Facebook Script

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

31 დეკემბერი, 2022 | კონტრაცეფცია

კონტრაცეფცია გულისხმობს სექსის დროს თავის დაცვის მეთოდებს, რომლებიც განკუთვნილია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან) თავის დასაცავად ან ორსულობის თავიდან ასარიდებლად. კონტრაცეფციასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ.

ზოგადი მითები კონტრაცეფციაზე

მითი #1: თუკი პარტნიორი ეაკულაციამდე (ე.წ. „გათავებამდე“) გამოიღებს, არ დაორსულდები

ფაქტი: ე.წ. „გამოღების მეთოდი“ ორსულობისგან თავის არიდების არაეფექტური მეთოდია. ამას ის განაპირობებს, რომ პენისის ვაგინიდან თუნდაც დროულად გამოღების შემთხვევაშიც კი არის შანსი, რომ ეაკულაციამდე (პენისიდან სპერმის გამონთხევამდე — ე.წ. „გათავებამდე“) აღგზნების დროს პენისის თავზე გამოყოფილ პრეეაკულატში (ე.წ. „პრექამში“) იყოს მცირე რაოდენობის სპერმა, რომელმაც შეიძლება ორსულობა გამოიწვიოს.

მითი #2: მენსტრუაციის დროს თუ გექნება სექსი, ვერ დაორსულდები

ფაქტი: გავრცელებული მცდარი წარმოდგენის მიუხედავად, მენსტრუაციის დროს სექსს მაინც ახლავს თან დაორსულების რისკი. საქმე ისაა, რომ ოვულაცია (მენსტრუალური ციკლის ის ეტაპი, როდესაც მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიდევნება საკვერცხიდან) შეიძლება მოსალოდნელზე ადრე დადგეს. გარდა ამისა, სპერმატოზოიდებს შეუძლია სხეულში რამდენიმე დღე იცოცხლოს, ამიტომაც შეიძლება დაუცველი სექსიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერება, თუკი ოვულაცია ადრე დაიწყება.

მითი #3: პირველი სექსის დროს დაორსულება შეუძლებელია

ფაქტი: თუკი კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ხვდება, დაორსულება შესაძლებელია, განურჩევლად იმისა, თუ მერამდენედ გაქვთ სექსი.

► ასევე არსებობს მითი, თითქოს შეუძლებელია დაორსულება გარკვეულ პოზებში — სინამდვილეში, დაუცველი სექსისას დაორსულება ნებისმიერ პოზაშია შესაძლებელი.

მითი #4: გადაუდებელი კონტრაცეფცია დაუცველი სექსის შემდეგ მხოლოდ მეორე დღესაა ეფექტური

ფაქტი: გადაუდებელი კონტრაცეფციის აბს მეორენაირად „შემდეგი დღის აბსაც“ ეძახიან. მართალია, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ, მაგრამ აუცილებელი არაა, ეს შემდეგი დღე იყოს. ამ აბების მიღება დაუცველი სექსიდან 4-5 დღის განმავლობაში შეიძლება. ისინი, უბრალოდ, უფრო ეფექტურია მალე მიღებისას, განსაკუთრებით პირველი 72 საათის განმავლობაში.

► გაითვალისწინეთ, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია აბორტისთვის არაა განკუთვნილი. თუკი უკვე ორსული ხართ, გადაუდებელი კონტრაცეფცია არ იმუშავებს.

► გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები ხელმისაწვდომია აფთიაქში, რეცეპტის გარეშე.

გადაუდებელი კონტრაცეფციის უფრო ეფექტური ფორმაა სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, ე.წ. „სპირალი“, რომელიც შეგიძლიათ დაუცველი სექსიდან 5 დღის განმავლობაში ჩაიდგათ და მას შეუძლია ეფექტური კონტრაცეფციით უზრუნველგყოთ 5 ან მეტი წლის განმავლობაში.

მითი #5: კონტრაცეფციის დიდი ხნით გამოყენებამ მოგვიანებით შეიძლება გაართულოს დაორსულება

ფაქტი: როგორც კი ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანი კონტრაცეფციის მიღებას წყვეტს, მისი მენსტრუაცია და ნაყოფიერება, როგორც წესი, მალევე უბრუნდება ნორმას.

გამონაკლისებს შორისაა:

  • კონტრაცეფციული ინიექცია (Depo-Provera® ან Depo-Ralovera®-ს ინიექცია) — ჰორმონებს შეიძლება 12-18 თვე დასჭირდეს სხეულის დასატოვებლად და ნაყოფიერების სრულყოფილად აღსადგენად;

  • სტერილიზაცია (იგივე მილების ლიგირება) — კონტრაცეფციის ეს ფორმა სამუდამოა.

მითი #6: შეუძლებელია დაორსულება, თუკი მეძუძური ხარ

ფაქტი: ბევრი დაუგეგმავი ორსულობა ბავშვის გაჩენიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში დგება. ლაქტაციის დროს (ის პერიოდი, როდესაც ძუძუდან რძე გამოიყოფა) მხოლოდ ძუძუთი კვებას (დამატებითი საკვების გარეშე) შეუძლია ოვულაციის შეწყვეტა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ნაყოფიერებაში დროებითი „გარღვევაა“, ძუძუთი კვება კონტრაცეფციის სანდო მეთოდი არ არის. მშობიარობის შემდეგ კონტრაცეფციის სხვა ფორმები ბევრად უფრო უსაფრთხოა.

მითი #7. არ შეიძლება ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება, თუკი ბავშვს ძუძუთი კვებავ

ფაქტი: ჰორმონალური კონტრაცეფცია, ზოგადად, უსაფრთხოა, როცა ბავშვს ძუძუთი კვებავ, მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. თუმცა, არსებობს ჰორმონალური კონტრაცეფციის კონკრეტული ტიპები, რომლებიც უფრო შესაფერისია ძუძუთი კვების საწყის კვირებში. ესტროგენის შემცველმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება ხელი შეუშალოს რძის წარმოებას, ამიტომაც რეკომენდებულია ძუძუთი კვების პირველი 4-6 კვირის განმავლობაში მხოლოდ პროგესტინის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება.

მითი #8. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვე გაქვს, სანამ კონტრაცეფციაზე დაიწყებ ფიქრს

ფაქტი: სიმართლე ისაა, რომ დაუცველ სექსს შეიძლება ორსულობა მოჰყვეს მაშინაც კი, თუ ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ, ამიტომ თავის დაცვა აუცილებელია. ექიმი, სავარაუდოდ, გირჩევთ, რომ ბავშვის გაჩენიდან რაღაც პერიოდის (როგორც წესი, 4-6 კვირის) განმავლობაში სექსი საერთოდ არ გქონდეთ. როგორც კი სხეული მზად იქნება სექსისთვის, კონტრაცეფციის გამოყენება საჭიროა, თუკი ისევ არ გეგმავთ დაორსულებას.

მითები ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე

მითი #9. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები უნაყოფობას იწვევს

ფაქტი: ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და უნაყოფობას შორის კავშირი არ არსებობს. ნაყოფიერება თითქმის მყისიერად ბრუნდება აბების შეწყვეტის შემდეგ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ორსულობის თავიდან ასაცილებლად აბები რეგულარულად მიიღოთ და არ ჩააგდოთ დღე.

► ზოგ ადამიანს შეიძლება ცოტა გვიან დაუბრუნდეს ნაყოფიერება აბების შეწყვეტის შემდეგ, განსაკუთრებით მათ, ვისაც არარეგულარული მენსტრუაცია ჰქონდა აბების დაწყებამდე.

მითი #10: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები წონაში მატებას იწვევს

ფაქტი: მართალია, ზოგი ადამიანი წონაში მატულობს აბების მიღებისას, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და წონის მატებას შორის არ არის კავშირი. აბებში არსებულმა ესტროგენმა ზოგ ადამიანში შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. ამან შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ წონაში მოიმატეთ, თუმცა სინამდვილეში ასე არაა და შებერილობა, როგორც წესი, მალევე ქრება. აბებში არსებული პროგესტინი ზრდის მადას. ამის შედეგად, შეიძლება, უფრო მეტი ჭამოთ, მეტის ჭამას კი, თავის მხრივ, შეიძლება წონის მატებაც მოჰყვეს, თუკი ის არ იქნება დაბალანსებული დიეტითა და ვარჯიშით.

მითი #11: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ არის უსაფრთხო

ფაქტი: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაკვლევი და ხშირად დანიშვნადი მედიკამენტია. ექსპერტები ადასტურებენ, რომ ის კონტრაცეფციის უსაფრთხო მეთოდია. აბები არ არის დაკავშირებული კონგენიტალურ აშლილობებთან (თანდაყოლილ ნაკლებთან), თუნდაც ის შემთხვევით მიიღოთ ორსულობის ადრეულ ეტაპზე. მსოფლიოში დაახლოებით 151 მილიონი ადამიანი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და ბევრი მათგანისთვის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა აბების მიღებისას. აბებს შეუძლია პრემენსტრუალური სინდრომის (ე.წ. „პიემესის“, პმს) სიმპტომების შემსუბუქება და მენსტრუალური ციკლის დარეგულირება.

მითი #12. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კიბოს იწვევს

ფაქტი: ზოგადად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება კიბოს ჯამურ რისკს არ ზრდის. აბებმა შეიძლება ზოგი ტიპის კიბოსგან დაგიცვან კიდეც. მაგალითად, მათთვის, ვისაც კიბოს განვითარების საშუალოსტატისტიკური რისკი აქვთ, აბებმა შეიძლება შეამციროს საკვერცხეების (30-50%-ით), საშვილოსნოსა (მინიმუმ 30%-ით) და კოლორექტული (15-20%-ით) კიბოს რისკი. თუმცა, ზოგი კვლევა აჩვენებს ოდნავ უფრო გაზრდილ რისკს ზოგიერთი ტიპის კიბოსთვის, მაგალითად, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოებისთვის.

ძუძუს კიბოს რისკი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის:

  • ასაკი, როდესაც მენსტრუაცია დაგეწყოთ

  • ასაკი, როდესაც მენოპაუზა დაგეწყოთ

  • ასაკი, როდესაც პირველად დაორსულდით

  • შვილების არყოლა

ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება შეცვალოს ჰორმონალური დონეები და იმოქმედოს ძუძუს კიბოს რისკზე.

კონტრაცეპტივების გრძელვადიანი გამოყენება დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს უფრო მაღალ რისკთან. მიუხედავად ამისა, ეს რისკი აბების შეწყვეტის შემდეგ დროთა განმავლობაში იკლებს.

მითი #13. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან გიცავთ

ფაქტი: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან). კონტრაცეფციის ერთადერთი მეთოდი, რომელიც სგგი-ებისგან დაგიცავთ, არის გარე და შიდა პრეზერვატივები; თუმცა, ორსულობის თავიდან არიდების თვალსაზრისით ისინი ყველაზე ეფექტური მეთოდი არ არის. ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ ორმაგი თავდაცვა (პრეზერვატივები + კონტრაცეფციის სხვა ფორმა), რათა ინფექციებსაც აარიდოთ თავი და ორსულობასაც.

წყარო: HelloClue

მითები სპირალსა და სხვა გრძელვადიან შექცევად კონტრაცეფციაზე

გრძელვადიანი შექცევადი კონტრაცეფციის (იგივე LARC; ინგლ. Long-acting reversible contraception) მეთოდები ადამიანს უზრუნველყოფს ეფექტური კონტრაცეფციით დიდი ხნის განმავლობაში. ისინი „შექცევადია“ იმიტომ, რომ მათი შეჩერება ან მოშორება შესაძლებელია, რის შემდეგაც ბრუნდება ნაყოფიერების უნარი. ამ ტიპის კონტრაცეპტივებს შორისაა:

  • საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, იგივე „სპირალი“ — ის იდგმება საშვილოსნოში და ძლებს საშუალოდ 5-10 წლის განმავლობაში;

  • ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი — თავსდება მხრის კანქვეშ და ძლებს საშუალოდ 3 წლის განმავლობაში;

  • კონტრაცეფციული ინიექცია — კეთდება მხარზე ან საჯდომზე და ძლებს საშუალოდ 12 კვირა.

მითი #14: სპირალი იწვევს რეპროდუქციული ორგანოების ინფექციას (ასევე ცნობილია, როგორც მენჯის ანთებითი დაავადება)

ფაქტი: სპირალის ჩადგმიდან პირველი 3 კვირის განმავლობაში მენჯის ანთებითი დაავადების ძალიან დაბალი რისკია. ამის შემდეგ, სპირალის მქონე ადამიანებს მენჯის ანთებითი დაავადების განვითარების ისეთივე რისკი აქვთ, როგორიც ყველა სხვას.

მენჯის ანთებითი დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი). მათ, ვინც სგგი-ების რისკის ქვეშაა, ინფექციებზე ტესტირება უნდა გაიკეთონ მანამ, სანამ სპირალს ჩაიდგამენ.

მითი #15: სპირალი იწვევს ექტოპიურ (საშვილოსნოსგარე) ორსულობას

ფაქტი: სპირალი ამცირებს ორსულობის შანსს, შესაბამისად, ის ამცირებს ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის შანსსაც.

იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი გრძელვადიან შექცევად კონტრაცეფციას იყენებს და მაინც ორსულდება, რეკომენდებულია ექტოპიურ ორსულობაზე შემოწმება.

მითი #16: სპირალი იწვევს უნაყოფობას

ფაქტი: იშვიათ შემთხვევებში საშვილოსნოს დაზიანების, ინფექციის ან საშვილოსნოსგარე ორსულობის გართულებამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფიერებაზე. მიუხედავად ამისა, თანამედროვე სპირალების გამო უნაყოფობის ზრდა კვლევებში არ დაფიქსირებულა. სპირალის ეფექტები მისი მოშორებიდან საკმაოდ მალე ქრება.

მითი #17: მოზარდებს გრძელვადიან კონტრაცეფციას პრეზერვატივები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ურჩევნიათ

ფაქტი: კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მოზარდები სწორ ინფორმაციას იღებენ გრძელვადიანი შექცევადი კონტრაცეფციის (LARC) მეთოდების შესახებ, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი მათ გამოიყენებენ და კმაყოფილი იქნებიან. ბევრმა მოზარდმა არ იცის LARC-ის შესახებ ან მხოლოდ მითები სმენია მასზე.

მითი #18: აუცილებელია მშობლის თანხმობა

ფაქტი: თუკი მინიმუმ 14 წლის ხართ და ექიმს მიმართეთ შემდეგ საკითხებზე:

  • სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობა

  • კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაცია

  • ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა

მაშინ, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ექიმს არ აქვს უფლება, თქვენი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია თქვენს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, თუკი, ექიმის შეხედულებით, სწორად აფასებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც აივ-ინფექციის/შიდსის დიაგნოსტირებისას დადებითი შედეგი გამოვლინდება.

მითი #19: მოზარდებმა და მათ, ვისაც შვილი ჯერ არ ჰყოლიათ, არ უნდა გამოიყენონ სპირალი

ფაქტი: სპირალსა და ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტს გრძელვადიან შექცევად კონტრაცეპტივებს შორის ყველაზე მაღალი ეფექტურობა აქვს, მათ შორის მოზარდებისა და მათთვის, ვისაც შვილი ჯერ არ ჰყოლია. სპირალი ახლა უკვე რეკომენდებული არჩევანია მათთვის, ვინც ჯერ არ ყოფილა ორსულად ან ვისაც არ უმშობიარია, და მისი ჩასმა, როგორც წესი, უპრობლემოდ ხდება.

მითი #20: არ შეიძლება სპირალის ჩადგმა მშობიარობიდან მალევე

ფაქტი: მართალია, სპირალის გამოვარდნის შანსი ოდნავ იზრდება, თუკი ის მშობიარობიდან მალევე ჩაიდგმება, მაგრამ მთლიანობაში ამის რისკი დაბალია.

► თუკი კითხვები ან ეჭვები გაქვთ კონტრაცეფციასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს. ის დაგეხმარებათ ისეთი მეთოდის შერჩევაში, რომელიც თქვენთვისაა შესაფერისი.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: HelloClue

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გადაუდებელი, სასწრაფო, კონტრაცეფცია, ესკაპელი, ესმია, ორსულობა, სექსი

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

რას ნიშნავს გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია და რამდენი სახეობის საშუალებას მოიცავს ის? როდის უნდა მივიღოთ „შემდეგი დღის“ აბი და რა ტიპის გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

კონტრაცეფცია
ჰორმონალური, კონტრაცეფცია, კონტრაცეპტივი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, მონოფაზური, ფაზური, ყოველდღიური, მინი-აბები, მინიპილი, საშოს, ვაგინალური, რგოლი, კანის, პლასტირი, ინიექცია, ინექცია, იმპლანტი, სპირალი, საშვილოსნოსშიდა, მოწყობილობა, შემდეგი, დღის, hormonaluri, kontracepcia, kontracefcia, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, monofazuri, mini-abebi, minipili, sashos, vaginaluri, rgoli, kanis, plastiri, ineqcia, inieqcia, implanti, spirali

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივები — საშოს (ვაგინალური) რგოლი, კანის პლასტირი, ინიექცია, იმპლანტი, სპირალი და სხვა — რა უნდა ვიცოდეთ სექსის დროს თავდაცვის გზებზე?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ბარიერული, მეთოდი, უსაფრთხო, სექსი, ორსულობა, დაცვა, პრეზერვატივი, სპირალი, დიაგრაფმა, ჩაჩი, ღრუბელი, გამოღება, გამონადენი, კალენდრული, ლაქტაცია, სტერილიზაცია, მილების, ლიგირება

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ორსულობისგან თავის დაცვა და არაჰორმონალური კონტრაცეპტივები: პრეზერვატივი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი, სპირალი, სტერილიზიცია (ვაზექტომია და მილების ლიგირება), გამოღების მეთოდი, კალენდრული მეტოდი, გამონადენის მონიტორინგი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი.

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია