Facebook Script

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

სექსუალური შევიწროება არის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სექსუალური ქმედება. თუ თქვენი მისამართით გაჟღერებულა სექსუალური დატვირთვის მქონე კომენტარები, შეგხებიათ ვინმე თქვენი ნებართვის გარეშე ან იძულებით შეგისრულებიათ რაიმე სახის სექსუალური ქმედება, ესე იგი, თქვენ გამოგიცდიათ სექსუალური შევიწროება.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მისი სქესისა და ასაკისა. სამწუხაროდ, სექსუალურ შევიწროებაზე ღიად საუბარი ჯერ კიდევ ტაბუდადებული და სტიგმატიზებულია. თუ გვსურს არსებული მდგომარეობის შეცვლა, მნიშვნელოვანია, მსხვერპლს ყურადღებით მოვუსმინოთ და მისი მდგომარეობა სერიოზულად აღვიქვათ.

სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. 2018 წლის კვლევის თანახმად, ქალების 81%-ს და კაცების 43%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროების რომელიმე ფორმა. ქალები ორჯერ  უფრო ხშირად ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ვიდრე კაცები, თუმცა, როგორც წესი, კაცების შემთხვევაში, მათი გამოცდილება კიდევ უფრო არასერიოზულად აღიქმება საზოგადოების მხრიდან.

სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი, როგორც წესი, ფლობს გარკვეულ უპირატესობებს. მაგალითად, ის ფიზიკურად მსხვერპლზე უფრო ძლიერია ან აქვს უფრო მაღალი პოზიცია სოციალურ იერარქიაში (შეიძლება იყოს მსხვერპლის უფროსი, მენეჯერი და ა.შ). აქედან გამომდინარე, შესაძლო შურისძიების შიში მსხვერპლისთვის კიდევ უფრო ართულებს თავის მდგომარეობაზე საუბარს.

სექსუალური შევიწროების ფორმები

სექსუალურ შევიწროებად შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ტიპის ქცევა — ის შეიძლება მოხდეს როგორც საჯარო, ისე პირად სივრცეში, ყოველდღიურ ან ოფიციალურ გარემოში, ნაცნობებს ან უცნობებს შორის.

სექსუალური შევიწროებაა ისეთი ქმედებაც, რომელიც შეიძლება დაიწყოს თანხმობით, მაგრამ შემდეგ გაჩნდეს დაუცველობის განცდა და გახდეს არასასურველი რომელიმე მხარისთვის. სექსუალური ხასიათის ქმედება ზოგჯერ შეიძლება ნამდვილად იყოს არასწორი კომუნიკაციის შედეგი, თუმცა ის დანაშაულად იქცევა მაშინვე, როცა ერთი მხარე თავს არაკომფორტულად იგრძნობს, მეორე კი მის ემოციურ მდგომარეობას არ გაითვალისწინებს.

ქვემოთ მოცემულია შემთხვევები, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ სექსუალურ შევიწროებად:

  • დაჟინებული მზერა

  • სტვენა, კოცნის ხმები, სექსუალური კომენტარები

  • სექსუალური ხასიათის ხუმრობები, სხვა ადამიანის სხეულზე უადგილო საუბარი, სექსუალური  სურვილების აშკარა გამოხატვა

  • შეურაცხმყოფელი საუბარი ადამიანის სქესზე, გენდერსა თუ ორიენტაციაზე

  • სექსუალური ხასიათის ფოტოს, ნახატის ან სხვა ნებისმიერი გამოსახულების ჩვენება ან გაგზავნა მეორე მხარის სურვილის საწინააღმდეგოდ ან თანხმობის გარეშე

  • სექსუალური ხასიათის მიზანმიმართული ხახუნი ან შეხება

  • ყურადღების, შეხების, კომპანიის გაწევის ან სექსუალური სარგებლის შეთავაზება ან მოთხოვნა

  • არასასურველი ვიზიტების, სატელეფონო ზარების განხორციელება, არასასურველი ტექსტების, წერილების ან ელფოსტის გაგზავნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას აქვს განმეორებითი ხასიათი

  • არასასურველი საჩუქრების დატოვება ადამიანის სახლთან, სკოლაში, სამსახურში ან სხვა ადგილას

  • ადამიანის სხეულის ნაწილების სხვისთვის ჩვენება

  • თვალთვალი ან მუქარა

  • პირის იძულება, განახორციელოს რაიმე სახის სექსუალური ქმედება

სექსუალური დაშინების/შევიწროების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა სექსუალური ხასიათის ჭორების გავრცელება, როგორც პირად საუბრებში, ისე ონლაინ სივრცეში. ტერმინი „პორნოშურისძიება“ (ინგლ. Revenge porn) აღნიშნავს სექსუალური დატვირთვის მქონე სურათების ან ვიდეოების გაზიარებას თანხმობის გარეშე, მაშინაც კი, თუ ეს შურისძიებასთან არ არის დაკავშირებული.

► ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ აქვთ შესაძლებლობა, ღიად ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებებზე, ან სრულად არ აქვთ გაცნობიერებული მოსალოდნელი სოციალური საზღვრები, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან სექსუალური შევიწროების მიმართ.

შურისძიების მუქარა ბევრ მსხვერპლს აიძულებს გაჩუმებას. მაგალითად, თუ სექსუალური შევიწროების ჩამდენი მსხვერპლის უფროსია, მსხვერპლი ჩუმდება, რადგან ამ ყველაფერზე ღიად საუბრის შემთხვევაში შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ. გარდა ამისა, დამნაშავე შეიძლება იყოს აგრესიული, რა შემთხვევაშიც მსხვერპლი ჩუმდება, რათა საფრთხე არ დაემუქროს მის ქონებას, უარეს შემთხვევაში კი მის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს.

რას გულისხმობს თანხმობა?

ხშირად რთულია იმის ზუსტად ცოდნა, რა სახის ქმედებას უნდა მოეკიდო გაგებით და რა უნდა გააპროტესტო. მაგალითად, თუკი გარკვეული პერიოდი გეცინებათ მეგობრის უხეშ/უხამს ხუმრობებზე, შეიძლება დროთა განმავლობაში გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ის ზღვარს გადასცდა. ასევე შეიძლება დროდადრო სიამოვნებით დადიოდეთ კოლეგასთან ერთად ბარში დასალევად, მაგრამ სექსუალური ხასიათის მესიჯმა, რომელიც ერთ-ერთ ასეთ საღამოს მოჰყვება, შეიძლება დაგაფიქროთ, თქვენი კეთილგანწყობა არასწორად ხომ არ გაიგეს.

სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი ყოველთვის ვერ აცნობიერებს თავის ქცევას და ვერ ხვდება, რომ მისი ქმედება ან კომენტარები სხვა ადამიანს დისკომფორტს უქმნის. მაგალითად, მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხშირად აღნიშნავენ, რომ კლიენტების მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა მათი პროფესიული ვალდებულებაა, რასაც ზოგი ფლირტად აღიქვამს, რის გამოც ხშირად უწევთ სექსუალურ შევიწროებასთან გამკლავება.

კიდევ უფრო რთულია ადამიანის რეალური განზრახვის გაგება ონლაინ საუბრების დროს, რადგან ვერ ვხედავთ არავერბალურ ნიშნებს — მიმიკას, ხმის ტონსა თუ სხეულის ენას, რაც კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

არასასურველი ინტიმურობის მსხვერპლმა შეიძლება შევიწროების ჩამდენის ქმედებები თავიდან შეცდომით მეგობრულ დამოკიდებულებად მიიჩნიოს. რაიმეს თუ თქვენ თვითონ არ იზამდით, შესაძლოა, ის სხვაშიც ვერ შეამჩნიოთ. თუნდაც მსხვერპლი იაზრებდეს, რაც ხდება, მან შეიძლება ეს არ გამოხატოს და არ ამოიღოს ხმა, რადგან:

  • მან არ იცის, რა ფორმით გამოხატოს ის დისკომფორტი, რომელსაც განიცდის

  • ფიქრობს, რომ არც მეორე მხარე აპირებს უფრო შორს წასვლას და ელოდება,  თავად შევიწროების ჩამდენი როდის შეწყვეტს გარკვეული სახის ქმედებას

  • თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ფიქრობს, რომ არასწორი მოლოდინები გაუჩინა მეორეს მხარეს

  • ფიქრობს, რომ უკვე გვიანია რაიმეს თქმა

  • მას არ სურს, რთული ადამიანის იარლიყი მიაწებონ

  • ეშინია, რომ ამით უფრო წაახალისებს სექსუალური შევიწროების ჩამდენს

  • ეშინია, რომ მის პროტესტს მისთვის არასასურველი რეაგირება მოჰყვება

როგორც წესი, ძლიერი შიშის დროს ჩვენი სხეული ირჩევს თავდაცვის რომელიმე ფორმას. ე.წ. „იბრძოლე, გაიქეცი, გაშეშდი“ არის ჩვენი სხეულის ბუნებრივი ინსტინქტური რეაქცია საფრთხეზე, სადაც „ბრძოლა“ ნიშნავს აგრესიის გამოხატვას, „გაქცევა“ — სიტუაციიდან გარიდებას, ხოლო „გაშეშება“ — გაჩუმებასა და პასიურობას.

თუკი სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებს, მან შეიძლება მსხვერპლის სიჩუმე თანხმობად მიიღოს. თუმცა, ეს არასწორია. დუმილი თანხმობის ნიშანი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა იცოდეს, რომ პასიურობა მისივე სხეულის ინსტინქტური რეაქციაა საფრთხეზე/შიშზე. როცა მსხვერპლმა ეს არ იცის, შეიძლება თავი დამნაშავედ მიიჩნიოს იმის გამო, რომ არაფერი გააკეთა ძალადობის შესაჩერებლად.

► უნებლიეთ ვინმეს დისკომფორტი რომ არ შევუქმნათ და თავი ცუდად არ ვაგრძნობინოთ, ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს — ვკითხოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა.

სექსუალური თანხმობა არის შეთანხმება სექსუალურ აქტივობაში მონაწილეობაზე. სანამ ვინმესთან სექსუალური ურთიერთობა გექნებათ, უნდა იცოდეთ, აქვს თუ არა მას ამის სურვილი. ასევე მნიშვნელოვანია, პარტნიორთან იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი იმის შესახებ, თუ რა გსურთ და რა არა.

► თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის სექსუალური აქტივობა (მათ შორის ორალური სექსი, სასქესო ორგანოზე შეხება თუ ვაგინალური ან ანალური შეღწევა) არის სექსუალური ძალადობა ან გაუპატიურება.

რა შემთხვევაში არის თანხმობა ნამდვილი (რეალური):

  • როცა ის გამოთქმულია ზეწოლის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანხმობა არის არჩევანი, რომელსაც აკეთებ ზეწოლის, მანიპულაციის, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების გარეშე

  • თანხმობა არ არის სამუდამო. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს განწყობა ნებისმიერ დროს და ეს ნორმალურია

  • თანხმობის დროს ადამიანი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული. მაგალითად, როცა პირი თანახმაა სექსზე იმ პირობით, რომ პარტნიორი გამოიყენებს თავდაცვის საშუალებას, ხოლო პარტნიორი ამას არ გააკეთებს, ესე იგი, მას არ აქვს მეორე მხარის თანხმობა.

  • თანხმობა უნდა იყოს გულწრფელი და სურვილისმიერი. როდესაც საქმე სექსუალურ ქცევას ეხება, უნდა აკეთო მხოლოდ ის, რაც გსურს, და არა ის, რაც სტერეოტიპულად მიღებულია, რომ უნდა გააკეთო.

  • დაბოლოს, ერთ ქმედებაზე თანხმობა არ ნიშნავს ყველაფერზე თანხმობას.

გახსოვდეთ, თქვენი სხეული თქვენ გეკუთვნით  და არავის აქვს უფლება, მას თქვენი ნებართვის გარეშე შეეხოს. მაშინაც კი, თუ სერიოზული ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან, სრული უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს შეაჩეროთ ის და მან თქვენს სურვილს პატივი უნდა სცეს. გარდა ამისა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენხნიანი ურთიერთობა გაკავშირებთ პარტნიორთან, ნებისმიერი სახის სექსუალური ქმედება ყოველ ჯერზე უნდა განხორციელდეს ორივე მხარის სრული თანხმობით.

წყარო: WomanLog

შევიწროებაზე რეაგირება

შევიწროებაზე რეაგირების სხვადასხვა გზა არსებობს. თუ თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობთ, მაშინ იყავით პირდაპირი: უთხარით სექსუალური შევიწროების ჩამდენ პირს (ხმამაღლა, გასაგებად და ზუსტად), რომ მისი ქცევა თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ. დააზუსტეთ, კონკრეტულად მის რომელ ქმედებებს გულისხმობთ.

► როცა სექსუალურ შევიწროებაზე მიუთითებთ, შეიძლება დანაშაულის გრძნობა გაგიჩნდეთ. არ მოიხადოთ ბოდიში. არაფერია არასწორი იმაში, რომ საკუთარ ემოციებზე ზრუნავთ. თქვენ გარდა ამას სხვა არავინ გააკეთებს.

საუკეთესო შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი ვერ აცნობიერებდა, რომ მისი ქმედებებით ზიანს გაყენებდათ და არც ამის სურვილი ჰქონია, ამიტომ, როცა თქვენი გრძნობების შესახებ გაიგებს, გაჩერდება. ეს ლაპარაკი მას მისცემს შანსს, მომავალში არც თქვენ და არც სხვა ვინმეს მსგავსი დისკომფორტი არ შეუქმნას.

თუ პირისპირ ლაპარაკის დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ ან თუ გამოხატეთ თქვენი ემოციები, მაგრამ მაინც არ შეწყვიტეს შევიწროება, უნდა აღიაროთ, რომ იმ ადამიანს თქვენი ემოციური მდგომარეობა და გრძნობები არ აინტერესებს, რის შემდეგაც შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. დამნაშავემ შეიძლება თქვენი ბრალდებები უარყოს. ასე რომ, ჩაიწერეთ ყოველი დეტალი — რა მოხდა, როგორ მოხდა და სად მოხდა. ასევე, ხომ არ დაუნახავს ვინმეს ან სხვა რელევანტური ინფორმაცია.

თუ შევიწროება ონლაინ სივრცეში ან ტექსტური შეტყობინებით მოხდა, შექმენით საქაღალდე, სადაც შეინახავთ მტკიცებულებებს, როგორიცაა თქვენი საუბრების ე.წ. „სქრინები“ ან მოძალადის მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი მასალა, რაც სიმართლის დამტკიცებაში დაგეხმარებათ. რაც შეიძლება მალე შეინახეთ მტკიცებულებები, რადგან თუკი მოძალადეს ეჭვი გაუჩნდება, რომ თქვენ ამაზე საუბარს აპირებთ, ყველაფერს წაშლის.

იპოვეთ სანდო ადამიანი, რომელსაც თქვენი მდგომარეობის შესახებ მოუყვებით. თუ სკოლის მოსწავლე ხართ, აუცილებლად მოძებნეთ სანდო ზრდასრული ადამიანი. თუ პირველი არჩევანი არ გაამართლებს და სათანადოდ არ მოგისმენთ, მაშინ მოძებნეთ სხვა, ვინც ამას გააკეთებს.

თუ სამსახურში გავიწროებენ, მიმართეთ სანდო კოლეგას ან უფროსს (ცხადია, თუ ის თავად არ არის მოძალადე ან არ დგას მოძალადის მხარეს) ან უფროსის უფროსს. ბევრ კომპანიას აქვს გაწერილი კონკრეტული პროცედურები მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით — კარგად გაეცანით თქვენს სამუშაო ხელშეკრულებას და შიდა განაწესს.

თუკი საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ ღიად ისაუბროთ თქვენ მიმართ სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე სკოლაში ან სამსახურში, გაითვალისწინეთ:

  • სთხოვეთ სანდო ადამიანს, გამოგყვეთ შეხვედრაზე

  • თან იქონიეთ ყველა მტკიცებულება

  • ჩაიწერეთ შეხვედრა (ან ჩაინიშნეთ, როდის შედგა, ვინ ესწრებოდა და რა შედეგით დასრულდა) იმ შემთხვევისთვის, თუკი თქვენ მიმართ სექსუალური შევიწროება გაგრძელდება ან თუ რაიმე ფორმით დაისჯებით ამ თემაზე საუბრის გამო

იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირები თქვენს ამბავს სერიოზულად არ მოეკიდებიან და არ მიიღებენ შესაბამის ზომებს, რაც თქვენს დაცვას გულისხმობს, მიმართეთ პოლიციას.

თუკი არავინ გისმენთ

სექსუალურ შევიწროებას შეიძლება საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი შედეგები მოჰყვეს მსხვერპლისთვის, როგორიცაა: შფოთვა, დეპრესია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, წონის დაკლება ან მომატება, გულისრევა, თვითშეფასების დაქვეითება და სექსუალური დისფუნქცია. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება ისეთ მეგობარს ან სანდო ადამიანს, რომელიც თანაგრძნობითა და პატივისცემით მოგისმენთ. თუკი ასეთი ადამიანი არ გყავთ, შესაძლოა, ფსიქოთერაპევტი დაგეხმაროთ. საკუთარი თავის განკურნება საბოლოოდ ჩვენი საქმეა, მაგრამ აუცილებელი არაა, ეს გზა მარტომ გავიაროთ.

გახსოვდეთ, ხშირია შემთხვევები, როცა მოძალადეები გავლენიანი პირები არიან და ამის გამო დაუსჯელები რჩებიან. ძალიან ხშირად მსხვერპლი, ფაქტობრივად, უძლურია, მიაღწიოს სამართლიანობას, რადგან მმართველ პირებს არ აწყობთ ამბის გახმაურება. ამის მიუხედავად, თუკი თქვენ იპოვით ძალას, რომ ღიად ისაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე, აუცილებლად გააკეთეთ ეს იმისათვის, რათა სხვას თავიდან ააცილოთ მსგავსი შემთხვევები.

თუმცა, პირველ ყოვლისა, უნდა იფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე და თუ სხვა გზა არ არის, შეიცვალეთ სკოლა, სამსახური ან ის ადგილი, სადაც თქვენზე სექსუალურად ძალადობენ ან გავიწროებენ. თუ ფიქრობთ, რომ წასასვლელი არსად გაქვთ ან გამოსავალს ვერ ხედავთ, მიმართეთ თავშესაფრებს ან ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს. რაც მთავარია, შეეცადეთ, ეს პროცესები მარტომ არ გაიაროთ. იპოვეთ ადამიანი (მეგობარი, თერაპევტი ან სხვა), რომელიც მოგისმენთ და მხარს დაგიჭერთ.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით ვინმეს შესახებ, ვინც ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად დაუკავშირდით:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: WomanLog

თარგმანის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სექსუალობა, სექსი, საზღვრები, უსაფრთხოები, ნუდები, შიშველი, ფოტოები, პარტნიორი, შეყვარებული, ურთიერთობა, ძალადობა, ფსიქოლოგიური, ემოციური, video, seqsualoba, seqsi, sex, sazrvrebi, tanxmoba, თანხმობა

ვიდეო — სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები

ვიდეო: სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები — ემოციური, იგივე მენტალური საზღვრები, ფიზიკური საზღვრები და ციფრული საზღვრები. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი?

ჩემი უსაფრთხოება
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია