სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.
საწყისები
ქალები თმას საუკუნეებია იშორებენ - ანტიკურ ეგვიპტეში, რომსა და ინდოეთში თმის მოშორების პრაქტიკა დღევანდელის მსგავსი იყო. პირველი სამართებელი ჯერ კიდევ ძვ.წ. 3000 წლით თარიღდება და ზღვის ნიჟარებისგან კეთდებოდა. სწორედ ასეთი სამართებლით იპარსავდნენ ქალები თმას თავზე და გენიტალიებზე. ეგვიპტელები ასევე იყენებდნენ შაქრისგან დამზადებულ ცვილს, რომელიც დღესაც პოპულარულია.
ძველი რომი
ძვ. წ. მე-6 საუკუნეში რომაელები თმას სხვადასხვა მეთოდებით - საპარსებით, დეპილატორებითა და სახეხი ქვით - იშორებდნენ. მათთვის სხეულზე არსებული თმის რაოდენობა კლასის მიმანიშნებელი იყო: რაც უფრო მაღალ სოციალურ კლასს მიეკუთვნებოდა ადამიანი, მით ნაკლები თმა უნდა ჰქონოდა.
შუა საუკუნეების ინგლისი
შუა საუკუნეებში ელიზაბეთის პერიოდის ქალებმა თმის მოშორების პრაქტიკა ახალ საფეხურზე აიყვანეს და სახეზე არსებული თმის პარსვა დაიწყეს. ამ ტრენდს საფუძველი დედოფალმა ელიზაბეთ I-მა დაუდო უფრო გრძელი შუბლის წარმოსაჩენად. ქალები ამის გამო წარბებსაც კი იპარსავდნენ.
დღეს
სილამაზის ინდუსტრია აგრძელებს ამ საუკუნეობრივ პრაქტიკას და ქალებს ისევ მოუწოდებს სხეულიდან თმის მოშორებისკენ მეტი მიმზიდველობისა და ჰიგიენურობისთვის.
♦ დღესდღეობით ქალების სილამაზის სტანდარტი სხეულიდან თმის თითქმის სრულად მოშორებაზე გადის. თმა უნდა მოვიშოროთ, თუ არ გვინდა რომ ბინძური, არასასურველი და არასაკმარისად „ქალურები“ გამოვჩნდეთ.
♦ თმის მოშორების საშუალებების რეკლამებშიც ყოველთვის გაპარსულ, უკვე თმამოშორებულ ქალებს ვხედავთ, რაც პროდუქტის რეკლამასთან ერთად ხელს უწყობს სილამაზის სტანდარტული, ვიწრო თვალსაწიერით აღქმას.
♦ ასეთ რეკლამებში ქალების ბედნიერება პირდაპირ კავშირშია მათ ფეხებზე არსებული თმის სიგრძესთან.
♦ ამ თემაზე საუბრისას ჰეტერონორმატიული ურთიერთობებიც არ უნდა დაგვავიწყდეს - ქალი მხოლოდ მაშინაა სასურველი კაცისთვის, თუ ის უთმოა.
♦ საუკუნეების განმავლობაში სხეულის თმა დარცხვენისა და კონფორმიზმის იარაღად გამოიყენებოდა. ეს პრობლემა თანამედროვე სამყაროშიც არანაკლებ მწვავედ დგას.
რეალურად, სხეულზე თმის არსებობას თავისი ევოლუციური მიზეზები აქვს და არაფერ კავშირში არაა ჰიგიენასთან, სასურველობასა თუ ფემინურობასთან. თმის მოშორებასთან ასოცირებული სიკეთეები სოციალური კონსტრუქტია, რომელიც შედეგად ქალების დარცხვენასა და დისკრიმინაციას იწვევს.
თმის მოშორების არჩევანი სხეულის ავტონომიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ქალების არჩევანს, როგორ მოექცნენ საკუთარ თმას — მოიშორონ, თუ ყოველგვარი სირცხვილისა და უხერხულობის გარეშე შეინარჩუნონ.