Facebook Script

აბორტი — კანონი, ვადები, ტიპები და უსაფრთხოება

18 იანვარი, 2023 | აბორტი

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, აბორტის თემა სტიგმატიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ათასობით ქალი ირჩევს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. სწორედ ამ სტიგმის გამო, ინტერნეტში საკმაოდ მწირია აბორტის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე.

ამ სტატიაში მოგაწვდით იმ ძირითად ინფორმაციას, რომელსაც აბორტის შესახებ უნდა ფლობდეთ: ვის შეუძლია აბორტის გაკეთება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ვის შეიძლება მივმართოთ ამ პროცედურისთვის, რა ტიპის აბორტები არებობს და როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

ვის შეუძლია აბორტის გაკეთება?

ხელოვნური აბორტი სამედიცინო ჩარევაა, რომელიც ორსულობის შეწყვეტის მიზნით ტარდება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აბორტის გაკეთება შესაძლებელია 12 კვირამდე ვადის ორსულობისას. ხოლო 12 კვირას გადაცილებულთათვის აბორტი ნებადართულია სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში — თუ დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ასეთი შემთხვევები წყდება ინდივიდუალურად კომისიის მიერ. 

გარდა სამედიცინო მიზეზებისა, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ შესაძლოა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ:

  1. ორსულობა დადგა სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად;

  2. თუ ქალის ასაკი არ აღწევს 15 წელს;

  3. თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 49 წელს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მშობლების ნებართვის გარეშე აბორტის გაკეთება შეუძლია 14 წლიდან ნებისმიერ პირს. მეტიც, განურჩევლად პაციენტის ასაკისა, სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება, გაამხილოს ეს ინფორმაცია.

გადაწყვეტილების მოტივი

აბორტის შესახებ გაცნობიერებული საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია. დარწმუნდით, რომ ის ოჯახის წევრის ან პარტნიორის ზეწოლის შედეგად არ არის მიღებული. გარდა ამისა, აბორტი არ უნდა იყოს სქესის შერჩევის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში სელექციური (შერჩევითი) აბორტის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა, სქესის ნიშნით ორსულობის შეწყვეტა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება.

ვის უნდა მიმართოთ?

საქართველოში აბორტის გაკეთება სახელმწიფო და კერძო კლინიკებშია შესაძლებელი. პროცედურამდე პაციენტი კონსულტაციას მეან-გინეკოლოგთან გადის, რომელიც სამედიცინო ჩარევამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ ვადას ნიშნავს. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ორსულობის მე-12 კვირაზე მიმართვისას, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ იწურება ლეგალური აბორტის ვადა, რაც განაპირობებს სერვისის მიწოდების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, მოსაფიქრებელი პერიოდი შესაძლებელია შემცირდეს არანაკლებ 3 დღემდე.

ექიმს აქვს უფლება, უარი უთხრას პაციენტს აბორტის ჩატარებაზე, თუ იგი წინააღმდეგია რელიგიური, ეთიკური ან სხვა მოსაზრების გამო. თუმცა, ამავდროულად იგი ვალდებულია, გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან. ამასთანავე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლით ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის შესახებ,  კონსულტაციის დროს ექიმი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა, პრივატულობა და პატივი სცეს ქალის ღირსებასა და არჩევანს.

ვიზიტი კონფიდენციალურ გარემოში უნდა ჩატარდეს. ექიმმა პაციენტს ინფორმაცია აბორტის მეთოდებსა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, გინეკოლოგი პაციენტს გასინჯავს, ჩაუტარებს ექოსკოპიურ კვლევას, რათა დაადასტუროს ორსულობა და განსაზღვროს ვადები; აიღებს სისხლის ანალიზს. შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში ექიმმა სხვა გამოკვლევებიც დანიშნოს.

აბორტის ტიპები

არსებობს ორი ტიპის აბორტი: მედიკამენტური და ქირურგიული.

მედიკამენტური აბორტი

მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში, ორსულობის შეწყვეტა ოპერაციისა და ანესთეზიის გარეშეა შესაძლებელი. პაციენტს მედიკამენტის მიღება სახლის პირობებშიც შეუძლია და კლინიკაში ყოფნა სავალდებულო არ არის. როგორც წესი, ორსულობის ადრეულ ეტაპზე მყოფებს ექიმები მედიკამენტურ აბორტს ურჩევენ. 

მედიკამენტური აბორტის ჩატარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სისხლის ანალიზმა დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა და პაციენტს ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი არ აქვს, რადგან მედიკამენტურ აბორტს სისხლის უფრო მეტი დანაკარგი ახასიათებს, ვიდრე ქირურგიულ აბორტს.

გარდა ამისა, მედიკამენტური აბორტი დაუშვებელია, თუ:

  • ორსულობის დრო გადასცილდა 9 კვირას (ზოგიერთი სახის მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის შვიდი კვირის შემდეგაც კი).

  • გაქვთ ან ვარაუდობთ საშვილოსნოსგარე ორსულობას;

  • გაქვთ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა გარკვეული დაავადებები, ღვიძლის, თირკმელების ან ფილტვების მძიმე დაავადება ან კრუნჩხვითი აშლილობა;

  • მიღებული გაქვთ სისხლის გამათხელებელი ან სტეროიდული მედიკამენტები;

  • გაქვთ ალერგია დანიშნულ მედიკამენტზე.

გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტური აბორტი აუცილებლად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ექიმისგან დამოუკიდებლად ორსულობის შემწყვეტი მედიკამენტების მიღება სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევა.

Prochoice.org-ს თუ დავეყრდნობით, მედიკამენტური აბორტი 98%-ით ეფექტურია. ორი კვირის შემდეგ პაციენტმა კვლავ უნდა მიმართოს კლინიკას და შეემოწმოს. იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა ბოლომდე არ დასრულდა, ექიმი უკვე ქირურგიულ ჩარევას მიმართავს და ვაკუუმ-ასპირაციის გზით ასრულებს აბორტის პროცესს.

ქირურგიული აბორტი

ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციული ჩარევით, რომლის დროსაც ნაყოფის ქსოვილები მეან-გინეკოლოგს საშვილოსნოს ყელის გავლით გამოაქვს. ქირურგიული აბორტი ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით, ისე ნარკოზის გამოყენებითაც.

ვაკუუმ-ასპირაციული აბორტი

ვაკუუმ-ასპირაციული აბორტის პროცედურა ტარდება კლინიკაში. ოპერაცია ხუთიდან ათ წუთამდე გრძელდება. როგორც წესი, ვაკუუმ-ასპირაციულ აბორტს ადგილობრივი ანესთეზიით ატარებენ. პროცედურისას ჩანასახის საშვილოსნოდან გამოდევნა წნევით ხდება და სხვა ქირურგიული ჩარევებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლებია რისკი იმისა, რომ ოპერაციის დროს საშვილოსნო დაზიანდეს.

დილატაცია და ევაკუაცია (D&E)

დილატაცია და ევაკუაცია ქირურგიული აბორტის კიდევ ერთი ტიპია. ვაკუუმ-ასპირაციისგან განსხვავებით, აბორტის ეს მეთოდი, როგორც წესი,  ორსულობის 14-16 კვირაში კეთდება. ამ დროს მეან-გინეკოლოგი აფართოებს საშვილოსნოს ყელს და ნაყოფს გამოდევნის. პროცედურა 10-15 წუთი გრძელდება. 

დილატაცია და კიურეტაჟი (D&C)

საშვილოსნოს დილატაცია და კიურეტაჟი ზემოთჩამოთვლილ პროცედურებზე უფრო რთული ოპერაციაა. ამ დროს ექიმი მექანიკური გამაფართოებლებით ან ფარმაკოლოგიური საშუალებებით საშვილოსნოს ყელს აფართოებს და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლებს გამოფხეკს.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

კლინიკაში დასაყოვნებელი პერიოდი დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა 12 კვირას სცდებოდა, პაციენტი სულ მცირე 24 საათი მაინც უნდა გაჩერდეს სტაციონარში.

პროცედურის ჩატარებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ პაციენტმა კვლავ უნდა დაგეგმოს ვიზიტი ექიმთან, რომელიც შეაფასებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაუწევს კონსულტაციას და აღმოუჩენს სათანადო დახმარებას.

აბორტის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პაციენტს აღუდგება ოვულაცია და ჩნდება ხელახლა დაორსულების შანსი, ამიტომ ექიმის რეკომენდაციით მან კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება უნდა დაიწყოს.

გაითვალისწინეთ, რომ სქესობრივი აქტი აბორტის პროცედურიდან ორი კვირის შემდეგ არის დასაშვები — მას შემდეგ, რაც საშოდან სისხლდენა შეწყდება. ამით აირიდებთ თავიდან მოსალოდნელ გართულებებს. ექიმების რეკომენდაციით, მომდევნო მენსტრუაციამდე არ შეიძლება ტამპონების გამოყენებაც.

აბორტის შესაძლო გართულებები

როგორც ყველა სხვა ქირურგიულ ჩარევას, აბორტსაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. ამის შესახებ ინფორმაციას აბორტის წინა კონსულტაციაზე თავად მეან-გინეკოლოგიც მიაწვდის პაციენტს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ინფორმაციით, იშვიათ შემთხვევაში (0.1%), აბორტის პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა, საშვილოსნოს დაზიანება ან სეფსისი. აბორტის შემდგომი ინფექციის განვითარების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუნიშნოს პაციენტს. ნებისმიერი გართულების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია, რათა პაციენტმა თავიდან აირიდოს მისი გამწვავება, რომელსაც, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შედეგები მოჰყვეს.

რა ზიანი მოაქვს სახიფათო აბორტს?

აბორტი იმ შემთხვევაში ხდება სახიფათო, როდესაც მას არ ატარებს საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის მქონე ადამიანი. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, თუ რა გარემოში ტარდება ეს პროცედურა. როგორც ყველა სხვა ოპერაცია, ქირურგიული აბორტიც უნდა ტარდებოდეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც სამედიცინო სტანდარტები და ჰიგიენა მაქსიმალურად დაცულია.

აბორტის პროცედურის ჩატარება არალეგალურად (ანუ ისეთ ადგილას, სადაც მისი გაკეთების კომპეტენცია და უფლება არ გააჩნიათ) საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სახიფათო აბორტის შედეგად პაციენტს შეიძლება განუვითარდეს:

  • არასრული აბორტი (საშვილოსნოდან სრულად არ იყოს გამოღებული ნაყოფი);

  • ძლიერი სისხლდენა;

  • ინფექცია;

  • საშვილოსნოს პერფორაცია (იგივე საშვილოსნოს კედლის დაზიანება, გახვრეტა), რომელიც ბასრი საგნით დაზიანების შედეგად წარმოიქმნება. 

  • სასქესო და შინაგანი ორგანოების დაზიანება საშოში ან ანუსში სახიფათო საგნების გამოყენების შედეგად.

მითები აბორტზე

საზოგადოებაში არსებობს მითი, რომ აბორტის ჩატარება სახიფათოა, ვინაიდან საგრძნობლად ამცირებს შემდგომი დაორსულების შესაძლებლობას ან, საერთოდაც, უშვილობას იწვევს. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ აბორტი ჯანმრთელობას სერიოზულად აუარესებს, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ინფორმაციით, აბორტი, როგორც წესი, გავლენას არ მოახდენს მომავალში დაორსულებასა და უშვილობაზე. რისკი იმისა, რომ ქირურგიულმა პროცედურამ ნაყოფიერებაზე გავლენა იქონიოს, ძალიან მცირეა და იგი გამოწვეული იქნება რაიმე გართულებით, თუ მას პაციენტმა დროულად არ უმკურნალა.

არსებული სამედიცინო მტკიცებულებების მიხედვით, კვალიფიციურ დაწესებულებაში ჩატარებული აბორტი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სტომატოლოგიური ან კოსმეტიკური პროცედურა, და ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე მშობიარობა. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მშობიარობის დროს ქალის გარდაცვალების ალბათობა დაახლოებით 15-25-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აბორტის დროს.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Chiara Ghigliazza

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

აბორტი, უფლება, ქალთა, უფლებები, ბავშვი, ორსულობა, შვილი, ნაყოფი, კანონი, aborti, ufleba, qalta, uflebebi, bavshvi, orsuloba, shvili, nayofi, kanoni, მითები, ბარიერები, mitebi, barierebi

აბორტის უფლება — მნიშვნელობა, ბარიერები და მითები

როგორია აბორტის უფლება საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი აბორტის უფლების ქონა? მისი გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები და მითები აბორტზე.

აბორტი

გააზიარე სტატია

აბორტი — კანონი, ვადები, ტიპები და უსაფრთხოება

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია