იმის გამო, რომ ქალების უმეტესობას არ გააჩნია შემოსავლის წყარო და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, ისინი ხშირად არ აღიქმებიან სათანადო სერიოზულობით არც საზოგადოებისა და არც ოჯახის მხრიდან.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელია, მას ზურგზე აწევს უამრავი პასუხისმგებლობა, რასაც პატრიარქალური სისტემა განსაზღვრავს. 2010 წლის კვლევის (Clinton Global Initiative) მიხედვით ქალები, რომლებსაც ხელფასი აქვთ, შემოსავლის უდიდეს ნაწილს ხარჯავენ ოჯახის წევრებზე — ქალის შემოსავლის 90% ოჯახს ხმარდება, როდესაც კაცების შემოსავლის 35%-ია გამოყოფილი საოჯახო ხარჯებისთვის.
► საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და სტიგმები ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევისა და გაძლიერების პროცესს კიდევ უფრო აფერხებს. მაგალითად, საქართველოში დღემდე გავრცელებულია შეხედულება, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა და ქალი საშინაო საქმეებს უნდა აკეთებდეს, რაც არ არის ანაზღაურებადი შრომა.
► მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ისტორიას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, თუ რა მასშტაბებით იჩაგრებოდა ქალი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხრივ ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და წარმატებულ ქვეყნებს წარმოადგენენ:
♦ 1839 წელს ამერიკაში, მისისიპის შტატში, ქალს პირველად მიენიჭა უფლება, რომ ჰქონოდა საკუთრება.
♦ 1907 წელს საფრანგეთში გათხოვილ ქალს მიენიჭა უფლება, განეკარგა თავისი ფინანსები.
♦ 1922 წელს ბრიტანეთმა ქალებს მემკვიდრეობის თანაბრად გადანაწილების უფლება მისცა.
♦ 1960 წელს ამერიკაში ქალს პირველად მისცეს უფლება, რომ თავისი საბანკო ანგარიში ჰქონოდა.
ჩამოთვლილი ფაქტები არ ასახავს ანტიკურ ეპოქას. ქალებს ამ რეალობაში ცხოვრება რამდენიმე ათეული წლის წინ უწევდათ.
სწორედ ამიტომ, ფემინისტები იბრძვიან იმისთვის, რომ ქალები გახდნენ ეკონომიკურად და ფინანსურად დამოუკიდებლები, რადგან ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა ნიშნავს თანასწორ ხმას ოჯახში, საზოგადოებასა და ქვეყანაში.
მთავარი სურათი: dribbble / Divya N