Facebook Script

სექსუალური ძალადობა — რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები საქართველოში?

19 დეკემბერი, 2021 | სექსუალური ძალადობა

თბილისის კინოთეატრებში რიდლი სკოტის ახალი ფილმი „უკანასკნელი დუელი“ გამოჩნდა. მის მხატვრულ ღირებულებებზე უფრო კომპეტენტური პირები ისაუბრებენ, თუმცა ამბავი სანახავადაც და გასააზრებლადაც ნამდვილად მძიმე იყო.

ფილმში მოვლენები შუა საუკუნეებში ვითარდება. ომიდან დაბრუნებული რაინდი ჟან დე კარუჟი გაიგებს, რომ მისი ცოლი გააუპატიურეს და ეს მისმა ყოფილმა მეგობარმა და მეფესთან დაახლოებულმა პირმა ჩაიდინა. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მარგარიტა დე კარუჟის ისტორიას გვიყვება, რომელმაც გადაწყვიტა, არ დაემალა ძალადობის ფაქტი და საჯაროდ ემხილებინა მოძალადე. თუმცა, მის სიტყვას არც სასამართლოსთვის და არც ხალხისთვის ფასი არ ჰქონდა. მას უწევდა თავის მართლება, რომ არ იტყუებოდა და ის, რაც მოხდა, მისი სურვილი არ ყოფილა. 

შუა საუკუნეებს კარგა ხანია გავცდით, ქალს კი ისევ უწევს სასამართლოში და საზოგადოების წინაშე იმის მტკიცება, რომ მასზე ნამდვილად იძალადეს და ამაში თავად არ არის დამნაშავე.

ფილმში ერთი ამბავი სამი პერსპექტივიდან არის მოწოდებული: ქმრის, რომელიც არა ცოლზე, არამედ საკუთარ სახელზე ნერვიულობს; მოძალადის, რომელსაც ჰგონია, რომ რადგან ქალმა რამდენჯერმე შეხედა და გაუღიმა, ეს ნიშანი იყო, რომ თავადაც სურდა მასთან ყოფნა; და ქალის, რომელიც იტანჯება.

სამწუხაროდ, ცხოვრება ფილმი არ არის და არც გაუპატიურებას აქვს სამი პერსპექტივა: აქ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი პერსპექტივა არსებობს — ქალის, რომელზეც სექსუალურად იძალადეს.

რას გულისხმობს გაუპატიურება და არის თუ არა ის სექსუალური ძალადობის ერთადერთი ფორმა?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურება განმარტებულია შემდეგნაირად: „პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის, ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

თუმცა, გაუპატიურება არ არის სექსუალური ძალადობის ერთადერთი ფორმა. როგორც იურისტი ანა აბაშიძე აღნიშნავს, სექსუალური ძალადობაა ნებისმიერი არასასურველი ქცევა, რომელსაც აქვს სექსუალური შინაარსი.

► არ არის აუცილებელი, ეს მოხდეს ფიზიკური შეხებით. შეურაცხმყოფელი რეპლიკები, არასასურველი შეხება, სექსუალური შინაარსის შემცველი სცენების ყურების იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაშანტაჟება თუ სხვა ნებისმიერი მსგავსი ქმედება, რომელიც ქალს აყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტკივილს, უკვე არის სექსუალური ძალადობა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი. თუმცა, მოცემულ სტატიაში საუბარი იქნება სექსუალურ ძალადობაზე სრულწლოვანი ქალების კონტექსტში.

ქართული კანონმდებლობისგან განსხვავებით, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულად მხოლოდ გაუპატიურება მიიჩნევა, სტამბულის კონვენციის თანახმად (რომლის ხელმომწერიც გახლავთ საქართველო), მონაწილე ქვეყნებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს არა მხოლოდ ადამიანის სხეულში სექსუალური შეღწევა (გაუპატიურება), არამედ ადამიანთან, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის სხვა აქტის განხორციელებაც. ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ კანონი უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევებშიც, როცა დანაშაული ჩადენილია მეუღლის ან პარტნიორის მიმართ (მუხლი 36. სექსუალური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურება).

რატომ არიან ქალები ჩუმად?

რეალურად, საქართველოში იმაზე მეტი ქალია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე სტატისტიკაშია მოცემული, მაგრამ ქალები არ ლაპარაკობენ. და მათ აქვთ სრულიად ლოგიკური მიზეზები, არ ილაპარაკონ. მათი არჩევანი, იყვნენ ჩუმად, არასდროსაა ირაციონალური. პირველ ყოვლისა, საზოგადოება არ არის ემპათიური ქალის მიმართ. თითის გაშვერა ხდება არა მოძალადის, არამედ ქალისკენ — როგორ ეცვა, როგორი ფერის პომადა ესვა, ხომ არ იყო ზედმეტად გამომწვევი და ხომ არ უბიძგა კაცს ამგვარი ქცევისკენ? ეს კი ხშირად იმიტომ ხდება, რომ მოძალადე, რომელსაც ამხელენ, როგორც წესი, საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები და პატივსაცემი ადამიანია, ფერს და ზნეს კი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა იცვლის. ქალისთვის აღიარება, რომ ის გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ფაქტობრივად, ნიშნავს მუდმივ თავის მართლებას, რომ ამ ამბავში მას ბრალი არ მიუძღვის. რაც მთავარია, თავის მართლება უწევს არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების, არამედ მთელი სისტემის წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ გვსმენია დაზარალებული ქალის ისტორია, რომელსაც სამართალდამცავებმა კიდევ უფრო დიდი ტკივილი და  შეურაცხყოფა მიაყენეს მისი მდგომარეობის არასათანადოდ და არასერიოზულად შეფასებით.

არის ქალის დუმილის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი — ის ვერ აცნობიერებს, რომ მასზე ძალადობენ. ასეთი შემთხვევები ხდება მაშინ, როცა მოძალადე მისი პარტნიორი ან მეუღლეა, ანუ მისთვის საყვარელი ადამიანია. მარტივია ძალადობის დანახვა მაშინ, როცა შენზე უცხო ადამიანი ძალადობს, მაგრამ რთულია ამოიცნო დანაშაული, როცა შენ წინ შენი მეუღლეა/პარტნიორია. როცა ფიქრობ, რომ სქესობრივი კავშირი ამ ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია და უბრალოდ ვალდებული ხარ, ასე მოიქცე, ან მისი დაკარგვის გეშინია. გეშინია, რომ თუ დღეს უარს ეტყვი სექსზე, ხვალ ის სხვასთან წავა. ამასთან, გახსენდება ათასჯერ მოსმენილი სიტყვები, რომ „ურთიერთობა კომპრომისებზე წასვლაა“ და ფიქრობ, რომ ამ ერთხელაც წახვალ კომპრომისზე, არა უშავს, თუკი შენ სიამოვნებას არ იღებ, ორგაზმი ხომ არც არასდროს ყოფილა ქალის პრიორიტეტი; მერე რა, თუ ყელში ბურთი გეჩხირება იმ წამებში, ესეც გაივლის, მალე დამთავრდება, სულ ცოტაც და შენი პარტნიორი ისიამოვნებს და შეგეშვება; მთავარია, ხვალ ისევ შენთან იქნება — მაგრამ არა, სექსი კომპრომისი არ არის.

სურათი: Benedetto Cristofani

ფსიქოლოგი ლოლა ლომიძე აღნიშნავს: „როცა ქალი თავის ემოციებს, სურვილებს, თავის პიროვნებას გვერდზე დებს და ხდება ქმრის/პარტნიორის ერთგვარი დამატება, ვფიქრობ, სოციოკულტურული გავლენა უფროა, ვიდრე სიყვარული. მე მაინც მგონია, რომ სიყვარული არის ის, როცა თავს კარგად გრძნობ და შეგიძლია იმის თქმა, რომ დღეს სექსი არ გინდა და გირჩევნია, დაიძინო“.

„პარადოქსია, რომ ხშირად გვჩაგრავს ის, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს“, — ამბობს იურისტი ანა აბაშიძე და ფიქრობს, რომ ამ ფაქტს ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიყვარს ის, ვინც გუშინ მცემა. მართალია, ამ დროს ქალი ხვდება, რომ ეს ქცევა არ არის ადეკვატური, მაგრამ არ სურს იმის დაჯერება, რომ ადამიანი, რომელთანაც ამდენი რამ აკავშირებს, მოძალადეა. აქ ორი აზრი ებრძვის ერთმანეთს: ერთი, რომელიც გეუბნება, რომ ეს ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია და მეორე, რომელიც გეუბნება, რომ კი, ასეა, მაგრამ ის შენ გაზიანებს. ბუნებრივია, რთულია გადაწყვეტილების მიღება, ხმის ამოღება და დახმარების თხოვნა, რადგან შენს ცნობიერში ეს ნიშნავს შენთვის ძვირფასი ადამიანის გაწირვას, შესაძლოა, მის ციხეში ჩასმასაც. ასეთ ვითარებაში აუცილებელია, ქალს მიეცეს დრო, თავად გადაწყვიტოს, როდის იქნება მზად ამ ყველაფერზე სასაუბროდ.

ასე რომ, ნუ გავიკვირვებთ, თუკი ქალი თვეების ან თუნდაც წლების მერე გადაწყვეტს მოძალადის მხილებას და ნურც იმას გავიკვირვებთ, თუკი იგი არასდროს მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. სახელმწიფო, კანონმდებლობა, საზოგადოება, ოჯახი — არც ერთი მათგანი არ სთავაზობს ქალს ჯანსაღ გარემოს, ისაუბროს ხმამაღლა იმაზე, რაც აწუხებს. ასეთ სოციუმში, მოსთხოვო ქალს ბრძოლა, ნიშნავს, მოსთხოვო მას გმირობა. თუმცა, ადამიანს აქვს უფლება, არ იყოს გმირი, აქვს უფლება, არ ჰქონდეს ძალა, წავიდეს ყველას წინააღმდეგ. ეს ბუნებრივია, ადამიანურია.

რა გავლენას ახდენს სექსუალური ძალადობა პიროვნებაზე?

„სექსუალური ძალადობა ძალიან მძიმე დაღს ასვამს ადამიანს. პირველ რიგში, მას აღარ უყვარს, აღარ მოსწონს საკუთარი თავი, აღარ მოსწონს საკუთარი სხეული, სხეულის სუნი, ფორმა. მას აქვს განცდა, რომ ყველაფერი სულერთია, დასაკარგი მაინც აღარაფერი აქვს. სწორედ ამიტომ, არსებობს ძალიან სამწუხარო სტატისტიკა იმის შესახებ, რომ ქალები, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, მეორედ ან მეტჯერაც აღმოჩნდებიან მსგავს სიტუაციაში. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, ფსიქოლოგის, თავისი მიკროსოციუმის მხარდაჭერა, რათა ამ ადამიანმა შეძლოს საკუთარი თავის ხელახლა შეყვარება და პატივისცემა“ — ლოლა ლომიძე

სურვილის შემთხვევაში, ვის შეიძლება მიმართოს ქალმა დასახმარებლად?

დღეს უკვე არსებობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხზე და უწევს მათ უფასო დახმარებას. თავდაპირველად, მსხვერპლ ქალს შეუძლია რომელიმე ასეთ ორგანიზაციაში მივიდეს და მიიღოს კონსულტაცია. ანა აბაშიძე, რომელსაც მსგავს შემთხვევებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ გამოწვევები აქაც მრავლადაა. მისი აზრით, იურისტებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირველადი კონტაქტი აქვთ მსხვერპლთან, ძალიან ფრთხილად და სწორად უნდა შეაფასონ მისი საჭიროებები.

„როგორც წესი, მსხვერპლს ურჩევენ, დარეკოს ან წავიდეს პოლიციაში, თუმცა ეს არ არის ყოველთვის ერთადერთი სწორი გზა. მით უფრო, ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის ხისტი, კუნთებზე იყურება და მოძალადეს მხოლოდ დაჭერით ემუქრება. ასეთი მიდგომა არ მუშაობს და ეს ქალმა ყველაზე უკეთ იცის, რის გამოც არ სურს პოლიციაში წასვლა, რასაც პატივი უნდა ვცეთ“ — ანა აბაშიძე

რასაკვირველია, არის შემთხვევები, როცა იურისტები ქალებს პირდაპირ მოუწოდებენ, დარეკონ პოლიციაში ან თავად რეკავენ, რადგან მათ სიცოცხლეს სწორედ იმ წუთებში ემუქრება სერიოზული საფრთხე. თუმცა, აქაც არის ერთი გარემოება: ქალის მხრიდან დემონსტრაციულად ტელეფონის ხელში აღებამ და მოძალადისთვის თქმამ, რომ ის რეკავს პოლიციაში, შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს და ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს. სწორედ ამიტომ, ქალებს ურჩევენ, გამოიყენონ ისეთი აპლიკაციები, რომლებსაც ტელეფონის ეკრანზე მინიმალური შეხება სჭირდება და ამ გზით ითხოვონ დახმარება (მაგალითად, სასურველია ტელეფონებში გვქონდეს ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა 112 Georgia ან Safe You).

სურათი: The Conversation / Shutterstock

ასევე, პრაქტიკულად ყველა რაიონში არსებობს უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, სადაც ქალს აქვს შესაძლებლობა, აიყვანოს ადვოკატი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს მსხვერპლის სტატუსის დადგენა, რათა ისარგებლოს სახელმწიფო თავშესაფრითა და სხვა სერვისებით.

ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რჩევა, რასაც იურისტები გასცემენ, ეხება მტკიცებულებების შეგროვებას. მაშინაც კი, თუკი არ გაქვთ გადაწყვეტილი საქმეში სამართალდამცავების ჩართვა, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და ამბები სხვა ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რადგან გამოძიების პროცესში მათი ჩვენებები მნიშვნელოვანი იქნება. თუკი სექსუალური ძალადობა განხორციელდა ფიზიკური ძალის გამოყენებით, მიდით ექიმთან, თუნდაც, არ გსურდეთ მისთვის სიმართლის გამხელა, უბრალოდ ჩანიშნეთ ვიზიტი, რათა თქვენი დაზიანებები დოკუმენტურად აღიბეჭდოს. შეაგროვეთ მტკიცებულებები ნებისმიერი გზით, რადგან შეიძლება ოდესმე მოისურვოთ ამაზე საუბარი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბრძოლას მაშინაც აქვს აზრი, თუკი ამგვარი მტკიცებულებები არ მოგვეპოვება, რადგან სიმართლის დასადგენად სხვა გზებიც არსებობს. ამასთან, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სექსუალური ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, ამიტომ ასეთი სახის დაზიანებები, შესაძლოა, მსხვერპლს საერთოდ არ აღენიშნებოდეს.

და ბოლოს, აუცილებელია ფსიქოლოგთან ვიზიტი. განვითარებულ და გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებულ ქვეყნებში მთელი სისტემა ერთობლივად მუშაობს. სექსუალური ძალადობა ძალადობის ძალიან მძიმე ფორმაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ქალი არ უნდა აღმოჩნდეს მარტო სამართალდამცავების წინაშე, მას სჭირდება სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება, რათა გაიაზროს, რომ სწორ გზაზე დგას, რომ ის არაფერშია დამნაშავე, კვლავ შეძლებს ხარისხიან და ღირსეულ ცხოვრებას და რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ მის გარშემო მყოფი სხვა უამრავი ქალისთვის.

მთავარი სურათი: Getty Images/holaillustrations

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

მსგავსი სტატიები

ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

სექსუალური ძალადობა — რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები საქართველოში?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია