Facebook Script

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

24 დეკემბერი, 2022 | კონტრაცეფცია

ჰორმონალური კონტრაცეფცია ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ყველა ადამიანისთვის შესაფერისი არ არის — ზოგს გვერდითი მოვლენები აწუხებს, სხვებს კი საკუთარი სხეულის ამდენად ფუნდამენტურად შეცვლის იდეა არ ხიბლავთ. საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატივები.

არაჰორმონალური კონტრაცეფცია მოიცავს ბარიერულ და ბუნებრივ მეთოდებს, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას (ე.წ. „სპირალს“) და სტერილიზაციას. ერთადერთი კონტრაცეპტივი, რომელიც ეფექტურად გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (სგგი-ებისგან), არის გარე და შიდა პრეზერვატივი. თუკი 100%-ით არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორებს არ გაქვთ სგგი-ები, სექსის დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი.

ბარიერული მეთოდები

ბარიერული კონტრაცეპტივები სპერმას არ უშვებს და საშვილოსნოში შესვლასა და კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში უშლის ხელს. ზოგადად, ბარიერული მეთოდები უფრო ნაკლებად ეფექტურია, თუმცა მათ უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვთ, ვიდრე ჰორმონალურ მეთოდებსა თუ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას. ბარიერულ მეთოდებს შორისაა: პრეზერვატივები, დიაფრაგმები, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი და კონტრაცეფციული ღრუბელი.

გარე პრეზერვატივი (ძველად ე.წ. „კაცის პრეზერვატივი“) არის თხელი, ელასტიკური ქარქაშის ფორმის პოლიურეთანის ან ლატექსის ბარიერი, რომელიც ერეგირებულ — გამაგრებულ და ზომაში გაზრდილ — პენისზე იცმევა სქესობრივ აქტამდე. ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს მისი გამოყენება ეფექტურად იცავს სგგი-ებისა და ორსულობისგან, რადგან ის ხელს უშლის სპერმას, შეაღწიოს ვაგინაში.

წყარო: Healthline

► გარე პრეზერვატივი 100%-ით ეფექტური არ არის — არსებობს მცირე რისკი იმისა, რომ სექსის დროს პრეზერვატივი გაიხევა ან მოძვრება, განსაკუთრებით ეაკულაციის (პენისიდან სპერმით გამონთხევის) შემდეგ.

პრეზერვატივი მარტივი გამოსაყენებელია, იაფია და ფართოდაა ხელმისაწვდომი რეცეპტის გარეშე, ზოგი ორგანიზაცია კი, სულაც, მათ უფასოდ გასცემს. ისინი იყიდება სხვადასხვა სიგრძის, ფორმის, ფერისა თუ გემოსი, წინასწარ წასმული ლუბრიკანტით ან მის გარეშე. ზოგი პრეზერვატივის ზედაპირი ტექსტურიანია, რათა ორივე პარტნიორის სიამოვნება გაიზარდოს.

► მათთვის, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს, პრეზერვატივმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, გამონაყარი ან სურდო, თუმცა არსებობს სხვა ნივთიერებისგან, მაგალითად, პოლიურეთანისგან დამზადებული პრეზერვატივებიც.

შიდა პრეზერვატივი (ძველად ე.წ. „ქალის პრეზერვატივი“) არის თხელი, ელასტიკური ქარქაშისფორმის ნიტრილის ან ლატექსის ბარიერი, რომელსაც ორივე ბოლოზე რგოლი აქვს.

წყარო: Healthline

დახურულ ბოლოში არსებული რგოლი ვაგინაში შედის და საშვილოსნოს ყელს ებჯინება, ხოლო ღია ბოლოში არსებული რგოლი ვაგინის გარეთ რჩება.

შიდა პრეზერვატივი გიცავთ სგგი-ებისგან და სწორად გამოყენების შემთხვევაში ის 95%-ით ეფექტურია. ის რეცეპტისა და სპეციალური ზომის მორგების გარეშეა ხელმისაწვდომი.

შიდა პრეზერვატივი ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ყველა ადამიანისთვის არ არის შესაფერისი, რადგან ბევრისთვის არაკომფორტულია პრეზერვატივის ვაგინაში მოთავსების პროცესი ან გარე რგოლი ზედმეტად დიდია.

კონტრაცეფციული დიაფრაგმა არის მრგვალი, გუმბათის ფორმის მრავალჯერადი ბარიერი, რომელსაც მტკიცე, ელასტიკური რგოლი აქვს. ის სილიკონისგან ან რეზინისგანაა დამზადებული, თავსდება ვაგინაში და ფარავს საშვილოსნოს ყელს, რათა სპერმამ არ მიაღწიოს კვერცხუჯრედს. დიაფრაგმა ყოველთვის უნდა გამოიყენოთ სპერმიციდთან — ქიმიურ ნივთიერებასთან, რომელიც ანადგურებს სპერმატოზოიდებს — ერთად და ის ვაგინაში სექსის შემდეგ მინიმუმ 6 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს, თუმცა არაუმეტეს 24 საათისა ჯამში. სწორად გამოყენებისას დიაფრაგმის ეფექტურობა 92-96%-ია.

ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ჩაჩი კიდევ ერთი მრავალჯერადი გამოყენების და დიაფრაგმასთან საკმაოდ მსგავსი კონტრაცეპტივია. ის რეზინისგან მზადდება და დიდი სათითეს ფორმა აქვს. ის მჭიდროდ ერგება გარშემო საშვილოსნოს ყელს, ფიქსირდება ჰაერშეწოვის პრინციპით და აქვს ძაფი, რომელიც ჩაჩის მოსახსნელად გამოიყენება. საშვილოსნოს ყელის ჩაჩი ორსულობისგან ეფექტურად გიცავთ მხოლოდ სპერმიციდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში და ის ვაგინაში სქესობრივი აქტიდან მინიმუმ 6 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს, თუმცა არაუმეტეს 48 საათისა ჯამში.

არც დიაფრაგმა და არც საშვილოსნოს ყელის ჩაჩი არ არის რეკომენდებული მენსტრუაციის დროს, საშვილოსნოს ყელის ოპერაციის შემდეგ, სპერმიციდისადმი მგრძნობელობის შემთხვევაში, ინფექციისას ან უჩვეულო ფორმის საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში.

კონტრაცეფციული ღრუბელი (იგივე ჩასახვის საწინააღმდეგო ან საშოს ღრუბელი) რბილი, დისკის ფორმის და პოლიურეთანის ქაფისგან დამზადებული კონტრაცეფციაა. ის შეიცავს სპერმიციდს, რომელიც ჩასმამდე წყლით უნდა გააქტიურდეს. ჩასმიდან 24 საათის შემდეგ ღრუბელი ეფექტურად უშლის ხელს სპერმას, რომ მიაღწიოს საშვილოსნოს. ის ვაგინაში მოთავსებული უნდა დარჩეს სქესობრივი აქტიდან არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 30 საათისა ჯამში.

წყარო: WomanLog

არაბარიერული მეთოდები

სპილენძის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა, იგივე „სპირალი“, არის T-ს ფორმის მოწყობილობა, რომელიც საშვილოსნოში თავსდება და რეგულარულად გამოყოფს მცირე რაოდენობით სპილენძს, რომელიც სპერმიციდის როლს ასრულებს. სპირალი მყისიერად ეფექტურია და ვარგისიანია 5-10 წლის განმავლობაში (ზუსტი ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპირალის ტიპზე). სპირალის მოშორების შემდეგ ორსულობის შანსები მომენტალურად ბრუნდება.

სპირალის ჩადგმიდან პირველი 3-6 თვის განმავლობაში ზოგ ადამიანს უფრო ხანგრძლივი და უფრო მტკივნეული მენსტრუაცია აქვს. არსებობს ინფექციის გავრცელების გარკვეული შანსი, ასევე იმის ალბათობა, რომ თქვენი სხეული მოწყობილობას გამოაგდებს — ექიმი გაგარკვევთ, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ, სპირალი თავის ადგილასაა თუ არა. სპირალი არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისა და მათთვის, ვისაც მენჯის ანთებითი დაავადება აქვთ გადატანილი.

► სპირალი შეგიძლიათ გადაუდებელი კონტრაცეფციის სახითაც გამოიყენოთ.

► იხილეთ აგრეთვე: გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

ბუნებრივი მეთოდები

კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდები ის მეთოდებია, რომლებიც მთლიანად ემყარება იმას, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ თქვენს სხეულში მიმდინარე პროცესებს — ეს შეიძლება იყოს სექსის დროს ეაკულაციის მართვა, სხეულის „მინიშნებებზე“ დაკვირვება იმის გასაგებად, ხართ თუ არა ოვულაციის ფაზაში, ან ორივე. მართალია, ზოგადად, ბუნებრივი მეთოდები სხვა მეთოდებზე უფრო ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ისინი ყოველგვარი თავდაცვის არარსებობას მაინც სჯობს და უფრო მიღებულია ზოგიერთი რელიგიის რწმენა-წარმოდგენის მიხედვით.

ე.წ. „გამოღების მეთოდი“ (ლათინურად „coitus interruptus“) არის ეაკულაციამდე პენისის ვაგინიდან გამოღების პრაქტიკა. ვინაიდან ის მარტივადაა ხელმისაწვდომი, არ საჭიროებს ხარჯებს და არ აქვს გვერდითი მოვლენები, „გამოღების მეთოდი“ საკმაოდ მოსახერხებელია.

თუმცა, მას აქვს უარყოფითი მხარეებიც:

  • პირველ ყოვლისა, ის არ არის სანდო. თუკი „გამოღება“ დროულად არ მოხდება, ვაგინაში შეიძლება მოხვდეს სპერმა. ასევე ვაგინაში გამოღების დროისგან განურჩევლად შეიძლება მოხვდეს პრეეაკულატი (ე.წ. „პრექამი“), რომელიც ზოგჯერ შეიცავს სპერმას.

► წყვილებში ხშირია გამოღების მეთოდის არასწორად გამოყენება, რაც დაორსულების რისკს 22%-მდე ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 100 წყვილში, რომელიც გამოღების მეთოდს იყენებს სექსის დროს, საშუალოდ 22 ორსულობა დადგება.

  • ბუნებრივი მეთოდი არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.

  • „გამოღების მეთოდს“ სჭირდება მნიშვნელოვანი კონცენტრაცია და საკუთარი თავის მართვის უნარი. ამან შეიძლება გაართულოს სექსით ტკბობის პროცესი, რადგან საკუთარი მოქმედებების დროის კონტროლი შეიძლება სტრესული იყოს და სექსის შეწყვეტა შეიძლება სიამოვნების პიკის დროს გიწევთ. ამ მეთოდისადმი არაჯანსაღი მიდგომა შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური ბარიერი ერთი ან ორივე პარტნიორისთვის, რამაც შეიძლება ურთიერთობაში პრობლემები წარმოქმნას.

ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) გამონადენის მეთოდი არის ნაყოფიერების მონიტორინგზე დაფუძნებული ორსულობისგან თავის არიდების ბუნებრივი მეთოდი. ამ მეთოდის წარმატებულობა მენსტრუალური ციკლის დროს გამონადენზე ყურადღებით დაკვირვებაზეა დამოკიდებული. საშვილოსნოს ყელის გამონადენი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში იცვლება. ამ ცვლილებების შემჩნევით ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანს შეუძლია დაადგინოს, როდის იწყება ოვულაცია და განსაზღვროს, როდის არის დაორსულების უფრო მეტი ალბათობა, რა დროსაც მან სექსის დროს თავი უნდა დაიცვას.

ამ მეთოდს სხეულზე ყურადღებით დაკვირვება და ყველა ცვლილების მონიტორინგი სჭირდება. ამას თან ახლავს პარტნიორების სექსუალური ცხოვრების საზღვრებში მოქცევის რისკი, რადგან მას აკლია სპონტანურობა. ექიმები ვარაუდობენ, რომ საშვილოსნოს ყელის გამონადენის მეთოდი საშუალოდ 77%-ითაა ეფექტური პირველი წლის განმავლობაში, თუმცა სწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება 97%-ით ეფექტური იყოს.

საშვილოსნოს ყელის გამონადენის მეთოდს ზოგჯერ იყენებენ კონტრაცეფციის სხვა ბუნებრივ მეთოდებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, სხეულის ბაზალური ტემპერატურის მონიტორინგი, რადგან სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად იზრდება ოვულაციის დროს, ან კალენდრული მეთოდი.

კალენდრული მეთოდი, იგივე რიტმული მეთოდი, ორსულობისთვის თავის არიდების კიდევ ერთი ბუნებრივი მეთოდია. საშვილოსნოს ყელის გამონადენის მეთოდის მსგავსად, ამ მეთოდის დროსაც ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანი ყურადღებით ადევნებს თვალს თავის მენსტრუალურ ციკლს, რათა დაადგინოს ოვულაციის დრო და ამ დროის განმავლობაში ჰქონდეს დაცული სექსი.

კალენდრული მეთოდი საჭიროებს დეტალურ და მუდმივ მონიტორინგსა და ჩაწერას. მას არ მოჰყვება ხარჯები და ჯანმრთელობისთვის საზიანო გვერდითი მოვლენები. დაახლოებით დათვლილია, რომ კალენდრული მეთოდი საშუალოდ 80-87%-ით ეფექტურია.

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ) მხოლოდ მშობიარობის შემდეგ პირველი 6 თვის განმავლობაში ეფექტურია და ის გულისხმობს ძუძუთი კვებას. ძუძუთი კვება თრგუნავს ნაყოფიერების უნარს მანამ, სანამ ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანს არ დაუბრუნდება მენსტრუაცია და მისი შვილი კი ძუძუთი იკვებება რეგულარულად, ყოველ ჯერზე, ყოველგვარი დამატებითი საკვებისა თუ სითხეების გარეშე.

სტერილიზაცია

სტერილიზაცია არის მეთოდი მათთვის, ვისაც აღარ უნდა, რომ შვილები ჰყავდეს. მართალია, ის ეფექტურად გიცავთ ორსულობისგან, მაგრამ ის არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.

მილების ლიგირება (ლიგაცია), იგივე „მილების გადაკეტვა“, არის კონტრაცეფციის სამუდამო ფორმა ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებისთვის. ამ დროს ფალოპის მილები იკეტება ან იკვეთება. მილების ლიგირების პროცედურების უმეტესობა შეუქცევადია. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ამ პროცედურის შექცევის ცდა, თუმცა ამას რთული ქირურგიული ოპერაცია სჭირდება და არ არის ყოველთვის ეფექტური.

ეს პროცედურა გავლენას არ ახდენს ჰორმონალურ სისტემასა თუ მენსტრუალურ ციკლზე — და მაინც რჩება მცირე რისკი საშვილოსნოსგარე ორსულობისა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს გარეთ მაგრდება, როგორც წესი, ფალოპის ერთ-ერთ მილში. საშვილოსნოსგარე ორსულობა პოტენციურად საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და მას მყისიერი სამედიცინო ჩარევა სჭირდება.

მიუხედავად ამისა, მილების ლიგირება, ზოგადად, საკმაოდ უსაფრთხოდ მიიჩნევა და მან შეიძლება შეამციროს საკვერცხეების კიბოს რისკი, განსაკუთრებით ფალოპის მილების ამოკვეთის შემთხვევაში.

ვაზექტომია არის ქირურგიული კონტრაცეფცია მათთვის, ვისაც კაცის რეპროდუქციული სისტემა აქვს. ამ დროს ე.წ. „vas deferens“ — ანუ ის სადინარები, რომლებსაც გადააქვს სპერმატოზოიდები — ნაწილობრივ იკვეთება და იკვანძება, რათა სპერმატოზოიდები ვერ მოხვდეს სპერმაში. ვაზექტომია კონტრაცეფციის საკმაოდ უსაფრთხო, მაგრამ შეუქცევადი ფორმაა. თუკი კაცის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანს უნდა, რომ გახდეს მშობელი სტერილიზაციის შემდეგ, მას შეუძლია მიმართოს ე.წ. „ინ-ვიტრო“ განაყოფიერებას ან ბავშვის აყვანას.

► სტერილიზაცია სერიოზული გადაწყვეტილებაა ნებისმიერი გენდერის ადამიანისთვის და ის ფრთხილად უნდა განიხილოთ. ზოგი ადამიანი საერთოდ ეწინააღმდეგება ამ პროცედურებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეული მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი პირადი არჩევანი და საქმეა.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გადაუდებელი, სასწრაფო, კონტრაცეფცია, ესკაპელი, ესმია, ორსულობა, სექსი

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

რას ნიშნავს გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია და რამდენი სახეობის საშუალებას მოიცავს ის? როდის უნდა მივიღოთ „შემდეგი დღის“ აბი და რა ტიპის გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ორსულობა, ფეხმძიმობა, თავიდან, არიდება, თავის, დაცვა, უსაფრთხო, სექსი, სპირალი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, spirali, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, orsuloba, kontracepcia, kontracefcia, usafrtxo, seqsi, tavis, dacva

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

მითები და სიმართლე კონტრაცეფციაზე — ჰორმონალური კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, სპირალი და თავდაცვის სხვა საშუალებები. როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობა?

კონტრაცეფცია
ჰორმონალური, კონტრაცეფცია, კონტრაცეპტივი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, მონოფაზური, ფაზური, ყოველდღიური, მინი-აბები, მინიპილი, საშოს, ვაგინალური, რგოლი, კანის, პლასტირი, ინიექცია, ინექცია, იმპლანტი, სპირალი, საშვილოსნოსშიდა, მოწყობილობა, შემდეგი, დღის, hormonaluri, kontracepcia, kontracefcia, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, monofazuri, mini-abebi, minipili, sashos, vaginaluri, rgoli, kanis, plastiri, ineqcia, inieqcia, implanti, spirali

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივები — საშოს (ვაგინალური) რგოლი, კანის პლასტირი, ინიექცია, იმპლანტი, სპირალი და სხვა — რა უნდა ვიცოდეთ სექსის დროს თავდაცვის გზებზე?

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია