Facebook Script

აბორტის უფლება — მნიშვნელობა, ბარიერები და მითები

10 იანვარი, 2023 | აბორტი

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, ანუ აბორტი, ხორციელდება:

ა) ნებაყოფლობით (ქალის მოთხოვნის საფუძველზე) ორსულობის 12 კვირამდე (ჩათვლით);

ბ) სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შესაბამისად ორსულობის 12-იდან  22 კვირამდე.

ამავე კანონმდებლობაში ვკითხულობთ: 12 კვირამდე (ჩათვლით) ვადის ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია, თუ ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება — აბორტისწინა კონსულტაცია ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და გასაუბრებიდან სამედიცინო ჩარევამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ორსულობის მე-12 კვირაზე მიმართვისას, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ იწურება ლეგალური აბორტის ვადა, რაც განაპირობებს სერვისის მიწოდების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი პერიოდი შესაძლებელია შემცირდეს არანაკლებ 3 დღემდე.

მიუხედავად არაერთი კონსერვატიული ძალის მცდელობისა (როგორც საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ისე პარლამენტში აბორტის აკრძალვის/გამკაცრების კანონპროექტის შეტანით), საქართველოში უახლოესი წლების განმავლობაში  აბორტის უფლება სამართლებრივად კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. თუმცა, რეალურად, კანონით გარანტირებული უფლება ქალებისთვის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ამ მხრივ, არც არასრულწლოვანებია გამონაკლისი.

„14 წლის მოზარდს კანონით აქვს უფლება, მიიღოს აბორტის სერვისი მშობლის/მეურვის ნებართვის გარეშე, კონფიდენციალურად. თუმცა, საქართველოში არსებული კლინიკების უმრავლესობაში მაინც ითხოვენ მშობლის/მეურვის არა მხოლოდ ზეპირ, არამედ ხშირად წერილობით ნებართვასაც კი. ეს არის ცალსახად კანონის დარღვევა“ — ამბობს „ფემეასთან“ საუბარში ანნა თვარაძე, იურისტი და ასოციაცია ჰერა XXI-ის სამართლებრივი კონსულტანტი.

კანონის და, ზოგადად, ეთიკის დარღვევასთან გვაქვს საქმე მაშინაც, როცა აბორტთან დაკავშირებით გინეკოლოგთან კონსულტაციას (როგორც არასრულწლოვანის, ისე სრულწლოვანის შემთხვევაში) ესწრება ოჯახის რომელიმე წევრი. ეს შეიძლება იყოს დედამთილი, დედა და ა.შ. ასეთ გარემოში დიდია იმის შანსი, რომ პაციენტი არ იყოს ბოლომდე გულწრფელი ექიმთან ან გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ზემოქმედების ქვეშ მიიღოს.

აბორტის უფლების გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები

ასოციაცია ჰერა XXI-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის „რეპროდუქციული ასაკის ქალებში უსაფრთხო აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობის ბარიერები“ თანახმად, იკვეთება შემდეგი ძირითადი ბარიერები, რომელთა გამოც საქართველოში მცხოვრებ ძალიან ბევრ ქალს აბორტის სერვისზე ხელი რთულად ან საერთოდ არ მიუწვდება:

კლინიკის სიშორე/გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა — აღნიშნული ბარიერი განსაკუთრებით იჩენს თავს რეგიონებსა და რაიონებში, სადაც ქალები აწყდებიან ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაშიც იგულისხმება როგორც კლინიკის სიშორე დროის თვალსაზრისით, ისე გადაადგილების ხარჯები. საბოლოოდ, ასეთმა ბარიერმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქალის ჯანმრთელობასა და მის სიცოცხლესაც კი.

აბორტის მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა — კვლევაში აღნიშნულია, რომ აბორტის ფასები წლების მიხედვით განსხვავდება, თუმცა, 2019 წლის მონაცემებით, ფასები მერყეობდა 30-50 ლარიდან 180-200 ლარამდე. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, იგი დამოკიდებულია თავად რესპონდენტის ფინანსურ შესაძლებლობაზე. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასებს არახელმისაწვდომს უწოდებს (მოუწია ფულის სესხება, ბანკის ვალის აღება ან ლომბარდის მომსახურებით სარგებლობა).

დასახელებული ბარიერების გარდა, ქალებისთვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს აბორტის მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითიდამოკიდებულება, რაც ხშირად სათავეს რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიდან იღებს. მართლმადიდებლური ეკლესია აბორტს სასტიკად ეწინააღმდეგება და მას ცოდვად მიიჩნევს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ქალები აბორტთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ისმენენ არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა თუ ნაცნობებისგან, არამედ ექიმებისგან, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პაციენტს მიაწოდონ ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება განსჯისა და შეფასებებისგან დაცლილად. აქ ვაწყდებით რამდენიმე სახის პრობლემას: პირველ ყოვლისა, მეან-გინეკოლოგების დიდი ნაწილი მთელი ძალით ცდილობს, ქალს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინოს, ან მეორე, საერთოდ უარს ამბობს მსგავსი მომსახურების გაწევაზე პირადი, რელიგიური თუ მორალური შეხედულებებიდან გამომდინარე.

ანნა თვარაძე: „ცხადია, ადამიანის რელიგიური შეხედულებების პატივისცემა კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ როდესაც ხარ ექიმი, სამედიცინო მუშაკი, გაქვს ვალდებულება იმისა, რომ განახორციელო პაციენტის მხრიდან მოთხოვნილი სამედიცინო სერვისი. აბორტის ჩაუტარებლობამ შეიძლება რიგ შემთხვევაში რისკის ქვეშ დააყენოს ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორც ვხედავთ, ჩვენს კლინიკებში ეს არ არის ამგვარად გაგებული და გააზრებული“.

ქალისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარის თქმის მცდელობაში ექიმებს კანონმდებლობაში ჩადებული ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ეხმარება. კერძოდ, ე.წ. 5-დღიანი მოსაცდელი პერიოდი. წესით, მოსაცდელი პერიოდი უნდა გამოიყენებოდეს იმისათვის, რომ ქალმა მიიღოს სრული ინფორმაცია აბორტის შესახებ. მაგალითად, რა და რა სახის აბორტი არსებობს, რომელი შეიძლება იყოს მისთვის ყველაზე მისაღები და რელევანტური და, ზოგადად, რა პროცესებთანაა აბორტი დაკავშირებული, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს პაციენტს და ა.შ. ყოვლად დაუშვებელია, აღნიშნული ხუთი დღე ქალს ექიმისგან მიეცეს (თუნდაც ირიბად) იმაზე დასაფიქრებლად, თუ როგორ დიდ „შეცდომას“ უშვებს და იქნებ შეცვალოს გადაწყვეტილება. არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ მსგავსი მოწოდებები ხშირად ისმის მეან-გინეკოლოგებისგან.

ზოგადად, მოსაცდელ პერიოდთან მიმართებით, რომელიც 3 დღიდან 5 დღემდე გაიზარდა, ბევრ სპეციალისტს (იურისტებს, უფლებადამცველებს, ფსიქოლოგებს) აქვს კრიტიკული დამოკიდებულება. მათი დიდი ნაწილის აზრით, ქალისთვის დაწესებული ხუთდღიანი მოსაცდელი პერიოდი ძირითადად დამატებითი სტრესი, ბარიერი და ემოციური დისკომფორტია. გარდა ამისა, როცა ტრანსპორტის, დროისა თუ ფინანსურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, კლინიკაში ხელმეორედ მისვლა ბევრი ქალისთვის გადაულახავი ბარიერია. ამის მაგივრად, ისინი ამჯობინებენ, მიმართონ აბორტის გაკეთების სხვა გზებს, როგორიცაა არალეგალური ან თვითნებური აბორტი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქალის ჯანმრთელობას და რასაც შეიძლება მძიმე შედეგებიც მოჰყვეს. 

აღსანიშნავია კიდევ ერთი უარყოფითი მხარე, რაც მოსაცდელ პერიოდს აქვს. ხუთი დღის გასვლის შედეგად, სამართლებრივად განსაზღვრული ვადებიდან გამომდინარე, პაციენტი შეიძლება იძულებული გახდეს, ორსულობის შესაწყვეტად მიმართოს ქირურგიულ ჩარევას. ეს მაშინ, როცა კლინიკაში მისვლის პირველ-მეორე დღეს იგი შეძლებდა მედიკამენტური აბორტის სერვისის მიღებას, რაც გაცილებით მარტივი პროცედურაა და ქალისთვისაც ნაკლებ სტრესთანაა დაკავშირებული.

ანნა თვარაძე: „კრიტიკას ვერ უძლებს კანონის ჩანაწერი მოსაცდელ ხუთდღიან პერიოდთან დაკავშირებით. კვლევები აჩვენებს, რომ ეს მოსაცდელი ვადა არ არის რელევანტური ქალისთვის და ქალის ჯანმრთელობისთვის და არ შეესაბამება იმ სტანდარტებსა და საერთაშორისო ნორმებს, რომელიც აღიარებული გვაქვს ქვეყანაში“.

წყარო: Chiara Ghigliazza

მითები აბორტზე

აბორტთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებს შორის განსაკუთრებით ხშირად შევხვდებით მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აბორტი სახიფათოა ქალის ჯანმრთელობისთვის, იწვევს დეპრესიასა და სხვა სახის ფსიქიკურ აშლილობებს. რეალურად, არცერთი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს კავშირს აბორტსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს შორის. იგივე კვლევები ხაზს უსვამს, რომ ზიანის მომტანია არა აბორტი, არამედ უსაფრთხო და ლეგალურ აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. 

„მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ აბორტი არ იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. საზიანოა ის სტიგმა, რაც აბორტის გარშემოა გავრცელებული, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით ცოდნისა და აბორტზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა“, — აღნიშნავს დებრა მოლენი, დოქტორი, ტეხასის ქალთა უნივერსიტეტის საკონსულტაციო ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელიც შეისწავლის აბორტისა და რეპროდუქციულ უფლებებს.

აბორტის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებზე საუბრობს ჯულია სტეინბერგიც, მერილენდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საოჯახო მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა აბორტის საკითხს:

„არის ქვეყნები, სადაც ქალებს ეუბნებიან, რომ აბორტის გაკეთების გამო მათ შეიძლება დაეწყოთ დეპრესია, სუიციდური აზრები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობები და სხვა. აბორტი არ იწვევს დეპრესიას, არ იწვევს სუიციდის ან სუიციდური აზრების გამოვლენას. ის არ იწვევს მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. ის არ იწვევს შფოთვით აშლილობებს“.

აბორტის უფლების მნიშვნელობა

აბორტი, როგორც ქალის უფლება, ასევე სხვა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებებია, რომელთა გააზრებაც სხვა უფლებებისგან განცალკევებით შეუძლებელია. აბორტის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებების შემადგენელი ნაწილია — იმ უფლებების, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებითა და კონვენციებით, რომლებსაც საქართველოც აწერს ხელს. შესაბამისად, აბორტის უფლების დაცვა და მისი პრაქტიკაში განხორციელება სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ანნა თვარაძე: „აბორტთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ კავშირშია ისეთ ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, პირადი ცხოვრების უფლება, პიროვნული თვითგამორკვევის უფლება ა.შ.“

ადამიანისთვის აბორტის უფლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, აბორტის აკრძალვა ან ამ გზაზე დაბრკოლებების ბუნებრივად თუ ხელოვნურად გაჩენა ვერ შეამცირებს აბორტების რაოდენობას. თუკი ქალისთვის ორსულობა არასასურველია, რაც შეიძლება არაერთი ფაქტორით იყოს გამოწვეული, ის აუცილებლად იპოვის გზას მის შესაწყვეტად, ასეთი გზები კი ყოველთვის არალეგალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აბორტთან დაკავშირებული ბარიერების აღმოსაფხვრელად არაქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ექიმების/კლინიკების მხრიდან პაციენტისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარის თქმას, ხოლო საზოგადოების მხრიდან ქალების დადანაშაულებას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს — ქალის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება და არა — აბორტის რაოდენობის შემცირება. აბორტის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების სექსუალური განათლების გზითა და მსგავს საკითხებზე ქალების (და არამარტო) ცნობიერების ამაღლებით.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Karina Perez / NPR

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

აბორტი, კანონი, ვადები, ტიპები, მედიკამენტური, ქირურგიული, დილატაცია, ევაკუაცია, კიურეტაჟი, ვაკუუმ, ასპირაციული, უსაფრთხოება, არალეგალური, მითები, ზიანი, aborti, kanoni, vadebi, tipebi, medikamenturi, qirurgiuli, dilatacia, evakuacia, kiuretaji, vakuum, aspiraciuli, usafrtxoeba, aralegaluri, mitebi, ziani

აბორტი — კანონი, ვადები, ტიპები და უსაფრთხოება

აბორტის პროცედურა — რას ამბობს კანონი და ვის აქვს უფლება, გაიკეთოს აბორტი? ვის მივმართოთ აბორტისთვის და რა ტიპის მეთოდები არსებობს (მედიკამენტური, ქირურგიული). ოპერაციის შემდგომი პერიოდი, შესაძლო გართულებები და არალეგალური აბორტი.

აბორტი

გააზიარე სტატია

აბორტის უფლება — მნიშვნელობა, ბარიერები და მითები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია