წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეკლესიისა და რელიგიის საჯარო კრიტიკა არც ისე ჩვეული ამბავი იყო, საზოგადოების ყურადღება მიიქცია ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ. სხვადასხვა საკითხისადმი მისი მიდგომები არაფრით ჰგავდა იმას, რაც სხვა რელიგიური პირებისგან გვესმოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ოფიციალურად სეკულარული სახელმწიფოა, რელიგიას ჩვენს საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს. ცხადია, ეს გავლენები გაცილებით დიდია, როცა საქმე მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება, რომელიც ჩვენს სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული.
უკვე მესამე თვეა ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის. იმ ფასეულობებისთვის იბრძვის, რისკენაც, წესით და რიგით, სწორედ რელიგიური სწავლებები მიგვითითებენ, თუმცა ამ ბრძოლაში ხალხის გვერდით მართლმადიდებლური ეკლესია დღემდე არ დაგვინახავს. სამაგიეროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძეს და ვგრძნობთ მის, როგორც პიროვნულ, ისე ეკლესიის წინამძღოლის, მხარდაჭერას.
რა როლი აქვს ეკლესიას/რელიგიას თანამედროვე საზოგადოებებში? სად დგას ის მაშინ, როცა ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის... და სად უნდა იდგეს?
— მაშინ, როცა მეცნიერების განვითარება ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყო, ბევრს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ რელიგია უკან გადაინაცვლებდა, პერსონალურ გამოცდილებაში დარჩებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგრე მარტივად არ ქრება რელიგია. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ქვეყნებში უფრო გააქტიურდა კიდეც, ჯანსაღადაც და, სამწუხაროდ, არაჯანსაღადაც. ავიღოთ, მაგალითად, ამერიკა, სადაც სრულიად გულგასახეთქი ამბები ხდება. ტრამპის მხარდამჭერები ძალიან რელიგიური ადამიანები არიან. იცით, როგორ რელიგიურობაზე ვლაპარაკობ, ძვალსა და რბილში რომ აქვთ გამჯდარი, ზეპირად რომ იციან სახარება და ეს ადამიანები ამ კარიკატურულ ადამიანში, ტრამპს ვგულისხმობ, მესიას ხედავენ. კოშმარია. გასული წლის აპრილში, როცა წინასაარჩევნო რბოლა გახურებული იყო, ერთი თვით მომიწია ამერიკაში ყოფნა. ეს ისეთი უცნაური გამოცდილება იყო... თან, მე ძალიან წითელ შტატში ვიყავი, ჩრდილოეთ კაროლინაში და ამ დროს, ძალიან ლურჯ ეკლესიაში. ჩვენი მეგობარი ეკლესიაა, რომელიც თეთრი ყვავივითაა ამ შტატში და ის ხალხი, ვინც ჩვენთან დადიოდა, ფაქტობრივად, მოკვეთილი იყვნენ თავიანთი დედმამიშვილებისგან, იმიტომ რომ ისინი წითელ, ანუ ტრამპის მხარდამჭერ, ეკლესიაში დადიოდნენ. ეს ისეთი გულგასახეთქი ამბავია, მსგავსი რაღაც არსად მინახავს. ზოგადად, რელიგია მნიშვნელოვანი მოთამაშეა პოლიტიკურ პროცესებსა თუ შეფასებებში. მაშინაც კი, როცა პოლიტიკურ შეფასებას აკეთებ, აუცილებლად გიპირისპირებენ რელიგიურ არგუმენტებს და გეუბნებიან, რომ თუ ასე და ასე ფიქრობ, ან ანტისემიტი ხარ, ან ანტიისლამისტი. ეს ყველაფერი ისეთი გადახლართულია, რთულია პოლიტიკური დანაშაულები ცალკე დააყენო და რელიგია — ცალკე.
როგორ უყურებს რელიგიის როლს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია?
— ჩემი ეკლესიის მიდგომა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ის ამბობს, რომ რელიგია/ეკლესია სახელმწიფოსთან უნდა იყოს კრიტიკულ სოლიდარობაში. ოქსიმორონად ჟღერს, მაგრამ ასეა. ეკლესია არასოდეს უნდა იდგეს სახელმწიფო პოლიტიკის სამსახურში, მის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს, არ უნდა იყოს მასთან „ქორწინებაში“, როგორც ამბობენ ხოლმე. ამასთან, ეკლესია არ უნდა გამოიკეტოს თავის კედლებში. ის უნდა იდგეს თავისი ქვეყნის სამსახურში. ომია? უნდა დადგეს იქ, სადაც თავისი ქვეყნის მოქალაქეებს გვერდში დგომა სჭირდებათ. შეიძლება ექთნად წახვიდე, სანიტრად... თუ იარაღს არ იღებ ხელში, მაშინ სხვა რამ უნდა გააკეთო, დევნილები მიიღო, აჭამო... ოღონდ, სახელმწიფოს ინსტრუმენტად არ უნდა იქცე. ეს არის ის, რაც გულისგულიდანა მწამს. რელიგია ვერ გამოიკეტება პრივატულ სივრცეში. რელიგია არ არის მხოლოდ ის, თუ რა გწამს, სად ლოცულობ... როგორც კი ორი და სამი ადამიანი ერთად იკრიბება, ეს უკვე რაღაცნაირი სოციუმი ხდება და რაღაცნაირ ამინდსაც ქმნის. და რაკი ამინდსა ქმნის, ესე იგი, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს რაღაცებზე. როცა ეკლესია ხარ, ნეიტრალური ვერ იქნები. წუთისოფელი არ გაცდის, რომ ადგე და შენთვის იყო, რომ „იცი რა, მე ჩემს უფალს ველაპარაკები“... არა, ეგრე არ გამოდის.
თქვენ ახსენეთ, რომ ეკლესია არ უნდა იყოს სახელმწიფოსთან „ქორწინებაში“. როგორ ფიქრობთ, როცა ეკლესია სრულად სახელმწიფოსგან ფინანსდება, რამდენადაა შესაძლებელი დამოუკიდებლობის შენარჩუნება?
— მთავარი „ბეჭედი“, რითაც სახელმწიფოსა და რელიგიას შორის „ქორწინება“ დგება, ფინანსური გარიგებაა. სახელმწიფო არ არის საქველმოქმედო წარმონაქმნი, რომელიც ფულს მოგცემს და გეტყვის, აი, შენ ეს ფული და იყავი შენთვის, ილოცე, ააშენე ტაძრები, დაეხმარე გაჭირვებულებს. ეს ასე არ ხდება. იმპერატორ კონსტანტინეს დროიდან მოყოლებული, სახელმწიფო ცდილობს რელიგიის სათავისოდ გამოყენებას. რატომ შეწყვიტა კონსტანტინემ ქრისტიანთა დევნა? იმიტომ, რომ მიხვდა რამხელა ძალა იყო ეს რელიგიური თემი და იმის ნაცვლად, რომ მასთან ებრძოლა, გადაწყვიტა, სათავისოდ გამოეყენებინა. ასე იქცეოდა ყველა მმართველი. ასე იქცეოდა ჩვენთან შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ივანიშვილიც. ყველა. რატომ იტყვიან ამხელა ძალის დამორჩილებაზე უარს? არ იტყვიან. ამიტომაცაა, არ შეიძლება სახელმწიფოსთან ფინანსურ ურთიერთობაში შესვლა. არსებობს დაფინანსების საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც თავად მოქალაქე წყვეტს თავისი გადასახადების 1-2 პროცენტი სად გადარიცხოს და რას მოახმაროს — რელიგიურ თემს, სპორტულ კლუბებს, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფრის აშენებას თუ რას. მთლიანად მოქალაქის გადასაწყვეტია ეს და ის ამ გადაწყვეტილებას იღებს თვეში ერთხელ. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ფორმა. ჩვენთან არის თაღლითური ფორმა და რატომ?! ამ ფინანსურ გარიგებას ჩვენთან დავარქვით საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია. თავიდან მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას უხდიდა სახელმწიფო ამ კომპენსაციას, ხოლო 2014 წლიდან დაემატა კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება. თან, როგორ უმანკოდ ჟღერს, არა? შენ დაგიშავა საბჭოთა კავშირმა და მე ისეთი პატიოსანი სახელმწიფო ვარ, რომ მართალია, არ ვარ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, მაგრამ მაინც გიხდი ამ ზიანის კომპენსაციას. თაღლითობა იმაში მდგომარეობს, რომ არასდროს დათვლილა, რამდენია გადასახდელი და არც ის ვიცით, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიხადოთ ეს ფული ჩვენი ხელფასებიდან. რეალურად, აბა საიდან იხდის ხომ სახელმწიფო? გარდა ამისა, თაღლითობის მანიშნებელია ისიც, რომ ამ ხუთ რელიგიურ გაერთიანებაში, რომელსაც სახელმწიფო ფულს უხდის, არ შედის ლუთერანული ეკლესია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს, გასაგები მიზეზების გამო, ალბათ, ყველაზე დიდი ზარალი მიადგა. ამის გარდა ათასნაირი გარიგებები არსებობს. მაგალითად, მე შენ მოგცემ ამ მიწებს ტაძრების ასაშენებლად, მაგრამ იცოდე, რომ მე მჭირდება შენი ერთგულება, შენი სიჩუმე. თუ შეისწავლით ამ საკითხს, ნახავთ, რომ არსებობს რელიგიის საქმეთა სააგენტო, რომელიც პრემიერ მინისტრის ქოლგის ქვეშ არსებობს და ნახავთ, რომ ეს სააგენტო, რომელიც, წესით, რელიგიური საკითხების მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რელიგიური გაერთიანებების კონტროლზეა გადასული, რათა შეასუსტოს მათი კრიტიკული ხმა. იცით რა, სახელმწიფოს ყოველთვის ექნება ამის ცდუნება და ინტერესი, ხოლო როცა შენ რელიგიური გაერთიანება ხარ, ეს არის უკვე შენი პასუხისმგებლობა, აჰყვები თუ არა ამ თამაშში.
პირადად თქვენ ყოველთვის იქ დგახართ, სადაც წინააღმდეგობაა. თქვენი ეს ხმამაღალი პროტესტი არ უქმნის პრობლემებს თქვენს ეკლესიას?
— ჯერ არა, რადგან ინსტრუმენტი, რასაც სახელმწიფო ჯიუტი რელიგიების წინააღმდეგ იყენებს, როგორც წესი, არის მათი პრივილეგიებისგან დაცლა. საქმე ისაა, რომ ჩემი ეკლესია არც აქამდე სარგებლობდა ამ პრივილეგიებით. შესაბამისად, რაც არ მაქვს, იმას ისედაც ვერ წამართმევენ. პრივილეგიების წართმევით მე ვარ დამაშინებს სახელმწიფო. ჯერჯერობით ასეა, თუმცა ხვალ რა იქნება, ვეღარ ვამბობ. სასამართლო ჯიბეში ჰყავთ, ყველა ჯიბეში ჰყავთ. სადაც 5000-ლარიანი ჯარიმის გამოწერა შეუძლიათ იმ ადამიანისთვის, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს საერთოდ არ ყოფილა აქციაზე, ალბათ, ყველაფერი შეუძლიათ. თუმცა, აქამდე სულ იმას ვამბობდი, რომ მე სახელმწიფო ვერაფრით გამაკონტროლებს, ჩემს ხმას ვერ გამოიყენებს. ერთი მხრივ, პატარა რელიგიური თემის ხიბლიც ამაშია. პრინციპში, სახელმწიფოს არც აქვს ინტერესი, რომ შენ დაგიღრიალოს, რადგან მისი გადმოსახედიდან, არ გაქვს შენ, როგორც რელიგიურ გაერთიანებას, ამხელა გავლენები. თუმცა, მეორე მხრივ, როცა პატარა გაერთიანება ხარ, მეტი გამბედაობაც გჭირდება, რომ სახელმწიფოსთან წინააღმდეგობაში შეხვიდე და უყვირო, რადგან შეუძლია, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაგსრისოს. თუმცა, მარტივად არც ეს გამოუვა.
იმ ჩემი მცირე გამოცდილებიდან, რა შეხებაც მქონია ეკლესიასა თუ რელიგიურ სწავლებებთან, მგონია, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, აქტივიზმი და რელიგია საკმაოდ ახლოს დგანან ერთმანეთთან. იმას ვგულისხმობ, რომ აქტივისტებიც თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, ჩაგრულების გაძლიერებისთვის იბრძვიან და რელიგიაც, თავის მხრივ, ხომ მაგას გვასწავლის: სამართლიანობას, ჩაგრულის დახმარებას. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ასეა.
— აბსოლუტურად გეთანხმებით. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სამართლიანობასა და თანასწორობისთვის იბრძვის, მნიშვნელოვან გულისგულს გააჟღერებს ხოლმე არა მარტო ქრისტიანობისა, არამედ ყველა რელიგიისა. რელიგია ხომ, წესითა და რიგით, სწორედ ამისთვის არის შექმნილი? იმისთვის კი არა, რომ მე უფრო წინ შევალ სამოთხეში და შენ ჯოჯოხეთში გაგიშვებ, არა, რელიგია იმისთვისაა, რომ, რელიგიური ტერმინებით რომ ვთქვათ, აქ, დედამიწაზე უნდა ვაშენოთ ღვთის სასუფეველი და ეს ადგილი უნდა ვაქციოთ სამოთხედ. მე ხშირად მეუბნებიან, რა „ენჯეოშნიკივით“ ლაპარაკობო... მე, როგორც სასულიერო პირს, საერთოდ არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ის ფაქტი, თუკი „ენჯეოშნიკივით“ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, რისიც მჯერა და რასაც ჩემს საღვთო წერილში ვკითხულობ. აი, ამ საღვთო წერილს როგორ კითხულობ, მგონი, ამაშია გასაღები. ერთი ებრაული შედარება გვეუბნება, საღვთო წერილი ჭას ჰგავსო. ჭაში ხომ საკუთარ ანარეკლს ხედავ. თუ გაბრაზებული კაცი ჩაიხედავს, გაბრაზებულ კაცს დაინახავს, ბედნიერი ადამიანი თუ ჩაიხედავს, ბედნიერ ადამიანს დაინახავს. ის, ვინც საღვთო წერილზე დაყრდნობით აკეთებს ჰომოფობიურ განცხადებებს და რიყავს განსხვავებულს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ყველა თავის ნაბიჯს თუ ნათქვამს სწორედ საღვთო წერილით ამართლებს ისევე, როგორც მე შემიძლია ჩემი „ენჯეოშნიკობა“ ძალიან მარტივად დავაფუძნო საღვთო წერილს. ასეა. ვერავინ იტყვის იმას, რომ მე კი მიყვარს გეები, მაგალითად, მაგრამ აბა, რა ვქნა, ღმერთი მეუბნება, რომ უნდა გძულდესო. არა, არ გეუბნება. უბრალოდ, შენ გინდა, რომ ეგრე წაიკითხო და გაიგო. ნებისმიერი რელიგიური პირი, რომელიც სიძულვილს ქადაგებს, ამას თავისი მოწადინებით აკეთებს და ვერავინ გაიმართლებს თავს იმით, რომ ამას თავისი რელიგია აიძულებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, რელიგიური ადამიანები ხშირად აგრესიით გამოირჩევიან, სიძულვილსა და ძალადობას თავიანთი რელიგიურობით ამართლებენ. სინამდვილეში, რას გულისხმობს რელიგიურობა?
— გიყვარდეს მოყვასი შენი — ამას გულისხმობს. ღმერთს რომ ჰკითხეს, რომელია მთავარი მცნებაო, ორიო, უპასუხა: გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი შენიო. ებრაულ კულტურაში, რელიგიურობაში, უმთავრესია იმის გაგება, ვინ არის მისიანი და ვინ არა. და ახლა მე უნდა გიქადაგოთ, ბოდიში. როცა ქრისტეს ჰკითხეს, ვინ არის ჩემი მოყვასიო, ქრისტემ მოუყვანა იგავი სამარიტელის შესახებ. ქართული ყურისთვის იუდეველი და სამარიტელი ერთნაირად ჟღერს. სინამდვილეში, თუ იუდეველს ვინმე ეჯავრებოდა, თუ ვინმეს სიძულვილი ჰქონდა, ეს იყო სამარიტელი. აი, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ პუტინი გვეჯავრება, კარგად რომ წარმოიდგინოთ, რაზეა საუბარი. იგავი კი ასეთი იყო. ქრისტე ეუბნება იუდეველს, წარმოიდგინე, იუდეველი კაცი მიდის ქუჩაში, შეხვდნენ ყაჩაღები, სცემეს, სიკვდილის პირას დადეს და გაძარცვესო. გამოიარა იერუსალიმიდან მომავალმა მღვდელმა, დახედა დაგდებულ ნაცემ კაცს და გაიარა. კიდევ ორმა იუდეველმა ჩამოიარა, დახედეს და წავიდნენო. გამოიარა სამარიტელმა, დაინახა დაგდებული კაცი, მივიდა, წყალი დაალევინა, ჭრილობები მოუშუშა, მიიყვანა უახლოეს ფუნდუკში, მეპატრონეს ფული გადაუხადა, ამ კაცს მიმიხედეთ და უკანა გზაზე რომ ჩამოვივლი, თუ ამაზე მეტი დაგეხარჯებათ, კიდევ გადაგიხდითო. და ქრისტე ეკითხება: ვინ არის ამ დროს შენი მოყვასიო. აი, წარმოიდგინეთ, ამ იგავს რომ თქვენ გიყვებოდეთ და სამარიტელის ნაცვლად პუტინზე გეუბნებოდეთ, რომ პუტინი არის მოყვასი...
ძალიან მძიმე წარმოსადგენია.
— უმძიმესია. როცა ჩვენ ვკითხულობთ ამ იგავს, მის სიმძიმეს ვერ ვიაზრებთ. აი, პუტინი რომ ეგდოს და პირიქით გეკითხებოდეს, უფრო მარტივია. თუ ნაცემი და სიკვდილის პირას მყოფი პუტინი შემეცოდება, ეს შემიძლია ჩავსვა ჩემს რელიგიურობაში, რომ აი, ესეც კი შემეცოდა, რა მაგარი გოგო ვარ, მაგრამ ამას არ გეუბნება. განგძარცვავს ყველა იმ ფასეულობისგან, რაც ცხოვრებაში გაგაჩნია. აი, ასე კატასტროფულად ძნელად მისაღები რელიგიურობა გვიქადა ქრისტემ. მან არათუ სიძულვილისკენ მოგვიწოდა, სიყვარულის ყველაზე დაუჯერებელი ფორმები შემოგვთავაზა. და ამ დროს ჩვენ რას გვეუბნებიან ხოლმე? არათუ პუტინი, არამედ შენი შვილი, შენ რომ ცხრა თვე მუცლით ატარე და აღმოაჩინე, რომ შენგან განსხვავებულია, ქუჩაში გააგდეო. ზოგმა გააგდო კიდეც. ეს არის უდიდესი აცდენა იმისგან, რასაც ქრისტე ქადაგებდა. აცდენაზე მეტია. წინააღმდეგობაში მოდიხარ ქრისტეს ქადაგებასთან, ზუსტად მას ებრძვი და ანგრევ ამით.
არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ეკლესიას დიდი გავლენები აქვს. მით უფრო, როცა საქმე ეხება სახელმწიფო რელიგიას, ამხელა რელიგიურ გაერთიანებას. როგორ ფიქრობთ, სურვილის შემთხვევაში, დღეს საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც ექნებოდა დადებითი გავლენა?
— ძალიან დიდი ძალა აქვს ეკლესიას. უდიდესი ცვლილებების მოტანა შეუძლია. შეუძლია, რომ თავდაყირა დააყენოს ყველაფერი, კარგი გაგებით, და ძალიან ცუდია, რომ ამ ძალას და შესაძლებლობას არ იყენებს. დაუგეგმავი რაღაცები ხდება დღევანდელ საქართველოში. კარგი ამბები. მაგალითად, შობა და აღდგომა რომ გავიხსენოთ. ადამიანები, რომლებიც ეკლესიისთვის „მიუღებლები“ არიან, ქუჩაში იდგნენ და ალილოს მღეროდნენ. ადამიანები, რომლებიც ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, აკრიტიკებენ, იდგნენ ქუჩაში და აღდგომას ზეიმობდნენ. ეს იყო საოცარი სანახავი. ამ ახალგაზრდებმა ინსტიტუციას გამოგლიჯეს რწმენა და უთხრეს, რომ თქვენ არ გაქვთ ძალაუფლება იმაზე, რისიც მე მწამს. ამ შობას და აღდგომას ღმერთი ქუჩაში იდგა. და ზოგადად, ამ პროტესტმა, ამ პროცესებმა გააცოცხლა რელიგიაც, დემოკრატიაც, პატრიოტიზმიც, ფოლკლორიც. გააცოცხლა ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდმა ცემენტებად აქცია. საოცარია ამ პროცესის ყურება და ფუჭად არ უნდა ჩაიაროს ამ სულისკვეთებამ.
სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე
რესპონდენტი: რუსუდან გოცირიძე
მთავარი ფოტო: ქალები საქართველოდან
♦ სტატია მომზადებულია New Democracy Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით