Facebook Script

ფსიქოლოგიური ძალადობა — მისი ფორმები, გავლენა და მასთან გამკლავების გზები

ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე ცნობილი, როგორც მენტალური ან ემოციური ძალადობა, მოიცავს ისეთ ვერბალურ (სიტყვიერ) და არავერბალურ კომუნიკაციას, რომელიც სხვის კონტროლს ან მისთვის ემოციური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

მართალია, ფსიქოლოგიური ძალადობა არ ტოვებს დალურჯებებსა და გატეხილ ძვლებს, მაგრამ ის შეიძლება მწვავე ემოციური და მენტალური გამოწვევების სათავე იყოს. ძალადობის ეს ფორმა, შესაძლოა, რთული ამოსაცნობი იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ და ვითხოვოთ დახმარება რაც შეიძლება მალე, რადგან ის ხშირად ფიზიკური ძალადობის წინაპირობაცაა.

ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები

არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიგვითითებდეს, რომ ადამიანი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ესენია, როცა ადამიანი:

  • შესამჩნევად შეწუხებული და აღელვებულია;

  • დისტანცირებულია;

  • ირიდებს თავიდან კონკრეტულ ადამიანებს ან როცა მათ ირგვლივაა, შეშინებული, აფორიაქებული და დაძაბულია;

  • არაბუნებრივად იქცევა, მაგალითად: ირწევა, იკვნეტს ფრჩხილებს, ტუჩებს ან კანს.

ასევე არსებობს ნიშნები, რომლებიც შედარებით უფრო რთული დასაკავშირებელია ფსიქოლოგიურ ძალადობასთან. მაგალითად, როცა ადამიანი:

  • იწყებს დაგეგმილი შეხვედრების ბოლო წუთს გაუქმებას;

  • ცდილობს გაამართლოს პარტნიორის სიტყვები ან ქცევები, რომლებიც მას ტკივილს აყენებს;

  • უფრო ჩუმადაა, როცა პარტნიორი მასთან ერთადაა;

  • ზედმეტად ხშირად იხდის ბოდიშს;

  • უფრო მერყევი და დაუცველი ჩანს;

  • მუდმივად მოუსვენრადაა;

  • ხშირად ამოწმებს ტელეფონს ან პარტნიორი მუდმივად ურეკავს ან სწერს.

ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები

ფსიქოლოგიურმა ძალადობამ შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს, მათ შორისა:

  • დაშინება;

  • იძულება;

  • დარცხვენა;

  • დაცინვა;

  • დამცირება;

  • ე.წ. „გასლაითინგი“ (ინგლ. Gaslighting) — ადამიანის დაეჭვება მისი აზროვნების, ფიქრებისა და შეგრძნებების ადეკვატურობაში, რეალობის აღქმის სისწორესა და მეხსიერებაში. ეს უარყოფითად მოქმედებს მის თვითრწმენასა და თვითშეფასებაზე და ხდის მოძალადეზე მიჯაჭვულს;

  • შევიწროება;

  • ინფანტილიზაცია — ადამიანთან ბავშვივით მოქცევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მენტალური, ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური მდგომარეობა არ საჭიროებს ასეთ მოპყრობას;

  • იზოლაცია — ადამიანის იზოლირება მისი ნების საწინააღმდეგოდ, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისა და სოციალური სიტუაციებისგან;

  • სიჩუმე — ადამიანთან კომუნიკაციაზე უარის თქმა, დანაშაულის გრძნობის გამოწვევის მიზნით.

  • მანიპულაცია;

  • კონტროლი;

  • მუქარა;

  • შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი სიტყვების დაძახება.

ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ყველა შეიძლება გახდეს, ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში, მათ შორის მეგობრობაში, თანამშრომლობაში, ინტიმურ ან ოჯახურ ურთიერთობებში. თუმცა, ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე გავრცელებული ბავშვებისა და ინტიმური პარნტიორების მიმართაა. 

ბავშვთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა

ბავშვთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე მაგალითია:

  • ყვირილი და გინება;

  • მუდმივი კრიტიკა და გაკიცხვა;

  • დამცირება;

  • ბავშვის დასჯა ან დადანაშაულება ზრდასრულების პრობლემების გამო;

  • ტკივილის მიყენების ან მიტოვების მუქარა;

  • უსაფრთხო, ჯანსაღი და სტაბილური გარემოს ვერშექმნა ბავშვისთვის;

  • გარემოება, სადაც ბავშვი სახლში ძალადობის მოწმეა;

  • ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა ან საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სხვებისგან დახმარების მიღებაზე უარის თქმა.

წყარო: Getty Images/holaillustrations

ბავშვებს, რომლებიც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ყოფილან, შესაძლოა:

  • უჭირდეთ სწავლა;

  • ჰქონდეთ ძილის პრობლემა;

  • იყვნენ მიდრეკილები კვებითი აშლილობებისკენ;

  • ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება ან ემოციების კონტროლის გაძნელება);

  • გამოეკვეთოთ სხვადასხვა ტიპის ქცევითი პრობლემები (აგრესია, ტყუილები, თავის მოწონების მუდმივი მცდელობა და ა.შ.);

  • გამოუვლინდეთ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები (ტკივილები და გასტროინტესტინალური — კუჭნაწლავის — პრობლემები);

  • ჰქონდეთ მიდრეკილება მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის რისკისშემცველი ქცევების მიმართ (დამაზიანებელი ნივთიერებების ადრეული ასაკიდანვე მოხმარება).

ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება იმავენაირად დამაზიანებელი იყოს ბავშვისთვის, როგორც ფიზიკური ან სექსუალური, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ის რთულად იდენტიფიცირებადია, ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა რთულდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებსა და ფაქტორებს აქტიურად მივაქციოთ ყურადღება.

ბავშვები, რომლებიც მოძალადე მზრუნველების ირგვლივ გაიზარდნენ, ზოგჯერ ვერ ამჩნევენ, რომ მათზე ძალადობენ და ეს მათთვის ნორმალური ქცევაა. შედეგად, მათ შეიძლება თავადაც გადმოიღონ ეს ქცევები და იქცნენ მოძალადეებად სხვებისთვის, ან ზრდასრულ ასაკშიც ჰქონდეთ მიდრეკილება ისეთი ურთიერთობებისკენ, სადაც ძალადობის მსხვერპლნი არიან.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით ბავშვის შესახებ, ვინც ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად დაუკავშირდით:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;
  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112
  • ბავშვთა დახმარების ხაზს — 116 111
  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

ფსიქოლოგიური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მიმართ

ინტიმურ პარტნიორთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე მაგალითია:

  • მუდმივი კონტროლის სურვილი (მუდმივად სურთ, იცოდნენ, სად ხართ, რას აკეთებთ, ვისთან ერთად ხართ და ა.შ.);

  • მოლოდინი, რომ მუდმივ კავშირზე იქნებით და მუდმივად მიაწვდით ინფორმაციას თქვენს ადგილსამყოფელზე;

  • თქვენი ტელეფონისა და სოციალური მედიის ანგარიშების პაროლების ცოდნის სურვილი, რათა აკონტროლონ თქვენი ციფრული აქტივობა;

  • თქვენი ფინანსებისა და მისი ხარჯვის კონტროლი;

  • ეჭვიანობა და ღალატში ხშირად დადანაშაულება;

  • გადაწყვეტილებების თქვენ ნაცვლად მიღება, მაგალითად, რას შეჭამთ ან ჩაიცვამთ, ხშირად თქვენი აზრის გათვალისწინების გარეშე;

  • მცდელობა, რომ არ შეხვდეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს;

  • თქვენი დარწმუნების მცდელობა, რომ არ იმუშაოთ, არ იაროთ სკოლაში ან სოციალურ შეკრებებზე;

  • თქვენი დარწმუნების მცდელობა, რომ არ მიიღოთ სამედიცინო დახმარება ან რჩევა;

  • ბრაზის თქვენთვის დამაშინებელი ფორმით გამოხატვა;

  • გინება, შეურაცხმყოფელი სახელების დაძახება, ბავშვივით მოპყრობა;

  • დაცინვა ან დამცირება, ხშირად სხვების თანდასწრებით;

  • ფიზიკური ზიანის მუქარა თქვენ ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ;

  • პოლიციით ან სამართლებრივი პროცესების დაწყებით დამუქრება, ხშირად მოგონილი მიზეზებით;

  • მუქარა, რომ დაიზიანებენ საკუთარ თავს, როცა თქვენზე გაბრაზებულები არიან;

  • ისეთი ფრაზების თქმა, როგორიცაა: „თუ ჩემთან არა, ვერავისთან ვერ იქნები“.

წყარო: Barry Falls / Telegraph

ინტიმური პარტნიორისგან ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • არასასურველობის, სიყვარულისა და პატივისცემის დაუმსახურებლობის შეგრძნება;

  • უიმედობის, უძლურების, დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნება;

  • გამოყენებულობის, კონტროლის ქვეშ ყოფნის განცდა;

  • აფორიაქებისა და სტრესის შეგრძნება;

  • მოძალადის გაღიზიანების მუდმივ შიშში ცხოვრება;

  • განსხვავებულად მოქცევა, რათა არ მოძალადე არ გაღიზიანდეს;

  • მოვლენების თქვენეული აღქმის ადეკვატურობის ეჭვქვეშ დაყენება;

  • კონცენტრაციის, ძილის, სამსახურისა და ჰობიებისგან სიამოვნების მიღების გაძნელება;

  • შფოთვის, დეპრესიის, დაბალი თვითშეფასების ან ქრონიკული ტკივილის გაჩენა ან გაძლიერება.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით ვინმეს შესახებ, ვინც ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად დაუკავშირდით:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;
  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112
  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56
  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

ფსიქოლოგიურ ძალადობასთან გამკლავება

ეს ის რჩევებია, რომლებიც დაგეხმარებათ, თუ ფსიქოლოგიური ძალადობა გამოგიცდიათ:

აღიარეთ პრობლემა. პირველი ნაბიჯი, რომელიც ზოგჯერ ყველაზე რთულიცაა, ძალადობის მსხვერპლობის აღიარებაა. გადაიაზრეთ, რა არის ჯანსაღი ურთიერთობის დინამიკა, და დაიწყეთ არაჯანსაღი ქცევების იმად დანახვა, რაც ისინი რეალურად არის.

დატოვეთ ძალადობრივი სიტუაცია. თუ ძალადობრივ გარემოში ხართ, მნიშვნელოვანია, შეიმუშაოთ უსაფრთხოების გეგმა და დატოვოთ ეს გარემო, როგორც კი შესაძლებლობა გექნებათ. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება სანდო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს ან ორგანიზაციებს.

ეცადეთ, ჩაიწეროთ ძალადობის შემთხვევები. მოძალადემ შეიძლება გითხრათ, რომ „ეს არასდროს უთქვამს“, რამაც შეიძლება თქვენი საკუთარ თავსა და რეალობაში დაეჭვება გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევების ყველა დეტალის ჩაწერა დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ჩანაწერი იმისა, თუ რა მოხდა რეალურად.

არ შეხვიდეთ კონტაქტში მოძალადესთან. თუ მოძალადეს პირისპირ შეხვდებით, არ გამოხატოთ რეაქცია. ისწავლეთ ძლიერი საზღვრების დაწესება და უარი თქვით მასთან კონტაქტზე.

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ დამნაშავე არ ხართ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ბრალი არაა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხართ. ეს არაფრით დაგიმსახურებიათ და არ გამოგიწვევიათ.

იმუშავეთ ჯანსაღი ურთიერთობების შექმნაზე. მნიშნველოვანია, განივითაროთ თვითაღქმა და ერთმანეთისგან გაარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი ქცევები სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებში, რათა დაარღვიოთ ძალადობრივი წრე. შესაძლოა, რთული იყოს, ისევ ენდოთ ადამიანებს ან თქვენს თავს მისცეთ უფლება, იყოთ გულწრფელი და მგრძნობიარე, მაგრამ ეს  ჯანსაღი ურთიერთობების მნიშვნელოვანი კომპონენტებია — ურთიერთობების, რომლებშიც მთავარი ორმხრივი პატივისცემა, ნდობა და ზრუნვაა.

ითხოვეთ დახმარება. ტრავმულ გამოცდილებებთან გასამკლავებლად თერაპიის გავლა სირცხვილი არ არის. თერაპიას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ემოციების გადააზრებაში, გამკლავების უნარების განვითარებაში, თვითშეფასების გაზრდასა და ტრავმისგან საბოლოო განკურნებაში.

ფსიქოლოგიურ ძალადობას შეუძლია იმოქმედოს თქვენს პიროვნებაზე და ხანგრძლივი ემოციური იარები დატოვოს. როცა შეძლებთ ძალადობრივი გარემოს დატოვებას და დარწმუნებული იქნებით თქვენს უსაფრთხოებაში, მნიშვნელოვანია დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვისა და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულისა და ნუგეშის პრაქტიკა, რათა თავადვე დაეხმაროთ თქვენს თავს ტრავმებისგან განკურნებაში. მიმართეთ ფსიქოთერაპიას, თუ ამის საჭიროებას, ხედავთ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა მსხვერპლის ბრალი არ არის.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Shutterstock/Mary Long. Ashley Britton/SheKnows

მსგავსი სტატიები

12 ივნისი, ბავშვები, შრომა, ძალადობა, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

12 ივნისი — ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

რას ნიშნავს ბავშვთა შრომა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? — 12 ივნისი, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ფსიქოლოგიური ძალადობა
მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
მოზარდები, საფრთხე, ინტერნეტი, ციფრული სამყარო, კიბერბულინგი, შანტაჟი, ქეთფიშინგი, ნუდები, გარიყვა,

მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები

კიბერბულინგი და მისი ფორმები — როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში? რჩევები მოზარდებსა და მშობლებს

ჩემი უსაფრთხოება
ფსიქოლოგიური, ძალადობა, ვარ, თუ, არა, მსხვერპლი, ამოცნობა, ემოციური, dzaladoba, fsiqologiuri, daxmareba, დახმარება, ცხელი ხაზი, cxeli xazi

ვარ თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი?

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის? რა საშუალებებით შეგვიძლია ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დაღწევა და ვის უნდა მივმართოთ დასახმარებლად? ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები და მისი გამოვლენის გზები.

ფსიქოლოგიური ძალადობა

გააზიარე სტატია

ფსიქოლოგიური ძალადობა — მისი ფორმები, გავლენა და მასთან გამკლავების გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია