Facebook Script

3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები თუ დარღვევები აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც თავს მენსტრუაციის დროს იჩენენ. ამგვარი პრობლემების მაგალითი შეიძლება იყოს: უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა, მენსტრუაციის გამოტოვება/ჩაგდება ან განწყობის უეცარი ცვლილება.

მენსტრუაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები მოეძებნება. მნიშვნელოვანია, უყურადღებოდ არ დატოვოთ მენსტრუაციის უეცარი ან უჩვეულო ცვლილება (მაგალითად, ზედმეტად ბევრი სისხლი ან მენსტრუაციის ჩაგდება) და მალევე მიმართოთ ექიმს.

მენსტრუალური ციკლის საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა, თუმცა ის შეიძლება 21 დღიდან 35 დღემდე მერყეობდეს, მენსტრუაცია კი მენსტრუალური ციკლის განუყოფელი ნაწილია.

იმ შემთხვევაში, თუკი მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის დროს ერთი ან რამდენიმე ტიპის პრობლემას აწყდებით, ეს შეიძლება მენსტრუალურ დარღვევაზე მიანიშნებდეს. მენსტრუალურმა დარღვევებმა შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინოს. მსგავსი პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

ყველაზე მეტად გავრცელებული მენსტრუალური დარღვევებია:

#1: ძლიერი სისხლდენა — მენორაგია

ზოგ ადამიანს მენსტრუაციის დროს იმდენად ძლიერი სისხლდენა აქვს, რომ ჩვეული რუტინისთვის უარის თქმა უწევს, რათა ამ დღეებს გაუმკლავდეს. ამგვარ უჩვეულოდ ძლიერ სისხლდენას მენორაგია ეწოდება.

სისხლდენა მძიმედ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, როდესაც ის თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ და ხელს შეგიშლით ყოველდღიური საქმეების განხორციელებაში. ნორმალური მენსტრუაციის დროს სხეულიდან გამოიდევნება 30-40 მლ სისხლი, თუმცა ძლიერი სისხლდენისას ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მაღალი შეიძლება იყოს. ასეთ დროს, შესაძლოა, ტამპონებისა თუ საფენების გამოცვლა ხშირად მოგიწიოთ, მაგალითად, ყოველ საათში ერთხელ.

როგორც წესი, უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენა ვლინდება მოზარდობის ასაკში (როდესაც მენსტრუაცია ახალდაწყებულია) ან 40-50 წლების ასაკის შუალედში, როდესაც სხეული მენოპაუზის ფაზას უახლოვდება.

მძიმე მენსტრუალური სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰორმონალური დისბალანსი

  • საშვილოსნოს სტრუქტურული დარღვევები (მაგალითად, პოლიპები ან ფიბროიდები)

  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემა (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლების დაავადებები)

უმეტესად, მძიმე მენსტრუალურ სისხლდენას ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. შესაძლოა, თქვენმა სხეულმა გამოიმუშაოს ძალიან ბევრი ან არასაკმარისი ესტროგენი ან პროგესტერონი (რეპროდუქციული ჰორმონები), რომლებიც აუცილებელია თქვენი მენსტრუალური ციკლის რეგულარული შენარჩუნებისთვის.

ჰორმონების გარდა, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხეულის სხვა პრობლემა იყოს. ამგვარ პრობლემებს მიეკუთვნება:

  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

  • სისხლის შედედების დარღვევა (მაგალითად, ფონ ვილბრანდის დაავადება)

  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა ITP (დაავადება, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ძალიან მცირეა)

  • ღვიძლის ან თირკმლების დაავადება

  • ლეიკემია

  • მედიკამენტები (მაგალითად, სინთეზური ჰორმონები ან ანტიკოაგულანტები)

უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გინეკოლოგიური პრობლემაც იყოს:

  • სპირალისგან გამოწვეული პრობლემები/გართულებები

  • ფიბრომა

  • მუცლის მოშლა

  • საშვილოსნოსგარე ორსულობა

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მენორაგიის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია, დადგინდეს, მენორაგია მხოლოდ გინეკოლოგიური პრობლემების გამო გაწუხებთ თუ მას სხეულში არსებულ სხვა პრობლემასთან აქვს კავშირი.

მენორაგიის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურები შეიძლება მოიცავდეს:

  • ულტრაბგერას  — ამ პროცედურის დროს არ იყენებენ ანესთეზიას, რადგან მთელი პროცესის განმავლობაში მენჯის სტრუქტურები შეისწავლება მაღალი სიხშირის მქონე ხმის ტალღების გამოყენებით. 

  • ენდომეტრიუმის ბიოფსიას —  ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილის ნაწილს და მას მიკროსკოპის ქვეშ აკვირდებიან. 

  • ჰისტეროსკოპიას — ამ დიაგნოსტიკური პროცედურის განმავლობაში ექიმი საშვილოსნოს ღრუს მინიატიურული ტელესკოპის მსგავსი ხელსაწყოს დახმარებით იკვლევს. შესაძლოა, პროცედურის დროს ექიმმა გამოიყენოს ადგილობრივი ანესთეზია.

  • დილატაციასა და კიურეტაჟს (D&C) — პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელი გაფართოებულია და სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით ლორწოვანის მოშორება ხდება. ამ გზას მიმართავენ იმგვარი სისხლდენის სამკურნალოდ, რომელიც მკურნალობის სხვა გზებს არ ექვემდებარება.

გარდა ამისა, მენორაგიის დიაგნოსტირების დროს შეიძლება დაგჭირდეთ სისხლისა და შარდის ანალიზი.

მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო მიზეზის გამოკვლევა, რათა ზუსტად დაადგინოთ, რა იწვევს ძლიერ სისხლდენას. გამოკვლევების გარდა, შეგიძლიათ ყოველთვიურად მოინიშნოთ მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის დროს გამოვლენილი სიმპტომები და მენსტრუაციის ხანგრძლივობა, რაც ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

ძლიერ სისხლდენაზე დიაგნოსტირების პირველად ეტაპზე ექიმთან უნდა განიხილოთ შემდეგი საკითხებიც:

  • იღებთ თუ არა ამჟამად რაიმე სახის მედიკამენტს?

  • რამდენი ხანი გიგრძელდებათ მენსტრუაცია? 

  • გქონდათ თუ არა წარსულში რაიმე გინეკოლოგიური პრობლემა ან გადაიტანეთ თუ არა გინეკოლოგიური ოპერაცია? 

  • გქონიათ/გაქვთ თუ არა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია? 

  • იყენებდით/იყენებთ კონტრაცეპტივს?

  • გქონიათ/გაქვთ გამონადენი მკერდიდან?

  • გქონიათ/გაქვთ სისხლის შედედების პრობლემა ან გაქვთ თუ არა ამგვარი გენეტიკური მემკვიდრეობა?

წყარო: Clue

#2: მენსტრუალური სისხლდენის არარსებობა — ამენორეა

უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის საპირისპირო დარღვევაა მენსტრუალური სისხლდენის არარსებობა — ამენორეა. ამენორეა ნორმალური მოვლენაა ორსულობის დროს ან მენოპაუზის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუკი არცერთ ნახსენებ მდგომარეობაში არ ხართ, უნდა მიმართოთ ექიმს.

არსებობს ორი სახის ამენორეა: პირველადი და მეორადი.

პირველადი ამენორეის დიაგნოზის დასმა ადრეულ ასაკში ხდება (თუკი უკვე 16 წლის ხართ და მენსტრუაცია არ დაწყებულა). როგორც წესი, მსგავსი პრობლემა ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებითაა გამოწვეული. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამენორეა არა ჰორმონებთან დაკავშირებულმა დარღვევებმა, არამედ სხვა პრობლემებმა გამოიწვიოს, მაგალითად:

  • კვების დარღვევამ

  • მედიკამენტებმა

  • გადაჭარბებულმა ვარჯიშმა

  • მცირე წონამ

  • საკვერცხეებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა

  • ჰიპოთალამუსის ზომამ (თავის ტვინის ნაწილი)

  • გენეტიკურმა დარღვევამ

ამენორეის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰიპოფიზის ჯირკვლის დაგვიანებული მომწიფებაა.

მეორადი ამენორეის დიაგნოზირება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გქონდათ რეგულარული მენსტრუაცია, თუმცა სამი თვის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში ყოველთვიური სისხლდენა შეწყდა. მეორადი ამენორეის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი პრობლემები, რომლებიც ესტროგენის დონეზე მოქმედებენ. მაგალითად:

  • სტრესი

  • წონის დაკლება

  • ვარჯიში

  • ავადმყოფობა

გარდა ამისა, მეორადი ამენორეა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის კისტამ ან საკვერცხის ქირურგიულმა ამოჭრამ.

ამენორეის დიაგნოსტირების პირველ ეტაპზე აუცილებელია იმის დადგენა, ეს მდგომარეობა ორსულობის ან მენოპაუზის გამო ხომ არ დამდგარა? ექიმთან კონსულტაციის დროს უნდა გაიხსენოთ: გქონდათ თუ არა ბოლო პერიოდში სტრესი? იღებდით თუ არა რაიმე სახის მედიკამენტს? იცავდით თუ არა დიეტას? შეგიმჩნევიათ თუ არა ცვლილება მენსტრუალურ ციკლში?

დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული პროცედურები შეიძლება მოიცავდეს:

  • ორსულობის ტესტს

  • მენჯის გამოკვლევას

  • სისხლის ანალიზებს

  • პროგესტინის ტესტს

  • ლაპარასკოპიას

  • ჰისტეროსკოპიას

ამენორეის მკურნალობის გზის არჩევა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. შეიძლება მოგიწიოთ ცხოვრების სტილის შეცვლა ან მედიკამენტების მიღება — გააჩნია, რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. მკურნალობის გზები მოიცავს:

  • დიეტასა და ვარჯიშს წონის დასაკლებად ან მოსამატებლად

  • სტრესის მართვას

  • ფიზიკური აქტივობის დონის ცვლილებას

  • ჰორმონოთერაპიას

  • ქირურგიულ ჩარევას

იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი ამენორეა გაქვთ, შეგიძლიათ მისი სიმპტომების შესამსუბუქებლად ჯანსაღ და დაბალანსებულ ცხოვრების წესს მიმართოთ:

  • შეინარჩუნეთ ძილის ჯანსაღი ბალანსი

  • გაიარეთ ყოველწლიური გამოკვლევები (პაპ-ტესტი და მენჯის გამოკვლევა)

  • მართეთ სტრესის დონე

#3: გაუსაძლისი მენსტრუალური ტკივილი — დისმენორეა

ადამიანების ნაწილს მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის დროს გაუსაძლისი, სპაზმური ტკივილი ტანჯავთ. ამგვარ ტკივილს დისმენორეა ეწოდება. თუკი ასეთი გაუსაძლისი ტკივილი ყოველთვე გაწუხებთ, უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ამ ტიპის მენსტრუალურ ტკივილს საშვილოსნოს შეკუმშვა იწვევს, საშვილოსნოს კი შეკუმშვისკენ პროსტაგლანდინი (ჰორმონის მსგავსი ნივთიერება, რომელიც საშვილოსნოს ლორწოვანის გარსის მიერ წარმოიქმნება და სისხლში ცირკულირებს) უბიძგებს.

დისმენორეის დროს შეიძლება დაგეწყოთ ფაღარათი ან გაფერმკრთალდეთ. ამის მიზეზიც პროსტაგლანდინია, რომელიც აჩქარებს ნაწლავების შეკუმშვას და ამცირებს არტერიულ წნევას, რაც თავბრუსხვევას იწვევს.

თუკი დისმენორეა რეგულარულად გაწუხებთ, შესაძლოა, ექიმმა გარკვეული მედიკამენტები ან ვარჯიში დაგინიშნოთ. მედიკამენტები შეიძლება იყოს არასტეროიდული ტიპის, მაგალითად იბუპროფენი, რომელსაც რეცეპტის გარეშე შეიძენთ. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია, მედიკამენტი ტკივილის გამწვავებამდე მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ამ მენსტრუალური დარღვევისთვის დამახასიათებელი სპაზმური ტკივილები!

დისმენორეის შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ ზომიერი ვარჯიში და მუცლის მიდამოზე სითბოს შენარჩუნება.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Katrin Friedmann / HelloClue

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, მითები, მითი, მენსტრუაცია, თვიური, პერიოდი, მენსტრუალური, ციკლი, video, mitebi, miti, menstruacia, tviuri, periodi, menstrualuri, cikli

ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე

ამ ვიდეოში საუბარია მენსტრუაციაზე და მასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებზე: მენსტრუალური ტკივილი, სისხლი, დაორსულება, ე.წ. „პიემესი“ (პმს) — ვის აქვს მენსტრუაცია?

მენსტრუაცია
რჩევები, მშობლები, შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, ssm, shezguduli, shesadzleblobebi, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის შშმ მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
რჩევები, მშობლები, მოზარდები, კომუნიკაცია, ლაპარაკი, საუბარი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, სექსი, შვილი, ბავშვი, თინეიჯერი, mozardebi, laparaki, seqsi, sqesobrivi, momwifeba

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

როგორ ვესაუბროთ გარდატეხის ასაკის მოზარდს სქესობრივ მომწიფებაზე? — პირადი საზღვრები, უსაფრთხოება, სექსი და სხვა თემები. გასათვალისწინებელი ფაქტორები მშობლებისთვის.

ჩემი სექსუალობა
პრემენსტრუალური, სინდრომი, პიემესი, პმს, pms, დისფორიული, აშლილობა, პიემდიდი, PMDD, მიზეზები, მკურნალობა, გამკლავება, mizezebi, piemesi, gamklaveba

პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

რა არის პიემესი (PMS) და რა იწვევს ამ მდგომარეობას? როგორ შეგიძლიათ პმს-ის სიმპტომებთან გამკლავება? ამ სტატიაში განხილულია ის გზები, რომელთა დახმარებითაც პრემენსტრუალური სინდრომის დღეები თქვენთვის ნაკლებად მძიმე გახდება.

მენსტრუაცია

გააზიარე სტატია

3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია