თუ გგონიათ, რომ ანალური სექსი სხვა არაფერია, თუ არა ანალური პენეტრაცია პენისით, თქვენ ცდებით — ის ამაზე ბევრად მეტია. მართალია „პენისი ანუსში“ ნამდვილად ანალური სექსის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ის შეიძლება თითით, სექს-სათამაშოთი ან ენითაც შესრულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ანალური სექსი უფრო და უფრო პოპულარული სექსუალური აქტივობა ხდება, ის ჯერ კიდევ საკმაოდ ტაბუდადებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მას უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, აუცილებელია, გავიაზროთ ანალური სექსის რისკები, დადებითი მხარეები და სათანადო მიდგომა.
► გახსოვდეთ, რომ თუ სიამოვნების რეპერტუარში ანალური სექსის დამატება გსურთ, უსაფრთხოება თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
არის თუ არა ანალური სექსი უსაფრთხო?
ანალური სექსი შედარებით უფრო სარისკოდ მიიჩნევა, ვიდრე სექსის სხვა ფორმები, თუმცა, სავარაუდოდ, არა იმ მიზეზით, როგორც ბევრს ჰგონია. მაგალითად, ანალური სექსის ქონა ანალურ ხვრელს ისე არ გააფართოებს, რომ ამან ანუსიდან გამოჟონვა ან რამე მსგავსი გამოიწვიოს.
ნებისმიერი ფორმის დაუცველი სექსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელების საფრთხეს ზრდის. ანალური სექსი ოდნავ უფრო სარისკო მხოლოდ იმიტომაა, რომ ანუსის ნაზი კანი და ხვრელის სიმჭიდროვე კანის მცირე დაზიანებების და პატარა ნახეთქების გაჩენის რისკს ზრდის. ასეთი პატარა ჭრილობები კი, თავის მხრივ, სგგი-ების გავრცელებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს.
გარდა ამისა, ანალური სექსის დროს პოტენციურად შეიძლება ისეთ ბაქტერიებთან გქონდეთ კონტაქტი, რომლებიც სხვა ინფექციებს იწვევს, მაგალითად, საშარდე გზების ინფექციებს ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების — ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმის კონტაქტი დამყარდა სექსის დროს.
მიუხედავად ამისა, ანალურ სექსამდე შესაფერისად შემზადებისა და უსაფრთხოებისს ზომების დაცვით ამ საფრთხეების თითქმის სრულად არიდებაა შესაძლებელი.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
1. ვაგინისგან განსხვავებით, ანუსს არ აქვს საკუთარი ლუბრიკაცია
ვაგინა საოცარი რამაა და ის სექსისთვის მოსამზადებლად ხშირად აღგზნებისას თვითონ ახდენს ლუბრიკაციას, ანუ ისველებს თავს. მისგან განსხვავებით, ანუსს თვითლუბრიკაცია არ შეუძლია. თუმცა, სანერვიულო არაფერია — ანალური სექსის დროს შეგიძლიათ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ლუბრიკანტი (ინტიმური საცხი).
ლუბრიკანტი უსაფრთხო და სიამოვნების მისაღებად აუცილებელი რამაა ანალური სექსის დროს. ის ამარტივებს პენეტრაციას, ამცირებს კანის დაზიანების რისკს და, შესაბამისად, ამცირებს ინფექციის საფრთხესაც.
სილიკონის ლუბრიკანტი უფრო სქელია და ანალური სექსისთვის უკეთესია, თუმცა წყლის ლუბრიკანტები — ან ჰიბრიდულები — ასევე გამოდგება. ორივე მათგანი შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ლატექსის პრეზერვატივებთან ერთად.
სილიკონის შემცველი ლუბრიკანტების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ისინი სილიკონისგან დამზადებულ სექს-სათამაშოებს აზიანებენ, რაც არჩევანისას უნდა გაითვალისწინოთ.
2. ვაგინალური ქსოვილის მსგავსად, ანალური ხვრელის შიდა ქსოვილი უფრო სენსიტიურია, ვიდრე გარე ქსოვილი
გარე ქსოვილი და კანი დამცავი ბარიერივით მოქმედებს და ბაქტერიებსა და სხვა არასასურველ ორგანიზმებს სხეულში შეღწევის საშუალებას არ აძლევს — ანალური კანი და ქსოვილიც იმავე ფუნქციას ასრულებს. მიუხედავად ამისა, ხვრელის შიგნით ქსოვილი ბევრად უფრო თხელია და, შესაბამისად, მარტივად ზიანდება და იწყება სისხლდენა.
როგორც უკვე ვახსენეთ, ეს პარტნიორებს შორის ინფექციების გადადების საფრთხეს ზრდის — თანაც არა მხოლოდ სგგი-ების. თუნდაც არცერთ პარტნიორს სგგი არ ჰქონდეს, მსგავსი დაზიანებებით მაინც შეიძლება გადაიცეს სხვა დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები.
დაზიანებისა და ბაქტერიების გადაცემის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ბევრი ლუბრიკანტი და პენეტრაციით ნელა დაკავდით. თავის დაცვაში პრეზერვატივებიც ძალიან დაგეხმარებათ.
3. ვაგინის მსგავსად, ანუსსაც აქვს კუნთი, რომლის მოდუნებაც აუცილებელია, რათა კომფორტული პენეტრაცია მოხერხდეს
წარმოიდგინეთ, რომ ანალური სფინქტერი (მომჭერი კუნთი) თქვენი ანალური ხვრელის დაცვაა. იმისთვის, რომ მას გასცდეთ, უმჯობესია მოდუნდეთ და მოთმინება გამოიჩინოთ. ამის ხელშესაწყობად ლუბრიკანტი ძალიან კარგი საშუალებაა.
იმისთვის, რომ ანალური სექსით ან ანალურ ხვრელთან დაკავშირებული სხვა სექსუალური აქტივობებით დაკავდეთ, მომჭერი კუნთი მოდუნებული უნდა იყოს, რათა ამ პროცესმა სასიამოვნოდ და დაზიანებების გარეშე ჩაიაროს. საამისოდ კარგი წინაპირობაა, რომ საკმარისად აღგზნებული იყოთ. დაჭიმული კუნთების მოსადუნებლად ასევე კარგი ხერხია აქტამდე ცხელი შხაპის ან აბაზანის მიღება.
გარდა ამისა, ანალური ხვრელის ვარჯიშებს შეუძლიათ პენეტრაციის შეგრძნებასთან შეჩვევაში დაგეხმაროთ, რაც ბევრად უფრო გაამარტივებს მოდუნებასა და პენეტრაციას.
4. ვაგინის მსგავსად, ანუსსაც აქვს ბაქტერიები
ანუსში და მის გარშემო მცხოვრები ბაქტერიები შეიძლება მარტივად გავრცელდეს სხეულის არასასურველ ნაწილებში — მათ შორის სასქესო ორგანოებზე, პირში, თვალებში — თუკი ანალური აქტივობების შემდეგ ანუსს არ გაასუფთავებთ.
ბაქტერიების გავრცელებისთვის თავის ასარიდებლად ყურადღებით დაიბანეთ და გარეცხეთ ყველაფერი, რასაც ანუსთან ჰქონდა შეხება, სანამ სხვა აქტივობაზე გადახვიდოდეთ, მათ შორის თქვენი ხელები, გენიტალიები და სექს-სათამაშოები.
თუკი პრეზერვატივს იყენებდით, გამოცვალეთ ის, სანამ ვაგინალურ ან ორალურ სექსზე გადახვიდოდეთ. ანალური ხვრელის ბაქტერიებმა შარდსაწვეთში მოხვედრისას შეიძლება საშარდე გზების ინფექციები გამოიწვიოს. ისინი შეიძლება გავრცელდეს როგორც პენისით, ისევე თითებითა და სექს-სათამაშოებით.
► არ დაგავიწყდეთ, რომ სექს-სათამაშოები საპნითა და წყლით უნდა გარეცხოთ და გააშროთ გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. სისუფთავის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ სათამაშოზე პრეზერვატივიც გამოიყენოთ, განსაკუთრებით თუ სხვისთვის აპირებთ მის გაზიარებას.
წყარო: Priority STD
ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ მოცემულია ხშირად დასმული კითხვები ანალურ სექსუალურ აქტივობებთან დაკავშირებით.
მტკივნეული იქნება?
შესაძლოა, ანალური სექსი მტკივნეული იყოს, თუმცა თუკი დიდი რაოდენობით ლუბრიკანტს გამოიყენებთ და პროცესს ნელა მიუდგებით, ყველაფერი უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.
თავიდან მცირეოდენი დისკომფორტია მოსალოდნელი, რადგან ანუსს პენეტრაციასთან მიჩვევა სჭირდება. ამაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ კარგად აღგზნება და მოდუნება, ასევე ეტაპობრივად, ჯერ თითებით ან პატარა სექს-სათამაშოთი დაწყება.
სისხლდენა ნორმალურია?
კი და არა. პირველ-მეორე ჯერზე მცირეოდენი სისხლდენა უცნაური არ არის. ის ასევე მოსალოდნელია, თუკი განსაკუთრებით ენთუზიაზმით აღსავსე სექსი გაქვთ ან თუკი ბევრ ლუბრიკანტს არ გამოიყენებთ ან მისი ხელახლა წასმა დაგავიწყდებათ აქტის დროს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, თუკი მძიმე და განგრძობითი სისხლდენა გაქვთ, შეწყვიტეთ, რასაც აკეთებთ, და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით ექიმს.
იმოქმედებს თუ არა ეს დეფეკაციაზე (კუჭში გასვლაზე)?
არა, ეს მხოლოდ მითია. ანალური სექსი არ იმოქმედებს არც კუჭში გასვლაზე და არც განავლის შეკავების უნარზე.
► როდესაც პირველად გექნებათ ანალური პენეტრაცია ან როცა მას დაასრულებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოს დეფეკაცია გსურთ, თუმცა ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ მართლა რაიმე შეგემთხვათ.
ანალური სექსის რისკები
ანალურ სექსს, ისევე როგორც ნებისმიერ სექსუალურ აქტივობას, თან გარკვეული რისკებიც ახლავს. ქვემოთ მოცემულია პოტენციური რისკების სია და მათი თავიდან აცილების გზები.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)
ანალური სექსით შეიძლება გავრცელდეს იგივე ინფექციები და დაავადებები, რომლებიც ვრცელდება ვაგინალური სექსით, მათ შორის:
-
გონორეა
-
ქლამიდია
-
ჰერპესი
-
აივ ინფექცია
მეტიც, ანალური სექსი აივ-ის გავრცელების უფრო მაღალ რისკს შეიცავს სხვა სქესობრივ აქტებთან შედარებით, განსაკუთრებით მიმღები პარტნიორისთვის.
იმისთვის, რომ ანალური სექსის დროს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი-ების) გავრცელების რისკი შემცირდეს:
-
გამოიყენეთ პრეზერვატივი — ყოველ ჯერზე.
-
გამოიყენეთ ლუბრიკანტი — ბევრი, ბევრი და ბევრი.
-
ხშირად შეემოწმეთ სგგი-ებზე.
-
ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს მისი სგგი-ების სტატუსისა და ტესტირების შესახებ.
-
აივ ინფექციის პრევენციის მიზნით დაფიქრდით პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (ე.წ. „პრეპის“; ინგლ. PrEP) გამოყენებაზე.
► იხილეთ აგრეთვე:
ანალური ნაპრალები
ანალური ნაპრალი სამედიცინო ტერმინია, რომელიც ანუსის ზედაპირზე გაჩენილ კანის პატარა ნახეთქებს აღნიშნავს.
ანალური ნაპრალები საკმაოდ პატარაა, თუმცა ისინი შეიძლება საკმარისად ღრმა იყოს, რომ ძლიერი ტკივილი და გამოკვეთილად წითელი სისხლდენა გამოიწვიოს ანალური სექსისა და კუჭში გასვლის შემდეგ.
ანალური ნაპრალები, როგორც წესი, თავისით ხორცდება რამდენიმე კვირაში. ამის ასაჩქარებლად შეისვენეთ ანალური სექსუალური აქტივობებისგან, სანამ ნახეთქები არ შეხორცდება. თუკი საჭიროა, მიიღეთ დამარბილებელი საფაღარათო საშუალებები, რათა მყარმა ფეკალურმა მასამ კიდევ უფრო არ გააღიზიანოს ანალური ნაპრალები.
მსხვილი ნაწლავის პერფორაცია
ანალური სექსისგან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა) იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია და ის სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
თუკი პენისით, სექს-სათამაშოთი ან რაიმე სხვა საგნით ანალური პენეტრაციის შემდეგ ძლიერი სისხლდენა და მუცლის ტკივილი დაგეწყოთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.
უსაფრთხოების ზომები ანალური სექსის დროს
ანალური სექსის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩავლისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ზომა მიიღოთ:
1. ესაუბრეთ თქვენს პარტნიორ(ებ)ს
ანალური სექსი ისეთი რამ არაა, რასაც მოულოდნელად დაატეხ თავს პარტნიორს. აუცილებელია ჯერ ამაზე საუბარი!
უთხარით თქვენს პარტნიორ(ებ)ს, რომ ანალური სექსუალური აქტივობებით დაინტერესებული ხართ და ჰკითხეთ, თვითონ რა აზრის არიან ამაზე. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტის შემთხვევაში, საჭიროა, რომ ყველა მონაწილე მხარეს უნდოდეს ეს და გასცეს თანხმობა.
► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა და სექსი — ზუსტად რას ნიშნავს გაუპატიურება?
მზად იყავით, რომ მიიღოთ და პატივი სცეთ მათ არჩევანს, თუნდაც ეს უარი იყოს. სექსის დროს სიამოვნების მისაღებად სხეულის უამრავი ნაწილი და აქტივობაა ხელმისაწვდომი. თუკი პარტნიორი დაგთანხმდებათ, გახსოვდეთ, რომ დაწყებამდე საჭიროა ზუსტად შეთანხმდეთ სურვილებსა და საზღვრებზე.
2. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ოყნა
საპონი და წყალი საკმარისია, მაგრამ თუკი განავალზე იმდენად დარდობთ, რომ ამან შეიძლება სიამოვნების მიღებაში შეგიშალოთ ხელი, გამოიყენეთ ოყნა.
ოყნა ანალურ ხვრელში წყალს უშვებს და უფრო ღრმად წმენდს მას.
3. დაიჭერით ფრჩხილები
ანალური თითაობა (ე.წ. „ფინგერინგი“; ინგლ. Fingering) კარგი გზაა ანალური სექსუალური აქტივობების დასაწყებად, თუმცა ამ დროს აუცილებელია დაჭრილი, სუფთა ფრჩხილები გქონდეთ. დაუჭრელი ფრჩხილები ძალიან ზრდის იმის ალბათობას, რომ ანუსის თხელი და ფაქიზი კანი დაზიანდება და ბაქტერიების გავრცელების შანსი გაიზრდება.
დაიჭერით ფრჩხილები, შემდეგ კარგად დაიბანეთ და გაისუფთავეთ ჭუჭყი ფრჩხილებს ქვემოთ ანალურ აქტივობებამდე და მათ შემდეგ.
4. გამოიყენეთ პრეზერვატივი ან სხვა ბარიერული კონტრაცეფცია
როგორც უკვე ვთქვით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი-ების) გავრცელების რისკი უფრო მაღალია ანალური სექსის დროს, თუმცა ბარიერული კონტრაცეფციის, მაგალითად, პრეზერვატივის, გამოყენება ამცირებს ამ რისკს.
გამოიყენეთ ახალი პრეზერვატივი, თუკი ანალური სექსის შემდეგ ვაგინალურ სექსზე გადადიხართ.
► იხილეთ აგრეთვე:
5. შეარჩიეთ პოზა
„პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსის პოზების უმეტესობა ანალური სექსისთვისაც გამოდგება, მცირეოდენი ცვლილებებით, თუმცა დასაწყისისთვის საკმაოდ კარგი პოზებია:
-
ე.წ. „დოგი სთაილი“ („ძაღლურად“; ინგლ. Doggy style) — როდესაც ერთი პარტნიორი მუხლებზე დგას, გადახრილია და იდაყვებით ან ხელისგულებით ეყრდნობა ზედაპირს, მეორე კი უკნიდან პენისით ან სექს-სათამაშოთი ახდენს მის პენეტრაციას — ეს პოზა ძალიან კარგია ანალური სექსისთვის, რადგან აქტიური პარტნიორისთვის ანუსი მარტივადაა ხელმისაწვდომი, მიმღებ პარტნიორს კი სურვილისამებრ შეუძლია საჯდომის სიმაღლის ცვლილება.
-
ანალური სექსისთვის კიდევ ერთი პოპულარული პოზაა შებრუნებული მისიონერული, როდესაც მიმღები მუცელზე წევს, აქტიური პარტნიორი კი ზემოდანაა.
-
სტანდარტული მისიონერული პოზა ანალური სექსისთვის საუკეთესოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუკი დაიხმართ ბალიშს ან რამე საყრდენს ქვედატანის ასაწევად, რათა პენეტრაცია გამარტივდეს.
6. აუცილებლად გამოიყენეთ ლუბრიკანტი
ანალური სექსის უსაფრთხოებისთვის და მისგან სიამოვნების მისაღებად აუცილებელია ლუბრიკანტის (ინტიმური საცხის) გამოყენება.
აირჩიეთ, წყალზე, სილიკონზე ან ჰიბრიდულად დამზადებული ლუბრიკანტი, თუკი ლატექსიან ბარიერულ კონტრაცეფციას იყენებთ. სილიკონზე დამზადებული ლუბრიკანტები არ გამოიყენოთ სილიკონის სექს-სათამაშოებთან ერთად. არ გამოიყენოთ ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტები, თუკი იყენებთ პრეზერვატივს.
ანალური სექსის დროს ლუბრიკანტი მოიხმარეთ დიდი რაოდენობით და აქტის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ ხელახლა წასმა.
► იხილეთ აგრეთვე: ინტიმური ლუბრიკანტი — რა უნდა ვიცოდეთ?
წყარო: That Sassy Thing
7. დაიწყეთ ნელა და აქტის დროს ესაუბრეთ პარტნიორს
შესაფერისი შემზადებისა და შეხურების გარეშე პირდაპირ ანალური სექსის დაწყება ანალურ ხვრელის მომჭერი კუნთის შეკუშვას და დისკომფორტს გამოიწვევს. აცადეთ საკუთარ თავსა და პარტნიორს, რომ საკმარისად აღიგზნოთ, მოადუნოთ დაჭიმული კუნთები და შემდეგ დაიწყოთ სექსი.
ამის ხელშესაწყობად რამდენიმე გზა არსებობს:
-
მასტურბაცია — ცალკე ან პარტნიორთან ერთად
-
საყვარელი არაპენეტრაციული აქტივობებით დაკავება, მაგალითად, ორალური ან მშრალი სექსით.
-
ეროგენული ზონების სტიმულაცია ცხელი შხაპით ან აბაზანით
-
თითის, სექს-სათამაშოს ან ენის გამოყენებით ანუსის გარეთ კანის ზედაპირის სტიმულაცია
► იხილეთ აგრეთვე: სექსი პენეტრაციის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ?
8. შეეგუეთ, რომ ანალურ სექსს თან შეიძლება ახლდეს ფეკალური მასაც
ანალური ხვრელი ბუნებრივად ისე მუშაობს, რომ ის ცდილობს, განავალი მსხვილ ნაწლავში რაც შეიძლება ზემოთ დააკავოს, სანამ კუჭში გასასვლელად არ იქნებით მზად.
მიუხედავად ამისა, ფეკალურ მასასთან (განავალთან) დაკავშირებული ინციდენტების ალბათობა ყოველთვის არსებობს, როცა საქმე ანალურ სექსს ეხება. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და სასირცხვილო არაფერია.
ანალური ხვრელის სრული გამორეცხვისთვის ოყნა კარგი ვარიანტია, თუმცა ის აუცილებელი არ არის. სექსამდე კუჭში გასვლა და ანალური უბნის საპნითა და წყლით მობანა ხშირ შემთხვევაში საკმარისი იქნება.
მეტი სისუფთავისთვის სექსის დროს ქვემოთ დაიფინეთ მუქი ფერის პირსახოცი ან დამატებითი ზეწარი.
9. დაიცავით ჰიგიენა აქტამდე და აქტის შემდეგ
გახსოვდეთ, რომ ყველაზე გულმოდგინე გამორეცხვის შემთხვევაშიც კი ანალურ ხვრელში მაინც რჩება მიკროსკოპული ფეკალური მასა. ამის გამო ანალურ სექსამდე და სექსის შემდეგ ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ანალური აქტივობის შემდეგ გადახვალთ ვაგინაზე, პირზე ან სხვა პარტნიორის ანუსზე.
შეიძლება თუ არა ანალური სექსით ორგაზმის მიღწევა?
ანალური სექსით ორგაზმის მიღწევა სრულიად შესაძლებელია, თუმცა ასეც რომ არ მოხდეს, თვითონ აქტი ზოგჯერ მაინც ძალიან სასიამოვნოა.
ანალური სექსის დროს ორგაზმის მიღწევა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. ისეთი მიმღები პარტნიორებისთვის, რომლებსაც პროსტატა აქვთ, პენისით, თითით ან სექს-სათამაშოთი მისმა სტიმულაცია შეიძლება თავბრუდამხვევი ორგაზმი გამოიწვიოს. მათთვის, ვისაც ვულვა აქვს, ანალური ორგაზმი ხდება ე.წ. A-წერტილის („ეი-სფოთის“) არაპირდაპირი სტიმულაციით, რომელიც ვაგინალური არხის წინა კედლების ყველაზე ღრმა წერტილის მახლობლად მდებარეობს.
ორგაზმის მიღწევა შეიძლება ასევე სექსის პარალელურად გარე სტიმულაციის დამატებით, მაგალითად, კლიტორის თანადროული ფერებით ან ე.წ. „ჰენდჯობით“ (პარტნიორის პენისის მასტურბაციით; ინგლ. Handjob).
► იხილეთ აგრეთვე: ქალის ორგაზმი — რა უნდა ვიცოდეთ?
მანამ, სანამ აქტში მონაწილე ყველა მხარე თანახმაა, ანალურმა სექსმა შეიძლება სიამოვნების მიღებისა და მინიჭების სრულიად ახალი და სასიამოვნო გამოცდილებების კარი გაგიღოთ. გახსოვდეთ, რომ იმისთვის, რომ ყველაფერმა უსაფრთხოდ და კარგად ჩაიაროს, წინასწარ უნდა მოემზადოთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თან გაქვთ.
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: Alex Sandoval / Pinterest