ვაგინალური გამონადენი მენსტრუალურ ასაკში მყოფი ყველა ქალისთვის კარგად ნაცნობი რამაა. გამონადენის ფერი და ხარისხი მეტყველებს იმაზე, თუ მენსტრუალური ციკლის რომელ ეტაპზე ხართ. გარდა ამისა, ის ძალიან მგრძნობიარეა ყველაზე პატარა ცვლილებების მიმართაც კი, მათ შორისაა კვების რაციონი და რუტინა, ჰორმალური დისბალანსი, ვაგინის ლორწოვანი გარსის მჟავიანობა (იგივე pH; ნორმა: 3.8-დან 4.5-მდე) და ინფექციები.
ვაგინალური გამონადენი შედგება სითხისგან/ლორწოსგან, რომელიც საშვილოსნოს ყელსა და საშოში არსებული ჯირკვლებისგან გამოიყოფა იმ უჯრედებთან ერთად, რომლებსაც სხეული ბუნებრივად იშორებს. ეს გამონადენი იცავს, ასუფთავებს და ატენიანებს ვაგინას, ასევე ეხმარება სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედებამდე მიღწევასა და განაყოფიარებაში. ამ სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ვაგინალურ გამონადენს — რომელი გამონადენია ჯანსაღი და რომელს უნდა მივაქციოთ ყურადღება — როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან და როგორ ვიზრუნოთ ვაგინის ჯანმრთელობაზე.
ვაგინის მიკროფლორა
ჯანსაღი ვაგინა ინარჩუნებს მიკრობული ფლორის ბალანსს, რაც ქმნის ზომიერად მჟავა გარემოს. ვაგინის ლორწოვანი გარსი მავნე ბაქტერიებისგან, პარაზიტებისა და სოკოებისგან იცავს როგორც ვაგინას, ასევე რეპროდუქციულ ორგანოებს.
ვაგინას აქვს თვითგაწმენდის უნარი. გამონადენი მისი სისუფთავისა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. შესაძლოა, ეს გამონადენი ტუალეტის ქაღალდზე ან საცვლებზე შენიშნოთ — თუ ეს დისკომფორტს გიქმნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიური საფენი, რომლის გამოცვლაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ და რომლითაც მარტივად დაიცავთ ჰიგიენას.
ვაგინის ჯანსაღი გამონადენი თეთრი ფერისაა და არ აქვს მძაფრი სუნი. ჯანსაღი გამონადენის ფერი იცვლება მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ქალების ნაწილისთვის, გამონადენის ფერის ცვლილება ოვულაციაზე მუთითებს. ამ დროს გამონადენი ატყობინებს ქალს დაორსულებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროის შესახებ, ან პირიქით, თავის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ვაგინალური გამონადენის ცვლილება მენსტრუალური ციკლის დროს
ციკლის დასაწყისი — მენსტრუაცია. ამ დღეების განმავლობაში საშვილოსნოს ყელი არ გამოყოფს დიდი რაოდენობის სითხეს, თუმცა რომც გამოყოფდეს, ამას ვერ შეამჩნევდით, რადგან სისხლდენა გაქვთ. მენსტრუალური სისხლი წითელსა და მუქ ყავისფერს შორის ვარირებს. ის, როგორც წესი, მენსტრუაციის ბოლოსკენ მუქდება. ამ დღეების განმავლობაში ნორმალურია შედედებული სისხლის შემჩნევა, რადგან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედთან ერთად ჩამოიფრცქვნება და სხეულიდან გამოდის. თუკი სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგიგრძელდათ, უჩველოდ ძლიერი სისხლდენა გაქვთ, ან მენსტრუაცია დაწყებიდან მალევე სრულდება — ეს ნორმალური სისხლდენის ნიშნები არ არის და უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.
მენსტრუაციის შემდეგ — სიმშრალე, გამონადენის არარსებობა. საშვილოსნოს ყელის სითხის გამომუშავება დაკავშირებულია ესტროგენის დონესთან. მენსტრუაციის შემდეგ, სხეულში ესტროგენების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება და მას გამოიმუშავებს საკვერცხეების ფოლიკულა, რომელიც ემზადება შემდგომი ციკლისთვის. ამ დროს არ გექნებათ შესამჩნევი ვაგინალური გამონადენი, სანამ სხეულში ესტროგენის დონე არ გაიზრდება.
ოვულაციამდე ერთი კვირით ადრე — წებოვანი, შემდეგ კი კრემისებრი, მოთეთრო-მოყვითალო გამონადენი. კვერცხუჯრედის მომწიფებასთან ერთად იზრდება სხეულში ესტროგენის დონეც და საშვილოსნოს ყელი იწყებს სითხის გამომუშავებას. ასეთ დროს, საშვილოსნოს ყელის მიერ გამომუშავებული სითხე თავიდან წებოვანია, შემდეგ კი უფრო კრემისებრი. ის, როგორც წესი, თეთრი ფერისაა, თუმცა ზოგჯერ მოყვითალო ან ყვითელიცაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შრება.
ოვულაციის ირგვლივ — სრიალა, გამჭვირვალე, ელასტიკური გამონადენი. საშვილოსნოს ყელი სითხეს ყველაზე ინტენსიურად ოვულაციის დროს გამოყოფს. თქვენი ვაგინა ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით სველი იქნება, რადგან გამოყოფილ გამონადენში წყლის შემცველობითი წილი გაზრდილია. ამ დროს გამონადენი ძალიან ჰგავს კვერცხის ცილას — ის სლიპინა, ელასტიური და გამჭვირვალეა. ეს სითხე იცავს ვაგინაში მოხვედრილ სპერმატოზოიდებს და ეხმარება მათ კვერცხუჯრედამდე მიღწევაში. თუმცა, გახსოვდეთ, რომ „ოვულაციის გამონადენი“ ავტომატურად არ მოწმობს ოვულაციის დადგომას.
ლუტეინის ფაზა — წებოვანი, მშრალი გამონადენი. მას შემდეგ, რაც კვერცხუჯრედი გათავისუფლდება, ფულიკულის ნარჩენები ყვითელ სხეულებად ყალიბდებიან. თუკი ფეხმძიმობა დადგა, ყვითელი სხეულები ორსულობის პროცესის მხარდასაჭერად პროგესტერონის წარმოებას იწყებენ. თუკი კვერცხუჯრედი არ არის განაყოფიერებული, მაშინ ყვითელი სხეულები იშლებიან და სხეულში ჰორმონების ცირკულაცია იკლებს. ამ დროს, საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოს კედლები ნაკლებ სითხეს გამოყოფენ, შესაბამისად, ვაგინალური გამონადენიც უფრო მშრალი და წებოვანია. ეს მდგომარეობა ციკლის დასრულებამდე ნარჩუნდება, ანუ დაახლოებით ორი კვირით, სანამ მენსტრუაცია ხელახლა არ დადგება.
ვაგინალური გამონადენის ცვლილებები
ვაგინალური გამონადენი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში იცვლება, თუმცა შეიძლება ცვლილება დიეტამ, ჰორმონალურმა დარღვევებმა, მედიკამენტების ან კონტრაცეპტივის მიღებამაც გამოიწვიოს.
გამონადენის ცვლილება შეიძლება მიანიშნებდეს იმაზეც, რომ სხეულში რაღაც რიგზე ვერ არის. ყურადღება მიაქციეთ გამონადენის ფერს, თუმცა, გარდა ამისა, დააკვირდით, ხომ არ აღგენიშნებათ მტკივნეული შარდვა, საშოსა და ვულვის გაღიზიანება, ქავილის შეგრძნება ან უსიამოვნო სუნი, რომელიც თან ახლავს გამონადენს.
მომწვანო-მოყვითალო გამონადენი — მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი გამონადენი მენსტრუალური ციკლის შემადგენელი ნაწილია, შესაძლებელია, რომ მუქი ყვითელი, მომწვანო-მოყვითალო ან მწვანე გამონადენი ბაქტერიული ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ნიშანი იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი გამონადენი მკვრივი და უსიამოვნო სუნისაა. თუკი ინფექცია გაქვთ, ვაგინალური არხი და ვულვა შეიძლება გაღიზიანებული და შეშუპებული იყოს, ასევე ტკივილს გრძნობდეთ შარდვისას. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წყარო: WomanLog
თეთრი გამონადენი, რომელიც მკვრივი ან ქაფიანია — სქელი, თეთრი, მკვირი ვაგინალური გამონადენი ახასიათებს ვაგინალურ სოკოს ინფექციას. სოკოვანი ინფექციის სხვა სიმპტომებია:
-
ვულვის გაღიზიანება და შეშუპება
-
ვულვის ზომიერი ან ინტენსიური ქავილი
-
მტკივნეული სქესობრივი აქტი
თუკი, თქვენს ვაგინალურ გამონადენს ხაჭოს კონსისტენცია აქვს და ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მაინც გამოგივლინდათ, დიდია იმისი ალბათობა, რომ ვაგინალური სოკოს ინფექცია გქონდეთ. მართალია, ის სგგი არ არის, თუმცა სოკოვანი ინფექცია შეიძლება ვაგინალური სექსის დროსაც გავრცელდეს.
რუხი ფერის გამონადენი — რუხი ან ნაცრისფერი ვაგინალური გამონადენი უჩვეულოა და, როგორც წესი, მას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
-
ძლიერი და უსიამოვნო სუნი (თევზის სუნის მსგავსი)
-
ვულვის ქავილი ან გაღიზიანება
ასეთ დროს დიდია იმისი ალბათობა, რომ ბაქტერიული ვაგინოზი გქონდეთ — ესაა ბაქტერიული ინფექცია, რომლის დროსაც ვაგინალური მიკროფლორა დარღვეულია და მავნე ბაქტერიების რაოდენობა ჭარბობს. ბაქტერიული ვაგინოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა რამდენიმე აქტივობა მისი გაჩენის ალბათობას ზრდის:
-
ვაგინის სურნელოვანი ან სამკურნალო საპნით დაბანა;
-
საცვლების ძლიერი სარეცხი საშუალებებით რეცხვა;
-
სექსი ახალ პარტნიორთან ან სექსი რამდენიმე პარტნიორთან;
-
სურველოვანი ქაფიანი აბაზანის მიღება;
-
თამბაქოს მოწევა.
ხშირად, ბაქტერიული ვაგინოზი თავისით ქრება, თუმცა უმჯობესია, სიმპტომების ქონის შემთხვევაში ექიმს მიმართოთ და მკურნალობის მარტივი გზით — ანტიბიოტიკის მიღებით, სწრაფად და ეფექტურად გათავისუფლდეთ ინფექციისგან. უყურადღებოდ დატოვებულმა ბაქტერიულმა ვაგინოზმა შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებში. კაცებს მკურნალობა არ სჭირდებათ, თუმცა მათ შეიძლება ინფექცია სხვა ქალ პარტნიორებს გადასდონ.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავლენა ქალების ჯანმრთელობაზე
ვარდისფერი გამონადენი — მენსტრუაციის დაწყებისას ან დასრულებისას ვარდისფერი ვაგინალური გამონადენი სრულებით ნორმალურია, რადგან მცირეოდენი სისხლის თანაობაც კი გამონადენს შეფერილობას აძლევს. თუმცა, თუკი ვარდისფერი გამონადენი მაშინ დააფიქსირეთ, როდესაც მენსტრუაცია არც დაწყებულა და, შესაბამისად, არც სრულდება და სქესობრივი ცხოვრება უკვე დაიწყეთ, გამონადენი შეიძლება უხეში სქესობრივი აქტის ან ვაგინალური სიმშრალისას ვაგინის კედლების დაზიანებით იყოს გამოწვეული. ამ შემთხვევაში, ვარდისფერი ვაგინალური გამონადენი 1-2 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
ვარდისფერ ვაგინალურ გამონადენს იწვევს ახალი კონტრაცეპტივის გამოყენებაც (განსაკუთრებით იმპლანტის, სპირალის ან ახალი აბის). თუმცა, უჩვეულო გამონადენი შეიძლება სხვა, უფრო სერიოზულ რამეზეც მიანიშნებდეს, მაგალითად, მენჯის ანთებით დაავადებაზე, საშვილოსნოს ყელის კიბოზე ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაზე. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიმპტომებს და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
► მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ ვაგინალურ გამონადენს და დააკვირდეთ ცვლილებებს, რადგან ხშირად ეს ცვლილებები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციბით არის გამოწვეული. ამ ინფექციების უყურადღებოდ დატოვებას სამომავლოდ მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის, მენჯის ანთებითი დაავადების ან უშვილობის გამოწვევაც კი შეუძლიათ.
როგორ ავირიდოთ ვაგინალური გამონადენის არაჯანსაღი ცვლილება?
განურჩევლად იმისა, თუ რამდენად იცავთ პირად ჰიგიენას და როგორ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ვაგინალური გამონადენი შეიძლება შეიცვალოს ძალიან მცირე მიზეზის გამოც კი. ყველაზე ხშირად ვაგინალური გამონადენის არაჯანსაღ ცვლილებას ბაქტერიული ვაგინოზი და სოკოვანი ინფექციები იწვევს, რომელთაგან თავის არიდებაც შემდეგი გზებით შეგიძლიათ:
-
როგორც უკვე ვახსენეთ, ვაგინას აქვს თვითწმენდის ფუნქცია. ვულვის ნელ-თბილი წყლით გასუფთავება სრულებით საკმარისია სისუფთავის შესანარჩულებლად, თუმდა, თუკი საპნის გამოყენება გსურთ, აუცილებლად გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი პროდუქტები. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში ვაგინა არ უნდა გამოიბანოთ! ვაგინის შიგნიდან გამობანვა იმ საჭირო ბაქტერიებს გამოდევნის, რომელიც აუცილებელია მიკროფლორისთვის.
-
მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი საცვლები. საცვლების ტარებისას თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ და სასურველია, ის ისეთი ქსოვილისგან იყოს დამზადებული, როგორიცაა, მაგალითად, ბამბა.
-
თუ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი გყავთ, სასურველია, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც გაიტესტოთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (სგგი-ებზე). თუკი სგგი გაქვთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ის უსიამოვნო ვაგინალური გამონადენის გამომწვევი მიზეზი იყოს.
ვაგინალური გამონადენი თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ვაგინის უსაფრთხოების შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თუკი ცვლილებები შენიშნეთ, არ შეგეშინდეთ ტესტირებისა და ექიმთან ვიზიტის ჩანიშვნის. ამაში სათაკილო არაფერია. რეგულარული შემოწმება, ინტიმური ჰიგიენის სათანადოდ დაცვა და უსაფრთხო სექსის ქონა აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ინფექციებისგან მაქსიმალურად თავის დაცვაში დაგეხმარებათ.
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: WomanLog