Facebook Script

ქალის ორგაზმი — რა უნდა ვიცოდეთ?

კულტურული და მეცნიერული პროგრესის მიუხედავად, ქალის აღგზნებისა და ორგაზმის საკითხი ჯერ კიდევ დიდი ბუნდოვანებითაა მოცული. კაცებსაც და ქალებსაც უჭირთ იმის გააზრება, თუ ზუსტად რა ანიჭებს სიამოვნებას ქალის სხეულს.

ქალის ორგაზმს დიდი მოთმინება და ქალის სიამოვნებისა და მის სხეულზე შესაძლო გავლენების საფუძვლიანი გააზრება სჭირდება. ის ბევრად უფრო კომპლექსური და მოუხელთებელია, ვიდრე, შედარებით მარტივი, კაცის ორგაზმი.

რა არის ქალის ორგაზმი და როგორ მუშაობს ის?

ორგაზმი (ე.წ. „გათავება“) სექსუალური სიამოვნების მწვერვალია — ერთი ან რამდენიმე ეროგენული (სექსუალური სტიმულაციისადმი მგრძნობიარე) ზონის განგრძობითი სტიმულაციით გამოწვეული კუნთების შეკუმშვის სერია, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში ენდორფინები გამოიყოფა, ამას კი შედეგად ეიფორია და მოდუნება (ზოგჯერ დაძინების სურვილი) მოსდევს.

ორგაზმის მისაღწევად კაცებსა და ქალებს სხვადასხვა ტიპის სექსუალური სტიმულაცია სჭირდებათ, რომლის სპეციფიკაც კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული. კაცებში სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის მიღწევა უფრო ხშირია, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ქალის ორგაზმი პირდაპირ არ არის დაკავშირებული რეპროდუქციულ ფუნქციასთან — გამრავლებისთვის მხოლოდ კაცის ორგაზმია საჭირო.

► სექსი იმის გარანტი არ არის, რომ მასში მონაწილე ყველა მხარე ორგაზმს მიაღწევს.

ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა დაბალი თვითშეფასება, ცოდნის ნაკლებობა, ზეწოლის ან დისკომფორტის განცდა, სექსუალურ პარტნიორთან კომუნიკაციის არქონა, და სექსუალურმა დისფუნქციებმა, მაგალითად, ვაგინიზმმა, შეიძლება მნიშვნელოვნად დათრგუნოს ქალის უნარი, იმდენად აყვეს სექსუალურ სიამოვნებას, რომ ორგაზმის მიღწევა მოახერხოს. ქალების უმეტესობა პირველ ორგაზმს მასტურბაციისას აღწევს. თუმცა, კვლევების მიხედვით, ქალების დაახლოებით 10% აცხადებს, რომ ორგაზმი არასდროს ჰქონია.

მართალია, ორგაზმის მიღწევის უნარი არც სექსუალური ინტიმურობით დასატკბობადაა საჭირო და არც წარმატებული სექსუალური ურთიერთობისთვისაა აუცილებელი, მაგრამ მას ბევრი უპირატესობა ახლავს. ცნობილია, რომ რეგულარული ორგაზმები ამცირებს სტრესს და სტრესისგან გამოწვეულ სიმპტომებს (მაგალითად, თავის ტკივილს), აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ძილს და სხეულში ჰორმონების დონეების დაბალანსებას.

მითები ქალის ორგაზმის შესახებ

სექსი და ქალის სექსუალობა უკვე დიდი ხანია, ტაბუდადებული თემებია. ამან ორგაზმთან დაკავშირებით უკიდურესად არასწორი მითები და მცდარი წარმოდგენები გააჩინა, რომლებიც ქალებსაც აქვთ და კაცებსაც.

„ქალები ყოველთვის აღწევენ ორგაზმს, როცა სექსი აქვთ“ — არა. ეს ახლოსაც არ დგას სიმართლესთან. სექსის დროს კაცების უმეტესობა აღწევს ორგაზმს, რაც, შესაძლოა, იმის მიზეზი გახდა, რომ ეს ფაქტი ქალებზეც გავრცელდა. ორგაზმის მიუღწევლობა შეიძლება რეალური პრობლემა იყოს — ქალი შეიძლება დისკომფორტს, სირცხვილს ან ზეწოლას გრძნობდეს, მისმა პარტნიორმა კი საკუთარ პერფორმანსზე დაიწყოს დარდი. სწორედ ამის გამო ზოგი ქალი აყალბებს ორგაზმს, თუმცა ეს გამოსავალი არ არის. როდესაც მსგავს პრობლემასთან გიწევთ გამკლავება, უმჯობესია, „საბოლოო მიზნის“ ნაცვლად თვითონ სქესობრივი აქტის პროცესზე ფოკუსირდეთ და დატკბეთ მისით.

„ქალებს საერთოდ არ შეუძლიათ ორგაზმის მიღწევა“ — მცდარია, თუმცა ქალები, როგორც წესი, კაცებზე უფრო იშვიათად აღწევენ ორგაზმს. ზოგისთვის პარტნიორთან ერთად ყოფნისას ორგაზმის მიღწევა უფრო რთულია, ზოგისთვის კი — საერთოდაც შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ქალების უმეტესობას საკმაოდ რეგულარულად შეუძლია ორგაზმის მიღწევა, გრძელვადიან ურთიერთობებში კი ამის სიხშირე კიდევ უფრო იზრდება.

„პენეტრაცია საკმარისია“ — ხშირ შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ქალების უმეტესობას ორგაზმის მისაღწევად კლიტორის სტიმულაცია სჭირდება. მართალია, კაცებისთვის ხშირად პენეტრაციული სექსი საკმარისია, მაგრამ ქალებს ორგაზმისთვის სხეულის სხვა უბნებზე ცოტა უფრო მეტი ყურადღება ესაჭიროებათ. საშუალოდ ქალებს დაახლოებით 20 წუთი სჭირდებათ ორგაზმისთვის. აქტის ნელა წარმართვა, პრელუდია და პროცესით დატკბობა ორივე პარტნიორს დაეხმარება, მოდუნდნენ და უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი ერთმანეთთან.

► ღია და გულწრფელი კომუნიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური გაწაფულობა. შეეცადეთ, ურთიერთგაგება დაამყაროთ თქვენს პარტნიორთან, დანარჩენი კი თავისით მოხდება.

იხილეთ აგრეთვე:

„ორგაზმები ხმამაღალი და შესამჩნევია“ — არააუცილებლად. პორნოინდუსტრიამ და მედიამ ხელი შეუწყო იმ აზრის გავრცელება, თითქოს ორგაზმები იმდენად ინტენსიურია, რომ ქალები აუცილებლად იწყებენ სიცილს, კანკალს, ტირილს, ყვირილს ან ზოგჯერ გონებასაც კი კარგავენ. კი კარგია იმის მტკიცებულების ქონა, რომ მცდელობებმა შედეგი გამოიღო, თუმცა, რეალურად, ორგაზმები სხვადასხვაგვარი არსებობს. ისინი შეიძლება იყოს როგორც ძალიან „ფეთქებადი“ და ხმამაღალი, ისე თითქმის შეუმჩნეველიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და იმაზე, თუ როგორ მიიღწა ორგაზმი. გრძელვადიან ურთიერთობებში წყვილები ნელ-ნელა სწავლობენ ერთმანეთში იმ პატარა სიგნალების შემჩნევას, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ პარტნიორი სიამოვნებას იღებს.

ფიზიკური სტიმულაცია

ქალების უმეტესობას ორგაზმისთვის კლიტორის სტიმულაცია სჭირდება, თუმცა მის მისაღწევად შეიძლება სხეულის სხვა ნაწილების სტიმულაციაც საკმარისი აღმოჩნდეს. სხვადასხვა ტიპის სტიმულაცია სხვადასხვა ტიპის ორგაზმსა და შეგრძნებებს იწვევს, რომლებიც განსხვავდება ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით, ეიფორიის შეგრძნება კი შეიძლება იყოს როგორც ლოკალური, ისე ვრცელდებოდეს მთელს სხეულში.

კლიტორული ორგაზმი. კლიტორს დაახლოებით 8 000 სენსორული ნერვული დაბოლოება აქვს და ის, როგორც წესი, ქალის სიამოვნების მთავარ წყაროს წარმოადგენს. კლიტორის იმ ნაწილს, რომელიც სხეულზე გარედან ჩანს, კლიტორის თავი ეწოდება. ის დაახლოებით ბარდის მარცვლისხელაა და მცირე სასქესო ბაგეების (ე.წ. „ლაბია მინორა“) ზედა ნაწილში მდებარეობს, ზუსტად შარდსადენის ზემოთ. სხეულის შიგნით კლიტორი დაახლოებით 9 სანტიმეტრს აღწევს ზომაში და ვაგინის ხვრელის ზემოთ და მის გარშემო მდებარეობს.

კლიტორის ერთადერთი დანიშნულება სიამოვნების მინიჭებაა და ამას საკმაოდ კარგადაც ართმევს თავს — თუკი იცით, როგორ მოექცეთ მას. ის სიამოვნების პატარა და კონცენტრირებული ცენტრია, რომლის პოვნაც ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ის არ აქვს. ზოგ ქალს უკიდურესად მგრძნობიარე კლიტორი აქვს და უჭირს დიდი ხნით სტიმულაციის შენარჩუნება ისე, რომ ეს „ზედმეტი“ არ აღმოჩნდეს ან მტკივნეული არ იყოს. ნელა დაწყება და რიტმულობისა და ინტენსიურობის თანდათანობით გაზრდა ყოველთვის კარგი ტაქტიკაა, ლუბრიკანტის მიშველება კი — ძალიან კარგი იდეა.

წყარო: WomanLog

მაგალითად, კუნილინგუსი — ვაგინის უბნების სტიმულაცია ტუჩებითა და ენით — ავტომატურად მოიცავს ლუბრიკანტს ნერწყვის სახით, ენა კი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე თითისწვერები (რომელსაც შეიძლება ისეთი უხეში კანი ჰქონდეს, რომ კლიტორისთვის მისი შეხება არასასიამოვნო გამოდგეს). ქალების უმეტესობა თანხმდება, რომ კლიტორის სტიმულაციისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს სტაბილური, თანაზომიერი და თანმიმდევრული (ტემპის ცვლის გარეშე), განსაკუთრებით, როცა სხეული ორგაზმს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ყოველთვის — ყოველთვის! — გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს პარტნიორთან იმაზე, თუ რას აკეთებთ თქვენ, რა მოსწონს მას და რაიმეს შეცვლას ხომ არ ისურვებდა.

ვაგინალური (G-წერტილის) ორგაზმი. G-წერტილი (იგივე „ჯი-სფოთი“) ეწოდება ნერვული დაბოლოებებით მდიდარ პატარა უბანს, რომელიც ვაგინის შიგნით, წინა კედლების ზემოთ, დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ამგვარი ორგაზმის მიღწევა განსაკუთრებით რთულია. ოფიციალურად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა იმაზე, საერთოდ არსებობს თუ არა ვაგინალური (G-წერტილის) ორგაზმი, თუმცა ბევრი ქალი ირწმუნება, რომ ის გამოუცდიათ. საქმე ისაა, რომ არსებობს გარკვეული პრერეკვიზიტები, რომლებიც შეიძლება ზოგ ადამიანს უფრო შეესაბამებოდეს, ვიდრე სხვებს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ქალს შეიძლება კლიტორული ორგაზმი ვაგინალურში აერიოს, თუკი პენეტრაციის დროს რაიმე ფორმით კლიტორის თავის სტიმულაციაც ხდებოდა. გარდა ამისა, G-წერტილის სტიმულაცია შეიძლება, უბრალოდ, კლიტორის შიდა ნაწილის სტიმულაცია იყოს, ამიტომაც ვაგინალური ორგაზმი, შესაძლოა, კლიტორული ორგაზმის ერთ-ერთ ფორმად განვიხილოთ. ეს საკითხი საკმარისად კარგად შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.

არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც ვაგინალური ორგაზმის მიღწევას უწყობს ხელს. G-წერტილისთვის განკუთვნილ სექს-სათამაშოები ბოლოში ოდნავ მოხრილია, რაც ვაგინის წინა კედელთან წვდომას ამარტივებს. გარდა ამისა, შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ვაგინის შიგნით „მოკაუჭებული“ თითებით ტალღოვანი ან წრიული მოძრაობები, ასევე სექსის ისეთი პოზები, რომლებიც G-წერტილზე მეტი ზეწოლის საშუალებას იძლევა. ზოგ შემთხვევაში, G-წერტილის სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს...

ქალის ეაკულაცია. ქალის ეაკულაცია — ე.წ. „სქვირთინგი“ (ინგლ. Squirting) — აღგზნების ან ორგაზმის დროს ქალის შარდსადენიდან სითხის გამონთხევას გულისხმობს. არსებობს ქალის ეაკულატის ორი ტიპი — „სქვირთინგის“ სითხე (უფერო, უსუნო, გამოიყოფა დიდი რაოდენობით) და ეაკულაციის სითხე (უფრო სქელი და რძისფერი, გამოიყოფა მცირე რაოდენობით). მართალია, ეს სითხეები შარდის ბუშტში გროვდება, თუმცა ისინი შარდისგან განსხვავდება. ქალის ეაკულაცია სრულიად ბუნებრივი ფენომენია, თუმცა ის ყველა ქალს არ ახასიათებს — და ვისაც ახასიათებს, მათთვის პირველი ჯერი, შესაძლოა, ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდეს.

ანალური ორგაზმი. ანუსი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონაა. გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდ, სულაც არაა აუცილებელი, სექსის დროს ანალური სტიმულაცია პენეტრაციას მოიცავდეს. მეტიც, ანალური ნერვული დაბოლოებების უდიდესი ნაწილი გარეთაა, სხეულის ზედაპირზე, და თუკი პარტნიორები გამოუცდელები არიან ან დარწმუნებულნი არ არიან, სურთ თუ არა ანალური პენეტრაცია, მათთვის შეიძლება იდეალური აღმოჩნდეს ნაკლებად ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა ანალური ხვრელის დაზელა ან ორალური სტიმულაცია.

პენეტრაციული ანალური სექსი, შესაძლოა, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს მიმღებისთვის, თუკი მან მოდუნება ვერ მოახერხა. ასეთ სიტუაციაში კომფორტულად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუსს ორი სფინქტერი (მომჭერი კუნთი) აქვს: 1) გარე სფინქტერი, რომლის მართვაც ნებითაა შესაძლებელი; და 2) შიდა სფინქტერი, რომელსაც ადამიანი თავისი ნებით ვერ მართავს და რომელიც შეკუმშული დარჩება, თუკი მიმღები კომფორტულად არ გრძნობს თავს და არ არის მოდუნებული. ნაძალადევმა პენეტრაციამ შეიძლება საავადმყოფოში წასვლის საჭიროებაც კი გააჩინოს!

► ანალური ხვრელის კედლები ძალიან ფაქიზია და მარტივად ზიანდება. შესაბამისი მომზადების გარეშე შესრულებულმა ანალურმა პენეტრაციამ შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს სხეული.

► იხილეთ აგრეთვე: ანალური სექსი — რა უნდა ვიცოდეთ?

წარმატებული (ანუ ყველა ჩართული მხარისათვის სასიამოვნო) ანალური პენეტრაციისთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომენტსაც. დიდად რეკომენდებულია, რომ აქტში მონაწილეებმა საკმარისი დრო დაუთმონ მოდუნებას, შემდეგ კი ნელ-ნელა და თანდათანობით მიუდგნენ სტიმულაციასა და პენეტრაციას. ზოგ ქალს ანალურ სტიმულაციასთან ერთად ორგაზმის მისაღწევად კლიტორის სტიმულაციაც შეიძლება დასჭირდეს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ანალური სექსის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით ლუბრიკანტის გამოყენება — ვაგინისგან განსხვავებით, ანუსს არ შეუძლია თვითლუბრიკაცია.

გაითვალისწინეთ, რომ „გამოსუფთავებული“ ანუსიც კი მცირე რაოდენობით ფეკალურ ბაქტერიებს შეიცავს. ანალური სექსის წინ ანალური ხვრელის გამორეცხვას არამხოლოდ ჰიგიენური მიზნები აქვს, არამედ ის ასევე ინფექციების გავრცელების შანსებს ამცირებს. ანალური აქტივობების შემდეგ აუცილებელია კანის საპნით მობანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი შემდეგ ვაგინალური სექსით დაკავებას აპირებთ — რადგან ვაგინის მიკროფლორისთვის უცხოა ანუსის შიგნით არსებული ბაქტერიები და ის მათთან გამკლავებას ვერ ახერხებს.

სხვა ეროგენული ზონების — იმ ზონების, რომლებიც მგრძნობიარეა სექსუალური სტიმულაციის მიმართ და აღგზნებას იწვევს — სტიმულაცია ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ორგაზმის მიღწევაში. ისინი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანისთვის, თუმცა არსებობს სხეულის უბნები, რომლებიც უფრო დიდი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს ეროგენული ადამიანისთვის. მათ შორისაა:

  • პირი. კოცნა რომანტიკული კულტურის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ტყუილად სულაც არაა.

  • მკერდი და დვრილები (ძუძუსთავები) შეხებისადმი საკმაოდ მგრძნობიარე. მეტიც, ზოგ ქალს მხოლოდ ძუძუსთავების სტიმულაციით შეუძლია ორგაზმის მიღწევა.

  • ვაგინის სასქესო ბაგეები (ე.წ. „ლაბია“). ორალური სექსის დროს შეიძლება შედეგი ჰქონდეს ვაგინის შიდა (იგივე მცირე; ე.წ. „ლაბია მინორა“) და გარე (იგივე დიდი; ე.წ. „ლაბია მაჟორა“) სასქესო ბაგეების სტიმულაციას, თუმცა ეს ყველა ქალისთვის სულაც არ არის სასიამოვნო.

  • საშვილოსნოს ყელი. ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ორგაზმი შეიძლება ღრმა ვაგინალური პენეტრაციის დროს მიიღწეს.

  • U-წერტილი, იგივე შარდსადენი (ურეთრა; ე.წ. „იუ-სფოთი“), შეიძლება სიამოვნების წყარო აღმოჩნდეს, რადგან ის კლიტორთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

  • A-წერტილი, იგივე საშოს წინა თაღი (ე.წ. „ეი-სფოთი“), ვაგინის წინა კედლების ყველაზე ღრმა წერტილის მახლობლად მდებარეობს — ზუსტად იქ, სადაც ის ზემოთკენ ახრას იწყებს. A-წერტილის სტიმულაციამ შეიძლება აღგზნება და ვაგინაში ლუბრიკაციის გამოყოფა გაზარდოს.

  • ყელი და ყურები ასევე საკმაოდ ხშირი ეროგენული ზონებია.

გარდა ამისა, ერთდროულად სხეულის რამდენიმე ეროგენული ზონის სტიმულაციით შერეული ორგაზმების მიღწევაა შესაძლებელი. მიიჩნევა, რომ ასეთი ორგაზმი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ვიდრე ტიპური ორგაზმი.

ქალებს ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ მრავლობითი ორგაზმები, ანუ ზედიზედ რამდენიმე. ისინი შეიძლება იყოს ეტაპობრივი (როდესაც ორგაზმს მოსდევს ხანმოკლე პაუზა, შემდეგ კი კიდევ ერთი ორგაზმი) ან მიყოლებითი (როდესაც ერთ ორგაზმს პირდაპირ მოსდევს მეორე, ისე რომ შუაში მოსვენებითი პერიოდი არ არის).

წყარო: Maria Fabrizio

მენტალური სტიმულაცია

მაშინაც კი, თუ სწორი ეროგენული ზონების სტიმულაცია ხდება, ორგაზმის მიღწევა შეიძლება ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი იყოს, თუკი ამას თან შესაფერისი განწყობა არ ახლავს. ემოციური და ფსიქოლოგიური კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიკური სიამოვნების მისაღებად.

► არასდროს მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერი სახის ისეთ სექსუალურ (მათ შორის არაფიზიკურ) აქტივობაში, რომელიც არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. თქვენი სხეული, თქვენი წესები.

გარკვეულ შემთხვევებში, სწორმა განწყობამ შეიძლება სხეული ორგაზმამდე ყოველგვარი ფიზიკური სტიმულაციის გარეშეც კი მიიყვანოს. კონკრეტულ სიტყვებთან, სურათებსა თუ სიტუაციებთან ასოციაციები ხშირად აღგზნებასა და სიამოვნებას იწვევს და ისინი, შესაძლოა, ორგაზმისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. შეხებას ხშირად პარტნიორისგან ეროტიკული საუბარიც ახლავს — ე.წ. „ბინძური საუბარი“ (ინგლ. Dirty talk), ანუ სიტყვიერად ისეთი სურათების დახატვა, რომლებიც აღგზნებას უწყობს ხელს. ასეთ დროს მდიდარ წარმოსახვას ამ გამომწვევი სურათისა თუ სიტუაციისგან სრული სარგებლის მიღება შეუძლია.

სექსუალური ფანტაზიები, განსაკუთრებით ხშირად განმეორებადი, არის ის უსაფრთხო სივრცე ყველაფრისთვის, რაც ხალხს აღაგზნებს, მათ შორის ქვეცნობიერად. ეროტიკული სიზმრები საკმაოდ ხშირია. ადამიანი შეიძლება ძალიან აღიგზნოს ინტენსიური ეროტიული სიზმრის დროს და ძილში მიაღწიოს ორგაზმს ან მისი მიღწევისას გაეღვიძოს. ძილის დროს ჩვენ ვამუშავებთ მთელ იმ ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში დაგვიგროვდა — მათ შორის სექსუალურ ფრუსტრაციას (დაუკმაყოფილებლობას). ძილის განყენებულობა იმის საშუალებას იძლევა, რომ გონებამ თავისუფლად იმოგზაუროს სექსუალურ ფანტაზიებში, რომლებიც, შესაძლოა, ღვიძილის დროს დათრგუნული იყოს.

ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები

სიამოვნება არამდგრადია. არსებობს უამრავი რამ, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც პარტნიორთან სექსისას, ისე თვითსიამოვნებით, ანუ მასტურბაციით, დაკავების დროს. ზოგჯერ ეს გავლენები ადამიანს სექსისადმი ინტერესსაც კი უკარგავს ან „ბლოკავს“ ორგაზმის მიღწევის უნარს.

ანორგაზმია სამედიცინო ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ორგაზმის მუდმივ მიუღწევლობას სექსუალური სტიმულაციის მიუხედავად — ეს ფსიქოსექსუალური დარღვევაა, რომელსაც ფსიქოლოგიური/ემოციური საწყისები აქვს სტრესში, დეპრესიაში, შფოთვაში, დაღლილობაში, შიშში, ტრავმასა და სხვა უარყოფით გამოცდილებებში.

არსებობს ანორგაზმიის რამდენიმე ტიპი:

  • პირველადი ანორგაზმია: როდესაც ადამიანს არასდროს ჰქონია ორგაზმი.

  • მეორეული ანორგაზმია: როდესაც ადამიანს ჰქონია ორგაზმი, თუმცა ახლა ვეღარ ან ძალიან რთულად ახერხებს მის მიღწევას.

  • სიტუაციური ანორგაზმია: როდესაც ადამიანს მხოლოდ გამონაკლის, კონკრეტულ გარემოებებში შეუძლია ორგაზმის მიღწევა, სხვა დროს კი — ვერა.

ანორგაზმიის მიზეზი ხშირად ურთიერთობებში არსებული პრობლემებია. პარტნიორთან ცუდი კომუნიკაცია, მოუგვარებელი კონფლიქტები, სექსუალურ სურვილებსა და პრეფერენციებზე საუბრის შეუძლებლობა, ღალატი და ძალადობა საკმარისია საიმისოდ, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ბარიერი წარმოიშვას.

ორგაზმის მიღწევის უნარზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ასევე სხვა სიტუაციურმა ფაქტორებმა, მათ შორის მენტალურმა პრობლემებმა, სტრესის გამომწვევმა მიზეზებმა, ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ, საკუთარი სხეულის ნეგატიურად აღქმამ, წარსულში მომხდარმა ფიზიკურმა ტრავმამ ან ოპერაციამ, ასევე ისეთმა რელიგიურმა ან კულტურულმა წარმოდგენებმა, რომელთა მიხედვითაც სექსუალობა და სიამოვნება სამარცხვინოა.

სიამოვნების მიღებას შეიძლება ხელი შეუშალოს ასაკის მატებამ ან მძიმე დაავადებებმაც, მაგალითად, გაფანტულმა სკლეროზმა ან პარკინსონის დაავადებამ, ასევე გარკვეულმა პრეპარატებმა და მედიკამენტებმა, მაგალითად, ანტიალერგიულმა ან ანტიფსიქოზურმა მედიკამენტებმა და წნევის დამწევმა საშუალებებმა.

► ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც წარმოუდგენლად სასიამოვნო ორგაზმების მიღწევისკენ შეგიძლიათ გადადგათ, არის საკუთარი თავის შეყვარება. საკუთარი სხეულისა და გონების დაფასება ბევრად ამარტივებს იმ სიგნალებისა და მინიშნებების შემჩნევას, რომლებსაც ისინი გაძლევენ, რაც, თავის მხრივ, ბევრად ამარტივებს ორგაზმის მიღწევას.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ქალის ორგაზმი — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია