Facebook Script

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

იმ გარემოში, სადაც ბულინგი (ჩაგვრა) ჩვეულებრივი მოვლენაა, სადაც  ასაკის გამო არავინ გისმენს, ხოლო სექსზე ლაპარაკი „უზრდელობაა“, ცხადია, მოზარდად ყოფნა რთულია. თუმცა, იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) მოზარდი ამ გარემოში, სადაც განსხვავებულობა იმთავითვე უარყოფითად აღიქმება, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უამრავი სტიგმა გხვდება, ძალიან დიდი გამოწვევაა.

გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ემოციურ და ცვლილებებით დახუნძლულ პერიოდადაა მიჩნეული, რაც ნებისმიერი მოზარდისთვის რთულად გასააზრებელი, ზოგჯერ კი რთულად გადასატანიცაა. ფიზიკურ ცვლილებებს თან ახლავს ჰორმონალური ცვლილებები, რაც მკვეთრად აისახება ახალგაზრდის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მით უფრო მგრძნობიარე არიან ამ ასაკში შშმ მოზარდები. ისინი უფრო რთულად ეგუებიან ცვლილებებს და უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და შფოთვისკენ, რადგან პატარა ასაკიდანვე ბევრ სირთულესთან უწევთ გამკლავება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი წინასწარ შევამზადოთ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი მოსალოდნელი ცვლილებებისთვის. 

გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა სქესობრივი მომწიფება და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების გააზრებაა. იმისათვის, რომ მათ მნიშვნელოვან საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიღება შეძლონ და სწორი მოლოდინები გაუჩნდეთ, აუცილებელია, მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია კომპეტენტური ადამიანებისგან. როცა შშმ მოზარდზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აქ დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო, რადგან ყველა დიაგნოზს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სირთულეები ახლავს თან, რომელთა უგულებელყოფა დაუშვებელია.

„მშობლის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის სექსუალურ განათლებაში, ძალიან დიდია. თუკი ტიპური განვითარების მქონე მოზარდს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მსგავსი ტიპის განათლება არაფორმალური გზით, იქნება ეს ინტერნეტი, მეგობრები თუ სხვა, შშმ ბავშვს ხშირ შემთხვევაში ეს არ შეუძლია. ან, თუ ის მაღალფუნქციურია, შესაძლებელია დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია, მაგრამ არ ვიცით, როგორ გადაამუშავებს მას, ამიტომ მათთვის განსაკუთრებულად საჭიროა სექსუალური განათლების შესახებ ინფორმაციის ფორმალური გზით მიწოდება ისეთი ადამიანისგან, ვისაც ენდობა“, — გვეუბნება თიკო კოშკაძე, ქცევის თერაპევტი და კონსულტანტი სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სექსუალური განათლება არ გულისხმობს მხოლოდ სქესობრივ კავშირზე საუბარს. იდეალურ შემთხვევაში, სექსუალური განათლება უნდა ფარავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • საკუთარი თავის პატივისცემა, ღირსების შეგრძნება;

  • თავის მოვლის უნარ-ჩვევები, პირადი ჰიგიენა;

  • სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ურთიერთობების გასავითარებლად და შესანარჩუნებლად;

  • პირადი და საჯარო სივრცის ადეკვატურად აღქმა და მათი განსხვავება;

  • პირადი უსაფრთხოება;

  • ურთიერთობის სირთულეებთან ან უარყოფასთან გამკლავება;

  • სექსი და ურთიერთობები, მათ შორის ქორწინება და მშობლობა;

  • სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ფიზიკური და ემოციური ცვლილებები;

  • მენსტრუაცია;

  • მასტურბაცია;

  • უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

ქცევის თერაპევტი, თიკო კოშკაძე: „განათლებაში შედის თავის მოვლის უნარ-ჩვევებიც. ამაზე ვაშენებთ მერე სხვა უფრო კომლექსურ თემებს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ადრე დაიწყებს მშობელი შვილისთვის სექსუალური განათლების მიწოდებას მისთვის გასაგები ენით, მით უფრო მარტივად წარიმართება შემდგომი პროცესები“.

შშმ მოზარდებთან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირადი და საჯარო სივრცის აღქმის პრობლემა. სექსუალურ ქცევებზე ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, მათ უნდა ვასწავლოთ, რომელ სივრცეში რა ქმედებაა მისაღები და დასაშვები.

„ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ვასწავლოთ, რომ ისეთი ქმედებები, როგორებიცაა, მაგალითად, გაზების გაშვება, სასქესო ორგანოებზე ხელის მოკიდება და სხვა, შეუძლია განახორციელოს პირად სივრცეში, თუნდაც საკუთარ ოთახში და არა — ხალხმრავალ ადგილას. თუმცა, ისიც უნდა ავუხსნათ, რომ არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად, ერექცია, და უნდა ვასწავლოთ ისიც, როგორ შეუძლია ამის დამალვა, თუნდაც ჩანთის აფარებით, რათა არ გახდეს შერცხვენის ობიექტი თანატოლებისგან და არ დაისტრესოს, მაგრამ პარალელურად აუცილებლად უნდა ვუსვამდეთ ხაზს, რომ ეს ბუნებრივი ამბავია და ამაში სასირცხვილო არაფერია“, — აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი ბელა ჟღენტი.

იმ ქვეყნებში, სადაც შშმ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ სამედიცინო მოდელი გამოიყენება, რთულია, გვერდი ავუაროთ მოზარდების განვითარების პროცესში მშობლების როლს, რაც არსებულ გამოწვევებს ერთიორად ზრდის. როდესაც მოზარდებისთვის სექსუალური განათლების მიწოდების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს: თუკი მშობელი თავად არ გაიაზრებს იმ ფაქტს, რომ მასტურბაცია ნორმალური ქცევაა, რთულია, რომ მან შვილს ადეკვატური ცოდნა მისცეს ამ საკითხის შესახებ.

წყარო: ანიკი გელაშვილი / Femea

კლინიკური ფსიქოლოგი, ბელა ჟღენტი: „მოზარდს ენის მოჩლექით არ უნდა ელაპარაკო. რაც მთავარია, საუბრის დროს აუცილებელია თვალით კონტაქტი. მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ თემა, რომელზეც საუბრობენ, არც დასამალია და არც სასირცხვილო. პირველ ყოვლისა, სწორედ მშობლისგან არ უნდა მიდიოდეს ასეთი განწყობა“.

მშობლის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს ანა სიხაშვილი, რომელმაც მხედველობა ხუთი წლის ასაკში დაკარგა:

„ჩემი ოჯახის წევრები აღმიქვამენ არა როგორც შშმ პირს, არამედ როგორც სრულფასოვან ადამიანს. მე რომ ასეთი მხარდაჭერა არ მქონოდა, ვერც დამოუკიდებლად სიარულს გადავწყვეტდი, ვერც ამერიკაში წავიდოდი სასწავლებლად, ვერაფერს ვიზამდი. არ კი არა, ვერ ვიზამდი. როცა ოჯახში ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ, მერე გარეთ რომ გადიხარ და ვიღაც არათანასწორად აღგიქვამს, პროტესტი გიჩნდება და ამბიციაც, რომ ეგრე კი არ უნდა მოგექცნენ, არამედ ისე, როგორც ოჯახში გექცევიან, რადგან ეს არის სწორი. ჩემს შემთხვევაში ოჯახის როლი ძალიან დიდი იყო, რადგან რომ არა ამათი სწორი დამოკიდებულებები, ალბათ, დღეს სხვანაირად ვიქნებოდი, ნაკლებად დამოუკიდებელი“.

ისეთი ოჯახი, როგორზეც ანა გვესაუბრა, სამწუხაროდ, არც ისე ბევრია. მშობლის მხარდაჭერა, როგორც წესი, იმაში გამოიხატება, რომ ისინი თავიანთ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და 24 საათი შვილების გვერდით არიან, თავად აბანავებენ, თავად უწყვეტენ, რა ჭამონ, რა არ ჭამონ; რა ინფორმაცია მიიღონ ან არ მიიღონ. საბოლოოდ, ასეთი მშობლები არათუ შვილის სოციალიზებას ვერ უწყობენ ხელს, პირიქით, თავად ხდებიან ასოციალურები.

„29 წელია ექიმის კარიდან არ გამოვსულვარ. მე თვითონ ვსვამ ფსიქოტროპულ წამლებს. რა ვქნა, რაც არის, ეგ არის. სანამ ცოცხალი ვიქნები, ვეყოლები ჩემს შვილებს. ჩემს შვილებს მარტო მე ვყავარ. ამხანაგები არ ჰყავთ, დები არიან ერთმანეთის ამხანაგები, ერთმანეთის გულშემატკივრები“, — გვიზიარებს თავის გამოცდილებას ორი შშმ გოგოს მშობელი.

რაც შეეხება გარდატეხის ასაკში შვილებთან სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს, მშობელი აღნიშნავს, რომ ყურადღებას აქცევდა მათ პირად ჰიგიენას, ასევე ასწავლიდა, როგორ უნდა გამოეყენებინათ დამოუკიდებლად საფენი მენსტრუაციის დროს, თუმცა მათი სექსუალური განათლება ამით ამოიწურებოდა.

„ისეთ თემებზე ლაპარაკს მე ყველანაირად ვარიდებდი თავს. იმიტომ, რომ რუსეთში როცა მყავდნენ ესენი, ექიმებისგან ასე ვიყავი გაფრთხილებული, ამათთან ასეთ თემებზე არ მელაპარაკა. ესენი ადრე მომწიფდნენ. ამათ ვინმე თუ შეუყვარდათ, მერე გადაყვარება უჭირთ. ჩვენ რომ ამათ ვუბიძგოთ და ოჯახი შევაქმნევინოთ, ეგრე ვერა“.

არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც მშობლები/მეურვეები შშმ მოზარდებს სექსუალურ განათლებას არ აძლევენ:

  • ფართოდაა გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანს/მოზარდს არ სჭირდება სექსუალური განათლება, რადგან ისინი, ყოველთვის „ბავშვებივით“ იქნებიან, ანუ არასდროს გაუჩნდებათ სექსუალური მოთხოვნილებები, რაც ცალსახად არასწორია.

  • ზოგიერთ მშობელს ეშინია, რომ თუკი ის მისცემს შვილს სექსუალურ განათლებას, მოზარდი უფრო მეტად დაინტერესდება ექსპერიმენტების ჩატარებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ა.შ. ხოლო თუ ნაკლები ეცოდინებათ ამ თემაზე, ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ სქესობრივი კავშირის მიმართ. რეალურად კი, პირიქითაა. ასეც რომ არ იყოს, სექსუალური განათლების მიცემა იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბარსაც გულისხმობს, რისი დადგომის შიშიც აქვთ მშობლებს.

  • ზოგიერთ მშობელს ზოგადად უჭირს ღიად სექსზე საუბარი, მით უფრო შვილებთან. კიდევ უფრო უჭირთ მსგავს თემებზე საუბარი შშმ მოზარდებთან, რადგან ეშინიათ და არ იციან, რა ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი პროფესიონალის ჩართვაა, რომელიც მშობელს გააძლიერებს და ასწავლის იმ ხერხებსა და ტაქტიკებს, რაც შვილთან კომუნიკაციის პროცესს გაუადვილებს.

დაბოლოს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს შემდეგი: ზოგადად, ბავშვები და მოზარდები სექსუალური შევიწროების/ძალადობის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. კიდევ უფრო იზრდება ეს რისკი შშმ მოზარდების შემთხვევაში და კიდევ უფრო, თუკი ისინი გოგოები არიან. აქედან გამომდინარე, სექსუალური განათლების მიცემა მოზარდებისთვის, მინიმუმ, ამ რისკების შემცირებას ემსახურება.

„სექსუალური განათლება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამით ძალადობის პრევენციამდე მივდივართ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი, როცა საუბარია ინტელექტუალურ დარღვევაზე, როგორც წესი, ვერ აცნობიერებს, რომ მასზე იძალადეს. მნიშვნელოვანია სხეულის უსაფრთხოების სწავლება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის და არავის შეუძლია შეეხოს მისი ნებართვის გარეშე“, — ქცევის თერაპევტი, თიკო კოშკაძე.

გამოყენებული წყაროები:

  • BetterHealth — Talking to young people with cognitive disabilities about sex 

  • ინტერვიუები ანა სიხაშვილთან (შშმ ახალგაზრდა), ბელა ჟღენტთან (კლინიკური ფსიქოლოგი), თიკო კოშკაძესთან (ქცევის თერაპევტი და კონსულტანტი სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებით) და შშმ გოგოების მშობელთან

მთავარი სურათი: Getty / Forbes

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია