Facebook Script

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

06 მაისი, 2022 | კონტრაცეფცია

არასასურველი ორსულობა ძალიან დიდი სტრესისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი ხდება. თუკი დაუცველი სქესობრივი აქტი გქონდათ და არ გსურთ დაორსულება, მაშინ ამ მდგომარეობის თავიდან აცილების ბოლო საშუალება გადაუდებელი კონტრაცეფციაა. 

სქესობრივი აქტის შემდგომ გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენებას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • პრეზერვატივის (კონდომის) გახევა

  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დავიწყება

  • დაუცველი სექსი 

  • სექსუალური ძალადობა

მართალია, ამ ტიპის კონტრაცეფციის მიღებას გვერდითი ეფექტები ახლავს და ასეთი ნაბიჯის გადადგმა სულაც არ არის მარტივი, თუმცა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოთ.

თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა გადაუდებელი კონტრაცეფცია ის საშუალება, რომელსაც შექმნილ სიტუაციაში გამოიყენებთ, და როგორია თქვენთვის სასურველი რეაგირება იმ დროს, როდესაც შეიძლება გადაუდებელი კონტრაცეფცია გჭირდებოდეთ. ყველა სიტუაცია უნიკალურია და შეიძლება თქვენი რეაქცია კონკრეტულ სიტუაციაში იმისგან განსხვავებული აღმოჩნდეს, ვიდრე გეგმავდით ან წარმოგედგინათ.

თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მასთანაც შეგიძლიათ სამომავლო სცენარების განხილვა. რა რეაქცია გექნებათ და როგორ იმოქმედებთ, თუ პრეზერვატივი გაიხევა? მილიონობით ქალი ყოფილა მსგავს სიტუაციაში, ამიტომ გახსოვდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, თქვენ მარტო არ ხართ.

► გადაუდებელი კონტრაცეფცია უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე — სქესობრივი აქტის დასრულებიდან დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ 3-5 დღის შემდეგ.

გადაუდებელი კონტრაცეფციის დანიშნულებაა, დაგიცვათ დაორსულებისგან, თუმცა მას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თქვენი დაცვა არ შეუძლია. ინფექციებს თავიდან მხოლოდ მაშინ აიცილებთ, თუკი თავს ისეთი ბარიერული საშუალებებით დაიცავთ, როგორიცაა პრეზერვატივი.

რა სახის გადაუდებელი კონტრაცეფცია არსებობს? 

გადაუდებელი კონტრაცეფციის ორი სახეობა არსებობს — აბები და საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა ე.წ. „სპირალი“.

„გეგმა B“ არის გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების სასაუბრო სახელწოდება (და ბრენდის დასახელებაც), რომელიც მაშინ უნდა მიიღოთ, თუკი დაუცველი სექსი გქონდათ. ამ ტიპის აბებს „შემდეგი დღის” აბებსაც უწოდებენ, თუმცა შეგიძლიათ, რომ ის სქესობრივი აქტის დასრულებისთანავე მიიღოთ და არ დაელოდოთ მეორე დღის გათენებას.

„შემდეგი დღის“ აბების მიღებას ყველაზე ეფექტური შედეგი სქესობირივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში (3 დღე) აქვს, თუმცა მან შეიძლება სექსის შემდგომ ხუთი დღის განმავლობაში მიღების შედეგადაც იმუშაოს. რაც უფრო დააგვიანებთ აბის მიღებას, მისი ეფექტურობაც მით უფრო დაიკლებს. საშუალოდ, ამ ტიპის აბები ეფექტურია 75-89%-ით, ამიტომ რაც მალე მიიღებთ, მით უკეთესია.

გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების შექმნისას უმეტესად იყენებენ ჰორმონალურ პრეპარატს —  ლევონორგესტრელს. ზოგიერთ აბში ლევონორგესტრელისა და ესტროგენის კომბინაციაა. ლევონორგესტრელი არის პროგესტინის ჰორმონი, რომელიც ასქელებს საშვილოსნოს ყელის ლორწოს და აფერხებს ოვულაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს განაყოფიერების შანსებს. თუმცა, ამ ჰორმონალურ პრეპარატს არ შეუძლია მიმდინარე ორსულობის შეწყვეტა ან უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ენდომეტრიუმში (საშვილოსნოს ლორწოვან გარსში) მიმაგრების თავიდან აცილება.

► ლევონორგესტრელით შედგენილი აბების მიღება არ არის იგივე, რაც აბორტი. გადაუდებელ კონტრაცეფციას არ შეუძლია უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარების შეჩერება.

გადაუდებელი კონტრაცეფციის ბევრი ბრენდი არსებობს, თუმცა აფთიაქში შეგიძლიათ უბრალოდ გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია ან „გეგმა B“ მოითხოვოთ. ამ ტიპის კონტრაცეფცია რეცეპტის გარეშე იყიდება და არც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს დაწესებული. 

წყარო: WomanLog

გადაუდებელი კონტრაცეფციის გვერდითი მოვლენები

კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებები უსაფრთხოა და აღარ იწვევენ მძიმე სისხლდენას, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, და, დიდი ალბათობით, არც ახალი მენსტრუაციის დაწყებას გამოიწვევს მეორე დღეს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, სისხლის მცირე ლაქები შენიშნოთ.

გადაუდებელი კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:

  • ცვლილება მომდევნო მენსტრუაციაში — შეიძლება, გამონადენი უფრო ჭარბი ან საშუალოზე ნაკლები იყოს;

  • ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში;

  • ღებინება;

  • თავის ტკივილი;

  • დაღლილობის შეგრძნება;

  • მუცლის ტკივილი;

  • გულ-მკერდის ტკივილი;

  • გამონაყარი.

იმ დროს, თუკი აბების მიღებიდან მალევე აღებინეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიგიღიათ საკმარისი რაოდენობის მედიკამენტი იმისათვის, რომ ეფექტური ყოფილიყო. 

► თუკი, გადაუდებელი კონტრაცეფციის მიღების შემდეგ რამდენიმე გვერდითი მოვლენა გამოგივლინდათ (მაგალითად, ღებინება, გონების დაკარგვა ან ძლიერი ტკივილი), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტები, როგორც გადაუდებელი კონტრაცეფცია

გადაუდებელ კონტრაცეფციად მიიჩნევა ულიპრისტალის აცეტატიც, რომელიც ლევონორგესტრელისგან განსხვავებით უკვე დაწყებული ორსულობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც წესი, ულიპრისტალის აცეტატს რეცეპტის გამოწერა სჭირდება და მის  გარეშე ვერ შეიძენთ.

ულიპრისტალის აცეტატის ეფექტურობა 1-2%-ით აღემატება ლევონორგესტრელის ეფექტურობას. ულიპრისტალის აცეტატიც ხუთ დღემდე მოქმედებს, თუმცა ამ დროის განმავლობაში ეფექტურობას არ კარგავს. ამ მედიკამენტის გვერდითი მოვლენები ემთხვევა სხვა გადაუდებელი კონტრაცეფციის გვერდით მოვლენებს.

რა შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ გადაუდებელი კონტრაცეფცია?

შეუმჩნეველი, თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტია ის, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბებმა შეიძლება არ იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუკი ჭარბი წონა გაწუხებთ. როგორც წესი, „გეგმა B-ს“ აბებისთვის წონის ზედა ზღვარი 70 კგ-მდეა, ულიპრისტალის აცეტატისთვის კი — 88 კგ-მდე. თუმცა, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ე.წ. „სპირალის” გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი წონის შემთხვევაში, რადგან ამ მოწყობილობის მუშაობა წონაზე დამოკიდებული არ არის.

ულიპრისტალის აცეტატის მიღება მეძუძური დედებისთვის რეკომენდირებული არ არის. თუ სხვა გზა არ გაქვთ და ეს აბი აუცილებლად უნდა მიიღოთ, მაშინ ახალშობილი ძუძუს რძეს 1-2 დღის განმავლობაში უნდა მოარიდოთ.

არ მიიღოთ გადაუდებელი კონტრაცეფცია, თუკი:

  • იყენებთ სხვა ჰორმონალურ კონტრაცეფციას

  • გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან ასთმა

  • იღებთ აივ ინფექციის მედიკამენტებს (სასურველია, დამატებითი ინფორმაციისთვის ექიმს მიმართოთ)

  • იცით, რომ უკვე ორსულად ხართ

შეიძლება ჩათვალოთ, რომ ერთ აბზე მეტის მიღებით ორსულობას თავიდან უფრო ეფექტურად აიცილებთ. მაგალითად, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების მიღებით დაუცველი სექსიდან მეორე და მესამე დღესაც. მსგავს ქმედებს თან არ ახლავს არც დამატებითი რისკები და არც ეფექტურობა. სიმართლე ისაა, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი იმუშავებს პირველი მიღებისას, ან საერთოდ არ იქნება ეფექტური.

საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა ე.წ. „სპირალი“

საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, იგივე სპირალი არის გრძელვადიანი კონტრაცეფცია. ის ორი სახის არსებობს — ერთი, რომელიც ჰორმონებს შეიცავს, ხოლო მეორე — სპილენძს. ის სპირალი, რომელიც სპილენძს შეიცავს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გადაუდებელი კონტრაცეფციად მაშინ, თუკი მას დაუცველი სექსიდან მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში ჩაიდგამთ. ზოგადად, სპირალი უფრო ეფექტური გზაა ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს და მასზე წონის ფაქტორიც არანაირ გავლენას არ ახდენს. თუმცა, სპირალის ჩადგმას პროფესიონალის გარეშე ვერ მოახერხებთ და ეს საშუალება უფრო ძვირიც დაგიჯდებათ, ვიდრე აბები. სწორედ ამიტომ, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები უფრო ხელმისაწვდომი საშუალებაა, მითუმეტეს, როდესაც მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში უნდა იმოქმედოთ და გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოთ.

სპილენძისგან დამზადებული სპირალი არის პატარა, T-ს ფორმის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც ექიმი საშვილოსნოს ყელში დგამს. მოწყობილობა სპილენძის მცირე რაოდენობას უშვებს საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში, რაც სპერმიციდების როლს ასრულებს და განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად მოქმედებს. იმ შემთხვევაში, როდესაც კვერცხუჯრედი უკვე განაყოფიერებულია, სპირალი ხელს უშლის მას, რომ საშვილოსნოს ლორწოვან გარსს მიემაგროს. სპილენძიან სპირალს შეუძლია, ხელი შეუშალოს დამდგარ ორსულობას, ამიტომ მისი ჩაყენება დაორსულების შემდგომ სასურველი არ არის.

ბოლო კვლევებზე დაყრდნობით, ჰორმონებისგან შემდგარი სპირალიც ისეთივე ეფექტურია, როგორც სპილენძისგან დამზადებული, თუმცა საბოლოო დასკვნების გამოტანამდე საჭიროა დამატებითი კვლევები.

მნიშვნელოვანია! არც ულიპრისტალის აცეტიტს და არც სპირალს არ გააჩნია საკმარისი ძალა იმისთვის, რომ დამდგარი ორსულობა სრულად შეაჩეროს, თუმცა ნაყოფისთვის ზიანის მიყენება ორივეს შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ზემოთ ნახსენები საშუალება არ გამოიყენოთ აბორტისთვის.

დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, რაც შეიძლება მალე ჩანიშნეთ ვიზიტი გინეკოლოგთან სპირალის ჩასადგმელად და განიხილეთ ეს საშუალება, როგორც ხანგრძლივი კონტრაცეფცია. სპირალი ყველაზე ეფექტური საშუალებაა როგორც გადაუდებელი, ასევე ხანგრძლივი კონტრაცეფციის სახითაც — ეფექტურობის 99%, თუკი დროულად და სწორად გამოიყენებთ.

სპირალის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

  • საშვილოსნოს ყელის შიდა დაზიანება, თუკი მოწყობილობა ცუდად არის მოთავსებული

  • ცვლილებები მენტრუალურ ციკლში

  • მენსტრუაცია შეიძლება გახდეს უფრო ჭარბი და დიდხნიანი იმ შემთხვევაში, თუკი  სპირალს იყენებთ როგორც ხანგრძლივ კონტრაცეფციას.

გადაუდებელი კონტრაცეფციის მიღებისთვის მომზადება

შეგიძლიათ, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები წინასწარ იყიდოთ და შეინახოთ ყოველი შემთხვევისთვის. თუკი სწორად შეინახავთ, ულტრაპისტალის აცეტატზე დამზადებული აბების შენახვა სამი წლის განმავლობაში შეგიძლიათ, ხოლო ლევონორგესტრელზე დამზადებული აბებისა კი — ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ამ ტიპის აბები რეგულარული მოხმარებისთვის განკუთვნილი არ არის!

ერთადერთი საშუალება, რომ დაორსულება თავიდან 100%-ით აიცილოთ, ვაგინალურ სექსზე უარის თქმაა. თუკი, სქესობრივად აქტიური ხართ, თუმცა არ გსურთ დაორსულება, მოიძიეთ ინფორმაცია ყველა იმ საშუალების შესახებ, რომელიც ამ შედეგს ასცდებით. გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივი კონტრაცეფცია გადაუდებელ აბებზე უფრო ეფექტურია და სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება არამხოლოდ დაორსულებისგან, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც დაგიცავთ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
კონტრაცეფცია, ორსულობა, ფეხმძიმობა, თავიდან, არიდება, თავის, დაცვა, უსაფრთხო, სექსი, სპირალი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, spirali, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, orsuloba, kontracepcia, kontracefcia, usafrtxo, seqsi, tavis, dacva

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

მითები და სიმართლე კონტრაცეფციაზე — ჰორმონალური კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, სპირალი და თავდაცვის სხვა საშუალებები. როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობა?

კონტრაცეფცია
ჰორმონალური, კონტრაცეფცია, კონტრაცეპტივი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, მონოფაზური, ფაზური, ყოველდღიური, მინი-აბები, მინიპილი, საშოს, ვაგინალური, რგოლი, კანის, პლასტირი, ინიექცია, ინექცია, იმპლანტი, სპირალი, საშვილოსნოსშიდა, მოწყობილობა, შემდეგი, დღის, hormonaluri, kontracepcia, kontracefcia, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, monofazuri, mini-abebi, minipili, sashos, vaginaluri, rgoli, kanis, plastiri, ineqcia, inieqcia, implanti, spirali

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივები — საშოს (ვაგინალური) რგოლი, კანის პლასტირი, ინიექცია, იმპლანტი, სპირალი და სხვა — რა უნდა ვიცოდეთ სექსის დროს თავდაცვის გზებზე?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ბარიერული, მეთოდი, უსაფრთხო, სექსი, ორსულობა, დაცვა, პრეზერვატივი, სპირალი, დიაგრაფმა, ჩაჩი, ღრუბელი, გამოღება, გამონადენი, კალენდრული, ლაქტაცია, სტერილიზაცია, მილების, ლიგირება

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ორსულობისგან თავის დაცვა და არაჰორმონალური კონტრაცეპტივები: პრეზერვატივი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი, სპირალი, სტერილიზიცია (ვაზექტომია და მილების ლიგირება), გამოღების მეთოდი, კალენდრული მეტოდი, გამონადენის მონიტორინგი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი.

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია