Facebook Script

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

„მოზარდობის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად მასტურბაცია მახსენდება. 11-12 წლის ვიყავი, როცა საკუთარი თავის აღმოჩენა სრულიად შემთხვევით, ყველანაირი წინასწარი ცოდნის გარეშე დავიწყე და ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ „ამას“, რისი სახელიც კი არ ვიცოდი, მხოლოდ მე ვაკეთებდი და, შესაბამისად, საქმე მქონდა რაღაც არანორმალურ ამბავთან, რომელიც ყველასგან უნდა დამემალა. 2005 თუ 2006 წელი იყო. დღევანდელი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, იმ დროის მოზარდებს ინტერნეტთან არც ისე მჭიდრო კავშირი გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებოდი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს ვეხებოდი, თავი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი მეგონა. შორიდან ამ ამბის მოსმენა, იქნებ, სასაცილოა, მაგრამ რეალურად, მეექვსეკლასელი მოზარდისთვის, რომელიც ვერც სიამოვნების მიღებაზე ამბობდა უარს, პარალელურად კი დანაშაულის საშინელი გრძნობით იტანჯებოდა, ეს ყველაფერი სასაცილო ნამდვილად არ იყო. არადა, ამის თავიდან აცილება ერთი მარტივი გზით შეიძლებოდა — უბრალოდ, მშობელს ესაუბრა ჩემთან მასტურბაციასა თუ სხვა სექსუალურ-რეპროდუქციულ საკითხებზე, რომლებსაც, ადრე თუ გვიან, სწორი თუ დამახინჯებული ფორმით, მაინც გავიგებდი.

უფრო მეტიც, ბევრ ჩემს თანატოლს მენსტრუაცია ისე დაეწყო, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, 12-13 წლის მოზარდი, რომელიც გაკვეთილზე ზის ან ქუჩაში მიდის და უცებ ხედავს, რომ „სისხლისგან იცლება“. სწორედ ასეთი განცდა ეუფლება პატარა გოგონას 2017 წლის არაჩვეულებრივ სერიალში „Anne with an E“ (ქართ. „ენი გრინგეიბლიდან“. ვფიქრობ, მშობლებმა და შვილებმა ერთად რომ ნახონ ეს სერიალი, ბევრ საინტერესო თემას წამოჭრიან სასაუბროდ), რომელმაც არაფერი იცის მენსტრუაციის შესახებ და როცა სისხლს ხედავს, სახლში ატირებული გარბის, ლოგინში წვება და დარწმუნებულია, რომ მალე მოკვდება. ენის ეს ქმედება მაყურებლისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, სინამდვილეში, როცა მოზარდი გოგონა მსგავსი ფაქტის წინაშე დგება და „არსაიდან მოსულ“ სისხლს ხედავს, დამიჯერეთ, ძალიან მძიმე ემოციებს იღებს. გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მარტივია — უბრალოდ, წინასწარ აუხსნა შვილს, თუ რა არის მენსტრუაცია, დაახლოებით რა ასაკში უნდა ელოდოს და რომ ამაში საშიში არაფერია“.

როდის და როგორ უნდა ესაუბროს მშობელი მოზარდს სექსუალურ-რეპროდუქციულ საკითხებზე?

კონკრეტული ასაკი, თუ როდის უნდა დავიწყოთ მოზარდებთან მსგავს თემებზე საუბარი, მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა სპეციალისტების რჩევით, უმჯობესია, თუკი მშობელი ბავშვს ძალიან პატარა ასაკიდანვე მიაწვდის მისთვის საჭირო ინფორმაციას მისთვის გასაგებ ენაზე. ეს მშობელს მისცემს შესაძლებლობას, შემდგომ შედარებით უფრო კომპლექსურ საკითხებზე ბავშვთან უხერხულობის გარეშე ისაუბროს, რადგან მათ შორის ეს ბარიერი უკვე ბუნებრივად მოიხსნება.

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებზე ინფორმაციაც სასურველია, ბავშვს სხვადასხვა ასაკში მიეწოდოს:

0-5 წლის ბავშვებთან:

  • სხეულის ავტონომია (იმის სწავლება, რომ სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, შეეხოს მისი ნებართვისა და სურვილის გარეშე. თუმცა, აუცილებელია, ბავშვებს ავუხსნათ, რომ ზოგჯერ დახმარება გვჭირდება სხეულის მოვლისა და სიჯანსაღისთვის (მაგალითად, ბანაობა ან ექიმთან ვიზიტი) და ამ დროს ნორმალურია, თუ მშობელი ან ექიმი სხეულის ამ ნაწილებზე შეეხებათ, გასუფთავების ან შემოწმების მიზნით);

  • სხეულის აღქმა, სხეულის რა ნაწილი შეიძლება იყოს საჯარო და რა — არა;

  • სხეულის  ნაწილების სწორი სახელების სწავლება (მაგ., პენისი, ვულვა, მკერდი);

  • გენდერი;

  • დახმარების თხოვნა და მიღება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობიან, როცა ეშინიათ, ღელავენ ან თავს დაცულად არ გრძნობენ.

6-11 წლის ბავშვებთან:

  • სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები;

  • გენდერული იდენტობა;

  • მასტურბაცია;

  • სექსუალური ორიენტაცია;

  • სექსუალური მოთხოვნილებები;

  • რეპროდუქცია;

  • პორნოგრაფია.

11 წლიდან ზემოთ მოზარდებთან:

  • კონტრაცეფციის ფორმები და მათი გამოყენება;

  • რას გულისხმობს ჯანსაღი ურთიერთობები;

  • უსაფრთხო სექსი;

  • თანხმობის მნიშვნელობა და აუცილებლობა სექსუალური შინაარსის ნებისმიერი ქმედების დროს;

  • ე.წ. „სექსტინგი“ (სექსუალური შინაარსის მიმოწერა; ინგლ. Sexting);

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი);

  • რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის სერვისები.

ცხადია, ეს ჩამონათვალი მაინც პირობითია. მშობლისა და ბავშვის კომუნიკაცია ინდივიდუალურია, რაც იმას გულისხმობს, რომ მშობელი ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის ინტერესების მიმართ და შეუქმნას მას გარემო, სადაც შეკითხვებს თავისუფლად დასვამს. ამისთვის მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, ბავშვს/მოზარდს ჰქონდეს განცდა, რომ მშობლისგან მიიღებს სწორ და სანდო ინფორმაციას, და, მეორე, ხედავდეს, რომ მშობლისთვის მსგავს საკითხებზე საუბარი მისაღები და ბუნებრივია.

წყარო: Behance

„პირველ ყოვლისა, მშობელი უნდა იყოს გათვითცნობიერებული იმ საკითხებში, რომლებზე საუბარსაც შვილთან აპირებს. ამისთვის არაერთი საშუალება არსებობს: სამედიცინო სტატიები, სადაც წყაროებია მითითებული. შეუძლია ასევე კონსულტაცია გაიაროს ექიმთან, ფსიქოლოგთან თუ სხვა სპეციალისტებთან. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ტრენინგები, როდის და რა ფორმით მიაწოდონ შვილებს სექსუალურ-რეპროდუქციულ თემებზე ინფორმაცია. თუკი მშობელი უხერხულად გრძნობს თავს ამ საკითხებზე საუბრის დროს ან ხედავს, რომ შვილი არ არის ბოლომდე გახსნილი მასთან, ამისთვის შეუძლია, მიმართოს შემდეგ მეთოდს: შეიძინოს სამედიცინო წიგნები, ენციკლოპედიები და თაროზე შემოდოს, თვალსაჩინო ადგილას ან მაგიდაზე დატოვოს გადაშლილი. გამორიცხულია, ბავშვს/მოზარდს ყურადღების მიღმა დარჩეს მსგავსი ფაქტები. ამით ის დაინახავს, რომ მშობელი დაინტერესებულია ამ საკითხებით და უფრო მეტი ნდობა გაუჩნდება მის მიმართ. იგივე ვრცელდება YouTube არხებზე, სადაც არაერთი საინტერესო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელია. წიგნის მსგავსად, მშობელს შეუძლია, ჩართული დატოვოს რომელიმე ასეთი არხი ისე, რომ შვილმა დაინახოს“, — ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ-თერაპევტი მარიამ შუკაკიძე.

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვთან/მოზარდთან სექსუალურ-რეპროდუქციულ საკითხებზე საუბრის დროს

საუბარს არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი 

ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვთან/მოზარდთან ამ თემაზე ერთხელ საუბარი საკმარისია და ეს საკითხი ამით ამოიწურება, რაც დიდი შეცდომაა. სექსუალურ თუ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით შვილთან მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, თინეიჯერები, რომლებიც მშობლებთან საუბრობენ სექსუალურ ჯანმრთელობაზე, სექსუალობასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე, არ ჩქარობენ პირველ სექსუალურ გამოცდილებას, იყენებენ თავდაცვის საშუალებებს და, ზოგადად, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან პარტნიორთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას.

იყავით ღია და გულწრფელი

მოზარდს ხშირად აქვს სურვილი, გარკვეული შეკითხვები დაუსვას მშობელს პირველ სექსუალურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მშობელი ამას გაგებით და ადეკვატურად მოეკიდება. შესაბამისად, მოზარდები ერიდებიან თავად ამ თემის წამოჭრას. ასეთ დროს, სასურველია, მშობელი თავად ესაუბროს შვილს, იყოს მაქსიმალურად გახსნილი მასთან საუბრის დროს და გულწრფელად აუხსნას, რა ქმედებას რა შესაძლო განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

ბოლოდროინდელ ამერიკულ კვლევებში ათიდან ცხრა თინეიჯერი ამბობს, რომ გაცილებით მარტივი იქნებოდა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, თუკი მშობლებს ჯანსაღი და ღია კომუნიკაცია ექნებოდათ მათთან სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებით. ამავე კვლევების თანახმად, თინეიჯერების 38% ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე, თუ როდის დაიწყონ აქტიური სექსუალური ცხოვრება, ყველაზე დიდი გავლენა სწორედ მშობლებს აქვთ.

არ მისცეთ საუბარს ფორმალური ხასიათი

სექსუალობასა თუ რეპროდუქციულ საკითხებზე საუბარი არ უნდა წარიმართოს ფორმალურ გარემოში, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული სასაუბრო თემა თუ დრო. პირიქით, ამ საკითხებზე საუბარი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც სხვა თემებთან იქნება ინტეგრირებული, რათა მოზარდმა თავი თავისუფლად იგრძნოს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მოზარდებს ზოგჯერ მოკლე და პირდაპირი პასუხების მოსმენა სურთ და არა — ვრცელი მონოლოგის.

გამოიყენეთ გარშემო არსებული მინიშნებები, სიგნალები საუბრის დასაწყებად

სექსუალობაზე, სქესობრივი მომწიფების დროს გამოვლენილ სექსუალურ მოთხოვნილებებსა თუ ფიზიკურ ცვლილებებზე საუბრის დასაწყებად კარგი შესაძლებლობაა ახალი ამბების, მიმდინარე მოვლენების, სოციალური მედიის, რეკლამის, სიმღერების ტექსტების, წიგნებისა თუ ფილმების გამოყენება. არ არის აუცილებელი, დაელოდოთ შვილის შეკითხვას, თქვენ თავად შეგიძლიათ წამოიწყოთ საუბარი. შეგიძლიათ საუბარი ისეთი ღია შეკითხვით გახსნათ, როგორიცაა: „როგორ ფიქრობ, შენ როგორ მოიქცეოდი მსგავს სიტუაციაში?“ და სხვა.

დაიმახსოვრეთ, დღეს ბავშვებს ძალიან მცირე ასაკიდან აქვთ წვდომა ინტერნეტთან. არ აქვს მნიშვნელობა, სახლში რამდენად ახერხებთ მათ გაკონტროლებას, მათ სოციუმს მაინც ვერ გააკონტროლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი გზა, რითაც შეგიძლიათ, დაიცვათ თქვენი შვილები არასწორი ინფორმაციისგან, ისევ თქვენ ხართ — თქვენი სწორი, ადეკვატური და ღია კომუნიკაციით.

„სქესობრივი აღზრდის, ბავშვთან/მოზარდთან ამ საკითხებზე საუბრის მთავარი მიზანი მისი უსაფრთხოებაა, რათა სამომავლოდ, მას ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები, იცოდეს საკუთარი სურვილების პატივისცემა, იყოს თავდაჯერებული და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ენდობოდეს მშობელს და იყოს გულწრფელი მასთან“, — გვეუბნება ფსიქოლოგი მარიამ შუკაკიძე.

პირადი სივრცე და მისი მნიშვნელობა

სქესობრივ მომწიფებაზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა შევეხოთ მოზარდისთვის პირადი სივრცის მნიშვნელობას, რასაც მშობლები ხშირად უგულებელყოფენ, რადგან ფიქრობენ, რომ შვილს მშობელთან არაფერი აქვს დასამალი. 

პირადი სივრცე — ეს არის ინდივიდის გარემო, რომელსაც ის თავისად მიიჩნევს, აქვს მიკუთვნებულობის განცდა. შესაბამისად, როცა ამ სივრცეში მისი ნებართვის გარეშე იჭრება სხვა ადამიანი, ეს მასში ბრაზს, აგრესიას, შფოთვასა და დისკომფორტს იწვევს. პირადი სივრცის არსებობა ერთიორად მნიშვნელოვანია, როცა იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ანუ გარდატეხის ასაკი, და მოზარდს უჩნდება პირადი ემოციები თუ ამბები, რომელთა გაზიარებაც ოჯახის წევრებთან არ სურს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მშობლებს აღარ ენდობა ან მათგან რამეს მალავს, უბრალოდ, ამ ასაკში ადამიანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და აუცილებელია, ეს ავტონომია მიიღოს იმისათვის, რომ მისი, როგორც ინდივიდის, განვითარების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ფსიქოლოგი მარიამ შუკაკიძე: „ხშირად მომისმენია, როცა მშობელი მოზარდს ეუბნება, რომ კარი არ ჩაკეტოს ან შეიძლება აბაზანაში შეყვეს იმ არგუმენტით, რომ ამაში უცნაური არაფერია, ის ხომ მისი გაზრდილია?! ეს არაფრით არ შეიძლება. ამით ირღვევა მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი პირადი სივრცე, რაც მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება, რადგან მას არ რჩება უსაფრთხო სივრცე, სადაც საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების შესწავლის შესაძლებლობა ექნება“.

მოზარდი ისეთივე ინდივიდია, როგორც ზრდასრული ადამიანი, რომელსაც უნდა, ჰქონდეს განცდა, რომ სადღაც არის მისი პირადი სივრცე, რომელსაც თავად განაგებს, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, სადაც სხვებისგან განცალკევებით შეუძლია ემოციების გამოხატვა, საკუთარი ფიზიკური ცვლილებების აღქმა და მიღება, საკუთარი სხეულის გაცნობა და მისი შეყვარება. ადამიანს, შესაბამისად, მოზარდსაც, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, კარი გამოიხუროს და მარტო დარჩეს საკუთარ თავთან, საკუთარ გრძნობებთან, როცა ამის საჭიროებას გრძნობს.

გახსოვდეთ, თქვენ ხართ თქვენი შვილის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, რაც მხოლოდ მათთან კომუნიკაციითაა შესაძლებელი. მოზარდს მზრუნველობისა და სიყვარულის გარდა სჭირდება პატივისცემა, რათა თავი დამოუკიდებელ პიროვნებად აღიქვას, რომელსაც ენდობიან. ასე რომ, ესაუბრეთ შვილებს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება თქვენთვის უხერხული იყოს, რადგან ვერც ერთი ასეთი განცდა ვერ გადაწონის მათი უსაფრთხოების მნიშვნელობას.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Behance

სტატიის ავტორი: ინგა ღოღობერიძე / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია