Facebook Script

სექსუალური შევიწროება სამსახურში — მისი ფორმები და თავის დაცვის გზები

25 თებერვალი, 2023 | სექსუალური ძალადობა

სექსუალური შევიწროება არის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სექსუალური ქმედება, რომელიც ადამიანს თავს დამცირებულად, დაშინებულად ან შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. მისი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა საზოგადოებაში არსებული ტაბუების გამო მათ ხშირად უჭირს ამ თემაზე საუბარი. უმეტეს შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი მსხვერპლზე გარკვეული სახის უპირატესობას ფლობს (მაგალითად, შეიძლება იყოს მასზე ფიზიკურად ძლიერი ან სოციალურ იერარქიაში მასზე მაღლა იდგეს).

სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს განმეორებითი ხასიათი. ის შემდეგი სახით ვლინდება:

  • სექსუალური ხასიათის არასასურველი შეხება;

  • არასასურველი სექსუალური ხასიათის მზერა ან მიშტერება;

  • არასასურველი სექსუალური ხასიათის კომენტარები ან ხუმრობები;

  • სექსუალური ხასიათის სურათების/ვიდეოების გაგზავნა თანხმობის გარეშე;

  • სექსუალური ხასიათის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა თანხმობის გარეშე;

  • სექსის მოთხოვნა;

  • მუდმივი კითხვები ადამიანის პირადი ცხოვრებისა თუ სხეულის შესახებ;

სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა ან დაცინვა;

სექსუალური შევიწროების ცნება უცხო არ არის სამუშაო გარემოსთვისაც და ის, როგორც წესი, ვლინდება შემდეგი ადამიანების მიმართ: 

  • თანამშრომლები;

  • კონტრაქტორები და თვითდასაქმებული პირები;

  • სამუშაოს მაძიებლები.

ხშირად სექსუალური შევიწროებისთვის დამახასიათებელ ქცევებს აღიქვამენ ხუმრობად და მათ არ ექცევა სათანადო ყურადღება, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ქმედება სექსუალური შევიწროებაა მაშინ, როდესაც:

  • ქცევა სექსუალური ხასიათისაა;

  • არასასურველია;

  • ლახავს ადამიანის ღირსებას ან ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალური შევიწროება უმეტესად მიმართულია კონკრეტული ინდივიდისკენ, თუმცა შეიძლება მოხდეს ისეც, რომ სამსახურში არსებობდეს იმგვარი გარემო, რომელშიც ამ ტიპის ხუმრობები თუ კომენტარები მიღებული და ნორმალიზებულია.

როგორ ვლინდება სექსუალური შევიწროება სამსახურში?

სექსუალური შევიწროება სამსახურში არ არის დაკავშირებული მხოლოდ სექსთან. ამ შემთხვევაში, შეიძლება განვიხილოთ მსხვერპლის მიმართ მტრული დამოკიდებულება ან მსხვერპლზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაც. სტატისტიკურად, შემვიწროებლები უმეტესად კაცები არიან, ხოლო მსხვერპლის როლში ქალი გვევლინება. თუმცა, მსხვერპლი შეიძლება ასევე იყოს კაცი, ინტერსექსი, არაჰეტეროსექსუალი ან არასისგენდერი (ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ შეესაბამება მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს) ადამიანი.

სამსახურში მსგავსი გარემოსა თუ ფაქტების არსებობა დასაქმებულ ადამიანებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. შეიძლება ზიანი მიადგეს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა თუ კეთილდღეობას. გარდა ამისა, სამუშაო სივრცეში სექსუალური შევიწროების სამიზნე პიროვნებამ შეიძლება საერთოდ დატოვოს სამსახური ისე, რომ ამ ფაქტებზე საუბარი ვერც შეძლოს.

► დაიმახსოვრეთ: სექსუალურ შევიწროებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მისი ჩამდენი პირია.

სამსახურში სექსუალური შევიწროების ფაქტები შეიძლება შემდეგი სახით გამოვლინდეს:

  • კოლეგისგან ან უფროსისგან არასასურველი კომენტარები თქვენი მიმართულებით;

  • შეხვედრის დაჟინებით მოთხოვნა;

  • შეურაცხმყოფელი ხუმრობები;

  • მუქარა ან შესაშინებლად გამიზნული ქმედებები;

  • სექსუალური შინაარსის კონტაქტის მოთხოვნა შეღავათის/დაწინაურების პირობით  ან მუქარით.

ამგვარ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანი ზოგჯერ სამუშაო სივრცეში მოხვედრას თავს არიდებს და ვეღარ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელმძღვანელს უარი უთხარით მსგავს შემოთავაზებაზე, ამგვარი ფაქტი მაინც ითვლება სექსუალური შევიწროებად, რადგან დასაქმებული ადამიანი ასეთ დროს განიცდის ზეწოლას, დამცირებას და შიშს, მათ შორის სამსახურის დაკარგვის შიშს მხოლოდ იმის გამო, რომ არ სურს სექსუალური შინაარსის ურთიერთობა თავის ხელმძღვანელთან.

როგორ მოვიქცე, თუ სამსახურში სექსუალურად შემავიწროვეს?

იმ დროს, როცა ადამიანი სამუშაო გარემოში სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, რთულია შიშისა თუ დამცირების განცდის გადალახვა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, თქვენივე კეთილდღეობისთვის უმჯობესია, თუკი საკუთარ თავში იპოვით ძალას და შემდეგ გზებს მიმართავთ:

  • უთხარით მოძალადეს, რომ გაჩერდეს! ასეთ დროს სასურველია, რომ მოძალადეს პირდაპირ უთხრათ იმის შესახებ, რომ ამგვარი ქმედებები თქვენთვის მიუღებელია და თავს შეურაცხყოფილად ან დამცირებულად გაგრძნობინებთ. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის მარტივად გადასადგმელი, თუმცა თუ თვლით, რომ შეგიძლიათ  საუბარი, აუცილებლად დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, რომელიც ასე გაგრძნობინებთ თავს.

  • სექსუალური შევიწროების ფაქტი შეატყობინეთ მენეჯერს ან ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელს (HR) და სთხოვეთ ჩარევა. მნიშვნელოვანია, ამგვარი ფაქტის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოს ინფორმირებული და თუ თქვენს სამსახურს აქვს სექსუალურ შევიწროებასთან გამკლავების პროტოკოლი, აუცილებლად უნდა მიჰყვეთ მას. იცოდეთ, რომ დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, იზრუნოს თანამშრომლებზე და შეუქმნას მათ ისეთი გარემო, რომელშიც თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საჩივარს კი დამსაქმებელი სერიოზულად უნდა მიუდგეს და წარმართოს პროცესი იმგვარად, რომ მსხვერპლს დამატებით უხერხულობა თუ პრობლემები აღარ შეუქმნას.

დამსაქმებელი ვალდებულია, რომ თანამშრომლები დაიცვას სექსუალური შევიწროებისგან და შეუქმნას მათ უსაფრთხო სამუშაო გარემო. ამ მიზნის მიღწევა კი შემდეგი ნაბიჯების გადადგმითაა შესაძლებელი:

  • უსაფრთხო ფიზიკური და ონლაინ სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა;

  • სამუშაო გარემოში სექსუალური შევიწროების შესახებ პრევენციისა და ამგვარი ფაქტების მოგვარების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციების, ტრენინგებისა და მხარდაჭერის მიწოდება დასაქმებულთათვის;

  • არასასურველი ან შეურაცხმყოფელი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

  • სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინების წახალისება თანამშრომლებში და საჩივარზე ეფექტურად რეაგირება.

სექსუალური შევიწროება და საქართველო

სექსუალური შევიწროება, სამწუხაროდ, ქართული რეალობისთვისაც არ არის უცხო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-იდან 1 ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც გამოუცდია. მართალია, 2019 წელს საქართველოში მივიღეთ კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ, თუმცა რეალობა დიდწილად არ შეცვლილა. ნახსენები კანონი ამბობს:

„სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს“.

კანონის მიღების შემდეგ, 2021 წელს, საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების თემაზე ჩატარდა კვლევა (კვლევაში 461 საჯარო მოხელე მონაწილეობდა). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:

  • ქალების უმრავლესობას (93%) მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროება სერიოზული პრობლემაა, ხოლო იმავეს კაცების მხოლოდ 43% ფიქრობს.

  • ქალები და 35 წელზე ნაკლები ასაკის საჯარო მოხელეები უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. დამატებით, ქალების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროების ერთზე მეტი ფორმა გამოუვლია.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას ხელმძღვანელები სერიოზულად უნდა მიუდგნენ (98%) და განმახორციელებელი პირები მკაცრად დაისაჯონ (95%). 

ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ შემავიწროებელი ხშირად ხელმძღვანელი პირია და ხშირად კაცია. ხოლო, სექსუალური შევიწროების სამიზნე, როგორც წესი, „კარგი გარეგნობის“, „კარგად ჩაცმული“ ახალგაზრდა ან განქორწინებული ქალები არიან, რომლებსაც საჯარო სამსახურში დაბალი პოზიცია უკავიათ.

► თუ გსურთ, გამოცადოთ თქვენი ცოდნა სექსუალური შევიწროების შესახებ, შეგიძლიათ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებული 4-მოდულიანი ელექტრონული კურსი გაიაროთ.

გახსოვდეთ, რომ თუკი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხართ, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი — 15 05

  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) — 0322 33 13 56

  • უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“)— 0322 93 61 01

გამოყენებული წყაროები: 

მთავარი სურათი: Camellia Neri / Dribbble

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

სექსუალური შევიწროება სამსახურში — მისი ფორმები და თავის დაცვის გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია