Facebook Script

რა არის ფალოპის მილი? — მისი დანიშნულება, შესაძლო საფრთხეები და მკურნალობა

30 სექტემბერი, 2022 | რეპროდუქცია

ფალოპის მილი (იგივე ფალოპის ლულა, საშვილოსნოს მილი ან კვერცხსავალი მილი) წარმოადგენს მნიშვნელოვან არხს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შესახვედრად და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ემბრიონის) საშვილოსნოში მოსახვედრად. ფალოპის მილების ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება ნაყოფიერებაზე (ფერტილურობაზე). დაზიანებულმა ან გაუმტარმა ფალოპის მილებმა შეიძლება გაართულოს დაორსულება.

ფალოპის მილის ანატომია

ფალოპის მილი არის ვიწრო, კუნთოვანი მილების წყვილი, რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ არხს საკვერცხეებსა (სადაც წარმოიქმნება კვერცხუჯრედი) და საშვილოსნოს (სადაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება გადაიქცეს ნაყოფად) შორის. განაყოფიერების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება ფალოპის მილში, რაც მას რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს. ჩვეულებრივ, ქალის ორგანიზმში ორი ფალოპის მილია: ერთი — საშვილოსნოს მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ. თითოეული მილი გამოდის საშვილოსნოს ტანიდან და მიემართება საკვერცხეებისკენ.

ზრდასრულებში ფალოპის მილის სიგრძე საშუალოდ 10-12 სანტიმეტრია, დიამეტრი კი 0.5-1,5 სანტიმეტრი. 

ფალოპის მილი ოთხი ნაწილისგან შედგება:

  • ინტერსტიციალური (შუალედური) ნაწილი, რომელიც საშვილოსნოს კედლის მეშვეობით უკავშირდება საშვილოსნოს შიდა ნაწილს.

  • ისთმუსი (ყელი) — ვიწრო მონაკვეთი, რომელიც საშვილოსნოს მილის სიგრძის მესამედია.

  • ამპულა — ისთმუსის მსგავსად, ესეც თხელკედლიანია და დაახლოებით, საშვილოსნოს მილის სიგრძის ნახევარს შეადგენს.

  • ინფუნდიბულუმი (ძაბრისებრი ნაწილი) — ადგილი, სადაც მილი ფართოვდება და იღებს ფოჩებიანი ძაბრის ფორმას, რომელიც საკვერცხესთან ახლოს მდებარეობს. ეს ფოჩები, რომლებსაც ფიმბრიები ეწოდება, ზოგჯერ ფალოპის მილის მეხუთე ნაწილადაც მიიჩნევა. ყველაზე გრძელ ფიმბრიას, რომელიც საკვერცხესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, საკვერცხის ფიმბრია ეწოდება.

ფალოპის მილი რამდენიმე შრისგან შედგება. გარე შრე მემბრანის ტიპია, რომელიც სეროზული გარსის სახელითაა ცნობილი, შიდა ნაწილში კი განლაგებულია კუნთოვანი შრეები (მიოსალპინქსი). და ბოლოს, ფალოპის მილის შიდა ნაწილში არის ნაოჭებიანი ლორწოვანი გარსი. ეს შრე ასევე შეიცავს ე.წ. „წამწამებს“ — თმის მსგავს სტრუქტურებს, რომლებიც ეხმარებიან ოვულირებულ კვერცხუჯრედს, გადაადგილდეს საკვერცხიდან საშვილოსნოში. ისინი ასევე ხელს უწყობენ საშვილოსნოს მილის სითხის განაწილებას მთელს მილში.

წყარო: Wikimedia Commons

რა არის ფალოპის მილის როლი?

ფალოპის მილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის ჩასახვისა და ორსულობის დროს. ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც:

  • კვერცხუჯრედის შესანახი ადგილი: ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ერთ-ერთ საკვერცხეში კვერცხუჯრედი ვითარდება და შემდეგ ხდება მისი გამოთავისუფლება (ოვულაცია). ფალოპის მილის ბოლოში მდებარე თითის მსგავსი თითოეული სტრუქტურა, რომელსაც ფიმბრიები ეწოდება, კვერცხუჯრედს ატარებს მილში, სადაც კვერცხუჯრედი ელოდება განაყოფიერებას.

  • ადგილი, სადაც ხდება განაყოფიერება: თუ ვაგინალური სექსის დროს კაცი განიცდის ეაკულაციას, მისი სპერმა გადადის საშოში, საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოში და საბოლოოდ ხვდება ფალოპის მილში. სწორედ აქ იწყება განაყოფიერების პროცესი, როცა კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ხვდება.

  • გზა, რომლითაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოში: განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ემბრიონი) მანამდე მოგზაურობს ფალოპის მილებში, სანამ საშვილოსნოში არ აღმოჩნდება, სადაც შეიძლება ნაყოფად ჩამოყალიბდეს.

შესაძლებელია თუ არა დაორსულება მხოლოდ ერთი ფალოპის მილის არსებობის შემთხვევაში?

დიახ. შესაძლოა, ადამიანი დაიბადოს მხოლოდ ერთი ფალოპის მილით ან შემდგომ გახდეს საჭირო მისი ამოღება, თუმცა ერთი ჯანმრთელი ფალოპის მილისა და ნორმალური მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში დაორსულება სავსებით შესაძლებელია. 

დაორსულება მაშინაც შესაძლებელია, თუ ადამიანს არცერთი ფალოპის მილი არ აქვს. ამ შემთხვევისთვის გამოიყენება ე.წ. „ინ ვიტრო“ განაყოფიერება, რომელსაც ფალოპის მილის არარსებობა ხელს არ უშლის.

► ფალოპის მილი გადამწყვეტ როლს ასრულებს სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების ერთმანეთთან შეხვედრასა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადატანაში. შესაძლოა, დაორსულება პრობლემური გახდეს ფალოპის მილების გაუმტარობის ან სტრუქტურული დარღვევების შემთხვევაში. სტატისტიკის თანახმად, უნაყოფობის 20-30% სწორედ მილების ფუნქციონირების პრობლემებთანაა დაკავშირებული.

რა ახდენს გავლენას ფალოპის მილების ფუნქციონირებაზე?

რამდენიმე ძირითადი გარემოება, რაც გავლენას ახდენს ფალოპის მილების ფუნქციონირებაზე:

  • საშვილოსნოს გარე ორსულობა: როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად ერთ-ერთ ფალოპის მილში. თუ კვერცხუჯრედი განვითარდება და ორსულობა გაგრძელდება, აუცილებელია მისი შეჩერება მედიკამენტებით ან ქირურგიული ჩარევით, რადგან შეიძლება ამან ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

  • ენდომეტრიოზი: საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის უადგილო ქსოვილმა შეიძლება დაბლოკოს ფალოპის მილები ან გამოიწვიოს ნაწიბურები, რაც ართულებს დაორსულების პროცესს.

  • ფალოპის მილის კიბო: ფალოპის მილის კიბო ვითარდება საკვერცხისა და საშვილოსნოს დამაკავშირებელ მილებში.

  • საშვილოსნოს ფიბრომა: ფიბრომები ყველაზე ხშირად იზრდება საშვილოსნოში, თუმცა შესაძლოა ფალოპის მილებშიც აღმოჩნდნენ და დაბლოკონ ისინი.

  • ჰიდროსალპინქსი: ფალოპის მილები შეიძლება დაიბლოკოს სითხის დაგროვებით ტრავმის ან ინფექციის შემდეგ, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუშალოს დაორსულების პროცესს.

  • პარაოვარიული კისტა (ცისტა): ეს სითხით სავსე მასები წარმოიქმნება საკვერცხეებსა და ფალოპის მილებთან. პარაოვარიული კისტა კეთილთვისებიანია (არასიმსივნური) და, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე ქრება.

  • სალპინგიტი/მენჯის ანთებითი დაავადება (PID): სალპინგიტის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად ინფექცია სახელდება. თუკი დროულად არ დაიწყება მკურნალობა, მენჯის ანთებითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა ან/და გაზარდოს საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი. ქლამიდია, გონორეა, გენიტალური ტუბერკულოზი — ეს ყველაფერი კავშირშია სალპინგიტთან და უნაყოფობასთან.

► აღსანიშნავია, რომ თანდაყოლილმა ანომალიებმა ან მუცლის ღრუს ოპერაციის შემდგომ წარმოქმნილმა ნაწიბურებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილებთან დაკავშირებული ნაყოფიერების პრობლემები.

ფალოპის მილების გამოკვლევის გავრცელებული ფორმები

ფალოპის მილებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება შესაძლებელია რამდენიმე განსხვავებული მეთოდით:

  • ჰისტეროსალპინგოგრამა — რენტგენის სპეციალური სახეობა, რომელიც გამოიყენება ფალოპის მილების შესამოწმებლად. იდეალურ შემთხვევაში, ჰისტეროსალპინგოგრამა აჩვენებს, ადვილად მიედინება თუ არა სითხე მილებში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეიძლება საქმე გვქონდეს განაყოფიერების პრობლემასთან.

  • ლაპარასკოპია — ეს არის ოპერაციის ტიპი, რომელიც გამოიყენება რეპროდუქციული ორგანოების შესამოწმებლად. ლაპარასკოპიით მოწმდება ფალოპის მილის გარე ნაწილი და დგინდება, ხომ არ არის რამე სახის დაზიანება.

  • სალპინგოსკოპია — გამოკვლევის ეს ფორმა ფალოპის მილის შიდა ნაწილის დათვალიერების საშუალებას იძლევა, რაც ადგენს, ხომ არ აღინიშნება მილის შევიწროებასთან ან გამტარობასთან დაკავშირებული დარღვევები.

ფალოპის მილის მკურნალობის გავრცელებული მეთოდები

ფალოპის მილთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობა შეიძლება მოითხოვდეს ერთი ან ორივე მილის აღდგენას ან მოცილებას. ფალოპის მილის მკურნალობის მეთოდებს შორისაა:

  • სალპინგექტომია: ქირურგიული ჩარევა, რაც გულისხმობს ერთი ან ორივე ფალოპის მილის ამოღებას.

  • სალპინგოოფორექტომია: ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ამოღება.

  • სალპინგოსტომია: პროცედურა, რომლის დროსაც იჭრება ფალოპის მილი ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის, ფალოპის მილის ბლოკირების მოსაშორებლად ან დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად.

  • მილების რეკონსტრუქციული ქირურგია: პროცედურა, რომელიც გამოიყენება მილების ლიგირების ან დაზიანებული ფალოპის მილის აღსადგენად.

  • მილების ლიგირება (ლიგაცია): ეს არის სტერილიზაციის პროცესი. ამ პროცედურის შემდეგ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ვეღარ ხვდება ერთმანეთს. ცნობილია, როგორც „მილების გადაკეტვა“.

ფალოპის მილის ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ტიპის ჩარევაა საჭირო.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Nggambar / Vecteezy

სტატიის მთარგმნელი: ინგა ღოღობერიძე / Femea

მსგავსი სტატიები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოში

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა — აბორტი და უშვილობა: როგორია რეალობა საქართველოში?

ორსულობა და მშობიარობა
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

რა არის ფალოპის მილი? — მისი დანიშნულება, შესაძლო საფრთხეები და მკურნალობა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია