Facebook Script

სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა: კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

► წინამდებარე სტატია მოხვდა ფემეას ბლოგერებისა და ილუსტრატორების კონკურსის გამარჯვებულებს შორის და III ადგილი დაიკავა „საუკეთესო სტატიის“ კატეგორიაში.

ედრიენ რიჩის, ამერიკელი პოეტისა და ესეისტის, 1980 წლის ნაშრომი „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსური არსებობა“ ჰეტეროსექსუალობას მთლიანად კაცებზე მორგებულ პოლიტიკურ ინსტიტუციად განიხილავს, რომელიც ემოციურად, ფიზიკურად და ეკონომიკურად ძალადობს ქალებზე.

რიჩის აზრით, ლესბოსელობა ფემინიზმის ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო და ქალებს თავიანთი ენერგია სხვა ქალებისადმი ემოციური და სექსუალური ინტერესის განვითარებაში უნდა ჩაედოთ. ეს მოსაზრება დღემდე საკამათოა და არ კარგავს აქტუალურობას, თუმცა სტატია განიხილავს იმ იდეებს, რომლებიც რიჩის ესეის გამოსვლის შემდეგ განვითარდა, და მიმოიხილავს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც ქალი საკუთარი სექსუალობის ეჭვქვეშ დაყენების დროს აწყდება.

რა არის სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა?

ტერმინი „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა“ მიემართება საზოგადოების მოლოდინს, რომ ყველა ადამიანი მონოგამიურ რომანტიკულ ურთიერთობაში უნდა იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ნორმას და გვთავაზობს ალტერნატივებს.

ცხადია, რომ ეს პრობლემა საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წევრს ზღუდავს, განურჩევლად სქესისა და გენდერისა, თუმცა მიიჩნევა, რომ ის ყველაზე მეტად ქალებს აზარალებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალთა სექსუალობა საზოგადოებისათვის მთლიანად მათი კაცთან ურთიერთობებით განისაზღვრება და, მსგავსი სოციალური მოლოდინების პირობებში, რთულია, სწორად განსაჯო, რა გიზიდავს რეალურად.

თუ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია ეჭვი, რომ მისი ინტერესი კაცებისადმი ფასადური და მთლიანად კულტურული დოგმებისგან ნაკარნახევია, მან აუცილებლად უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვები, რომლებიც რიჩის ნაშრომშია თავმოყრილი. 

თუ ეჭვობთ, რომ შეიძლება ქალები გიზიდავდეთ

თუ მსგავსი ეჭვები დაგბადებიათ მაშინ, როდესაც რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობები მხოლოდ კაცებთან გქონიათ, საკუთარ თავში უნდა გამოიკვლიოთ, ეფუძნება თუ არა თქვენი კაცებისადმი ინტერესი რეალურ ლტოლვას. შესაძლოა, რომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ სოციალური ვალის მოხდის მიზნით გინდოდეთ და ეს რეალურ სიამოვნებას სულაც არ განიჭებდეთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაგალითია დისკომფორტი ურთიერთობაში. თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ რეალური და ახსნადი მიზეზის გარეშე, არის შანსი, რომ თქვენ არ ხართ გულწრფელად ბედნიერი ამ ურთიერთობით. მსგავსი შეგრძნება, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა, თუ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც დაგიშვიათ, რომ არ მოგწონთ კაცები ან/და მოგწონთ ქალები, მაშინ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ მომდევნო კითხვებზე პასუხის ძიება.

თუ მომწონებია კაცები?

როდესაც ქალები ზემოხსენებულ კითხვებზე იწყებენ ფიქრს, სრულიად ბუნებრივია, გაიხსენონ ყველა ის შემთხვევა, როდესაც კაცი მოსწონებიათ. ხშირად, ქალებისადმი მიზიდულობას ეჭვქვეშ მხოლოდ იმის გამო აყენებენ, რომ წარსულში ჰქონიათ კაცთან ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ აბსოლუტურად ბუნებრივია, თუ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოგწონდათ კაცებთან ურთიერთობა, თუმცა ახლა აღარ გაქვთ ეს იმპულსი; ასევე, ნორმალურია, თუ კვლავ გაქვთ კაცებთან ურთიერთობის სურვილი, თუმცა ახლა ქალებიც გაინტერესებთ.

განსაკუთრებით საინტერესოა ის შემთხვევები, როდესაც ქალები ხვდებიან, რომ მათი წინა ურთიერთობები კაცებთან იყო იმ სურვილის გამოხატულება, რომ საზოგადოებისათვის უფრო მისაღებები ყოფილიყვნენ. თუ ამას აღმოაჩენთ საკუთარ თავში და სრულიად კარგავთ კაცებთან ურთიერთობის სურვილს, თუმცა, შედეგად, მიგაჩნიათ, რომ თქვენი წარსულის გამო „ნაკლებად ლესბოსელი“ ხართ, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ გზას ძალიან ბევრი ქალი გადის და ამაში არაფერია სამარცხვინო.

არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ქალები კაცებისადმი კვლავ გრძნობენ მიზიდულობას, მაგრამ რომანტიკული ურთიერთობებში მაინც ქალებს ანიჭებენ უპირატესობას. მსგავს დროს, შესაძლოა, რომ გაჩნდეს შინაგანი კონფლიქტი, როდესაც ქალი გრძნობს ზეწოლას დამყარებული სტერეოტიპების გამო. ლესბოსელობა არ ნიშნავს (მაგრამ შეიძლება იყოს) ექსკლუზიურად ქალებისადმი ლტოლვას. თუ თქვენ რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებში უპირატესობას ანიჭებთ ქალებს, არავის აქვს უფლება, დაგარწმუნოთ, რომ არ ხართ ლესბოსელი.

ასევე, გამოყოფენ ლესბოსელი ქალების ინტერესს ცნობილი კაცებისადმი, რადგან ძალიან ხშირად ქალების ეჭვებს საკუთარ სექსუალობაზე აღვივებს მათი ლტოლვა საპირისპირო სქესის ცნობადი სახეების მიმართ. ეს, შესაძლოა, ზუსტადაც რომ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის ყველაზე არსებითი გამომჟღავნება იყოს, რადგან სახელგანთქმული კაცები (მსახიობები, სპორტსმენები, მუსიკოსები და ა.შ.) მიუწვდომელნი არიან საშუალოსტატისტიკური ქალებისთვის; მათ იციან, რომ არავითარი რეალური შანსი არ აქვთ ცნობილ კაცებთან ურთიერთობის დაწყების და ამ გზით იხდიან თავიანთ სოციალურ ვალდებულებას, რომ მოსწონდეთ კაცები. შესაბამისად, თუ თქვენ მხოლოდ ასეთი კაცებით ინტერესდებით და მხოლოდ ესაა თქვენი ჰეტეროსექსუალობის გამოხატულება, დიდი შანსია, რომ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის მსხვერპლი იყოთ.

წყარო: Mary Long/Shutterstock

სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის ნიშნები

მიიჩნევა, რომ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ბევრ პუნქტთან პოულობს ქალი საერთოს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მისი მიზიდულობა კაცებისადმი მხოლოდ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის ნაწილია.

კაცებისადმი „ლტოლვა“

  • თავად „წყვეტთ“, ვისდამი იქონიოთ ლტოლვა — თუ გაქვთ რაიმე წინასწარი სია გონებაში ყველა იმ სასიამოვნო თვისებისა და მახასიათებლის, რომლის გამოც გინდათ, რომ გაგიჩნდეთ კაცისადმი მიზიდულობა, ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ნიშანია სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის. საკმაოდ ხშირია, როდესაც ზედმეტად ბევრი რთულად დასაკმაყოფილებელი სტანდარტი აქვს ქალს სიაში, რაც, თავისთავად, ართულებს სასურველი ტიპის კაცის პოვნის შანსს. სექსუალობის მკვლევართა აზრით, ეს იმის გამოხატულებაა, რომ ქალს რეალურად არ უნდა კაცთან ურთიერთობა, თუმცა თავს ვალდებულად გრძნობს და, შესაბამისად, „სასურველი“ კაცის შეხვედრის ალბათობას თავადვე ამცირებს;

  • მუდმივად ამოწმებთ თქვენს ლტოლვას კაცებისადმი. თუ ხშირად ირჩევთ კაცებს, რომლებიც თქვენს სოციალურ წრეში მიმზიდველებად მიიჩნევიან, და ცდილობთ, რომ მათდამი მოწონება ან მიზიდულობა იგრძნოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკმაოდ სენსიტიური ხართ თქვენი გარშემომყოფების შეხედულებებისადმი და ცდილობთ, რომ მოერგოთ გავრცელებულ სტანდარტებს;

  • მოგწონთ კაცთან ურთიერთობის იდეა, თუმცა როდესაც თქვენკენ ნაბიჯს დგამენ ან/და სიტუაცია სერიოზულდება, არაკომფორტულად გრძნობთ თავს და უკან იხევთ;

  • წინა პუნქტის გაგრძელებას ჰგავს, თუმცა მაინც აცალკევებენ მდგომარეობას, როდესაც მოგწონთ კაცთან ურთიერთობის და ქორწინების იდეაც კი, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც შეიძლება, რომ ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს, დაუსაბუთებელ ან კომიკურ მიზეზებს იგონებთ, რომ აღარ მოგწონდეთ კაცი („არ მომწონს, რომ თმას ასე ატარებს“, „არ მომწონს მისი ხალი ხელის მტევანზე“, „ზედმეტად მაღალია“ და ა.შ);

  • გაქვთ ფანტაზიები კაცების შესახებ, თუმცა გირჩევნიათ, რომ ეს მხოლოდ თეორიად დარჩეს; წარმოდგენა, რომ შეიძლება ეს ფანტაზიები რეალობად იქცეს, არაკომფორტულ შეგრძნებებს აღგიძრავთ;

  • მხოლოდ იმ კაცებისადმი ლტოლვა, რომლებიც თქვენს ქალ მეგობრობს მოსწონთ;

  • მოგწონთ ყურადღება და კომპლიმენტები კაცებისაგან, თუმცა რა წამსაც ურთიერთობის პერსპექტივა ჩნდება (მაგალითად, კომპლიმენტების შემდეგ, პაემანზე წასვლას გთხოვენ), უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით და პანიკა გიპყრობთ;

  • აბსოლუტურად ყველა, ან თითქმის ყველა, მეგობარი ბიჭი/კარგი ნაცნობი მოგწონთ, რადგან თქვენთვის მეგობრობისა და რომანტიკული ურთიერთობის ზღვარი არც ისე მკაფიოა კაცებთან ურთიერთობაში.

  • მოგწონთ კაცები, რომლებიც ექსტრემალურები არიან თავიანთ გენდერულ გამოხატვაში. მაგალითად, ან მხოლოდ მოგწონთ სტერეოტიპულად ჰიპერფემინური კაცები, ან პირიქით — ჰიპერმასკულინური. 

  • გსურთ, რომ იურთიერთოთ/დაქორწინდეთ/ოჯახი შექმნათ კაცთან, თუმცა კაცი, რომელზეც ფიქრობთ არასდროს იღებს სპეციფიკურ სახეს და მასკულინურ ფასადად რჩება.

  • ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, ინტერესდებით მიუწვდომელი ან გამოგონილი (პერსონაჟები მხატვრული ლიტერატურიდან, კინოდან...) კაცებით, როგორებიც არიან მასწავლებლები, დაქორწინებული ან/და ბევრად უფროსი კაცები; კაცები, რომლებიც თქვენგან გეოგრაფიულად ძალიან დაშორებულები არიან.

  • წინა პუნქტის მსგავსად, მოგწონთ მხოლოდ ურთიერთობაში მყოფი კაცები, რის გამოც ბუნდოვნად დაეჭვებულხართ კიდეც, თუ რეალურად რომელი მხარე მოგწონთ.

  • ყოველთვის კარგავთ ინტერესს თქვენი რომანტიკული/სექსუალური ინტერესის ობიექტისადმი, როდესაც რაიმე ნიშანი მაინც ჩნდება იმის, რომ შეიძლება ისინიც იმავეს გრძნობდნენ.

  • კაცის მხრიდან ვალიდაციის სურვილი გეშლებათ მისდამი ინტერესში. საზოგადოებაში, რომელშიც კაცებს დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვთ, ქალებს, მაშინაც თუ ლესბოსელები არიან, უჩნდებათ სურვილი, რომ მათგან დაიმსახურონ მოწონება. ეს უკანასკნელი კი ხშირად ეშლებათ კაცისადმი ლტოლვაში.

კაცებთან სექსი

  • კაცებთან სექსი გაქვთ არა ფიზიკური ან ემოციური კმაყოფილების მისაღებად, არამედ იმიტომ, რომ თავი სასურველად იგრძნოთ.

  • ან მოგწონთ, როდესაც გრძნობთ, რომ სხვას უნდიხართ, თუმცა მათთან რეალური ფიზიკური კავშირი სასიამოვნოდ არ გესახებათ.

  • თქვენს სექსუალურ ფანტაზიებში კაცები ყოველთვის უსახოები/უსახელოები არიან. რაც მეტად ცდილობთ, რომ დეტალურად წარმოიდგინოთ კაცის გარეგნობა, მით ნაკლებად დაინტერესებული და აღელვებული ხართ მისით.

  • მხოლოდ მაშინ გრძნობთ კაცთან სექსისას თავს კომფორტულად, თუ თქვენი რეალური სურვილები არ მჟღავნდება და ექსტრემალურად დიდი ენერგიების დისბალანსია. 

  • არ გაქვთ განსაკუთრებული სახის ემოციური რეაქცია ფიზიკური კონტაქტისას (ჩახუტება, კოცნა...). ან, პირიქით, ზიზღის და დისკომფორტის განცდა გეუფლებათ.

  • მუნჯდებით ან/და შეშდებით, ტირით კაცთან სექსის შემდეგ. შეიძლება, ვერ ხვდებოდეთ ტირილის მიზეზს და გეგონოთ, რომ უმიზეზოდ ხართ ასეთი ემოციური.

იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე, ბევრი, ან თუნდაც ყველა, ჩამოთვლილი პუნქტი ნაცნობია თქვენთვის, უნდა გააგრძელოთ საკუთარ თავში იმის ძიება, რა მოგწონთ და რა განიჭებთ რეალურ სიამოვნებას ყველანაირი სოციალური და კულტურული წნეხისაგან გათავისუფლების პირობებში. თუ ბევრი კონფლიქტური შეგრძნება გაქვთ საკუთარი ჰეტეროსექსუალობისადმი, დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, საზოგადოების წარმატებულ წევრად ყოფნის საკმაოდ ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მთავარია, რომ გააგრძელოთ კითხვებზე პასუხების ძიება და ყველაზე კარგად საკუთარი თავი გამოგარკვევთ, თუ რა არის თქვენი გულწრფელი სურვილები.

გამოყენებული წყაროები:

სტატიის ავტორი: მარიამ რაზმაძე

მთავარი სურათი: Cosmopolitan

კონკურსი მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და, შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

მსგავსი სტატიები

ჰეტერონორმატიულობა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სექსიზმი, ქალები, კაცები

ჰეტერონორმატიულობა და მისი საზიანო მხარეები

რას ნიშნავს ჰეტერონორმატიულობა? — გავრცელებული წარმოდგენა, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალია და ეს სექსუალური ორიენტაციის ერთადერთი ბუნებრივი ფორმაა

გენდერი და ორიენტაცია
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გეი, სექსი, როლი, როლები, აქტი, პასი, უნი, საიდი, ბოთომი, ტოპი, ვერსი, აქტიური, პასიური, უნივერსალი, საიდი, gei, seqsi, sex, analuri, rolebi, aqti, pasi, uni, saidi, aqtiuri, pasiuri, universali, ანალური

რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“? — როლები სექსში

გეი სექსი და არამხოლოდ — როლები სექსში და ძალაუფლების დინამიკა. რას ნიშნავს, იყო პასიური („პასი“), „აქტიური“ (აქტი), უნივერსალი („უნი“) ან „სვიჩი“ და „საიდი“?

სიამოვნება და სექსი
ანალი, ანალური, სექსი, პასი, პასიური, პენისი, ტრაკი, გეი, ბოთომი, გამორეცხვა, ლგბტ, anali, analuri, seqsi, pasi, pasiuri, penisi, traki, gei, bottom, gamorecxva, lgbt

როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

გეი (და არამხოლოდ) ანალური სექსი და „პასობა“ — მომზადება, ჰიგიენა, ანალური სექსის ანატომია და ანუსის სტიმულაცია, რიმინგი, პოზები და სხვა. თანხმობა და კომუნიკაცია სექსში. უსაფრთხოება და თავის დაცვა.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა: კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია