Facebook Script

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

24 დეკემბერი, 2022 | კონტრაცეფცია

საკუთარი მენსტრუალური ციკლის მართვა შეიძლება გამაძლიერებელი იყოს — იმის ცოდნა, თუ როდის უნდა ელოდოთ მენსტრუაციას, და მისი თანმხლების სიმპტომების შემცირება თუ საერთოდ გაქრობა მენსტრუაციას ბევრად უფრო ამარტივებს, ასევე ათავისუფლებს დროსა და ენერგიას, რომლებიც ადამიანს სურვილისამებრ შეუძლია გამოიყენოს.

ყველა ჰორმონალური კონტრაცეპტივი შეიცავს მცირე რაოდენობით სინთეზურ ესტროგენს პროგესტინთან (ჰორმონ პროგესტერონის ერთ-ერთი ტიპთან) ერთად ან მხოლოდ პროგესტინს. ეს ჰორმონები თრგუნავს სხეულის ბუნებრივ ანალოგიურ ჰორმონებს.

ჰორმონალური კონტრაცეფცია მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, რომ სხეულს ორსულობა თავიდან აარიდოს: საშვილოსნოს ყელის გამონადენის გასქელების გზით, რათა სპერმატოზოიდი არ მოხვდეს საშვილოსნოში; საშვილოსნოს ლორწოვანი ზედაპირის გათხელების გზით, რათა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მას ვერ მიემაგროს; ან, საერთოდაც, კვერცხუჯრედების გამოყოფის პრევენციის გზით — ან ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს კომბინაციით.

არ მიიღოთ ჰორმონალური კონტრაცეფცია, თუკი ხართ ორსულად, ჭარბწონიანი, 35 წელს გადაცილებული მწეველი ან ყოფილი მწეველი, ან თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება კონტრაცეფციას ხელი შეუშალოს. ჰორმონალური კონტრაცეფცია ასევე არ არის რეკომენდებული, თუკი გქონიათ თრომბი, თრომბოზი, ინსულტი, გულის პრობლემები, კიბო, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება, დიაბეტი და მძიმე ფორმის შაკიკი (განსაკუთრებით შაკიკი აურით).

► თუკი კონტრაცეფციის ამ მეთოდის გამოყენებას განიხილავთ, წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შესაძლო რისკების შესახებ.

მოკლევადიანი შექცევადი კონტრაცეპტივები

მოკლევადიანი შექცევადი კონტრაცეპტივები (ინგლ. SARC — Short-acting reversible contraceptives) მიიღება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად — დამოკიდებულია მეთოდზე.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბი თრგუნავს მენსტრუაციას, ამიტომაც ის შერჩევითად მიიღება „ხელოვნური“ მენსტრუალური ციკლის შესაქმნელად.

► სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩასახვის საწინააღმდეგო აბი 99,9%-ით ეფექტურია.

  • მონოფაზური 21-დღიანი აბები — თითოეული შეიცავს ერთნაირი რაოდენობის ჰორმონებს. ისინი მიიღება ყოველდღიურად, დღეში 1 ცალი, 21 დღის განმავლობაში, შემდეგ კი მიღება წყდება 1 კვირის განმავლობაში, რათა მენსტრუაცია დადგეს.

  • ფაზური 21-დღიანი აბები — შედგება ორი ან სამი სხვადასხვა ტიპის ფერადი აბებისგან, რომლებიც ჰორმონების სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს. ისინი მიიღება გარკვეული თანმიმდევრობით ყოველდღიურად, დღეში 1 ცალი, 21 დღის განმავლობაში, შემდეგ კი მიღება წყდება 1 კვირის განმავლობაში.

  • ყოველდღიური აბები — შედგება 21 „აქტიური“ აბისგან, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, და 7 „არააქტიური“ აბისგან, რომლებიც არ შეიცავს — ჯამში 28 აბი. ეს თქვენს მენსტრუაციას საშუალებას აძლევს, ისე დადგეს, რომ არ შეწყდეს ყოველდღიურად განსაზღვრულ დროს აბის მიღების რუტინა. ეფექტური შედეგისთვის მათი მიღებაც სწორი თანმიმდევრობითაა საჭირო.

  • უწყვეტი ციკლის აბები (ინგლ. Extended cycle pills) — მიიღება უწყვეტად 12 კვირის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს არააქტიური აბების ერთი კვირა. ეს მენსტრუაციების წლიურ საშუალო რაოდენობას 13-იდან 4-მდე ამცირებს.

მინიაბები (ე.წ. „მინიპილი“) მიიღება ყოველდღიურად და შეიცავს მხოლოდ პროგესტინს. ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებზე გვერდითი მოვლენები აწუხებთ, მინიაბები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს.

მეძუძური მშობლებისთვის რეკომენდებულია მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივების მიღება, ესტროგენისა და პროგესტინის შემცველის ნაცვლად, რადგან ესტროგენმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს რძის წარმოებაზე. მიუხედავად ამისა, ასეთ დროს სპეციალისტები რეკომენდაციას არაჰორმონალურ კონტრაცეპტივებს უწევენ (მაგალითად, პრეზერვატივებს ან ლაქტაციური ამენორეის მეთოდს).

თუკი მინიაბებს მუდმივად და სწორად გამოიყენებთ, ისინი 95%-ით ეფექტურია — სტანდარტულ აბებზე ოდნავ უფრო ნაკლებად ეფექტური.

წყარო: WomanLog

საშოს (ვაგინალური) რგოლი არის რეზინის რგოლი, რომელიც ვაგინაში თავსდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში გამოყოფს ესტროგენსა და პროგესტინს. აბების მსგავსად, ისიც 21 დღის განმავლობაში გამოიყენება, მერე კი 7 დღით უნდა გამოიღოთ, რის შემდეგაც საშოში ისმევა ახალი რგოლი.

► ამჟამად ხელმისაწვდომი არცერთი ჰორმონალური კონტრაცეპტივი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან), როგორებიცაა, მაგალითად, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭი, გონორეა, ქლამიდია, სიფილისი, B და C ჰეპატიტები და აივ/შიდსი. პრეზერვატივი არის კონტრაცეფციის ერთადერთი მეთოდი, რომელიც ეფექტურად გიცავთ სგგი-ებისგან.

► იხილეთ აგრეთვე:

კონტრაცეფციული კანის პლასტირი მაგრდება კანზე — მუცელზე, დუნდულებზე, მხარზე ან ტანის ზედა ნაწილზე (მაგრამ არა — მკერდზე); დამაგრების შემდეგ ის გამოყოფს ესტროგენისა და პროგესტინის რეგულარულ დოზას. სწორად გამოყენების შემთხვევაში ის 99%-ით ეფექტურია.

პლასტირი შეგიძლიათ დაიკრათ 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი 1 კვირა უნდა შეისვენოთ. ამ კვირის განმავლობაში შეიძლება მცირე მენსტრუალური სისხლდენა გქონდეთ. პლასტირის ქონა შესაძლებელია ბანაობის, ცურვისა და სპორტული აქტივობებით დაკავების დროსაც.

პლასტირმა შეიძლება გაზარდოს წნევა და ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დროებითი გვერდითი მოვლენები, მაგალითად, თავისტკივილი, განწყობის ცვლილებები, დაბალი ლიბიდო ან წონაში მატება.

გრძელვადიანი შექცევადი კონტრაცეპტივები

გრძელვადიანმა შექცევადმა კონტრაცეპტივებმა (ინგლ. LARC — Long-acting reversible contraceptives) შეიძლება გასტანოს კვირები, თვეები ან წლებიც კი და მათ შედარებით ნაკლებად სჭირდება მონიტორინგი.

კონტრაცეფციული ინიექცია შეიცავს მხოლოდ პროგესტინს. ინიექცია კეთდება ყოველ 8-13 კვირაში ერთხელ, გააჩნია ბრენდს. ბევრ ადამიანს მენსტრუაცია პირველი რამდენიმე ინიექციის შემდეგ უწყდება. თუკი ინიექციების გაკეთებას შეწყვეტთ, პროგესტინი დროთა განმავლობაში გაიფანტება. ამის შემდეგ უმეტესობას ნაყოფიერება ბოლო ინიექციიდან 4-იდან 8 თვემდე პერიოდში უბრუნდება, თუმცა ზოგჯერ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.

ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი, იგივე „კონტრაცეფციული იმპლანტი“, თავსდება ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანის მხრის კანქვეშ და სისხლის მიმოქცევის სისტემაში გამოყოფს პროგესტოგენს. ეს სტეროიდული ჰორმონი ებმის და ააქტიურებს პროგესტერონის რეცეპტორს. იმპლანტი ჩასმიდან 5 დღის შემდეგ ხდება ეფექტური და მისი ეფექტები 3-5 წლის განმავლობაში გრძელდება. იმპლანტის მოშორების შემდეგ ორსულობის შანსები ბრუნდება. მხარი, რომელშიც იმპლანტი ჩაისვით, შეიძლება შეშუპებული იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა სხვა გვერდითი მოვლენები შესამჩნევი არ უნდა იყოს. იმპლანტის სასარგებლო მხარეებს შორისაა ნაკლები და უფრო მსუბუქი მენსტრუაციები, პრემენსტრუალური სინდრომის (ე.წ. „პიემესის“, „პმს“) უფრო მსუბუქი სიმპტომები და ის უსაფრთხოა მწეველებისთვის და ძუძუთი კვებისთვის.

ჰორმონალური საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, იგივე „სპირალი“, არის T-ს ფორმის მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოში თავსდება და გამოყოფს პროგესტინს. პროგესტინი ასქელებს საშვილოსნოს ყელის გამონადენს, რათა სპერმამ ვერ მიაღწიოს კვერცხუჯრედამდე. ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ზოგ ადამიანში პროგესტინმა ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს ოვულაციის დადგომას. სპირალი მყისიერად ეფექტურია და ვარგისიანია 5-10 წლის განმავლობაში (ზუსტი ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპირალის ტიპზე). სპირალის მოშორების შემდეგ ორსულობის შანსები მომენტალურად ბრუნდება.

სპირალის ჩადგმიდან პირველი 3-6 თვის განმავლობაში ზოგ ადამიანს უფრო ხანგრძლივი და უფრო მტკივნეული მენსტრუაცია აქვს. არსებობს ინფექციის გავრცელების გარკვეული შანსი, ასევე იმის ალბათობა, რომ თქვენი სხეული მოწყობილობას გამოაგდებს — ექიმი გაგარკვევთ, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ, სპირალი თავის ადგილასაა თუ არა. სპირალი არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისა და მათთვის, ვისაც მენჯის ანთებითი დაავადება აქვთ გადატანილი.

► ყურადღება! ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათ შეიძლება გაზარდონ ვენური თრომბოემბოლიზმის, ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ზოგიერთი კიბოს რისკი. თუკი ჰორმონალური კონტრაცეფციის დაწყების შემდეგ გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი ან შაკიკი, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში, მხედველობის გაუარესება, ან სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი ფეხებში, მყისიერად მიდით თქვენს ექიმთან!

გადაუდებელი (ან სასწრაფო) კონტრაცეფცია

გადაუდებელი კონტრაცეფცია, იგივე სასწრაფო კონტრაცეფცია, არის კონტრაცეფცია, რომელიც მიიღება დაუცველი სექსის ან ისეთი დაცულის შემდეგ, რომელშიც კონტრაცეფციის მთავარი ფორმა დაზიანდა ან არასწორად იქნა გამოყენებული — მაგალითად, გაიხა პრეზერვატივი. არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის ორი სახეობა — „შემდეგი დღის“ აბები და „სპირალი“.

„შემდეგი დღის“ აბები მიიღება დაუცველი სქესობრივი აქტიდან 5 დღის განმავლობაში — რაც მალე, მით უკეთესი. ეს მეთოდი მხოლოდ სასწრაფო სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი და ის კონტრაცეფციის რეგულარული ფორმის სახით არ უნდა გამოიყენოთ.

გადაუდებელი კონტრაცეფციის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, ე.წ. „სპირალი“, რომელიც ასევე შეგიძლიათ ჩაიდგათ დაუცველი სექსიდან 5 დღის განმავლობაში. მეტიც, ის აბებზე უფრო ეფექტურადაც მიიჩნევა.

► გადაუდებელ კონტრაცეფციას არ შეუძლია უკვე დაწყებული ორსულობის შეწყვეტა ან განვითარების ეტაპზე მყოფი ემბრიონის დაზიანება, და ის არ იწვევს აბორტს.

ჯერ კიდევ არსებობს ჰორმონალურ კონტრაცეფციასთან დაკავშირებული სტიგმა, მაგრამ არ მისცეთ ამას საშუალება, ხელი შეგიშალოთ იმაში, რომ საკუთარი თავი აღჭურვოთ ყველაფრით, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის გჭირდებათ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გადაუდებელი, სასწრაფო, კონტრაცეფცია, ესკაპელი, ესმია, ორსულობა, სექსი

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

რას ნიშნავს გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია და რამდენი სახეობის საშუალებას მოიცავს ის? როდის უნდა მივიღოთ „შემდეგი დღის“ აბი და რა ტიპის გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ორსულობა, ფეხმძიმობა, თავიდან, არიდება, თავის, დაცვა, უსაფრთხო, სექსი, სპირალი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, spirali, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, orsuloba, kontracepcia, kontracefcia, usafrtxo, seqsi, tavis, dacva

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

მითები და სიმართლე კონტრაცეფციაზე — ჰორმონალური კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, სპირალი და თავდაცვის სხვა საშუალებები. როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობა?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ბარიერული, მეთოდი, უსაფრთხო, სექსი, ორსულობა, დაცვა, პრეზერვატივი, სპირალი, დიაგრაფმა, ჩაჩი, ღრუბელი, გამოღება, გამონადენი, კალენდრული, ლაქტაცია, სტერილიზაცია, მილების, ლიგირება

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ორსულობისგან თავის დაცვა და არაჰორმონალური კონტრაცეპტივები: პრეზერვატივი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი, სპირალი, სტერილიზიცია (ვაზექტომია და მილების ლიგირება), გამოღების მეთოდი, კალენდრული მეტოდი, გამონადენის მონიტორინგი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი.

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია