მასწავლებელთა უფლებები და პროფკავშირების როლი: ბერლინის განათლებისა და მეცნიერების გაერთიანების (GEW) გამოცდილება
საქართველოში მასწავლებელთა პროფკავშირი ფაქტობრივად არ არსებობს, რაც განათლების სისტემის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა და, ზოგადად, განათლების სფეროში დასაქმებულთა უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად აფერხებს. მასწავლებელთა ერთადერთი ოფიციალური პროფკავშირი, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, პირდაპირ ექვემდებარება განათლების სამინისტროს და ეს კავშირი არათუ აძლიერებს მასწავლებელთა ხმებს, პირიქით, მათი ხმების ჩახშობას ისწრაფვის.
ამ საკითხზე მუშაობისას აღმოვაჩინე ბერლინის მასწავლებელთა პროფკავშირი — Die Gewerkschaft Erziehung und Wissenschaft (GEW), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროფკავშირია ევროპის მასშტაბით. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს მასწავლებელთა მსგავსი გაერთიანებები, რა არის ზოგადად მსგავსი პროფკავშირის მუშაობის პრინციპი და მიზანი, „ფემეა“ დაუკავშირდა მის დირექტორსა და პრესსპიკერს, მარკუს ჰანიშის.
თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი პროფკავშირის შესახებ. რა პრინციპით მუშაობთ და რა არის თქვენი მიზანი?
— ჩვენ ვართ განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირი, გაერთიანება, რომელიც ცნობილია, როგორც GEW (Die Gewerkschaft Erziehung und Wissenschaft), და ვართ გერმანიის პროფკავშირთა გაერთიანების (Deutscher Gewerkschaftsbund, DGB) ნაწილი. მასში შემავალი პროფკავშირების დიდი ნაწილი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული და პროგრესიული იდეებით არიან ცნობილი, თუმცა არსებობს უფრო კონსერვატიული პროფკავშირები, რომლებიც არ არიან ამ გაერთიანების წევრები. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს პროფკავშირს, ჩვენი წევრები ძირითადად მასწავლებლები არიან, თუმცა გვყავს ასევე სკოლამდელი ასაკის აღმზრდელები, სოციალური მუშაკები, პროფესორები, ადმინისტრაციული პერსონალი, დოქტორანტები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი უფლებები დაცულია ძირითადი კანონის მე-9 მუხლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშებს, დასაქმებულებს, აქვთ უფლება, გაერთიანდნენ მსგავს კავშირებში, რათა ერთიანი ძალებით დაიცვან თავიანთი ინტერესები და გააუმჯობესონ თავიანთი სამუშაო პირობები, როგორებიცაა ხელფასი, შვებულება, სამუშაო საათები, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და მსგავსი საკითხები. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოება გახდეს უფრო სამართლიანი. გვინდა, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახებიდან, მიიღონ კარგი განათლება და ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ საზოგადოების ნაწილი. ბევრ სოციალურ პრობლემას ვხედავთ და მჯერა, რომ უკეთესი განათლება, სამართლიანი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია.
როგორია თქვენი მუშაობის მექანიზმი/სტრუქტურა?
— გერმანიაში გვაქვს თანამონაწილეობის სისტემები, როგორიცაა, მაგალითად სამუშაო საბჭოები სამსახურებში, სადაც პროფკავშირებიც არიან ჩართული და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარს უჭერენ თანამშრომლებს. თუ სკოლაში არის ასეთი საბჭო, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ, დასაქმებულებს ჰქონდეთ სამართლიანი პირობები და ნახევარ განაკვეთზე მომუშავეებს, განსაკუთრებით ქალებს, ჰქონდეთ სამართლიანი ანაზღაურება. ჩვენი პროფკავშირი ცდილობს, რომ მეტი თანხა გამოიყოს განათლებისთვის. ამისათვის ვაწყობთ დემონსტრაციებსაც, განსაკუთრებით ბერლინში, რათა თავიდან ავიცილოთ მასწავლებელთა შემცირებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გაფიცვა ნებადართულია, თუ ეს ეხება გაფიცულ მუშაკთა სამუშაო პირობებს, კერძოდ, ანაზღაურებას, შვებულებას, სამუშაო საათებს. თუმცა, არ არის ნებადართული პოლიტიკური მიზნების გამო გაფიცვა. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიფიცოთ განათლებაში მეტი ფულის ჩადების მოთხოვნით ან მეტი მასწავლებლის დასაქმების მოთხოვნით. ასეთ დროს, როცა რეალურად ჩვენ ამ მიზნის მიღწევა გვსურს, ვაპროტესტებთ დიდი კლასების არსებობას სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, რადგან ეს ქმნის არაჯანსაღ გარემოს და სამუშაო პირობებს მასწავლებლებისთვის. მცირე ზომის კლასები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებელთა კეთილდღეობის გაზრდას.
დღესდღეობით რა არის ბერლინში დასაქმებული მასწავლებლების ყველაზე დიდი გამოწვევა?
— ჩემი აზრით, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორებიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები თუ უნივერსიტეტები, დასაქმებულთა საკმაოდ დიდი სამუშაო დატვირთვა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს განათლების სისტემაში, მეტი პერსონალის გადამზადება იყოს შესაძლებელი, უფრო კვალიფიციური კადრები დაიქირაონ, რომლებსაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან, აუცილებელია, რომ მეტი ადამიანის მხარზე გადანაწილდეს.
უკეთესი ანაზღაურება ახსენეთ. მაინტერესებს, დგას თუ არა ბერლინში გენდერული სახელფასო სხვაობის პრობლემა სკოლებში? როგორ უყურებთ ამ საკითხს?
— ხელშეკრულებების მიხედვით, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები თანაბრად იღებენ ანაზღაურებას. თუმცა, არის რიგი საკითხები, რაც ამ უთანასწორო გარემოს მაინც ქმნის. მაგალითად, კაცები უფრო ხშირად ხდებიან საშუალო სკოლის მასწავლებლები, ქალები კი — დაწყებითი სკოლის. ეს, შესაბამისად, გავლენას ახდენს ანაზღაურების ტენდენციაზე. ამ საკითხის მოგვარება ნელ-ნელა დავიწყეთ. ადრე ეს პრობლემა უფრო მწვავედ იდგა. მეორე საკითხია, მაგალითად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. ქალები ბევრად ხშირად მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე, ვიდრე კაცები. ეს ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლები სამუშაო საათია, შესაბამისად, ნაკლები ანაზღაურებაა, თუმცა სხვა პასუხისმგებლობები იგივე რჩება, როგორებიცაა კლასის ხელმძღვანელობა, ექსკურსიების მოწყობა და სწავლასთან დაკავშირებული ყველა ის ღონისძიება, რომელიც საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს. გამოდის, რომ ვთქვათ, ხელფასის 60%-ს ვიღებ, მაგრამ სამუშაოს 80% მაინც ჩემი გასაკეთებელია. ესეც დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმაა. კიდევ ერთი საკითხია წამყვან პოზიციებზე დასაქმება. ქალები ნაკლებად არიან დასაქმებული წამყვან პოზიციებზე, რაც თავის მხრივ, უკეთეს, უფრო მაღალ ანაზღაურებას გულისხმობს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც იწვევს გენდერულ სახელფასო სხვაობას, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც.
ოფიციალურ გვერდზე ასეთი რაღაც გიწერიათ: „GEW არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი, მაგრამ არა — მიუკერძოებელი“. რას გულისხმობთ?
— პოლიტიკურად დამოუკიდებლობაში ვგულისხმობთ იმას, რომ არცერთ პოლიტიკური პარტიასთან არ ვართ დაკავშირებული. არც სახელმწიფოსთან. ჩვენს პროფკავშირში გაწევრება ნებისმიერს შეუძლია, ვინც განათლების სექტორშია დასაქმებული და შემდეგ ერთად ვწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ზოგიერთი წევრი შეიძლება იყოს გაწევრებული სხვადასხვა გაერთიანებაში, როგორიცაა, თუნდაც, გამგეობა ან გენერალური ასამბლეა, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს მიზნებსა თუ მუშაობაზე. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენ ან სახელმწიფოსთან ვართ დაკავშირებული, ან მემარცხენე პარტიასთან, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი გაერთიანება და ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება იყო CDU-ს, მწვანეთა ან სხვა პარტიის წევრი, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ეს არ ეხება AFD-ის წევრობას, რადგან ვფიქრობთ, რომ მათი ღირებულებები ეწინააღმდეგება ჩვენსას. უპარტიობა გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაკრიტიკოთ ნებისმიერი პარტიის პოზიციები. თუ გადავხედავთ ბოლო წლებს, ერთნაირად ვაკრიტიკებდით SPD-ის მერსაც და CDU-ს ამჟამინდელ მერსაც. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროგრამას უფრო ვეთანხმებით, ვიდრე სხვებს, ჩვენ ვრჩებით დამოუკიდებელი. რაც შეეხება, რატომ არ ვართ მიუკერძოებელი — ჩვენ ვდგავართ ჩვენი წევრების გვერდით, მათ მხარეს.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება პროფკავშირმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოს, თუკი ის არ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი?
— ნება მომეცით, ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც არა კორპორაციული მართვის კონტექსტიდან, არამედ ინდუსტრიიდანაა. Volkswagen-ში თანამშრომლებს საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რადგან თავად ირჩევენ სამუშაო საბჭოს. სამუშაო საბჭო მენეჯმენტის ნაწილია, მასთან არის მჭიდროდ გადაჯაჭვული. როლები თავიდანვე მკაფიოდაა განსაზღვრული და თანამშრომლებს იმთავითვე რთავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა შემდეგ თავიდან აიცილონ წინააღმდეგობა. გარდა ამისა, თანამშრომლებს დამოუკიდებლად აქვთ პროფკავშირიც. შესაბამისად, თუკი მათ არ მოეწონებათ მენეჯმენტის გადაწყვეტილება, შეუძლიათ, გააპროტესტონ, გაიფიცონ. ეს უფრო საფრანგეთის მოდელს ჰგავს. მე არ ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ გერმანიაში პროფკავშირები მაინც უფრო თანამშრომლობენ სამუშაო საბჭოებთან, რასაც ბევრი აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ დროს პროფკავშირი სისტემის ნაწილი ხდება, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში. ყოველთვის თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი ვართ. ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც გასაპროტესტებელია. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირებს შეიძლება ჰყავდეთ თავიანთ კანდიდატები, რომლებიც სამუშაო საბჭოებში იქნებიან წარმოდგენილი, მსგავსი სახის კავშირი არ ნიშნავს იმას, რომ რამე გავლენებთან გვაქვს საქმე. დამოუკიდებლობის გარეშე პროფკავშირის არსებობას აზრი არ აქვს. პროფკავშირი თუკი დამსაქმებლისგან გაფიცვის ან კრიტიკის ნებართვას ითხოვს, ის სასარგებლო გაერთიანება ვერ იქნება, რადგან გაფიცვა ჩვენი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.
და ბოლოს, რას ეტყოდით ქართველ მასწავლებლებს?
— მე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული და აქვთ გამბედაობა, წავიდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამას მართლაც დიდი გამბედაობა სჭირდება. მე მჯერა, რომ ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა. ერთად ძლიერები ხართ. სწორედ ამისთვის არის საჭირო პროფკავშირი. ერთად თქვენ შეგიძლიათ იმის მიღწევა, რისი მიღწევის შანსიც დამოუკიდებლად შეუძლებელია. როცა ერთად ხართ, ზეწოლასაც მარტივად გაუძლებთ. ვიცი, რომ სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა წარმატების მისაღებად და ცვლილებების გამოსაწვევად.
ინტერვიუს დასასრულს, როცა საქართველოში არსებული კონტექსტი და პოლიტიკური პროცესები გავუზიარე, გვითხრა, რომ ძალიან გვგულშემატკივრობს, აფასებს ჩვენს ბრძოლას და გამარჯვებას გვისურვებს ჩვენ, როგორც ხალხს, ხოლო მასწავლებლებს კი ერთიანობას, რადგან მისი აზრით, ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
რესპონდენტი: GEW-ის დირექტორი და პრესსპიკერი მარკუს ჰანიში
მთავარი სურათი: DALL·E
♦ სტატია მომზადებულია New Democracy Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით