ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სამიდან ერთ ქალს (30%) სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოუცდია ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა სექსუალური პარტნიორის ან სხვა პირის მხრიდან.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2021 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა თითქმის შვიდი ათასს უტოლდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაბამის უწყებებთან მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის შესახებ, რიგი ფაქტორების გამო, საკმაოდ იშვიათად ხდება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა კიდევ ათასობით ქალი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმას.
ქალების მიმართ ძალადობაზე საუბრისას აუცილებელია გამოვყოთ შშმ და ლგბტქ+ თემის წევრი ქალები, რადგან მათთვის ეს საფრთხე ერთიორად იზრდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის თანახმად, შშმ ქალები განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათზე ძალადობა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა გზით, ხშირად კი იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ისინი იცნობენ და ენდობიან. კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან სოციალურად დაუცველი, ლტოლვილი ან/და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები შშმ ქალები. ამასთან, შშმ ქალები დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან პოლიციასთან ან სასამართლოსთან კომუნიკაციის პროცესში. მსგავს სტრუქტურებში მომუშავე პერსონალის უმრავლესობამ არ იცის, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია შშმ პირებთან და როგორ გააძლიეროს ისინი. უფრო მეტიც, თუკი საქმე ეხება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალებს, სამართალდამცავი ორგანოები მათ არ ენდობიან, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი გაგებისა და გააზრების უნარს მოკლებულნი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები და დაბრკოლებები აქვს, სტატიაში ვეცდებით ზოგადად გაგაცნოთ ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმები.
ფიზიკური ძალადობა
როგორც თავად ტერმინი მიგვანიშნებს, ძალადობის ეს ფორმა დაკავშირებულია პარტნიორისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებასთან, როგორიცაა:
-
ხელის ან/და ფეხის დარტყმა
-
დაწვა
-
სილის გაწნა
-
ჩქმეტა
-
ცემა
ერთი სიტყვით, ყველა ის ქმედება, როცა ფიზიკური შეხებით ხდება ტკივილის მიყენება ან არის ტკივილის მიყენების მცდელობა. ფიზიკურ ძალადობას განეკუთვნება აგრეთვე:
-
ქონების დაზიანება
-
ალკოჰოლის/ნარკოტიკების იძულებითი მოხმარება ან მკურნალობაზე უარის თქმა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პარტნიორის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიკვდილი.
► საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფიზიკური ძალადობაა: ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ეკონომიკური ძალადობა
ეკონომიკური ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმაა, რადგან მას თან არ ახლავს ფიზიკური ნიშნები და ხშირად ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება. რეალურად კი, ეკონომიკური ძალადობა ქალებს ართმევს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ეკონომიკური ძალადობის დროს ხდება ქალის ფინანსურ რესურსებზე სრული კონტროლის შენარჩუნება, ფულზე წვდომის შეზღუდვა, სამსახურში სიარულის აკრძალვა ან ამის მცდელობა.
► საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეკონომიკური ძალადობაა ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
► იხილეთ აგრეთვე: ეკონომიკური დამოუკიდებლობა — ფემინიზმის ანბანი
ფსიქოლოგიური ძალადობა
ამ დროს ადამიანზე ხორციელდება ისეთი ქმედებები, რომელიც მასში იწვევს შიშს. ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებია ასევე ფიზიკური ტკივილის მიყენების, ქონების თუ შინაური ცხოველის განადგურების მუქარა; მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, სამსახურისგან იძულებითი იზოლაცია მუქარისა და მანიპულაციის გზით.
► საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
წყარო: Behance / Em Kh
სექსუალური ძალადობა
ეს ფორმა ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელზე საუბარსაც, როგორც წესი, ერიდებიან. სექსუალური ძალადობა არის ნებისმიერი სახის სექსუალური ქმედება, რომელიც ჩადენილია მეორე პირის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე ან ისეთ ვითარებაში, როცა თანხმობის გაცემა შეუძლებელია, რადგან ის არის ბავშვი, შშმ პირი, იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში და ა.შ. ერთი სიტყვით, სექსუალური ძალადობა არის ნებისმიერი სახის ქცევა, რომელსაც აქვს სექსუალური შინაარსი, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ერთი მხარის სურვილით.
► საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ძალადობა არის სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
სექსუალური ძალადობის სახეები შესაძლოა შემდეგნაირად გამოიხატოს:
- გაუპატიურება — ეს არის სექსუალური ძალადობის ფორმა, რომელიც ხშირად ამგვარი ძალადობის ერთადერთ ფორმად მიიჩნევა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაუპატიურება სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია შემდეგნაირად: „პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის, ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.
- სექსუალური შევიწროება — ეს არის თანხმობის გარეშე განხორციელებული ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა ხელის წავლება, ჩქმეტა, მეორე ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილზე სექსუალურად შეხება, ხახუნი და ა.შ. თუმცა, სექსუალური შევიწროება შესაძლოა არ იყოს ჩადენილი ფიზიკური შეხებით და გამოიხატოს სიტყვიერად: ღირსების შემლახავი რეპლიკები (ე.წ. „ქეთქოლინგი“; ინგლ. Catcalling), სექსუალური ხასიათის კომენტარები ადამიანის სხეულის ან გარეგნობის მიმართ, სექსუალური შინაარსის თხოვნები, ადევნება, სასქესო ორგანოების ჩვენება.
- გამოსასწორებელი გაუპატიურება (ინგლ. Corrective rape) — ეს არის გაუპატიურების ერთ-ერთი ყველაზე უცნობი ფორმა, რომელიც განხორციელებულია პირის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე. ძალადობის ამ ფორმის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან, ბუნებრივია, ლგბტქ+ თემის წევრები. ამგვარი ქმედების მიზანია მსხვერპლი აიძულოს, დაემორჩილოს ჰეტეროსექსუალობის და ნორმატიული გენდერული იდენტობის „წესებს“.
► იხილეთ აგრეთვე:
მიუხედავად იმისა, რომ ქალები და გოგოები ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ადამიანის მხრიდან შეიძლება გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად მათ მიმართ ძალადობა ჩადენილია ოჯახში და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ისინი კარგად იცნობენ. უფრო მეტიც, კვლევების თანახმად, მოძალადეები ხშირად სწორედ სექსუალური პარტნიორები ან ქმრები არიან და ამ სტატუსით აძლევენ ლეგიტიმაციას თავიანთ ქმედებებს.
დაბოლოს, მართალია, საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს ქალების დაცვა ძალადობისგან, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციისკენ და განახორციელოს შესაბამისი ზომები დანაშაულის შემთხვევებში, მაგრამ ამ საკითხში საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია. ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი ხშირად სწორედ საზოგადოებაა, რაც გამოწვეულია რიგ ქვეყნებში ფესვგადგმული გაუპატიურების კულტურით — მარტივად რომ ვთქვათ, მოძალადეების მიმღებლობით. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი გარემო, უნდა ვიცოდეთ, რა არის ძალადობის ნიშნები, რათა დროულად ვეცადოთ იმის შეჩერებას, რაც შესაძლოა ზუსტად ჩვენ თვალწინ ხდება.
► იხილეთ აგრეთვე: გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?
გამოყენებული წყაროები:
- UN Women — Frequently asked questions: Types of violence against women and girls
- Child Rights Resource Center — Report of the Special Rapporteur on the Rights of Persons with Disabilities on Sexual and reproductive health and rights of girls and young women with disabilities
მთავარი სურათი: Vecteezy
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea