Facebook Script

ფემიციდი და სექსუალური ძალადობა ომში

ომის დროს ქალებისა და გოგოების მიმართ სექსუალური ძალადობა ყოველთვის იყო კაცობრიობის ისტორიის ნაწილი. მოძალადეები კი უმეტესად კაცები არიან — ჯარისკაცები, სამხედროები ან პოლიციელები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ისტორიაში ყოფილა ფაქტები, როდესაც გაუპატიურების ბრძანება მეთაურმა სამხედრო სტრატეგიის ნაწილად გასცა. ომში სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება და ფემიციდი (ქალების მკვლელობა) გამოიყენება ერთ-ერთ იარაღად, რომელიც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის დამცირებას, დამორჩილებას ან დატერორებას.

მართალია, არაერთ რეზოლუციასა თუ შეთანხმებაში ყოფილა პუნქტი, რომლის თანახმადაც ქალები დაცულები უნდა იყვნენ ამ ტიპის ძალადობისგან  — მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოცემული რეზოლუცია #1325, რომელიც ხაზს უსვამს ქალების დაცვის მნიშვნელობას შეიარაღებული კონფლიქტის დროს — თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ დრომდე არ გამოვლენილა ის პოლიტიკური ნება, რომელიც ამ შეთანხმებას შეასრულებდა. მნიშვნელოვანია მიზოგინიური (ქალთმოძულეობრივი) ქმედებების დანახვა, მათზე რეაგირება და გენდერული სამართლიანობის შექმნა.

ომში სექსუალური ძალადობის ფაქტები:

  • ბანგლადეშის განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს 200 000-400 000 ქალი სისტემატურად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

  • 1991-2002 წლებში სიერა-ლეონეში მომხდარი სამოქალაქო ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 60 000-ზე მეტი ქალი გახდა.

  • 1998 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 60 000-მდე ქალი გახდა.

ისტორიიდან მოყვანილი ეს რამდენიმე მაგალითიც ცხადყოფს, რომ ომის დროს ქალები ძალიან ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.

ქალებზე ძალადობა და საერთაშორისო სამართალი 

ქალებისა და გოგოების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში შემუშავდა არაერთი რეზოლუცია თუ კონვენცია, რომლებიც მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას. მათგან მთავარია კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW). აღნიშნული კონვენცია ეწინააღმდეგება სექსუალურ და გენდერის ნიშნით ძალადობას კონფლიქტის დროსაც კი. მსგავსი შეთანხმებების რიგს მიეკუთვნება:

  • 1993 წელს ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენცია, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობა აღიარა ადამიანის უფლებების დარღვევად.

  • 1993 წლის დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ იყო პირველი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ცალსახად ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობას და ითვალისწინებდა საპასუხო ქმედებებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე.

  • ევროპის საბჭოს 2011 წელს მიღებული კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ გახდა იურიდიულად სავალდებულო მეორე რეგიონული ინსტრუმენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

  • გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს რეზოლუციებს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. რეზოლუცია, რომელიც პირველად 2012 წელს მიიღეს, ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას, მათ შორის გლობალური ძალისხმევის გააქტიურებას კონფლიქტების დროს ტრეფიკინგისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესახებ.

  • 2011 წლის სტამბოლის კონვენცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციას, მსხვერპლის მხარდაჭერასა და დამნაშავის დასჯას.

ნახსენები არაერთი სამართლებრივი ინსტრუმენტი ზრდის ქალებისა და გოგოების დაცვის სტანდარტებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. თუმცა, მნიშვნელოვანია მათი გამოყენება კონფლიქტის დროსაც, როდესაც ქალები ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგებიან.

რა იწვევს ომის დროს სექსუალურ ძალადობას?

„ომის დაწყებამდეც კი, სექსუალური ძალადობა ან მუქარა ყოველდღიური გამოცდილებაა ბევრი ქალისა თუ გოგოსთვის. [...] ამას მოსდევს მთელი რიგი სექსისტური თუ ქალთმოძულე დამოკიდებულებები, რომლებიც სოციალურ-კულტურული პრაქტიკების, სოციალური ნორმებისა და სამხედრო წვრთნების ნაწილი გახდა“ — გაბრიელა მიშკოვსკისა და მონიკა ჰაუზერის სტატიიდან „სექსუალიზებული ძალადობა ომის დროს — აღქმა და შედეგები“.

ომის დროს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, რომელიც არსებობს და მათ შესახებ ვიცით, უფრო მკაცრი და აგრესიული სახით ვლინდება. ეს მოიცავს ქალების მიმართ სექსისტური თუ დამამცირებელი ქმედებების უფრო ხშირად გამოვლენასაც. პატრიარქალურ გარემოში მცხოვრები ქალების უფლებები კაცების უფლებებზე უფრო დაბლა დგას და ეს რეალობა ომის დროს ბევრად უფრო მძაფრდება. სექსუალური ძალადობა იბადება მშვიდობის დროს, ძლიერდება ომის მიმდინარეობისას და ვრცელდება ომგამოვლილ საზოგადოებაშიც. გაუპატიურება, როგორც ომის დროს გამოსაყენებელი ერთ-ერთი იარაღი, ამ უთანასწორობისა და ძალაუფლების გადანაწილების „ლოგიკური“ შედეგია. იმ შემთხვევაში, თუკი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ომის დროს კაცი გახდა, მჩაგვრელის სახე უმეტესად უცვლელი რჩება და ამას კვლავ კაცები სჩადიან.

სექსუალურ ძალადობათა სია საკმაოდ გრძელია და ის მოიცავს როგორც ნებართვის გარეშე შეხებას, ასევე გენიტალიების (სასქესო ორგანოების) დასახიჩრებასა თუ წამებას. ომის დროს ხშირად ფიქსირდება ქალების წინააღმდეგ ჩადენილი შემდეგი სახის ქმედებები:

  • სექსუალური შეურაცხყოფა

  • სხეულის ნაწილებზე შეხება თანხმობის გარეშე

  • სექსუალურ და პორნოგრაფიულ აქტივობებში იძულებით ჩართვა

  • გაუპატიურება

  • ჯგუფური გაუპატიურება

  • წამება

  • სასქესო ორგანოების მოკვეთა

  • სექსუალური ექსპლუატაცია და მონობა

  • იძულებითი დაორსულება

  • იძულებითი სტერილიზაცია

  • იძულებითი აბორტი

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი-ების) განზრახ გავრცელება (მაგალითად, შიდსის)

რა მიზნით გამოიყენება სექსუალური ძალადობა და ფემიციდი ომში?

პატრიარქალურ საზოგადოებაში მასკულინობა დომინანტურ თვისებად და როლად მიიჩნევა. სწორედ პატრიარქატი განაპირობებს იმასაც, რომ ჰეტეროსექსუალობა ერთადერთ „სწორ“ სექსუალურ ორიენტაციად არის მიჩნეული და მისგან განსხვავებული სექსუალობები, უბრალოდ, არასწორი და მიუღებელია. ომის დროს კი მასკულინობის უარყოფითი გამოვლინებები მეტად წახალისებულია და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ე.წ. „სუსტი სქესია“. ამგვარი გავლენების მოპოვების კიდევ ერთი გზაა LGBTQ+ თემის წევრების გაუპატიურება და მათზე სექსუალური ძალადობაც.

ომის დროს ძალადობის წარმოშობის მიზეზი უპირველესად ადამიანის ბუნება და ბიოლოგიური ინსტინქტებია. ძალაუფლება ადამიანებს აფიქრებინებს, რომ დანაშაულის ჩადენა შეუძლიათ და ამის გამო არც დაისჯებიან. სექსუალური ძალადობა და ფემიციდიც ამ მიზეზებით ხდება, თუმცა ამავდროულად ასეთი სახის დანაშაული ატარებს მოწინააღმდეგის დამცირების მნიშვნელობასაც, რაც უპირველესად გულისხმობს იმას, რომ მოწინააღმდეგე კაცს „თავისი“ ქალის დაცვა არ შეუძლია. დამატებით, ამგვარ ძალადობას სხვა მიზნებიც შეიძლება ჰქონდეს:

  • მოწინააღმდეგის დემორალიზება

  • მოწინააღმდეგის ემოციური დამარცხება

  • მოწინააღმდეგის დამცირება ან მათი დაყოფა

  • პოლიტიკური მიზნების მიღწევა

Amnesty International-ის მონაცემების მიხედვით, ომგამოვლილ ადამიანებს ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური). სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხშირად იზოლირებულები და სტიგმატიზებულები რჩებიან. გარდა ამისა, მათ ხშირად არ აქვთ წვდომა საჭირო სერვისებზე, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს როგორც პირველად სამედიცინო დახმარებას, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისებს. 

რუსეთ-უკრაინის ომი და ქალები

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ომში ქალები და გოგოები ფემიციდისა და სექსუალური ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან. უკრაინელი უფლებადამცველები და სამართალდამცავი ორგანოები ადასტურებენ გაუპატიურების, ფემიციდის, სექსუალური წამებისა თუ იძულებითი სიშიშვლის შემთხვევების რაოდენობის ზრდას.

„ამ ძალადობის მასშტაბები ამ დრომდე უცნობია. თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია იმისი თქმა, რომ მის გავლენას წლების განმავლობაში ვიგრძნობთ“ — ამბობს უკრაინელი უფლებადამცველი ხრისტინა კიტი.

ნოემბრის მონაცემებით, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7.8 მილიონს შეადგენს. ომის ყოველი ათი ლტოლვილიდან ცხრა ქალი ან ბავშვია. ლტოლვილობის გზას დამდგარი ქალების ცხოვრებაც არ არის მარტივი — დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უკრაინის საზღვართან კაცები ახალგაზრდა ქალებს ევროპის ქვეყნებში გადაყვანას სთავაზობდნენ, რეალურად კი ისინი სექსუალურ მონებად მიჰყავდათ და ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებოდნენ. 

უკრაინიდან დღემდე ვრცელდება სისასტიკის წარმოუდგენელი ფაქტები. ერთ-ერთი შემზარავი ფაქტი, რომელიც 2022 წლის აპრილის დასაწყისში გავრცელდა, იყო კიევიდან 20 კილომეტრის მოშორებით რამდენიმე დამწვარი და გაუპატიურებული ქალის სხეულის პოვნა ტყის პირას.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის (OHCHR) დეკემბრის მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 6884 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა უცნობია მათგან რამდენია ქალი. ასევე დასტურდება ინფორმაცია იმაზე, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების ასაკი ოთხი წლიდან იწყება და ოთხმოც წლამდე აღწევს.

აფხაზეთის ომი და ქალები

სტატიაში განხილული პრობლემა არც საქართველოს ისტორიისთვისაა უცხო. აფხაზეთის ომის დროს (1992-1993) ორივე მხარის ჯარისკაცები და სამხედროები სექსუალურ ძალადობას ისე იყენებდნენ, როგორც ეთნიკური წმენდის იარაღს.

აფხაზეთის ომის დროს სისასტიკის დაუჯერებელი შემთხვევები მოხდა და მათმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია. აფხაზეთის ომში მოკლული ქალის შვილი, ირინა ქარდავა, რომელიც იმ დროს 14 წლის იყო, იხსენებს:

„ყველასთვის მოულოდნელად, სოფელზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევა დაიწყო. მახსოვს, ყველა გარბოდა, მე კი ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საით წავსულიყავი. ბოლოს იმ 25 ადამიანს შორის აღმოვჩნდი, რომლებმაც თავი ტყეს შეაფარეს“.

► იხილეთ აგრეთვე: ქალები აფხაზეთის ომიდან

რამდენიმე დღის შემდეგ მტერმა სამალავს მიაგნო. თვითმხილველების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ირინას დედა დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებოდა და ცალკე გაიყვანეს. ქალი უმოწყალოდ სცემეს.

„დედა ეცემოდა და მაინც ფეხზე დგებოდა, რომ მათთვის არ დაეჩოქა. მამაკაცები სამალავის გათქმას აიძულებდნენ, ის კი არაფერს ამბობდა. დაშინების მიზნით, ჯერ ირგვლივ დაუწყეს ავტომატის სროლა, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა, თვალებში უშიშრად უყურებდა. ალბათ, უკვე კარგად იცოდა, რაც ელოდა. ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ კი მთელ ნაწამებ, სიფრიფანა სხეულზე გადაატარეს ავტომატის ჯერი. ბიცოლა, რომელიც იქ იყო და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, მიყვებოდა, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დედა ჩემს სახელს იმეორებდა“ — ამბობს მოკლული ქალის შვილი.

ფემიციდის და სექსუალური ძალადობის პრევენციის გზები ომის დროს

ქალთა მიმართ ძალადობა მშვიდობის დროსაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მთელ მსოფლიოში. უფლებადამცველები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და ცნობადობის ამაღლებაზე. ომის დროს კი ამგვარი ძალადობა ერთგვარად მიღებული და „ლოგიკურია“, თუმცა არსებობს გზები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება ამ ტიპის ძალადობის ფაქტების პრევენცია.

უპირველესად, მნიშვნელოვანია გენდერულ უთანასწორობასა და გენდერული ნიშნით ძალადობაზე ცნობიერების ამაღლება მშვიდობის დროს. მართალია, ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსური და გრძელვადიანია, თუმცა ამ ტიპის ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო თუ ინფორმაციული კამპანიების გარეშე ვერ მიიღწევა.

ომის დროს გენდერული ნიშნით ძალადობა განსხვავდება მშვიდობის პერიოდში ჩადენილი ძალადობის ფაქტებისგან, რადგან ამ შემთხვევაში დანაშაული უფრო მძიმე ფორმებით ვლინდება. საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის ძალადობის პრევენცია პირდაპირპროპორციულია კონფლიქტის პრევენციასთანაც. გაეროს გენერალურმა მდივანმა 2020 წლის ერთ-ერთ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი უნდა იყოს სამყარო ომის გარეშე, რაც გამოიწვევს კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ფაქტების აღმოფხვრასაც.

მართალია, იდეალურ სამყაროში ომი არ იქნება, თუმცა, რადგან  გვიწევს ისეთ რეალობაში ცხოვრება, სადაც ომი მაინც ხდება, აუცილებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომისაც ვუსწორებდეთ თვალს. მოძალადეები ომის დროს უმეტესად დაუსჯელები რჩებიან და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, დამნაშავეების დასჯის ალბათობის არსებითად ზრდა. დაუსჯელობა ეხება ხელმძღვანელებსაც/მეთაურებსაც, რომლებსაც ამ ტიპის პასუხისმგებლობას არ აკისრებენ. სწორედ ამგვარი მიდგომა იძლევა იმის „თავისუფლებას“, რომ მოძალადეები საკუთარ თავს მსგავსი ქმედებების ჩადენის უფლებას აძლევენ.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: The Globe and Mail

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, ფემიციდი, მსოფლიო, სტატისტიკა, რას, ნიშნავს, რა, არის, რატომ, კლავენ, ხოცავენ, ქალებს, ქალები, მკვლელობა, femicidi, msoflio, ra, aris, ratom, klaven, xocaven, qalebs, qalebi, mkvleloba

ვიდეო — ფემიციდი: რატომ კლავენ ქალებს?

ვიდეო — ქალების მკვლელობა და მისი მიზეზები: ინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი, მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი და არაინტიმური ფემიციდი. საქართველოს ფემიციდის სტატისტიკა და პრობლემის მოგვარების გზები.

ფემიციდი
ფემიციდი, მკვლელობა, ქალები, საქართველო, სტატისტიკა, კანონი, პრევენცია, პრობლემა, femicidi, mkvleloba, qalebi, saqartvelo, statistika, kanoni, prevencia, problema

ქალების მკვლელობა საქართველოში — ფემიციდის სტატისტიკა, კანონი და პრევენცია

ფემიციდი საქართველოში — კანონი ფემიციდის წინააღმდეგ, პრობლემის სათავე, სახელმწიფოს როლი და პრევენციის გზები — რა უნდა შეიცვალოს საქართველოში?

ფემიციდი
ფემიციდი, მსოფლიო, სტატისტიკა, რას, ნიშნავს, რა, არის, რატომ, კლავენ, ხოცავენ, ქალებს, ქალები, მკვლელობა, femicidi, msoflio, ra, aris, ratom, klaven, xocaven, qalebs, qalebi, mkvleloba

ფემიციდი მსოფლიოში — რატომ კლავენ ქალებს?

რა არის ფემიციდი, რატომ ვეძახით მას „ფემიციდს“ და მისი რა ფორმები არსებობს — ინტიმური და არაინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი და მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი.

ფემიციდი
ფემიციდი, პრევენცია, ქალები, ქალების, მკვლელობა, მოკვლა, შეჩერება, femicidi, prevencia, qalebi, qalebis, mkvleloba, mokvla, shechereba

ფემიციდის პრევენცია — როგორ შეიძლება ქალების მკვლელობის შეჩერება?

როგორ აღვკვეთოთ ფემიციდი, ანუ ქალების მკვლელობა? — პრევენციის გზები, ფემიციდის კომპლექსური აღქმა, რისკების შეფასება და ნაბიჯები, რომლებიც ქალების მკვლელობას დაასრულებს.

ფემიციდი

გააზიარე სტატია

ფემიციდი და სექსუალური ძალადობა ომში

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია