საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევა, განსაკუთრებით კი 1990-იანი წლების კონფლიქტების შესწავლა, მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პერიოდი ქვეყნის თანამედროვე განვითარების ერთ-ერთ მთავარ ეტაპს წარმოადგენს, მისი შესწავლა ხშირად ცალმხრივი და არასრულყოფილია. ისტორიული ნარატივი ძირითადად დომინანტურ თეორიებსა და პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის წარმომადგენელი კაცების პერსპექტივებზეა დაფუძნებული.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ქალების, როგორც კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, გამოცდილება თითქმის არ არის ასახული თანამედროვე ქართულ ისტორიულ დისკურსში. მართალია, არსებობს გარკვეული კვლევები იძულებით გადაადგილებულ პირთა (ამ შემთხვევაში, ქალთა) საჭიროებების შესახებ, თუმცა დევნილ ქალთა კონფლიქტამდელი თუ კონფლიქტის შემდგომი ცხოვრების ისტორიები და მისი ფემინისტური პერსპექტივა პრაქტიკულად შეუსწავლელი რჩება.
მოცემული კვლევა მიზნად ისახავს, გარკვეულწილად შეავსოს ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი და აფხაზეთის ომი ქალების პერსპექტივიდან წარმოაჩინოს. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 15 სიღრმისეული ინტერვიუ აფხაზეთიდან დევნილ ქალებთან, რომლებიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს, ასაკობრივ ჯგუფსა და გამოცდილებას წარმოადგენენ. ეს საშუალებას იძლევა, კონფლიქტის მრავალმხრივი გავლენა და ტრავმასთან გამკლავების განსხვავებული მექანიზმები შევისწავლოთ. ამასთან, კვლევის ფარგლებში ჩატარებული სამაგიდე კვლევა აჯამებს არსებულ ცოდნას საკვლევ საკითხზე და შემდგომი ანალიზისთვის ერთგვარ საფუძველს ქმნის.
კვლევა ჩატარდა მკვლევრების, ლელა ჯავახიშვილისა და ნათია უბილავას, მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემეას” პროექტის, „საქართველოს უახლოესი ისტორიის ფემინისტური განზომილება: აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი ქალების თვალით დანახული ისტორია“, ფარგლებში, ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.