Facebook Script

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

პორნოგრაფია ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი პოპულარული კინოჟანრია, რომლის წლიური ბრუნვაც წელიწადში 90 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. პორნოგრაფიას ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი უყურებს, განურჩევლად მათი ცხოვრების სტილისა და ურთიერთობის სტატუსისა. პორნოგრაფიის ყურებას ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში სიახლეების შეტანა შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია იმისი გარჩევა, თუ რომელია რეალური სცენა და რომელი — მაყურებელთა მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი.

ფართო მასებზე გათვლილი პორნოგრაფია ბევრი სხვადასხვა მიმართულებითაა პრობლემური და ზოგჯერ ის მაყურებელთა თვითშეფასებასა თუ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს. ვინაიდან პორნოგრაფიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შემქმნელები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად გამართლებული გზით შოულობენ ფულს, და არ მუშაობენ ინდუსტრიის დახვეწაზე. მიუხედავად ფართო მასებზე გათვლილი პორნოგრაფიის ამგვარი გავრცელებისა, ადამიანების ნაწილი უარს ამბობს ასეთ პორნოგრაფიაზე და უპირატესობას ეთიკურ ეროტიკას ანიჭებს.

პორნოგრაფიის სკანდალურ რეპუტაციას თავისი მიზეზები აქვს. მართალია, სექსუალური შინაარსის კონტენტი თავისი არსით ცუდი არ არის, მაგრამ სექს-ინდუსტრიის დემონიზებას მისი არალეგალურ ბიზნესად აღქმა მოჰყვა, რამაც პერსონალის აყვანისა და გადაღებების კუთხით რეგულაციების დიდი ნაკლებობა გამოიწვია. ამან პორნოინდუსტრიაში დასაქმებულები, განსაკუთრებით კი ქალები, დაუცველად დატოვა, მათთვის მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი კი დღემდე უყურადღებოდ რჩება.

კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები ამტკიცებენ, რომ პორნოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების დაცვის საუკეთესო გზა პორნოინდუსტრიის სრულად გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ბოლო კვლევის მიხედვით, ყოველ წამს პორნოფილმებს 28 258 ადამიანი უყურებს ონლაინ. ვინაიდან შეუძლებელია ადამიანის სექსისადმი მოთხოვნილების უგულებელყოფა, ასევე შეუძლებელია იმ ინდუსტრიის გაუქმებაც, რომელიც მას ამგვარი სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს. დღევანდელ სამყაროში კი თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ონლაინ სექსუალური კონტენტის გაქრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია იმაზე საუბრის დაწყება, თუ როგორ უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ პორნოინდუსტრია და, შესაბამისად, მისი გავლენაც ადამიანებზე.

მოლოდინები და რეალობა

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ის, რასაც პორნოგრაფიაში ვხედავთ, უმეტესად პერფორმანსის ნაწილია. პორნომსახიობები გადაჭარბებული სხეულის ენით, კვნესითა და პოზებით თამაშობენ იმგვარად, რომ მარტივად გამოიწვიონ მაყურებელთა სტიმულირება. გარდა ამისა, პორნოში ნანახი სცენები, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არაკომფორტული და მოუხერხებელი აღმოჩნდეს, თუმცა კამერაში ეს მომხიბვლელად და მიმზიდველად ჩანდეს. როგორც წესი, ერთი სცენის გადაღება რამდენჯერმე ხდება და ცხადია, ამ პროცესს გადამღები ჯგუფი ესწრება და რეჟისორი მსახიობებს შენიშვნებსა და მითითებებს აძლევს.

ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ პორნომსახიობები სამსახურით კმაყოფილები არ არიან, თუმცა, საბოლოოდ, ეს მაინც მხოლოდ სამსახურია. გადაღების პროცესი მსახიობების სურვილების მიხედვით არ მიმდინარეობს. პირიქით, ეს პროცესი წინასწარ გაწერილ წესებსა და სიუჟეტს მიყვება, რომელიც მაყურებელზეა გათვლილი და სექსუალურ „იდეალებს“ ერგება.

წყარო: WomanLog

ქალისთვის თუ კაცისთვის?

პორნოინდუსტრიის კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ, როგორც წესი, გადაღებული ფილმები კაცების მოთხოვნებზეა მორგებული და ქალების საჭიროებებს უგულებელყოფს. რეალობაში ქალების აღსაგზნებად რამდენიმე წამი სულაც არ არის საკმარისი, ორგაზმის მისაღწევად კი მათ ხშირად მინიმუმ 20 წუთი მაინც სჭირდებათ ხოლმე. მიუხედავად ამისა, პორნოგრაფიაში სქესობრივი აქტი დანახული და ნაჩვენებია კაცის მხრიდან და აქტის დასასრულიც, როგორც წესი, კაცის ეაკულაციაა (ორგაზმი).

► პორნოგრაფიის 95%-ში ნაჩვენებია მხოლოდ ვაგინალური პენეტრაცია და ფელაცია (ე.წ. „მინეტი“), როცა, რეალურად, დამატებითი სტიმულაციის გარეშე, მხოლოდ პენეტრაციით, ქალების მხოლოდ 21-30% აღწევს ორგაზმს. ქალების უმეტესობას სჭირდება კლიტორის სტიმულაცია და ხანგრძლივი პრელუდია, რათა სექსისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

იხილეთ აგრეთვე:

იმის მიუხედავად, რომ პორნოგრაფია არაპროპორციულად ფოკუსირდება კაცების ინტერესებსა და სურვილებზე, ფართო მასებზე გათვლილი პორნოგრაფიის მაყურებელი კაცების ნაწილს თვითშეფასების პრობლემა აქვს და არ მოსწონს საკუთარი სხეული, რადგან პორნოფილმებში ნაჩვენები კაცების იდეალურ სხეულთან აკეთებენ სწორებას. პორნოფილმებში სათამაშოდ ადამიანები ირჩევიან თავიანთი სხეულის გამო და, ხშირ შემთხვევაში, აქტის დროს მსახიობები იღებენ ფარმაცევტულ დამხმარე საშუალებებს (მაგალითად, სილდენაფილი, ცნობილი როგორც „ვიაგრა“), რათა ერექცია მაქსიმალურად დიდხანს შეუნარჩუნდეთ.

მართალია, მაყურებელთა დიდი ნაწილი იაზრებს, რომ პორნოგრაფიაში ნაჩვენები კადრები დადგმულია, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ  ახალგაზრდების უმეტესობისთვის სექსის შესახებ ინფორმაციას მიღების პირველი წყარო პორნოგრაფიაა — განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ამისთვის სხვა მაგალითი არ აქვთ. მოზარდი, რომელსაც სექსუალური გამოცდილება არ აქვს, შეიძლება მარტივად შეცდეს და ჩამოუყალიბდეს არაჯანსაღი დამოკიდებულება სქესობრივი აქტისა და ამ დროს გენდერული როლების განაწილების მიმართ.

თეთრკანიანი და ჰეტეროსექსუალი ადამიანების სექსი

ფართო მასებზე გათვლილი პორნოგრაფია არ ფოკუსირდება გენდერულ, რასობრივ და სხეულებრივ განსხვავებებზე. როგორ წესი, პორნოფილმებში წყვილი თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, ტრადიციული გაგებით მიმზიდველი და ენერგიულია. ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, სხვები კი გაცილებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები, როგორც წესი, ფეტიშებისთვის განკუთვნილ „განსაკუთრებულ“ კატეგორიებში და არა — ვიდეოების „ნორმალურ“ არჩევანში.

მაშინ, როდესაც პორნოგრაფიას ვუყურებთ, ვიწროვდება წარმოდგენები იმის შესახებ, როგორი შეიძლება იყოს ადამიანის სხეული. ხშირად, პორნოგრაფია ხელს უწყობს არარეალისტური წარმოდგენების შექმნას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ან ჩვენი პარტნიორის სხეული. სხეულის უარყოფითად აღქმა განაპირობებს დაბალ თვითშეფასებას და მას შეუძლია, ადამიანის ლიბიდოზეც იქონიოს გავლენა. მსგავსი მიდგომა საკუთარი თუ პარტნიორის სხეულის მიმართ გვაშორებს სიამოვნებისგან და ხელს გვიშლის სრულყოფილი სექსუალური ცხოვრების ქონაში.

► ხშირად, პორნომსახიობები მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, რათა ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ეს ამ ინდუსტრიისთვის არის მისაღები. გარდა ამისა, გადასაღებ მოედანზე სპეციალური განათებაა, ვიდეოებს კი ხშირად ამუშავებენ, რათა რაიმე სახის ნაკლი დაიფაროს.

პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება

2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრული ადამიანების 3-6% პორნოგრაფიაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, „დამოკიდებულებაში“ იგულისხმება ქცევის გადაჭარბებით გამეორება — მაგალითად, თუკი ადამიანი რთულად, მაგრამ მაინც აღიგზნება პორნოგრაფიის გარეშეც, ეს აუცილებლად პორნოდამოკიდებულებას არ ნიშნავს.

პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება, პირველ ყოვლისა, გულისხმობს ფილმებისა და ვიდეოების აკვიატებულად და ხშირად ყურებას. პორნოგრაფიაზე დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია თავისი ქცევებისა და დამოკიდებულებების გაკონტროლება — ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ შეცვალონ ნამდვილი სექსი პორნოგრაფიით, ან სრულად დაკარგონ ინტერესი სექსის მიმართ. მათთვის პრიორიტეტი პორნოგრაფის ყურებაა და ამ ქმედებას ამჯობინებენ მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებისთვის დროის დათმობასაც კი. პორნოგრაფიაზე დამოკიდებული ადამიანები ნელ-ნელა სცილდებიან რეალობას და უჭირთ ფოკუსირება. ზღვარი კი პორნოგრაფიის არაზომიერად ყურებასა და დამოკიდებულებას შორის ძალიან თხელია. მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ჩვენი ქცევების ტენდენციებს და თუკი დახმარება გვჭირდება, აუცილებლად ვეძებოთ ის.

ქცევითი დამოკიდებულების მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოიცავს ფსიქოთერაპიას, ხშირად კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის სახით. ეს პროცესი გულისხმობს პრობლემის აღიარებას და მათთვის თვალის გასწორებას, ხოლო მომდევნო ეტაპზე დამოკიდებულების შეცვლაზე იმგვარად მუშაობას, რომ ადამიანმა კვლავ კომფორტულად იგრძნოს თავი.

წყარო: WomanLog

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პორნოგრაფიაზე დამოკიდებულების საფრთხე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პორნოგრაფიული ფილმების ყურებისას მიღებულ სიამოვნებაზე უარი უნდა თქვათ. ხშირად, პორნოგრაფიის საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაში ჩართვა სრულებით მისაღები გზაა სიამოვნების ახალი გზების საპოვნელად.

ეთიკური პორნოგრაფია

ეთიკური, იგივე სამართლიანი ვაჭრობის პორნოგრაფია ხელს უწყობს მრავალფეროვან სექსუალურ გამოცდილებებს და ხაზს უსვამს სქესობრივი აქტის დროს საზღვრებისა და თანხმობის მნიშვნელობას. როგორც წესი, ეთიკურ პორნოგრაფიას ქმნიან დამოუკიდებელი მწარმოებლები და მსახიობები.

ეთიკური და სამართლიანი პორნოგრაფიის შემქმნელები სწორებას აკეთებენ არა მხოლოდ კაცის, არამედ ქალების ინტერესებსა და სურვილებზეც, და ფართო მასებზე გათვლილი პორნოგრაფიის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპების გაქრობას ცდილობენ. თუმცა, არსებული სტერეოტიპები იმდენად ფესვგადგმულია, რომ მათზე უარის თქმას და კრიტიკულად შეხედვას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. გარდა ამისა, ეთიკური პორნოგრაფია არ უარყოფს სექსუალურ, გენდერულ, რასობრივ ან სხეულებრივ განსხვავებებს და მეტად ინკლუზიურ ფილმებს ქმნის. ამ ტიპის პორნოგრაფია ფოკუსირებულია არა ნაკლების დამალვაზე, არამედ იმაზე, რომ მსახიობებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და ფილმი რაც შეიძლება რეალური გამოვიდეს. მაყურებელი ყოველთვის შეამჩნევს დიდ განსხვავებას იმაში, თუ რომელი პორნოგრაფიული ფილმია წინასწარ გაწერილი და რომელ მათგანში აქვთ მსახიობებს სრული თავისუფლება, საკუთარი სურვილების მიხედვით იმოქმედონ.

ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა

როგორც წესი, პორნოგრაფიის მაყურებლების უდიდეს ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ის პროდუქტი, რომელსაც ეკრანებზე ხედავენ. პორნოფილმებსა თუ საიტებზე არავინ უსვამს ხაზს იმას, ვიდეოში მონაწილე მსახიობი ფილმში მონაწილეობას საკუთარი ნებით იღებს თუ ამას აიძულებენ.

პორნოგრაფიულ ფილმებში ხშირად ვხვდებით ქალების სხეულებისა და სექსუალობის მიმართ არაჯანსაღ და ძალადობრივ დამოკიდებულებას. მსგავსი კონტენტი, რა თქმა უნდა, შეიძლება მსახიობის თანხმობითაც შეიქმნას, თუმცა როგორც წესი, ასე არ ხდება.

შემაშფოთებლად მაღალია ისეთი განცხადებების რიცხვი, რომელშიც პორნომსახიობები ჩივიან შეურაცხყოფის, დაძალების ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მათზე ძალაუფლება აქვთ (მაგალითად, რეჟისორი). ამგვარი ძალადობის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც პორნოინდუსტრიაში საკუთარი ნებით ჩაერთნენ. ძალადობა შეიძლება გულისხმობდეს ისეთ სცენაში მონაწილეობაზე იძულებას, რაც მსახიობისთვის დამამცირებელი და მიუღებელია, ან ფილმის იმგვარი სცენარით გადაღებას, რომელიც მსახიობთან არ შეთანხმებულა და მას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. გარდა ამისა, პორნოინდუსტრიაში დასაქმებულები ხშირად ხდებიან სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები.

► სექს-ტრეფიკინგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კრიმინალური ბიზნესია მთელს მსოფლიოში. კაცებს, ქალებსა და ბავშვებს იტაცებენ, რათა აიძულონ პორნოგრაფიაში მონაწილეობის მიღება და შემდეგ ეს ფილმები თუ ვიდეოები მოგების მიღების მიზნით გაყიდონ. გატაცებულების საშუალო ასაკი კი 12-14 წლებს შორის მერყეობს.

შეიძლება, ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ მსგავსი ტიპის ძალადობის შეჩერების გზა სექს-სამუშაოს დეკრიმინალიზაციაა. პორნოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა და უსაფრთხოების შენარჩუნება უზრუნველყოფს იმას, რომ ექსპლუატატორები ვეღარ იმოქმედებენ, რადგან იარსებებს კანონი, რომელიც მათ დასჯის.

ჯანსაღი ურთიერთობა და პორნოგრაფია

მიუხედავად იმისა, პორნოგრაფიულ ფილმს მარტო უყურებთ თუ პარტნიორთან ერთად, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რამდენად სანდო წყარო ავრცელებს ამ კონტენტს. სექს-სამუშაოც ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაოსავითაა და აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შიშის გარეშე და უსაფრთხო გარემოში შეეძლოთ მუშაობა. მნიშვნელოვანია, პორნოგრაფიული კონტენტი ეთიკური წყაროსგან მოდიოდეს, რომელიც დასაქმებულების ექსპლუატაციას არ ეწევა. ასეთი პორნოგრაფია შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც საკუთარი სექსუალობის და სექსუალური ფანტაზიებისა და ფეტიშების უკეთ შესწავლას ცდილობს.

თუკი პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებთ და ამავდროულად ურთიერთობაში ხართ, არც დანაშაული და არც სირცხვილია იმაში, რომ ეს ფაქტი თქვენს პარტნიორს გაუმხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეთ პირადი სივრცე და იმის შესაძლებლობა, რომ სიამოვნება მარტომ მიიღოთ, განურჩევლად იმისა, გყავთ თუ არა პარტნიორი.

იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობაში პორნოგრაფიის შემოტანა გსურთ, სასურველია ამ თემაზე თქვენს პარტნიორს წინასწარ ესაუბროთ. შეიძლება, თქვენს პარტნიორს სურდეს პორნოგრაფიის ყურება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთად ხართ, ან პირიქით, მარტოს ერჩივნოს, თუმცა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია გულწრფელობა და იმისი ცოდნა, რომ ერთმანეთს პორნოგრაფიის ყურების ფაქტს არ უმალავთ.

მას შემდეგ, რაც პარტნიორს ესაუბრებით პორნოგრაფიის თქვენს ურთიერთობაში ჩართვაზე და გასაგები იქნება ისიც, თუ სად გადის ზღვრები, შეგიძლიათ, შემდეგ ხერხებს მიმართოთ, რათა თქვენი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს:

  • ახალი ინტერესები — მონოტონურობა ადრე თუ გვიან დამღლელია ნებისმიერ საქმიანობაში, მათ შორის სქესობრივი აქტის დროსაც. რეალობასთან ახლოს მდგარი პორნოგრაფიის დახმარებით შეგიძლიათ, სცადოთ ნანახი პოზები თუ ტექნიკები და გაახალისოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება.

  • ფანტაზიების გაზიარება — ფანტაზიებისა და ფეტიშების პარტნიორისთვის გაზიარება არ არის მარტივი და შეიძლება, ამ ნაბიჯის გადადგმის გეშინოდეთ კიდეც. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ, ეს პორნოგრაფიის დახმარებით თქვათ! ჩართეთ ისეთი ვიდეო, რომელიც თქვენს ფანტაზიას ესადაგება და ის თქვენს პარტნიორთან ერთად განიხილეთ.

  • საკუთარი სხეულის შესწავლა და აღმოჩენა — მასტურბაცია შეიძლება საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი საშუალება იყოს. ეს დაცული და ჯანსაღი გზაა იმისთვის, რომ საკუთარი სექსუალობა შეისწავლოთ და უფრო მეტი გაიგოთ თქვენი სხეულის შესახებ. პორნოგრაფია კი შეიძლება ერთგვარი გიდი აღმოჩნდეს იმ გზაზე, რომელსაც სიამოვნების მიღების ახალი წყაროების აღმოჩენისას გაივლით. დაიმახსოვრეთ, როდესაც საკუთარ სხეულს კარგად იცნობთ, პარტნიორთან სექსიც უფრო სასიამოვნოა.

► თუკი „პორნოში“ ნანახი პოზის ან ტექნიკის გამეორება გსურთ, მნიშვნელოვანია, ეს სწორად გააკეთოთ. ხშირად, პორნოგრაფიული ფილმების სიუჟეტი რეალობას სცდება და შეიძლება იქ ნანახის რეალურ ცხოვრებაში გამეორებამ მხოლოდ სიცილი გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუკი სექსუალური ცხოვრების გასახალისებლად რაიმე სიახლეს გეგმავთ, მნიშვნელოვანია ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ (მაგალითად, ანალური სექსი), რათა ახალი გამოცდილებისთვის მზად იყოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

იხილეთ აგრეთვე: სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

გახსოვდეთ: მნიშვნელოვანია იმის აღმოჩენა, თუ რა მოგწონთ, და შემდგომში თქვენი სურვილების პარტნიორთან გაზიარება. არ შეუშინდეთ ახალი გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას, უბრალოდ, მას მომზადებული დახვდით. არ დაგავიწყდეთ, რომ ურთიერთობის სიჯანსაღეს განაპირობებს თანხმობა, უსაფრთხოების განცდა და გულწრფელობა.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია