფლიოს მასშტაბით, ქალების დიდი ნაწილისთვის აბორტის უსაფრთხო სერვისზე წვდომა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ქალები ორსულობის შეწყვეტის უფრო იაფ, მაგრამ სახიფათო გზებს მიმართავენ, როგორიცაა, მაგალითად, თვითნებური მედიკამენტოზური აბორტი.
აღსანიშნავია, რომ აბორტს, რელიგიური თუ სხვა მოტივებით, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქალი, რომელიც აბორტს იკეთებს, ხშირად განსჯისა და გაკიცხვის ობიექტი ხდება. სწორედ ამიტომ, ქალების უმრავლესობას აბორტის შემდგომ აქვთ ბრალეულობისა და საკუთარი გადაწყვეტილების მიუღებლობის განცდა. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ქალი პაციენტები ექიმთან ვიზიტის დროსაც კი აწყდებიან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და არაემპათიური დამოკიდებულების შემთხვევებს. დაბრკოლებას წარმოადგენს აგრეთვე ე.წ. ხუთდღიანი სავალდებულო მოსაცდელი პერიოდი, რაც ორსულს სერვისის მისაღებად კლინიკაში მეორად მისვლას აიძულებს.
უშვილობა
სტიგმატიზირებულია უშვილობასთან დაკავშირებული საკითხებიც, რაც გამოწვეულია საზოგადოების მხრიდან ქალის როლისა და ფუნქციების წინასწარგანსაზღვრული აღქმით. კერძოდ, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ქალის მთავარ ფუნქციას დედობა, ანუ შვილის გაჩენა წარმოადგენს. შესაბამისად, თუკი ქალს არ შეუძლია ბუნებრივი გზით შვილის გაჩენა, ის თავს დამნაშავედ გრძნობს და ცდილობს, რომ ეს ამბავი ოჯახის გარეთ არ გავიდეს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, თუ უშვილობის მიზეზი კაცია, ეს „დანაშაული“ მაინც ქალს მიეწერება. უფრო მეტიც, ხშირად კაცები არც კი მიდიან ექიმთან სამკურნალოდ, რადგან მსგავსი ვიზიტები მასკულინური ღირსების წესებში არ ჯდება.
უშვილობის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს:
- „ინ ვიტრო“ განაყოფიერება, რაც გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას ორგანიზმის გარეთ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. აქ მიმდინარე პროცესები იდენტურია იმისა, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს;
- კვერცხუჯრედების გაყინვა — თუ ქალს არ სურს 35 წლამდე შვილის გაჩენა, მას შეუძლია გაყინოს თავისი ჯანმრთელი კვერცხუჯრედები და ამით შეინარჩუნოს რეპროდუქციული შესაძლებლობა, გვიანდელ ასაკშიც გახდეს დედა;
- სუროგაცია ხელოვნური განაყოფიერების (IVF) ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული მეთოდია. სუროგაციის პროცესი გულისხმობს სინჯარაში გაზრდილი ემბრიონების გადატანას არა გენეტიკური დედის, არამედ სპეციალურად მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში. სუროგატი დედა მხოლოდ მუცლად ატარებს ბავშვს და არ აქვს მასთან გენეტიკური კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ სუროგაცია კანონით დაშვებულია, პრაქტიკაში ეს მეთოდი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული. რელიგიური განწყობების თანახმად, სუროგაცია მიუღებელი და დაუშვებელია. კრიტიკის ობიექტი ხდება ქალი, რომელიც „ფულის სანაცვლოდ სხვას უჩენს შვილს“. უნდა აღინიშნოს, რომ სტიგმებისა და სტერეოტიპების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ბევრი ქალისთვის ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები მაინც ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი, რადგან თითოეული მათგანი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
განსაკუთრებული „მისტიკურობით“ ხასიათდება ბავშვის შვილად აყვანა. ნაცნობები ერთმანეთს ჩურჩულით უყვებიან ქალზე, რომელმაც ბავშვი იშვილა. ხშირ შემთხვევაში ეს ამბავი მკაცრად გასაიდუმლოებულია. მსგავს ისტორიებს კი, როგორც წესი, სიბრალულით ჰყვებიან. ბავშვის აყვანა განიხილება წყვილის უკანასკნელ გზად უშვილობის შემთხვევაში და არა მათ არჩევნად, იზრუნონ ბავშვებზე, რომლებზე ზრუნვაც მათმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ვერ შეძლეს. ბავშვის შვილად აყვანის პროცედურა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დოკუმენტით რეგულირდება. ეს არის საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც დროში ძალიან იწელება. როგორც ცნობილია, მშობლობის მსურველები ხშირად წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ რიგს. ეს იმ ფონზე, როცა ოჯახს გარეთ უამრავი ბავშვი იმყოფება.
„ის, რომ შვილი არ გამეჩინა, ჩვენი არჩევანი იყო, ამიტომაც შემიყვარდა მამათქვენი. ჩვენ ორივე ვგრძნობდით, რომ სამყაროს საკმარისი ადამიანი ჰყავდა. ბავშვის გაჩენა არ არის იმის გარანტია, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ იზრუნო იმ ბავშვებზე, რომლებიც მარტო არიან, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს“ — ციტატა ფილმიდან „ლომი“. ამ სიტყვებს პერსონაჟი თავის ნაშვილებ ვაჟს ეუბნება და ქალის როლსა და ფუნქციას სრულიად განსხვავებულ ჭრილში წარმოგვიჩენს.
არ აქვს მნიშვნელობა, რას გვეუბნება კანონი, თუკი მისი განხორციელების მექანიზმები პრაქტიკაში არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგადაა ჩამოყალიბებული ნორმატიულ აქტებში ქალთა რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა და საჭიროება, თუკი არსებული სტიგმების გამო გოგოები/ქალები მაინც ვერ საუბრობენ ღიად მენსტრუაციაზე, თუკი არ მიუწვდებათ ხელი კონტრაცეპტივებზე და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, თუკი ექიმები ქალს სტერილიზაციის სერვისის მისაღებად ქმრის წერილობით თანხმობას სთხოვენ, თუკი აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალს გინეკოლოგი გადარწმუნებას დაუწყებს, სხვადასხვა გავრცელებული სტერეოტიპის გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს კანონი, თუკი პრაქტიკაში ქალის უფლება, ჰქონდეს ჯანსაღი და ღირსეული ცხოვრება, უხეშად ირღვევა.
როგორც ყველა კომპლექსური საკითხის შემთხვევაში, აქაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და რთულია იმის მტკიცება, თუ რომელი რგოლიდან უნდა დაიწყოს ცვლილებები. თუმცა, ორი რამ ფაქტია: ერთი ის, რომ პოლიტიკური ნების გარეშე მსგავსი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, და მეორე — სკოლაში მიღებულ სექსუალურ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელ ამ პროცესში, რადგან იმისათვის, რომ შენი უფლებებისთვის იბრძოლო, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ასეთი უფლებები გაგაჩნია.
მთავარი სურათი: ანიკი გელაშვილი / Femea
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea