სქესობრივი მომწიფება არის პროცესი, რომელიც ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლას აღნიშნავს. ამ დროს ხდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ცვლილებები.
გოგოების სქესობრივი მომწიფება საშუალოდ 9-11 წლის ასაკში იწყება და გრძელდება 15-17 წლამდე. ბიჭები, როგორც წესი, უფრო გვიან გადიან ამ პროცესს — 11-12 წლიდან დაახლოებით 16-17 წლამდე. მომწიფების ტემპი განსხვავდება ყველა ადამიანისთვის. თანატოლებთან შედარებით მცირედით ჩამორჩენა ან მათთვის გასწრება სრულიად ნორმალური რამაა.
ის ცვლილებები, რომლებიც „სქესობრივ მომწიფებად“ მოიაზრება, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თითოეული ადამიანის განვითარება პირადი პროცესია, რომელიც ინდივიდუალური ტემპითა და ინდივიდუალური გზით ხდება. საკუთარი სხეულის რიტმზე გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ, მაგრამ შეგიძლიათ, სცადოთ მისი გაგება და გააზრება.
ჰორმონალურ დონეზე ყველა ეს ცვლილება ტვინიდან მომდინარე სიგნალების შედეგია. გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონი (GnRH) აღწევს ჰიპოფიზს (თავის ტვინის ქვედა დანამატს), რომელიც შემდგომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გამოყოფს ორ ჰორმონს — მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH) და ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH). LH და FSH ჰორმონები არეგულირებენ ესტროგენისა და ტესტოსტერონის გამოყოფას. ტესტოსტერონი და ესტროგენი გოგოებსაც აქვთ და ბიჭებსაც, თუმცა სხვადასხვაგვარი რაოდენობით, და ისინი სხვადასხვაგვარად ზემოქმედებენ სხეულზე.
► იხილეთ აგრეთვე: სქესობრივი მომწიფება — ფიზიკური ცვლილებები გარდატეხის ასაკში
რა ხდება ჩვენს გონებაში სქესობრივი მომწიფების დროს?
ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად სქესობრივ მომწიფებას თან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური განვითარებაც ახლავს. მათ შორისაა აბსტრაქტულად აზროვნების უნარი, სხვათა თვალსაწიერის გააზრებისა და თვითანალიზის უნარ-ჩვევები, რომლებიც სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისას აუცილებელია. მოზარდები ასევე იწყებენ კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისთვის საჭირო უნარებისა და სტრატეგიების სწავლას. სწორედ ამ დროს იწყებენ მოზარდები სხვათა იდეებისა და რწმენების ეჭვქვეშ დაყენებას და მათ წინააღმდეგ წასვლას, რათა უკეთ გაიგონ, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო.
ემოციური ცვლილებები გარდატეხის ასაკში
სქესობრივი მომწიფებისას ემოციური ცვლილებები ზოგჯერ ფიზიკურ ცვლილებებამდე ხდება. ამ ასაკში ბევრ მოზარდს სურს, უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს და მეტად განაგებდეს საკუთარ ცხოვრებას.
შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ:
-
საკუთარ თავს უკეთ აღიქვამთ
-
სხვა ადამიანების მიმართ სქესობრივი ლტოლვა გიჩნდებათ
-
გაქვთ გუნება-განწყობის, ენერგიისა და ძილის რეჟიმის უეცარი ცვლილებები
ამ დროს ასევე შეიძლება წააწყდეთ ისეთ ემოციურ პრობლემებს, როგორებიცაა:
-
საკუთარი სხეულის ცვლილებებთან შეგუების სირთულე და იმაზე დარდი, თუ როგორ გამოიყურებით
-
გაღიზიანება და ბრაზი, როდესაც ვერ აღწევთ იმას, რისი მიღწევაც გსურთ
ეს ემოციური ცვლილებები საკუთარ მორალურ ღირებულებებსა და იდენტობაში გარკვევის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ინდივიდუალურობა
ადამიანებს სწორედ სქესობრივი მომწიფებისას გვიყალიბდება ავტონომია და პირადი იდენტობა, ასევე ვიწყებთ სექსუალურ თვითგამორკვევას. ამ დროის განმავლობაში მოზარდებს უყალიბდებათ ღირებულებების თავიანთი სისტემა, რომელიც ყოველთვის სულაც არ ეთანხმება მათი ოჯახის ღირებულებებს. მოზარდები უფრო მეტად თანატოლების მხრიდან მოწონებისკენ მიილტვიან და ნაკლებად აქვთ ოჯახის მხრიდან მოწონების მოთხოვნა. სქესობრივი მომწიფებისას მოზარდებს ერთდროულად სურთ, იყვნენ მიღებულები და იყვნენ გამორჩეულები, რასაც ხშირად თან ახლავს სოციალური ზეწოლისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.
სხეულში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო თინეიჯერებს ხშირად ერთმანეთის მონაცვლეობით აქვთ აღფრთოვანების, ბრაზის, შფოთვისა და დეპრესიის შეგრძნებები. ამან შეიძლება წარმოშვას კონფლიქტები და გაუგებრობები იქ, სადაც ისინი მანამდე არ იყო. მართალია, გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ შინაგანი მოუსვენრობის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება მენტალური პრობლემები წარმოშვას. თუკი რაიმე პრობლემა ან შიში ტვირთად გაწევთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ვინმეს, ვისაც ენდობით, ან, თუკი საჭიროა, მიმართეთ პროფესიონალ ფსიქოლოგს, რომელიც ამ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
► საკუთარ ემოციებთან გამკლავების პრობლემა ყველა ადამიანს ჰქონია ცხოვრების რაიმე ეტაპზე მაინც. თუკი დახმარება გჭირდებათ, ითხოვეთ ის — ამაში სამარცხვინო არაფერია. მეტიც, პირიქით: არაკომფორტული პრობლემის ან პირადი ნაკლის აღმოჩენა და მის გამოსასწორებლად ნაბიჯის გადადგმა (თუნდაც ეს თქვენს სიამაყეს ლახავდეს ან სირცხვილის გრძნობას გიჩენდეთ) ძალიან ჭკვიანური და არაეგოისტური რამაა. საკუთარ პრობლემებთან გამკლავება გეხმარებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს გარშემომყოფებსაც.
წყარო: WomanLog
სექსუალობა
სქესობრივი მომწიფება ასევე ის დროა, როდესაც მოზარდებს დამოუკიდებელი სექსუალური იდენტობა უყალიბდებათ და უჩნდებათ სექსუალური სურვილები. ამ დროს ჩვენ გარშემო არსებული სოციალური თუ ოჯახური გარემო გავლენას ახდენს ჩვენ მიერ აღქმულ გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებზე, და მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, განათლებაზე და სექსუალობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, სექსუალობის სხვადასხვა ფორმებისადმი ჩვენს დამოკიდებულებასა და მიმღეობაზე ზემოქმედებს ჩვენი ხასიათი და ტემპერამენტი.
► იხილეთ აგრეთვე:
სექსუალური ექსპერიმენტირებისა და გამორკვევის უდიდესი ნაწილი საკუთარი თავით იწყება. მასტურბაცია — განსაკუთრებით გოგოებისა და ქალების მასტურბაცია — ხშირად ტაბუდადებული თემაა, მათ შორის საქართველოში. მიუხედავად ამისა, მასტურბაცია განვითარების თვალსაზრისით სრულიად ნორმალურია და ინდივიდუალური არჩევანია — ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექსუალური აქტივობა. თვითონ მასტურბაციის აქტი საზიანო არ არის (თუკი ზედმეტად ჭარბი რაოდენობით არ შესრულდა), მაგრამ საზიანოა ის დარცხვენა და მასტურბაციასთან დაკავშირებული უარყოფითი შეგრძნებები, რომლებსაც ბევრ მოზარდს ადრეული ასაკიდანვე უნერგავს მისი გარემო. ეს სირცხვილის შეგრძნება შეიძლება ადამიანს წლების, ათწლეულების ან მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი გაყვეს და სექსითა და მასტურბაციით სიამოვნების მიღებაში შეუშალოს ხელი.
► იხილეთ აგრეთვე: მასტურბაცია — როგორ მივანიჭოთ სიამოვნება საკუთარ თავს?
ხშირ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ჩვენს სექსუალურ გამორკვევაში სხვა ადამიანებიც შემოდიან. ამას დამატებითი რისკებიც ახლავს. აუცილებელია, რომ კარგად გაერკვიოთ იმაში, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი სექსის დროს, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) და ტრავმები, თუმცა მთელი ამ პასუხისმგებლობის მოზარდებისთვის დაკისრება არ შეიძლება. როდესაც მოზარდს არ მიეწოდება მიუკერძოებელი და დეტალური სექსუალური განათლება, ბევრს არ აქვს წვდომა სანდო რესურსებთან და მხოლოდ ვარაუდის ან მწირი ხელმისაწვდომი, ხშირად არასანდო ინფორმაციის — თანატოლების რჩევების, მითების, ჭორების, პორნოგრაფიისა და სხვა ინტერნეტ რესურსების — იმედად რჩება.
► იხილეთ აგრეთვე:
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის უცნაური, არაკომფორტული შეგრძნება, რომელიც ბევრ ჩვენგანს გვიჩნდება სექსუალურ საკითხებზე საუბრისას, არ მომდინარეობს სექსისა თუ სიამოვნების „არასწორობიდან“. სექსის სირცხვილი დასწავლილი და თავსმოხვეული რამაა — უთქმელი წესი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სირცხვილი და შიში ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან თავისუფალ კომუნიკაციაში და ჩვენი და მათი უსაფრთხოების დაცვაში გვიშლის ხელს. საბოლოოდ, მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე.
► სქესობრივი მომწიფების მუდმივი ცვლილებები ზოგჯერ თავბრუდამხვევია, უამრავი ახალი ინფორმაციითა და შეგრძნებით, მაგრამ თუკი საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად არ განსჯით, ზრდასრულობაში ახალაღმოჩენილი დამოუკიდებლობით, მეტი ემოციური სიმწიფითა და საკუთარი თავის ჯანსაღი აღქმით შეაბიჯებთ.
გამოყენებული წყაროები:
მთავარი სურათი: WomanLog
♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.