Facebook Script

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანების სექსუალური საჭიროებები იგივეა, როგორიც ყველა სხვა ადამიანის, მაგრამ მათთვის ბევრად უფრო რთულია სტიგმის დაძლევა და სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაციისა და სერვისების მიღება.

როდესაც საქმე ეხება სექსუალურ განათლებასა და რესურსებს, შშმ პირებს ჯერ კიდევ არაპროპორციულად არასაკმარისად აქვთ ხელმისაწვდომობა მათზე, როგორც მოზარდობისას, ისე ცხოვრების უფრო გვიანდელ ეტაპებზე. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გავხადოთ ინფორმაცია სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის, განურჩევლად მათი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობებისა.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10% რაიმე ფორმის შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრობს. მათი სექსუალობა, სექსუალური საჭიროებები და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა ხშირად უგულებელყოფილია, რაც მათ კიდევ უფრო ურთულებს ამ უფლებებისთვის ბრძოლას.

შშმ პირების გამოწვევები

ეიბლიზმის გავლენა

„ეიბლიზმი“ არის ცნობიერი ან ქვეცნობიერი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ. თუკი შეზღუდული შესაძლებლობა ისეთი რამ არაა, რაც თქვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, სავარაუდოდ, არ იცით, როგორ შეიძლება ძალიან მარტივი რამ, რასაც ტრივიალურად მიიჩნევთ, დიდი გამოწვევა იყოს სხვისთვის, თუკი ის უყურადღებოდ დარჩება. ის ხალხიც კი, ვისაც კეთილი განზრახვები აქვს, შეიძლება ვერ აცნობიერებდეს სხვების გამოცდილებებს და გაუაზრებლად უერთდებოდეს შშმ პირების დისკრიმინაციას. ამის აღმოსაფხვრელად ამ საკითხის ცნობადობის გაზრდაა საჭირო.

ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, შშმ პირებსაც აქვთ სექსუალური საჭიროებები, სურვილები და ფანტაზიები, რომელთა გამოხატვა და გამოცდაც სურთ, მაგრამ როდესაც ამ თემებზე საუბარზე მიდგება საქმე, ტიპური განვითარების მქონე ადამიანების უმეტესობა მას, უბრალოდ, თავს არიდებს, რადგან არ ჰგონია საჭირო. ჯერ კიდევ ძალიან ხშირია, რომ მასწავლებლები, ექიმები და სხვა ის ადამიანები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ დახმარებას გაწევა, უგულებელყოფენ ამ საბაზისო ადამიანური საჭიროებების მნიშვნელობას შშმ პირებისთვის. ეს აძლიერებს არსებულ სტიგმას და ზრდის იმ უთანასწორობას, რომელიც შშმ და ტიპური განვითარების მქონე ადამიანებს შორის არსებობს.

შშმ პირები დამატებითი გამოწვევების წინაშე დგანან თავიანთ სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად მოქმედებს, მსოფლიოს სოციალური და ფიზიკური ინფრასტრუქტურა საშუალოსტატისტიკურ, რიგით ადამიანსაა მორგებული და არ ითვალისწინებს სხვათა გამოცდილებების ძალიან დიდ მრავალფეროვნებას.

ხელმისაწვდომი ინფორმაციის სიმწირე

სექსუალური განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ყველა მოზარდს უნდა შეეძლოს, მეტი გაიგოს საკუთარ ანატომიაზე, სქესობრივ მომწიფებასა და ფიზიკურ ცვლილებებზე, სექსუალურ ჯანმრთელობაზე, კონტრაცეფციაზე, თანხმობასა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

სამწუხაროდ, შშმ პირები ხშირად „მოკვეთილები“ არიან ამ საკითხებზე საუბრიდან. მრავალი მათგანი განათლებას სახლში იღებს, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, და მხოლოდ მათ მშობლებზეა დამოკიდებული, რომ მიიღონ საბაზისო სექსუალური განათლება, სხვა ყველაფერთან ერთად. მიუხედავად ამისა, მრავალი მშობელი თავს არიდებს სექსუალობაზე საუბარს საკუთარ შვილებთან, განურჩევლად იმისა, შშმ იქნება ის თუ ტიპური განვითარების მქონე. ზოგ მშობელს ეშინია მოზარდობის პერიოდის, რადგან ამ დროს მათი შვილები წყვეტენ ბავშვად ყოფნას და მათ სექსისა და ინტიმური ურთიერთობების მოთხოვნილება უჩნდება. სხვები სექსუალობაზე საუბარს თავს იმიტომ არიდებენ, რადგან მათ ასწავლეს, რომ ეს საბაზისო ადამიანური საჭიროება ცოდვაა, ბევრს კი, უბრალოდ, თვითონაც არ მიუღია სექსუალური განათლება და საკმარისი ცოდნა არ აქვს მასზე და მის აუცილებლობაზე.

თუკი შშმ ბავშვი სკოლაში ივლის, მას შეიძლება სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციასთან თავის გაიგივება გაუჭირდეს, რადგან სქესობრივ მომწიფებაზე საუბრისას სასკოლო განათლება არ მოიცავს სხეულის ტიპების მრავალფეროვნებას.

► საგანმანათლებლო რესურსებში, როგორც წესი, მხოლოდ საშუალოსტატისტიკური სხეულებია წარმოჩენილი, რაც არ ასახავს ბევრი ბავშვის გამოცდილებას.

იმ მოზარდები, რომლებსაც არ ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სხეულის ცვლილებებსა და ახალ გამოცდილებებზე ესაუბრებიან, შეიძლება, უფრო ნაკლებად თავდაჯერებულნი იყვნენ თავიანთ სექსუალობაში და უფრო მოწყვლადები — სექსუალური ძალადობის, ჯანმრთელობის პრობლემების, დაუგეგმავი ორსულობებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) მიმართ.

სექსუალური და ფიზიკური ძალადობა

შშმ პირები სექსუალური და ფიზიკური ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. მათთვის სამჯერ უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ისინი რაიმე ფორმის ძალადობის მსხვერპლი გახდებიან. განსაკუთრებით მოწყვლადები განვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდულობის მქონე ადამიანები არიან. მეტიც, განვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდულობის მქონე ქალების 80% ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

თუკი ადამიანი ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს, უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ის გაქცევას მოახერხებს ან ვინმეს დახმარებისთვის დაუძახებს. მოძალადეების უმეტესობა საკმაოდ ახლოს არიან თავიანთ მსხვერპლთან; ისინი შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები, მომვლელები, სამედიცინო პერსონალი ან პირადი ასისტენტები. ის შშმ პირები, რომლებზეც ძალადობენ, ხშირად დამოკიდებულნი არიან თავიანთ მოძალადეზე და არ ჰყავთ ადამიანი, რომელსაც დახმარებას სთხოვენ, და თუნდაც მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ, ისინი ხშირად უგულებელყოფენ საჩივარს.

გარემოს არაადაპტირებულობა

ბევრ ადამიანს თავიანთი სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება ფიზიკური ბარიერების გამო არ შეუძლია. ცუდად დაგეგმარებული და მოძველებული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ქალაქგარეთ, შეიძლება ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. ეს ზრდის დაავადებების მკურნალობის გარეშე დატოვებისა და სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების რისკს, მაგალითად, სგგი-ებისა და არასასურველი ორსულობების.

ზოგიერთ დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალს აკლია ცოდნა, მომზადება და რესურსები შშმ პირების მომსახურების კუთხით, ამიტომაც მათი საჭიროებები შეიძლება უგულებელყონ ან არასერიოზულად მიიჩნიონ. ზოგიერთ კლინიკაში არასწორი წარმოდგენები აქვთ, როცა შშმ პირისთვის სექსუალური ჯანმრთელობის რესურსებით უზრუნველყოფაზე დგება საქმე. კლინიკებში მუშაკები ზღუდავენ ამ სერვისებზე წვდომას ან უარყოფენ ახალგაზრდა ადამიანის ოცნებას, დაორსულდეს ან გაზარდოს შვილები, რადგან მათთვის სექსუალური ქცევა ნორმალური არ არის ისეთი ადამიანისთვის, რომელთა სხეულიც არ შეესაბამება ნორმას.

წყარო: WomanLog

სტერეოტიპები

ბევრ საზოგადოებაში შშმ პირები სექსუალობის მქონე ადამიანებად არ განიხილებიან. ეს მათთვის პარტნიორების პოვნას და ჯანსაღი ურთიერთობებისა და სასიამოვნო სექსუალური გამოცდილებების ქონას ძალიან ართულებს.

ასეთი წინასწარგანწყობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გამოწვევებთან ერთად ცხოვრობენ, აცლის მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სტერეოტიპები ყოფს ადამიანებს ჯგუფებად, ისე რომ არ ინტერესდება წვრილმანებითა თუ გარემოებებით. გამარტივებულ მსჯელობას ადამიანები ბევრი სხვადასხვა მიზეზით ვიყენებთ ყოველდღიურად, მაგრამ როდესაც ის ადამიანის ღირსების საკითხებს ეხება, უმჯობესია, ორჯერ დავფიქრდეთ.

შშმ პირების არყოფნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

შშმ პირები ხშირად არ მონაწილეობენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც პირდაპირ ახდენს გავლენას მათ უფლებებსა და კეთილდღეობაზე. ბევრის წარმოდგენით, შშმ პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც სერვისებს იღებენ, და არა ისინი, ვისაც აქტიურად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა, საკუთარი თვალთახედვის გაზიარება და პოტენციური მოგვარების გზების შემოთავაზება. ინფორმაციის ყველაზე რელევანტური წყაროს გაცხრილვით იმ ადამიანებს, რომლებსაც შშმ პირების დახმარება სურთ, არ შეუძლიათ თავიანთი კეთილი განზრახვები სასარგებლო შედეგებად გარდაქმნან.

მხარდაჭერის ნაკლებობა

კიდევ ერთი გავრცელებული სტერეოტიპია, რომ შშმ პირებს არ შეუძლიათ იყვნენ კარგი მშობლები. როდესაც შშმ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ გახდნენ მშობლები, მათ ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ და ისინი მოკლებულნი არიან იმ მხარდაჭერას, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვების მიმართ არსებობს ხოლმე. სიმართლე ისაა, რომ შშმ ქალების უმეტესობას — მათ შორის მენტალური შეზღუდულობის მქონე ქალებსაც — შესანიშნავად შეუძლია თავის შვილებზე ზრუნვა.

მართალია, მათ შეიძლება დასჭირდეთ რაღაც მოდიფიცირებული ხელსაწყოები და სხვა ადაპტაციები, მაგრამ მათ შეუძლიათ, შექმნან ოჯახი და აღზარდონ შვილები. მიუხედავად ამისა, ისინი მშობლის უფლების დაკარგვის გაცილებით უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. სოციალური სერვისები სამედიცინო საზოგადოებაში ფესვგადგმული ეიბლიზმის გამო უფრო დიდი ალბათობით ართმევენ ბავშვს ასეთ ოჯახებს, ზოგჯერ მტკიცებულებების გარეშეც კი.

ორსულობის, მშობიარობისა და პორსპარტუმ (მშობიარობისშემდგომი) პერიოდი შეიძლება რთული იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. რესურსებსა და კლინიკებთან წვდომის პრობლემები ასევე ნიშნავს გართულებების უფრო მაღალ რისკს დაგვიანებული სამედიცინო დახმარების მიღების გამო.

როგორ გავხადოთ სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა უფრო ხელმისაწვდომი?

შშმ პირების სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ამჟამად საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. აქ მოყვანილი რამდენიმე გზა, თუ როგორ შეგვიძლია შშმ ადამიანების გამოცდილება უფრო დადებითი გავხადოთ.

ცნობიერების ამაღლება

იმის ფონზე, რომ მსოფლიო მოსახლეობის 10% რაიმე ფორმის შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრობს, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის განათლება იმის თაობაზე, თუ როგორია ცხოვრება შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად. არსებული სტიგმის დასანგრევად აუცილებელია იმაზე ცნობიერების ამაღლება, რომ ადამიანების უმეტესობას შეუძლია ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების ქონა გამოწვევების მიუხედავად.

სამედიცინო პერსონალის გაწვრთნა შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად ცხოვრების სოციალური ასპექტების შესახებ კიდევ ერთი გზაა საიმისოდ, რომ ინფორმაცია და სხვა რესურსები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.

გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამრავალფეროვნება

ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღება ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა ადამიანის გამოცდილება იქნას გათვალისწინებული. შშმ პირებს ხშირად ისე უყურებენ, თითქოს მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის ადვოკატირება და ამიტომაც მათ არ რთავენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც პირდაპირ ახდენს გავლენას მათ ცხოვრებაზე.

იდეალურ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მათ, ვისაც უწევს ამ გადაწყვეტილებებთან ერთად ცხოვრება, და მნიშვნელოვანია სპეციალისტების რჩევების გათვალისწინება. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია, თბილი სიტყვები ისეთ საქმედ გარდავქმნათ, რომელიც მართლა შეცვლის რეალობას.

განათლება

რეპროდუქციული და სექსუალური განათლება საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ყველასთვის, მაგრამ ის განსაკუთრებით მიუწვდომელი და შეუსაბამოა შშმ პირებისა და მათი გამოცდილებებისთვის. საგანმანათლებლო კურიკულუმში შეზღუდული გადაადგილების, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ინტელექტუალური შეზღუდულობის მქონე ადამიანების წარმოჩენა ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას და ყველა სხვასაც დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ მუშაობს სექსუალობა და რეპროდუქცია უფრო მრავალფეროვან პირობებში.

ხილვადობა მნიშვნელოვანია. ინფორმაციის გარეშე ადამიანებს, როგორც წესი, უჩნდებათ შიშის გრძნობა და ექმნებათ მცდარი წარმოდგენები. ინფორმაციის გამრავალფეროვნება და მასში სხვადასხვა ტიპის სხეულებისა და გამოცდილებების ჩართვა დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ ერთმანეთის პრობლემები და დავამსხვრიოთ სტიგმა.

უკეთესი ინფრასტრუქტურა და ადაპტირებულობა

სპეციალიზებული ტრანსპორტი, ინკლუზიური ინფრასტრუქტურა და საზოგადოების ღიაობა აუცილებელია შშმ პირებისთვის ღირსეული და თანასწორი გამოცდილების შესაქმნელად. საავადმყოფოებმა და სამედიცინო კლინიკებმა, საჯარო და კომერციულმა შენობებმა უნდა უზრუნველყონ ეტლით გადაადგილებისთვის საჭირო ასასვლელები და ლიფტები, რათა გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა მათ სერვისებზე, ასევე შშმ პირებს მორგებული ტუალეტები და დანადგარები

თანასწორობის უზრუნველსაყოფად ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური ხელმისაწვდომობა. ვინაიდან ბევრი შშმ ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული სატრანსპორტო სერვისის არსებობა ან მგზავრობის კომპენსაცია, რათა რესურსებზე წვდომაც თანასწორი იყოს.

► განურჩევლად იმისა, ხართ თუ არა შშმ პირი, საზოგადოებაში სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრებას აუმჯობესებს. თანასწორობა მანამ ვერ მიიღწევა, სანამ შშმ პირების საჭიროებები უგულებელყოფილია.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ასაკის, მატება, სექსუალობა, სექსი, გვიანდელი, ხანდაზმულობა, მოხუცი, პოსტმენოპაუზალური, სიამოვნება, ლიბიდო, seqsi, gviandel, asakshi, asakis, mateba, xandazmuloba, sibere, siamovneba, seqsualoba, shua, xnis, შუახნის, შუა, ხნის

ასაკის მატება და სექსუალობა — რა უნდა ვიცოდეთ?

როგორ იცვლება ადამიანის სექსუალობა გვიანდელ ასაკში? — მასზე მოქმედი ფაქტორები (დაავადებები, მენოპაუზა, ერექციული დისფუნქცია, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სტერეოტიპები და სტიგმა). რა სარგებელი მოაქვს სექსს და როგორ გავაუმჯობესოთ სექსუალური ცხოვრება ასაკის მატებასთან ერთად?

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

შშმ პირები და სექსუალური ჯანმრთელობა — გამოწვევები და მათი მოგვარების გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია