Facebook Script

ლიბიდო, ანუ სქესობრივი ლტოლვა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ლიბიდო — ე.წ. „სექს-დრაივი“ — სექსის მიმართ ბუნებრივი ლტოლვაა. სექსის სურვილზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ჯანმრთელობა, მედიკამენტები, ცხოვრების სტილი, განწყობა და პარტნიორთან ემოციური კავშირი.

არ არსებობს ლიბიდოს ერთი ჯანსაღი სტანდარტი. მისი საზღვრები და ცალკეული დეტალები თითოეული ადამიანისთვის ძალიან ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს შეიძლება ყოველდღე უნდოდეს სექსი, სხვებს კი — მხოლოდ წელიწადში ერთი-ორჯერ ან საერთოდაც არ. ბუნებრივად მაღალი და ბუნებრივად დაბალი სქესობრივი ლტოლვა — ორივე აბსოლუტურად ნორმალურია. გარდა ამისა, ლიბიდო შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს კიდეც — როგორც ჯანსაღი, ისე არაჯანსაღი მიზეზების გამო.

ადამიანების აღგზნება მენტალურადაც ხდება და ფიზიკურადაც და მათ სექსის დაწყების განსხვავებული გზები აქვთ. ზოგადად, სქესობრივი ლტოლვა ორი სახის არსებობს: თვითნებური — როდესაც სექსზე ფიქრობთ და ფიზიკურად აღიგზნებით — და საპასუხო — როდესაც ფიზიკურ სტიმულაციაში ერთვებით და ამის შედეგად გიჩნდებათ სურვილი. ადამიანების უმეტესობა ფიზიკური და მენტალური აღგზნების კომბინაციაზე რეაგირებს ხოლმე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ ადამიანს ურჩევნია, თავად წამოიწყოს სექსი და „გაუძღვეს მას“, ზოგისთვის უფრო კომფორტულია, სხვის ინიციატივას უპასუხოს, ზოგისთვის კი ორივე მისაღებია. განურჩევლად იმისა, თუ რა უფრო მოგწონთ, ეს თქვენს მაღალ ან დაბალ ლიბიდოზე არ მეტყველებს — ადამიანები, უბრალოდ, ლტოლვასა და სიამოვნებას განსხვავებული გზებით განიცდიან. პარტნიორები, რომლებიც დროს უთმობენ იმის გარკვევას, თუ რა აღაგზნებთ მათ, უფრო აღრმავებენ თავიანთ ურთიერთობას და აძლიერებენ სექსუალური კმაყოფილების პოტენციალს.

ლტოლვა აუცილებელი წინაპირობაა შეთანხმებული სექსისთვის. პარტნიორებს შეიძლება უფრო მეტად ან ნაკლებად შეთავსებადი ლიბიდოები ჰქონდეთ და ასეთ დროს ორმხრივი კმაყოფილებისთვის ზოგჯერ რაღაცების დათმობაა საჭირო. თუკი მაღალი სექს-დრაივის მქონე ადამიანის პარტნიორს დაბალი სექს-დრაივი აქვს, სურვილის დასაკმაყოფილებლად კარგი გზაა მასტურბაცია, რათა პარტნიორს არასასურველი ყურადღების ვალდებულება არ დააწვეს.

► სექსუალურ ინტიმურობას განაპირობებს მასში ჩართული ადამიანების ემოციური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, ასევე მონაწილეობის სურვილი.

არსებობს ფიზიკური აღგზნების ოთხი ფაზა:

1. აღგზნება, ანუ სექსუალური მღელვარება — სხეული ემზადება სექსისთვის და სისხლი მიედინება გენიტალიებისკენ (სასქესო ორგანოებისკენ), ძუძუსთავები მაგრდება და გულისცემა ჩქარდება;
2. პლატო — სტიმულაცია უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება, მასზე რეაქცია კი უფრო მძაფრი;
3. ორგაზმი — კულმინაცია, ე.წ. „გათავება“, რომელსაც კუნთების უნებლიე შეკუმშვები მოსდევს;
4. დაცხრომა — სტიმულირების შეჩერების შემდეგ კუნთები დუნდება და მღელვარება ცხრება, რა დროსაც შეიძლება სიმშვიდე და ნეტარება იგრძნოთ.

რაც უფრო შეთანხმებულად პროგრესირებენ პარტნიორები ამ ფაზებს შორის, მით უფრო ბუნებრივია ეს გამოცდილება, სექსი კი — უფრო სასიამოვნო. თითქმის შეუძლებელია, რომ სრულ თანხვედრაში იყოთ პარტნიორთან, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რას გრძნობს ამ დროს ის, და სრულიად სამართლიანია, მისგანაც იმავეს მოლოდინი თუ გექნებათ.

სურათი: WomanLog

პრობლემები სექსის დროს

ლიბიდო საკმაოდ კომპლექსური რამაა. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი კარგი და ცუდი პერიოდები ცხოვრებაში, თუმცა ზოგჯერ სქესობრივი ლტოლვის სიმცირე პირდაპირაა დაკავშირებული ემოციურ და ფსიქოლოგიურ პრობლემასთან. სექს-დრაივსა და ინტიმურობაზე რამდენიმე გავრცელებული პრობლემა მოქმედებს:

  • ბევრ ადამიანს აწუხებს დაბალი თვითშეფასება და იმაზე შფოთვა, თუ რამდენად კარგები იქნებიან სექსში. იმაზე დარდმა, თუ როგორ გამოიყურება თქვენი სხეული ან როგორ რეაგირებს ის, და პარტნიორის მხრიდან განსჯის შიშმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. მართალია, სექსში პერფორმანსზე შფოთვა უფრო ხშირად კაცებს აწუხებთ ხოლმე, თუმცა სექსუალური ინტიმურობით დასატკბობად ქალებსაც და კაცებსაც მოდუნება და პარტნიორთან კომფორტულად ყოფნა სჭირდებათ. ნუ განსჯით საკუთარ თავს ასე მკაცრად — ასეთ ინტიმურ გარემოში თავდაჯერებულად ყოფნას ბევრი დრო და გამოცდილება სჭირდება.

  • არარეალისტური მოლოდინები ასევე წარმოადგენს პრობლემას და ისინი შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ მედიაში ხშირად ვხედავთ განსაზღვრულ ქცევებს. მაგალითად, პორნოგრაფია აქცენტს იმაზე აკეთებს, რაც კამერაში ჩანს კარგად, და არა იმაზე, თუ რა არის სასიამოვნო სცენაში მონაწილე ხალხისთვის. ეს სექსის არარეალისტურ სურათს ქმნის. აუცილებელია, მეტი შეისწავლოთ სექსის შესახებ (სანდო წყაროებიდან) — არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას, არამედ იმისთვისაც, რომ გაიგოთ, როგორ უნდა აირიდოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი-ები) და არასასურველი ორსულობა.

  • ბევრ ადამიანს არასწორი წარმოდგენები აქვს სექსზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კაცები და ქალები რომანტიკულ და ინტიმურ ურთიერთობებში. მასობრივი მედია, რეკლამები და არასწორი აზროვნების სკოლები მუდმივად „გვბომბავს“ სტერეოტიპებით, რომლებიც შავ-თეთრად ყოფს სამყაროს, რაც არ ასახავს ადამიანის ინდივიდუალური გამოცდილების უნიკალურობას. ასეთი მცდარი წარმოდგენების ქონამ შეიძლება განაპირობოს სექსის დროს კრეატიულობის სიმცირე, საკუთარი სურვილების გამოხატვის სირთულე, სექსუალობის მიმართ კონსერვატიული წარმოდგენები ან შეუთავსებელი ინტერესები.

  • კიდევ ერთი ხშირი პრობლემაა სექსუალურ პარტნიორთან კომუნიკაციის სიმცირე. შეიძლება, რომანტიკული გეჩვენებოდეთ „ერთი ნახვით შეყვარების“ იდეა და გსურდეთ, რომ ყველაფერი „თავისით მოხდეს“, მაგრამ თუ წარმოდგენა არ გაქვთ, რა მოსწონს თქვენს პარტნიორს, და არც მან იცის თქვენი სურვილები, მოვლენათა ასეთი განვითარება არარეალისტურია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი ინტიმურობა შეუძლებელია — უბრალოდ, ამის მისაღწევად საჭიროა მუშაობა, გაგება და მოთმინება. დასხედით პარტნიორთან ერთად და გულწრფელად ისაუბრეთ სექსზე და ერთმანეთის სურვილებზე — ამან შეიძლება თქვენი სექსუალური გამოცდილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.

სექსი ისეთი რამ არაა, რასაც შეიძლება გულგრილად მიუდგე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესით იხალისოთ! მალევე დარწმუნდებით, რომ სექსი ნაკლებადაა დამოკიდებული უნარ-ჩვევებზე და ტექნიკების ცოდნაზე — გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, გრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად იმ ადამიანთან, ვისთანაც სექსი გაქვთ.

სიახლოვე პარტნიორთან

პარტნიორთან ერთად დადებითი ასოციაციების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობისთვის. სითბოს გამომხატველი ქცევები, როგორებიცაა ჩახუტება და კოცნა, ორგანიზმში დოფამინს, ოქსიტოცინსა და სეროტონინს (ე.წ. „ბედნიერების ჰორმონებს“, რომლებიც ხელს უწყობს პარტნიორთან სიახლოვეს) გამოყოფს და ამცირებს კორტიზოლის დონეს (რაც, თავის მხრივ, ამცირებს სტრესსა და შფოთვას), ეს ყველაფერი კი სითბოსა და სიახლოვის შეგრძნებას აძლიერებს. მსგავსად ამისა, სექსუალური ინტიმურობა ზრდის უფრო მეტი სექსუალური ინტიმურობის სურვილს.

სურათი: WomanLog

გრძელვადიანი ჯანსაღი ლიბიდოს შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორის ემოციური და სექსუალური კმაყოფილება, რადგან სწორედ ამაზე დგას ჯანსაღი ინტიმური ურთიერთობა. დაბალი ან შემცირებული სექსუალური ენერგია შეიძლება პრობლემად იქცეს, თუკი ერთ-ერთი პარტნიორი მუდმივად უგულებელყოფს მეორე პარტნიორის მცდელობებს, დაიწყოს სექსი.

♦ დემისექსუალი — ადამიანი, რომელსაც სექსით დაინტერესებისთვის პარტნიორთან ძლიერი ემოციური კავშირის ქონა სჭირდება

♦ ასექსუალი — ადამიანი, რომელსაც სქესობრივი ლტოლვა არ აქვს სხვების მიმართ, მაგრამ შეიძლება აინტერესებდეს ან სურდეს რომანტიკული ურთიერთობები

♦ არომანტიკული — ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ან არ სურს რომანტიკული ურთიერთობები, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს სქესობრივი ლტოლვა სხვების მიმართ

ლტოლვის დაკარგვა და შესაძლო მიზეზები

შესაძლოა, დაბალი ლიბიდო საერთოდ არ იყოს დაკავშირებული თქვენს ახლანდელ პარტნიორთან. სოციოლოგიური გამოკითხვები და კვლევები აჩვენებს, რომ ლიბიდო დროთა განმავლობაში იკლებს. ეს პროცესი, როგორც წესი, ქალებისთვის უფრო ადრე იწყება, ვიდრე კაცებისთვის, რადგან სასქესო ჰორმონების რაოდენობის კლება განსხვავებული გზებითა და ტემპებით ხდება სხვადასხვა გენდერში.

ლიბიდოს სრული არარსებობა შეიძლება მენტალური აშლილობის ნიშანი იყოს, მაგალითად, სექსუალური ავერსიის (SAD) ან ჰიპოაქტიური სქესობრივი ლტოლვის აშლილობის (HSDD).

► გონების არაჯანმრთელმა მდგომარეობამ შეიძლება „დაბლოკოს“ სქესობრივი ლტოლვა.

ადამიანი, რომელსაც სქესობრივი ლტოლვა არ აქვს, ზოგჯერ ამ მდგომარეობას თავადვე უწყობს ხელს ცნობიერად ან არაცნობიერად. შეიძლება, უფრო უსაფრთხო გადაწყვეტილებად გვეჩვენებოდეს საკუთარი თავის იზოლირება ისეთი ემოციებისგან, რომლებმაც შეიძლება გული გვატკინოს. პრობლემის ასეთ დროებით გადაჭრას, დიდი ალბათობით, შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, თუმცა მისი დამოუკიდებლად მოგვარება არც ისე მარტივია. ამ თემაზე ახლო მეგობართან საუბარი ან ფსიქოლოგთან თუ სექსოლოგთან კონსულტაცია ძალიან დაგეხმარებათ.

სურათი: Getty Images

► თერაპევტი, რომელიც სექსუალურ პრობლემებში სპეციალიზდება, თქვენ (და თქვენს პარტნიორს, თუკი ერთად გადაწყვეტთ სესიებზე სიარულს) სქესობრივი ლტოლვის ნაკლებობის ემოციური მიზეზების ამოცნობაში დაგეხმარებათ. მან ასევე შეიძლება პრაქტიკული რჩევები მოგცეთ, რომლებიც სექსის დროს ლტოლვისა და სიამოვნების გაძლიერებაში შეგიწყობთ ხელს.

თვითშეფასების, მოლოდინებისა და კომუნიკაციის პრობლემების გარდა, სქესობრივი ლტოლვის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს დაღლილობა, დროის უქონლობა და განმარტოების ნაკლებობა, დეპრესია, სტრესი, ზედმეტი ვარჯიში ან ტრავმული გამოცდილება (მაგალითად, სექსუალური შევიწროება ან ძალადობა). ლიბიდოზე ასევე შეიძლება იმოქმედოს მედიკამენტებმა, მაგალითად, ანტიდეპრესანტებმა. ზოგი ქალი გრძნობს, რომ სექსისადმი ინტერესი უმცირდება ჰორმონების შემცველი კონტრაცეპტივების — მაგალითად, აბების — მიღებისას.

გარდა ამისა, სექს-დრაივის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დაავადებებმა, როგორებიცაა ანემია, თირკმლის უკმარისობა, ართრიტი, დიაბეტი, ჰიპოთირეოზი. ქალების სქესობრივ ლტოლვაზე მოქმედ სხვა ჯანმრთელობის საკითხებს შორისაა მენოპაუზა, დისპარეუნია (მტკივნეული სექსი), ვაგინიზმი (ვაგინის შეუღწევადობა), ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება (ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო), ტესტოსტერონის ან ესტროგენის დაბალი დონე, ალკოჰოლი ან ნარკოტიკები, ინფექციები (მაგალითად, კანდიდოზი ან საშარდე გზების ინფექციები) და ორგაზმის მიღწევის პრობლემები (მაგალითად, ანორგაზმია).

ფიზიკურ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კეთილდღეობისთვის და თუკი ფიქრობთ, რომ რაიმე გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შემცირებული სექს-დრაივის მკურნალობის გზა მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული, თუმცა ის შეიძლება მოიცავდეს ჰორმონალურ თერაპიას, სტრესის მენეჯმენტს, ფსიქოთერაპიას ან უშუალოდ პრობლემის გამომწვევი დაავადების მკურნალობას.

სქესობრივი ლტოლვის დაბრუნების გზები

თქვენს ცხოვრების სტილს დიდი გავლენა აქვს ჰორმონების მოქმედებაზე. საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია, თუკი გსურთ, რომ ფიზიკურად, მენტალურად და სექსუალურად ჯანმრთელი იყოთ.

  • გამოიძინეთ კარგად და რეგულარულად. ძილი ძალების აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია. ის საჭიროა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მზაობისთვის. ძილი აგრეთვე გვიცავს ანთებითი პროცესებისგან, უჯრედების დაზიანებისგან, დიაბეტისგან, გულის დაავადებებისგან, ინსულტისა და დეპრესიისგან.

  • იკვებეთ ჯანსაღად. საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის თითოეული სისტემის გამართულად მუშაობისთვის. დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობის ცილებს, საკვებ ბოჭკოებსა და ჯანსაღ ცხიმებს. შეეცადეთ, რომ ზედმეტი ან არასაკმარისი არ ჭამოთ, შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები კი ზომიერ მინიმუმამდე დაიყვანოთ. ჯანსაღ კვებაზე გადასვლა შეიძლება თავდაპირველად გაგიჭირდეთ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს თქვენს ყოველდღიურ ჩვევად იქცევა.

  • ივარჯიშეთ რეგულარულად. ფიზიკური აქტიურობა თქვენს ორგანიზმს ინსულინის მართვაში ეხმარება, ამცირებს შფოთვასა და დეპრესიას, ზრდის ენდორფინის წარმოებას, ენერგიულობასა და დასვენების ხარისხს, ასევე ხელს უწყობს კუნთების, ძვლებისა და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ყოველდღიურად თუნდაც მცირე ხნით ვარჯიშსაც კი ძალიან შესამჩნევი სარგებელი მოაქვს.

  • მართეთ სტრესი. სტრესის ჰორმონები — კორტიზოლი და ადრენალინი — მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, თუმცა ისინი ზოგჯერ პრობლემებთან გამკლავების არაჯანსაღ ჩვევებსაც აჩენს, მაგალითად, ორგანიზმში ამ ჰორმონების ქრონიკულად მაღალმა დონემ შეიძლება საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისკენ გიბიძგოთ. შეეცადეთ, მცირეოდენი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ, განსაკუთრებით თუ დაკავებული ადამიანი ხართ.

დაბალი ლიბიდო აუცილებლად ცუდი რამ არ არის. ზოგი ადამიანი განზრახ თრგუნავს თავის სურვილებს სპირიტუალური ან რელიგიური მიზეზებით. სხვები ასექსუალებად იდენტიფიცირდებიან და მათ შეიძლება ჰქონდეთ რომანტიკული მიზიდულობა, მაგრამ არა — სქესობრივი ლტოლვა.

გახსოვდეთ, რომ საკუთარი სექსუალობით დასატკბობად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეიცნოთ საკუთარი თავი და მიიღოთ ისეთად, როგორიც ხართ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Mile High Psychotherapy

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
შშმ, პირები, ქალები, სექსუალური, ჯანმრთელობა, განათლება, ხელმისაწვდომობა, გამოწვევები, სექსუალობა, ეიბლიზმი, ძალადობა, ფიზიკური, ადაპტაცია, სტერეოტიპები,

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

რა გამოწვევების წინაშე არიან შშმ პირები სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით? — ეიბლიზმი, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, გარემოს არაადაპტირებულობა, სტერეოტიპები.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ლიბიდო, ანუ სქესობრივი ლტოლვა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია