ძალადობაზე საუბრისას ადამიანების უმეტესობა ფიზიკურ ძალადობაზე ფიქრს იწყებს და ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ არსებობს ძალადობის სხვა, არანაკლებ საშიში ფორმებიც. ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა და მასში იგულისხმება ის ვერბალური (სიტყვიერი) და სოციალური ხერხები, რომელთა დახმარებითაც მოძალადე მსხვერპლის აზროვნებას აკონტროლებს (მაგალითად, ემოციური მანიპულაცია) და შიშში აცხოვრებს.
ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი. თუმცა, უმეტესად ამ მძიმე რეალობაში ყოფნა და მისი გამოვლა ქალებს, ბავშვებსა და მოზარდებს უწევთ. ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არ ტოვებს ფიზიკურ კვალს, არ ნიშნავს, რომ ის არ არის დასჯადი ან მის წინააღმდეგ რეაგირება არ ხდება.
ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის დროს მსხვერპლს თვითშეფასება უქვეითდება და მოძალადეზე დამოკიდებული ხდება. ამ სახის ძალადობის ამოცნობა რთულია, რადგან ის შეფარულია და შეიძლება ყოველდღიურობის ნაწილად იმგვარად იქცეს, რომ მსხვერპლი საერთოდ ვერ იაზრებდეს შექმნილ სიტუაციას.
ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები
ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს ან, მეორე მხრივ, მოძალადეს დიდი დრო დასჭირდეს ამ ტიპის ქმედებების ჩასადენად. ხშირია შემთხვევა, როდესაც ურთიერთობის დასაწყისში მოძალადე ჩვეულებრივად იქცევა და არ ავლენს თავის ამ მხარეს. თუმცა, დაახლოებისა და ემოციური კავშირის გაჩენის შემდეგ ის რადიკალურად იცვლება. როცა ამგვარ რეალობას შეეჩეხებით, შეიძლება იგრძნოთ დაბნეულობა, შოკი, უხერხულობა და სირცხვილიც კი.
► მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თუკი თქვენზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ (არ აქვს მნიშვნელობა, ამას ვინ აკეთებს: ოჯახის წევრი, პარტნიორი თუ ახლობელი ადამიანი), ეს თქვენი ბრალი არ არის!
ფსიქოლოგიური ძალადობის ამოცნობა შეიძლება შემდეგ ნიშნებზე დაკვირვებით:
-
დამცირება სხვა ადამიანების თანდასწრებით;
-
დამამცირებელი სახელების დაძახება (მაგალითად, „სულელო“, „უსარგებლოვ“ და ა.შ.);
-
ყვირილი;
-
მოძალადის მხრიდან ბრაზის იმ ფორმით გამოხატვა, რაც თქვენში შიშს იწვევს;
-
მუქარა, რომ ზიანს მოგაყენებთ თქვენ, თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ან შინაურ ცხოველებს;
-
როდესაც მოძალადე თქვენზე ნაწყენია და გემუქრებათ, რომ საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს;
-
ისეთი ფრაზების თქმა, როგორებიცაა: „თუ ჩემთან არ იქნები, მაშინ არავისთან იქნები“;
-
ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც თქვენ უნდა იღებდეთ (მაგალითად, რა გეცვათ);
-
ეჭვიანობა და მუდმივად იმისი განცდა, რომ ღალატობთ;
-
მოსმენაზე უარის თქმა და მუდმივად იმისი აღნიშვნა, რომ თქვენი არ ესმით და მათთვის ეს დამოკიდებულება/ფიქრები გაუგებარია;
-
მოგონებების უარყოფა და იმგვარად მოყოლა, როგორც მოძალადეს სურს;
-
თქვენი აზრებისა და სათქმელის გაუფასურება და თემის შეცვლა, როდესაც მათ გაჟღერებას აპირებთ;
-
თქვენი განცდებისა და საჭიროებების დაკნინება და არასაჭიროდ მიჩნევა.
რა სახის ფსიქოლოგიური ძალადობა არსებობს?
ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება მოიცავდებს ქცევებსა და ქვემდებებს როგორც თქვენ, ასევე სხვების მიმართაც.
სხვების მიმართ მიმართული ფსიქოლოგიური ძალადობა
მუქარა თქვენს შინაურ ცხოველზე ფსიქოლოგიური ძალადობის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. როგორც წესი, შინაური ცხოველები ოჯახის წევრებად მოიაზრებიან და სწორედ ამიტომ შესაძლებელია, რომ ამგვარი ემოციური კავშირი მოძალადემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მსგავსი მუქარა მსხვერპლისთვის დამაზიანებელია და, შედეგად, მოძალადე ადამიანი მსხვერპლზე კონტროლს მოიპოვებს.
თვითდაზიანების მუქარაც ფსიქოლოგიური ძალადობის არანაკლებ გავრცელებული ფორმაა. როდესაც თქვენ არ იქცევით ისე, როგორც ეს მოძალადეს სურს, ან ეუბნებით, რომ მისი დატოვება გსურთ, და ის თვითდაზიანებით გემუქრებათ, ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა. მოძალადე ამ დროს თქვენს ემოციებს იყენებს, რათა გაკონტროლოთ. ასეთ დროს შეგიძლიათ:
-
უთხრათ მოძალადეს, რომ მსგავსი ქმედება არასწორია და თქვენი საზღვრები დააწესოთ;
-
არ აიღოთ პასუხისმგებლობა მეორე ადამიანის ქცევებზე — ზრდასრული ადამიანები ამგვარ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ;
-
გახსოვდეთ, რომ თქვენ დამნაშავე არ ხართ.
თქვენ მიმართ მომართული ფსიქოლოგიური ძალადობა
იზოლაცია. ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძალადობრივ ურთიერთობაში მოძალადემ შეიძლება ბევრ გზას მიმართოს საიმისოდ, რომ სხვა ადამიანებთან არსებული ემოციური კავშირები გაგაწყვეტინოთ. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც რჩებით, თავად მოძალადეა. იზოლაციის ნიშნებია:
-
მოძალადის გამო ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან შეხვედრის სურვილის დაკარგვა;
-
როდესაც მოძალადე მუდმივად აკონტროლებს იმას, თუ სად ხართ და რას აკეთებთ;
-
მოძალადე ტრანსპორტირებაზე წვდომას გიზღუდავთ, რათა სახლიდან არ გახვიდეთ;
-
მოძალადე მოითხოვს, რომ მისგან ნებართვა აიღოთ, სანამ რაიმეს გააკეთებთ ან სახლიდან გახვალთ.
ემოციური მანიპულაციის (ე.წ. „გასლაითინგის“; ინგლ. Gaslighting) მსხვერპლი შეიძლება ეტაპობრივად გახდეთ. მსგავსი ტიპის ძალადობის დროს მოძალადე უარყოფს იმ გამოცდილებებსა თუ მოგონებებს, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, განზრახ სხვანაირად ჰყვება წარსულში მომხდარ მოვლენებს ან ადეკვატურად საერთოდ არ მიგიჩნევთ. ასეთ დროს მოძალადე თქვენს ემოციებს, სიტყვებსა თუ გამოცდილებებს იმგვარ ფორმულირებას აძლევს, რომ გაეჭვებთ რეალობაში. გარდა ამისა, ეჭვქვეშ აყენებთ თქვენს მეხსიერებას და განსჯის უნარს. ემოციური მანიპულაციის ამოცნობა შემდეგ ნიშნებზე დაკვირვებით შეგიძლიათ:
-
საკუთარი თავის უნდობლობა და „გიჟად“ მიჩნევა;
-
მუდმივად იმ კითხვის დასმა, ხართ თუ არა „ზედმეტად მგრძნობიარე“;
-
სირთულეები მარტივი გადაწყვეტილებების მიღების დროსაც კი;
-
ბოდიშის ხშირად მოხდა;
-
მოძალადის საქციელის მუდმივად გამართლება;
-
იმისი განცდა, რომ სწორად ვერაფერს აკეთებთ;
-
მუდმივად იმ კითხვი დასმა, ხართ თუ არა „საკმარისად კარგი“.
რა გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას?
ფსიქოლოგიური ძალადობისგან გამოწვეულ ტრავმას შეიძლება ჰქონდეს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგიც. ამ ტიპის ძალადობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არამარტო მენტალურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობისგან გამოწვეული ტრავმები გამოიხატება შემდეგნაირად:
-
დაბნეულობის განცდა
-
შფოთვა
-
სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა
-
ხშირი ტირილი
-
უძლურების განცდა
თუკი ადამაინი დიდი ხნის განმავლობაშია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ის კარგავს საკუთარი თავის შეფასების უნარს, მუდმივად ადანაშაულებს თავის თავს და ძალიან უჭირს მოძალადისგან თავის დაღწევა.
როგორ მოვიქცე, თუკი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ?
თუკი თქვენს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხართ, მაშინ შეიძლება გირთულდებოდეთ გამოსავლის პოვნა და დახმარებისთვის უახლოეს ადამიანებსაც კი ვერ მიმართავდეთ. ასეთ დროს ბუნებრივია დაბნეულობის და სირცხვილის განცდა, რადგან შეიძლება გეგონოთ, რომ არ დაგიჯერებენ, ან მათ თვალში დამცირებული და სუსტი გამოჩნდებით. თუმცა, მნიშვნელოვანია დახმარებისა და მხარდაჭერის ძიება, რათა მოძალადეს თავი დააღწიოთ. ამ ტიპის ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკური ძალადობის საფუძველია, ამიტომ ის მალევე უნდა ამოიცნოთ და ტოქსიკურ გარემოს თავი რაც შეიძლება სწრაფად დააღწიოთ.
► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით ვინმეს შესახებ, ვინც ძალადობის მსხვერპლია, აუცილებლად დაუკავშირდით:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;
- საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112
- უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56
- უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03
► იხილეთ აგრეთვე:
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: John Hopkins Bloomberg School of Public Health