ყველაფერი 28 ნოემბერს დაიწყო-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყველაფერი არც 26 ოქტომბერს დაწყებულა. „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია, მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული საგარეო კურსის შეცვლას, რასაც მოქალაქეების მხრიდან არაერთხელ მოჰყოლია პროტესტი. თუმცა, 28 ნოემბერს ნამდვილად დაიწყო საზოგადოების ახალი, აქამდე უცნობი ენერგიის ერთ წერტილში თავმოყრა, რაც პროტესტის განსხვავებულ ფორმებში აისახა. განსაკუთრებული აგრესიით შეხვდა მოქალაქეთა პოლიტიკური კულტურის ფორმირების პროცესს მმართველი პარტია.
რა მოხდა 28 ნოემბრის საღამოს და როგორ იქცა ეს დღე იმ უწყვეტი სახალხო პროტესტის ათვლის წერტილად, რომელიც დღემდე გრძელდება?
ეს საღამო კარგად მახსოვს. თავი მტკიოდა და სახლში პლედშემოხვეული ვიჯექი გამათბობელთან. დაახლოებით შვიდის ნახევრისკენ ირაკლი კობახიძე აკეთებს განცხადებას ევროკავშირში გაწევრების შეჩერებასთან დაკავშირებით. განცხადებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება რიგითი მოქალაქეების პოსტები შემდეგი შინაარსით: „მე მივდივარ პარლამენტთან!“, „მივდივარ ოცნების ოფისთან!“, „სად ვიკრიბებით?“. რვა საათისთვის მოქალაქეთა ნაწილი უკვე „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან ვიყავით, ნაწილი — რუსთაველზე, ნაწილი — გზაში. დღის მიწურულს ყველანი პარლამენტის წინ ვიდექით. პარალელურად ხალხი გამოდიოდა გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
პარლამენტთან ხალხის მისვლიდან მალევე გამოჩნდა სპეცრაზმი. დაახლოებით ღამის 2 საათისთვის უკვე პირველი ჭავლიც გაუშვეს. მომდევნო დღეებში გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ წყლის ჭავლში წიწაკის სპრეი ან სხვა ქიმიური ნივთიერება იყო გარეული, რომელიც თვალებს წვავდა. მოქალაქეებმა პირველი დარბევის შემდეგ სწრაფად შეძლეს მობილიზება. რუსთაველის გამზირზე მალევე გაჩნდა ბარიკადები და ცეცხლის კერები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხი სახლში წასვლას არ აპირებდა. სწორედ ამ ღამით იწყება აქციის მონაწილეების მძიმე ისტორიები და ე.წ. „ხელისუფლების“ მხრიდან ძალის დემონსტრირების სასტიკი შემთხვევები.
29 ნოემბერი თენდება. დილის 5-6 საათია.
„ჩემი ამბავი პირველივე ღამით მოხდა. უფრო სწორად, უკვე დილისკენ. ბესიკის ქუჩისა და რუსთაველის კვეთასთან. მე და ჩემი მეგობრები ვიდექით და ვლაპარაკობდით. უცებ ჩვენკენ ძალიან სწრაფად გამოიქცა 10-15 რობოკოპი და ჩემი ორი მეგობარი წაიყვანეს. საშინელი დაუცველობის შეგრძნება გიჩნდება. უცებ, არსაიდან გიჭერენ. პირველად ვნახე ასეთი შემოვარდნები. აი, ერთად რომ მორბის ათეულობით რობოკოპი და გაშინებს, რომ მოვალ და მოგკლავ. მე და ჩემი ერთი მეგობარი გავიქეცით. ისიც გოგოა. რატომღაც ბესიკის ქუჩაზე ავირბინეთ, სტრატეგიებში ცოტა გვიჭირს. ყველა გარბოდა. რაღაც მომენტში მე და ჩემი მეგობარი გავჩერდით და უკან რომ მოვიხედეთ, დავინახეთ, ერთ ბიჭს 10-15 კაცი ურტყამდა. დასახმარებლად გავიქეცით. მაგ მომენტში ვიღაცამ უკნიდან მომხვია ხელები და გადამაგდო. მერე წაქცეულს პარლამენტის მხარეს მიმათრევდნენ ტროტუარზე. გამიშვით, მეშინია-მეთქი, ვყვიროდი. აქ რომ მოდიოდი, რა გეგონა, შე ყ*ექალაო, შე ნაბო*აროო, მეუბნებოდნენ. დედას მოგიტ*ნავთ; აი, დაგაყენებთ ახლა მუხლებზე მანქანაში და ნახე, რაც მოგივა; პირში ჩაგა*ვამ. არ ვიცი, საშინელებებს მეუბნებოდნენ. ისე შემეშინდა, ჩავიფსი. ცოტა კომიკური მომენტი იყო. უცებ საკუთარი თავი გვერდიდან დავინახე და ვფიქრობდი, ვა, შიშისგან ჩავიფსი? რა ხდება? თან ვტიროდი, სრულ აგონიაში ვიყავი, თან ცალყბად მეღიმებოდა ჩემს მდგომარეობაზე. მერე გული წამივიდა და ამათ ძალიან შეეშინდათ. თვალები რომ გავახილე და გონზე მოვედი, გავიგონე, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მოკვდა ეს ჩემისაო. არა, არა, არ მოკვდესო, იძახდნენ. წყალს მასხამდნენ ამ სიცივეში. თან, თვალები მეწვოდა ყველაფრისგან, თან ჩაფსმული ვიყავი. ჯოჯოხეთი იყო. რომ დამინახეს, თვალები გავახილე, ერთ-ერთმა ბოთლი მომცა, აჰა, დალიეო. რომ მიხვდნენ, რომ არ მოვკვდი, რამდენიმე წიხლი კიდევ ჩამარტყეს და წავიდნენ. მერე მივრბოდი სადღაც, უკან არ ვიხედებოდი. მეგონა, თუკი მივიხედებოდი, ისევ დამიჭერდნენ. გზაში ჩემი მეგობარი დავინახე და დავუყვირე. მე მეგონა, ის დაიჭირეს, იმას ეგონა, რომ მე დამიჭირეს. მერე სახლში წავედი. პირველი დღეები ძალიან ცუდად ვიყავი, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ახლა უკვე შემართებით ვარ. არ ვუშვებ, რომ ხალხი გაჩერდება და ამას შეეგუება. გამორიცხულია“, — გვიზიარებს თავის ამბავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ სახელის და გვარის თქმა არ სურს.
დარბევის ასეთ სისასტიკეზე ხალხს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა. ამ დღეს პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გამოვიდა. გაყალბებულ არჩევნებსა და ევროპული გზიდან გადახვევას მმართველი პარტიის მიერ აქციის ძალადობრივად დაშლა და ხალხის წამება დაემატა. 29 ნოემბრის საღამოს ისევ დაიწყეს წყლის ჭავლის გამოშვება, გაზის კაფსულების სროლა. აქციის მონაწილეები კვლავ აშენებდნენ ბარიკადებს, ანთებდნენ ცეცხლს, ისროდნენ ფოიერვერკებს. შეიქმნა წინა ხაზი, რომელიც სწრაფად და ორგანიზებულად ანეიტრალებდა გაზს. მათი იარაღი წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, გაზი, ე.წ. „დუბინკები“, ქვები, ფიზიკური ძალადობა იყო. ჩვენი „იარაღი“ — საახალწლო ფოიერვერკი. თუმცა, რადიკალ აგრესიულ დაჯგუფებებად „ქართული ოცნების“ დეპუტატები მაინც აქციის მონაწილეებს მოიხსენიებდნენ.
30 ნოემბერი თენდება. ღამის სამი საათია.
„ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი. არაფერი ისეთი არ ხდებოდა. რატომღაც ცოტა უფრო წინ გავედი, სადაც ცხელი ხაზი გადიოდა. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. როგორც ჩანს, უცებ წამოვიდნენ წინ. ხალხმა სწრაფად დაიხია უკან. ამ დროს მე წავბორძიკდი და წავიქეცი. სპეცრაზმელები მოვიდნენ, ადექი, ადექიო. რომ ამოვიხედე, ირგვლივ ქაოსი იყო. რატომღაც მეგონა, რომ ამ ქაოსიდან უნდოდათ ჩემი გარიდება და მეხმარებოდნენ. არ ვიცი, ჩემმა ტვინმა სხვა სცენარი ვერ დაუშვა. როცა წამომაყენეს, მადლობას ვუხდიდი და კარგ რაღაცებს ვეუბნებოდი. მინდოდა დაენახათ, რომ არ ვიყავი აგრესიულად განწყობილი. საერთოდ არაფერი დამიშავებია, არც არაფერი გამიკეთებია ისეთი, ისინი რომ გამომეწვია. ჩემი ერთადერთი გამომწვევი საქციელი, უბრალოდ, აქციაზე ჩემი არსებობა იყო. სანამ მაყენებდნენ, ერთი ის ვუთხარი, ოღონდ, არ დამარტყათ-მეთქი. არავინ ხმა არ გამცა. თან, მივყავარ. ვხედავ, რომ ამ ქაოსიდან გავყავარ. არ დამარტყეს. ჩემთვის ვფიქრობ, ესე იგი, მართალი ვარ და მართლა მეხმარებიან-მეთქი. გვერდით ქუჩაზე ავუხვიეთ და კედელთან მიმაყუდეს. ერთი ტიპი მარჯვნივ მიდგას, მეორე — მარცხნივ, ერთიც წინ. გარშემოც სულ იმათიანები იყვნენ. მარტივ და ნორმალურ შეკითხვებს მისვამდნენ, მაგალითად, მანქანა სად გყავს გაჩერებულიო, ამიტომაც არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ რამეს დამიშავებდნენ. ზუსტად იმ მომენტში, როცა მე ამ შეკითხვებს ვპასუხობდი, არ ვიცი, რამ წამოუარა თუ ასე ჰქონდა დაგეგმილი, გვერდით ვინც მედგა, შედარებით ახალგაზრდა ბიჭი, ორჯერ ძალიან ძლიერად მარტყამს თავში. ტკივილზე მეტად, სხვა ემოციებს ვგრძნობდი. შოკში ვიყავი, იმდენად მოულოდნელი და დაუმსახურებელი იყო ეს დარტყმა. არავინ გარხეულა უხერხულობისგან. მერე ერთ-ერთმა წამო, წამო, ახლა ჩაგაცილებო. გავყევი. გზაში თან სისხლიანი ხელსახოცი მეჭირა, თან ვეკითხებოდი, აი, ხომ დაინახე, რაც გააკეთა და ეს უნდა ექნა-მეთქი? რას მიპასუხებდა?! ასე ჩავედით მთავარ ქუჩაზე და გამიშვა. წავედი და გავაგრძელე აქციაზე დგომა. მეორე-მესამე დღეს უკეთ აღვიქვი, რამდენად ძლიერი დარტყმა იყო. სახის ნაწილი სულ დალურჯებული მქონდა“, — გვიყვება ნათია ბუნტური, ბალერინა.
ნათიას ამბიდან რამდენიმე საათში იწყება ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთი — აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პირველი შემთხვევა. ამ ამბავს მე გაგიზიარებთ, რადგან სწორედ მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც „თბილისი მარიოტის“ კედელთან ალყაში მოამწყვდიეს. რამდენიმე წუთი დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდით. უჰაერობისგან ბევრს უკვე პანიკა გვეწყებოდა. ალყა სრულიად მოულოდნელად დაიწყო და ამისთვის რამდენიმე წამი დასჭირდათ. უცებ ვიღაცამ იყვირა, ყველა მხრიდან მოდიანო და სანამ გახედვას მოვასწრებდით, ყველგან რობოკოპები იდგნენ. გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ, „დროზე გაა*ვით, თქვე უსამშობლოებოო“, გვიყვიროდნენ. გაა*ვითო, გვეუბნებოდნენ, მაგრამ გასაქცევი გზა არ დაგვიტოვეს. ვეუბნებოდით, მივდივართ, გაგვიშვითო. ალყიდან შემთხვევითობის პრინციპით რომელიმეს გაიტაცებდნენ და ურტყამდნენ. თან სპრეის გვასხამდნენ. არ ვიცი, რისი უფრო მეშინოდა — იმის, რომ სადაცაა გავიჭყლიტებოდი, თუ იმის, მე არ აღმოვჩენილიყავი გატაცებულთა რიგებში. გვერდით გოგო კიოდა, ვკვდებიო. უკან ჩემი მეგობარი მედგა. ვცდილობდი, შემეხედა ხოლმე. მეგონა, თუკი მის სახეზე მაინც ამოვიკითხავდი გადარჩენის იმედს, ეს მეც გამაძლიერებდა. ვყვიროდი, რას აკეთებთ, სასიკვდილოდ გვიმეტებთ-მეთქი? მერე რაღაც მომენტში უცებ გზა გახსნეს და ძალიან სწრაფად გამოგვეკიდნენ გინებ-გინებით. ბევრნი ვიყავით, შეუძლებელი იყო ამდენი ადამიანის სწრაფად სირბილი, სირბილის დროს ვეცემოდით. ლამის ერთმანეთს გადავუარეთ. მეტრომდე სდიეს ხალხს. ერთ ადამიანს რამდენიმე ესეოდა ერთდროულად. ვინც ხელში მოხვდებოდათ, ყველას ურტყამდნენ. აქციის მონაწილეებს მეტროში ჩაჰყვნენ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამდენი სირბილი არ შემეძლო. თან, ალყის მერე სუნთქვაც მიჭირდა. არასდროს თავი ასე შეურაცხყოფილად არ მიგრძნია. არასდროს თავი ასე დაუცველად არ მიგრძნია. ცხოვრებაში პირველად ვიდექი აქციაზე ისე, რომ არ ვიღიმოდი. ცხოვრებაში პირველად აქციაზე მეშინოდა.
ამ დღეს აქციის 107 მონაწილე დააკავეს. არც მანამდე და არც მერე ერთდროულად ამდენი ადამიანი არ დაუჭერიათ.
30 ნოემბრის საღამოს და 1 დეკემბრის დილას კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კადრები, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, „ოცნების“ მხარდამჭერებისთვისაც კი შოკისმომგვრელი იყო. ზოგისთვის სწორედ ეს კადრები აღმოჩნდა ის უკიდურესი წერტილი, რომლის მერეც მმართველი პარტიის გამართლება ვეღარ შეძლეს. რუსთაველზე კვლავ ენთო ცეცხლი, ფოიერვერკებისა და გაზების კვამლში გახვეული გამზირი ბრძოლის ველს ჰგავდა. ხალხის პროტესტი მწვავდებოდა, პროტესტს კი, თავის მხრივ, ხალხი ემატებოდა.
2 დეკემბერი თენდება. დილის 4-5 საათია.
„სადღაც ოპერასთან ვიდექით მე და ჩემი მეგობრები. ცოტა კიდევ ზემოთ, ბილტმორისკენ. ის მომენტი იყო, დარბევის მერე უკან რომ ვიხევთ და სხვა ადგილს ვეძებთ. არც ძალიან ცოტა ვიყავით, ამიტომ გაზს რომ უშვებდნენ, ვცდილობდით, ისე არ გავქცეულიყავით, ერთმანეთი გაგვეჭყლიტა. გადავწყვიტეთ, რესპუბლიკის მოედნისკენ გავწეულიყავით. მანდ დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი რობოკოპი იყო განლაგებული და ეგ გზა მანქანებით ჰქონდათ ჩახერგილი. კორიდორი ჰქონდათ დატოვებული, რომ რუსთაველის მეტროს მიმართულებით წავსულიყავით. რომ დავიძარით, გავიფიქრე, რა არის იმის შანსი, არ გამოგვეკიდონ-მეთქი და ზუსტად მაგ წამებში სწრაფად გამოიქცნენ ჩვენკენ. ვინც ხელში მოხვდებოდათ, ურტყამდნენ ან/და იჭერდნენ. მივრბივართ და ვხედავ, რომ ზედ რუსთაველის მეტროსთანაც ესენი დგანან. ეგ გზაც მოგვიჭრეს. ერთადერთი გზა გვრჩებოდა, მაკდონალდსის გვერდით რომ ქუჩაა, იქ ავსულიყავით. მაგ გზებით გადავედით ვაკეში. იმდენი ვირბინეთ და ვიარეთ, უკვე დილის 8 საათი იქნებოდა, ვაკის პარკისკენ რომ გავჩერდით. სიარულის თავიც აღარ გვქონდა. ვისვენებდით და მერე დელისისკენ ვაპირებდით დაძრას. ამ დროს მოგვადგნენ ძალიან დიდი რაოდენობით პოლიციელები და დავიწყეთ ისევ სირბილი, სხვა გზა აღარ გვქონდა. ვერაფერ გეგმას ვეღარ მოვიფიქრებდით. უბრალოდ, გავრბოდით. სამოქალაქო მანქანებით იყვნენ, გადმოვიდნენ და ხალხის დაჭერა დაიწყეს. სათითაოდ დასდევდნენ ყველას. თამარაშვილისკენ გავიქეცით. ჩემი და უფრო წინ იყო, რაღაც მომენტში გამომხედა და მეძახის, გოგო, გიჭერენ უკვე, პოლიციასთან ერთად მორბიხარ, გაინძერიო. სირბილის თავი აღარ მქონდა. ამ დროს მაღაზიებიდან გამოვიდნენ კონსულტანტები და შეგვიფარეს. ზოგმა ბაგებისკენ გაასწრო, ზოგმა კორპუსში შეასწრო, ნაწილი მაღაზიებში ვიმალებოდით. ძალიან კარგი ხალხი იყო. კარებზე „დაკეტილია“ დააწერეს და მოგვიანებით ნელ-ნელა თითო-თითოდ გამოგვაპარეს“, — ასე იხსენებს ამ დღეს აქციის მონაწილე ხატია მამუკაშვილი.
მოქალაქეები ამ დღის მერეც აგრძელებდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას. დილით დარბეულ ხალხს საღამოობით სხვები ანაცვლებდნენ, რადგან იმ მომენტისთვის უკვე ყველამ დანამდვილებით ვიცოდით, რომ ბრძოლის ველს გამარჯვების გარეშე არ დავტოვებდით.
2 დეკემბერს დარბევა ძალიან ადრე, კერძოდ, 21:50 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ამ ფაქტს სპეცრაზმელების დაღლილობით ხსნიდნენ. მოთმინება აღარ ჰყოფნითო, ამბობდნენ. დროის ამ მონაკვეთში რუსთაველზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ვიდექით, ამიტომ დარბევის მოლოდინი არ გვქონდა. მით უფრო არ ველოდით, რომ ამხელა მასაში გაზის კაფსულებს ისროდნენ. თუმცა, ჩვენი მოლოდინები არც ამჯერად გამართლდა. მათი ქმედებები ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს ჯერ კიდევ 28 ნოემბერს გაცდა, ამიტომ დარბევის პროტოკოლის მათთვის შეხსენებას აზრიც არ ჰქონდა. მათი მიზანი არა აქციის დაშლა და ტერიტორიის გასუფთავება, არამედ აქციის მონაწილეების პროტესტიდან გამოთიშვა იყო. ამ ღამით ძალიან დიდი რაოდენობით გაზი გაუშვეს. საველე ექიმი და აქტივისტი სალომე კვარაცხელია, რომელიც სხვების დასახმარებლად წინა ხაზებში იდგა, იხსენებს, რომ იმდენად დიდი რაოდენობით იყო გაზი გაშვებული, აირწინაღი მის გაფილტვრას ვეღარ ასწრებდა. მიწაზე სხვადასხვა ზომის, სისქისა და ფერის კაფსულები ეყარა. ამ დღეს აქციის ბევრი მონაწილე მოიწამლა, ზოგს გულისრევა, კოგნიტიური დეზორიენტაცია და რესპირატორული სისტემის დაზიანება აღენიშნებოდა. დარბევა ამჯერადაც დილამდე გაგრძელდა. სცენარი იგივე იყო.
4 დეკემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეების სახლების ჩხრეკა დაიწყეს. ერთმანეთის მიყოლებით იწერებოდა სახელები და გვარები, თუ ვის სახლში იყვნენ მისული და ხალხიც ამ მისამართებზე იკრიბებოდა. ერთ-ერთი მათგანი აქტივისტი საბა ჯაჯანიძე იყო, რომელიც ჩხრეკის პროცესს დეტალურად აღგვიწერს:
„რაც მათ გააკეთეს, ეს იყო ტერორისტული აქტი. ჩემთან და ჩემი შვილების სახლში ერთდროულად მოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, იმ დროს ბავშვებთან ერთად რომ არ ვიყავი. დილით ახალგაღვიძებულს ჩემი შვილი ტელეფონში მეუბნება, რომ ვიღაც კარის შემტვრევას ცდილობს. ზუსტად მაგ დროს დაიწყეს ჩემს კარზეც ბრახუნი. ტელეფონი გავთიშე, რომ დამებლოკა. მითხრეს, რომ ციფრული მოწყობილობები უნდა ჩამოერთვათ, რათა გაეგოთ, ვისთან მქონდა მიმოწერები, რა საქმეებში ვიყავი ჩართული და ა.შ. იმ დღეს ბევრთან მივიდნენ. როგორც ჩანს, ხალხი არ ჰყოფნით, რადგან კონკრეტულად ჩემთან ტრეფიკინგთან ბრძოლის დეპარტამენტის ხალხი იყო მოსული. ტოტალური სიბნელეა მათთან. არ იციან, რას აკეთებენ. ჩემი ფავორიტი ეს მომენტია: ვეუბნები, ვერაფერზე ვერ მიიღებთ წვდომას, რადგან ყველაფერი დაშიფრული მაქვს და თან ყველა ინფორმაციას Cloud-ზე ვინახავ-მეთქი და Cloud-ის ძებნა დაიწყეს სახლში. თვითონ ჩხრეკის ფორმაც ამაზრზენი იყო. ერთი საათი ვითხოვდი ადვოკატს ან მესამე პირს, რომელიც ჩხრეკის პროცესს დაესწრებოდა, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. როცა ბოლოს ადვოკატამდე მივიდა ინფორმაცია და მოვიდა ჩემთან, ეს ფაქტი უარყვეს. დაახლოებით 15 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს, რომელსაც, ალბათ, სამი თვე მაინც არ დააბრუნებენ. თუმცა, რომც დააბრუნონ, აზრი არ აქვს. ეს მინდა ყველამ იცოდეს. ტექნიკა, რომელიც მათთანაა ნამყოფი, არ გამოიყენოთ, რადგან შეიძლება ისე ჩაამონტაჟონ მოსასმენი მოწყობილობა, რომ ვერ გაიგოთ. ამ ყველაფრის მიზანი ადამიანების დაშინებაა. ასეთი დროს ნამდვილად ჩნდება შიში. თუმცა, ეს შიში მიზანს ვერ აღწევს, პირიქით, ბრაზში ითარგმნება და არა — იმედგაცრუებაში, რაც მათთვის არის საზიანო და არა — ჩვენთვის“.
რუსთაველის გამზირი ნელ-ნელა კვამლისგან დაიცალა. ამ პერიოდში მიიღეს ისეთი კანონები, რომლებიც კრძალავს შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარებასა ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან მასთან მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარებას, ასევე აქციაზე პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონას, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას. მარტივად რომ ვთქვათ, აკრძალეს ნიღბები, ფოიერვერკები და ლაზერები. გარდა ამისა, გაზარდეს ჯარიმები. დაიწყეს მოქალაქეების დაჭერა, ქუჩიდან გატაცება, მუქარები, მეტროებში ჩხრეკა. მთელი ენერგია ხალხის დაშინებისკენ მიმართეს, რათა მომდევნო დღეებში პარლამენტთან ბევრად ნაკლები ადამიანი გამოსულიყო. ღამით რობოკოპები აღარ ჩანდნენ, თითქოს მარტო დაგვტოვეს ჩვენს პროტესტთან. მიზანს მიუხვდნენ მოქალაქეები. უნდოდათ, აქციის მუხტი დაცემულიყო. ამის პასუხად, 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ღამის აქციები დღის აქციებმა ჩაანაცვლა. პროტესტი მთელ ქალაქს მოედო და ასე გრძელდება დღემდე: აქციები იმართება სამინისტროებთან, თეატრებთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ხალხი მოძრაობს. მარშები არ წყდება. როგორც არასდროს, ისე გადაუარა პროტესტის ტალღამ საქართველოს.
მათ შიში დათესეს, რეალურად კი ამ შიშზე კიდევ უფრო მწვავე პროტესტი და ერთიანობა ამოვიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი ახალი საზოგადოების დაბადებას ვუყურებთ. იქნებ, ამ საზოგადოების დაბადების დღედ ისტორიამ სწორედ 28 ნოემბერი მიიჩნიოს.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
მთავარი ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე
♦ სტატია მომზადებულია ფონდის Urgent Action Fund ფინანსური მხარდაჭერით