Facebook Script

ქალების მკვლელობა საქართველოში — ფემიციდის სტატისტიკა, კანონი და პრევენცია

13 იანვარი, 2023 | ფემიციდი

მარიამი, 26 წლის.

თინათინი, 28 წლის.

სოფიკო, 31 წლის.

შორენა, 31 წლის.

ჟანა, 33 წლის.

თინათინი, 36 წლის.

დიანა, 37 წლის.

ნონა, 37 წლის.

შუშანა, 38 წლის.

თამილა, 38 წლის.

მაკა, 43 წლის.

ნაისი, 49 წლის.

ეკატერინე, 49 წლის.

ლამზირა, 52 წლის.

ოლენა, 52 წლის.

ლალი, 55 წლის.

ეთერი, 57 წლის.

ლეილა, 67 წლის.

(სახელი უცნობია), 73 წლის.

დონარა, 81 წლის.

ეს ის ქალები არიან, რომელთა სიცოცხლეც 2022 წელს ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა, მაზლებმა, მამამთილებმა, რომანტიკულმა პარტნიორებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა, შვილებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ან ჯერ კიდევ დაუდგნელი ვინაობის კაცებმა დაასრულეს.

ფემიციდი — ქალებისა და გოგოების გენდერის ნიშნით მკვლელობა — საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება. ქალებს კლავენ სახლებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სამსახურებში. როგორც წესი, ქალის მკვლელობას წინ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობა უძღვის და ერთი მთავარი გარემოება ყველა შემთხვევისთვის საერთოა — ქალი ძალაუფლებრივი და რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უთანასწორო მდგომარეობაშია კაცთან მიმართებით.

ფემიციდის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა და ტენდენციები

ბოლო ხუთ წელში (2018-2022) საქართველოში მოკლეს ან სცადეს მოეკლათ 167 ქალი:

  • 18 ქალი მოკლეს ან მათი მკვლელობა სცადეს „ღირსების დაცვის“ საბაბით. 

  • ხუთი ქალი ქმარმა მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ კაცს არ უნდოდა განქორწინება.

  • სამი ქალი შერიგებაზე უარის, ორი კი დაქორწინებაზე უარის გამო მოკლეს კაცებმა.

  • ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის ყველაზე მეტი, 34, შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს.

  • ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის მსხვერპლების უმეტესობა 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ.

  • ქალებს უმეტესად კლავენ დანით.

კანონი ფემიციდის წინააღმდეგ

2012 წელს დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. 

2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსში დაემატა 53-ე პრიმა მუხლი, რომლითაც დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელი გარემოებების განცალკევებით რეგულირება მოხდა. ამავე მუხლში დაემატა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როგორც დამამძიმდებელი გარემოებებში ჩადენილი დანაშაული.

2018 წელს კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ, 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებში ცვლილებები შევიდა და ამ მუხლებს დაემატა ტერმინი „გენდერის ნიშანი“. ანუ, დამამძიმებელ გარემოებებად საგანგებოდ გამოიყო გენდერის ნიშანი.

მოგვიანებით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლი კიდევ უფრო გამკაცრდა და ნაცვლად 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება 16-იდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით.

წყარო: Roma Gavrilă / Behance

სად არის პრობლემა?

სახალხო დამცველის ფემიციდის მონიტორინგის ბოლო, 2020 წლის, ანგარიშში ვკითხულობთ:

„საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის, შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მისი თავიდან არიდება კვლავ პრობლემურია. ამგვარ შემთხვევებზე მართლმსაჯულების არაეფექტიანი განხორციელება კი პრევენციული ღონისძიებების სიმცირითა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობისგან თავის დასაღწევად საჭირო სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების არარსებობითაა გამოწვეული, რაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით წლიდან წლამდე მნიშვნელოვან ხარვეზად რჩება“.

უფლებადამცველები და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად ვსაუბრობთ, რომ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა არ არის საკმარისი. მეტიც, ის არ ქმნის ფემიციდის შემთხვევათა რაოდენობის კლებისთვის აუცილებელ გარემოებებს. ამის მიღწევა მხოლოდ პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკითაა შესაძლებელი. აუცილებელია, სახელმწიფოს თითოეულმა რგოლმა თავისი პასუხისმგებლობის შესაბამისად დასვას და უპასუხოს შემდეგ კითხვებს: რატომ ვერ მოხდა ფემიციდის თავიდან აცილება? რის გაკეთება იყო შესაძლებელი და არ ან ვერ გაკეთდა? სად განიცადა სისტემამ კრახი და ვერ დაიცვა ქალი? იცოდა სახელმწიფომ, რომ ქალს საფრთხე ემუქრებოდა? თუ იცოდა, რა გააკეთა? თუ არ იცოდა, შეეძლო სცოდნოდა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას აუცილებლად გამოიკვეთება შემთხვევები, როცა სასამართლომ პოტენციური მკვლელი გირაოთი გაათავისუფლა, როცა ქალის სიცოცხლე შემაკავებელი ორდენის ამარა დარჩა; როცა ქალის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიერ პოლიციისთვის არაერთი მიმართვა უშედეგო აღმოჩნდა; როცა ვერ მოხერხდა ქალის გაძლიერება და ძალადობრივი გარემოდან მისი დახსნა; როცა უკვე გარდაცვლილი ქალის დისკრედიტაცია და ამით მკვლელობის გარემოებების შემსუბუქება ხდებოდა.

გარდა სახელმწიფოსა, პრობლემაა მედიაშიც. ფემიციდის შემთხვევების გაშუქებისას მსხვერპლის დადანაშაულება, ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული და დამაზიანებელი დამოკიდებულებების ნებსითი თუ უნებლიე გაღვივება, მსხვერპლის ღირსების შემლახველი კომენტარების გავრცელება, დანაშაულის ჩადენის გზების დეტალური აღწერა თუ ფემიციდის შემთხვევების ფრაგმენტული, არასისტემური გაშუქება, ქართული მედიის მხრიდან ეთიკური გაშუქების დაბალ სტანდარტზე მიუთითებს.

ამ პრობლემის სიმწვავეზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ყოველწლიურად შესული ათობით საჩივარი და უფლებადამცველების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მისამართით გავრცელებული არაერთი მიმართვა მეტყველებს.

ფემიციდის მიმართ არც საზოგადოების დამოკიდებულებაა ჯანსაღი. მყარად ფესვგადგმული პატრიარქატი და მისგან ნასაზრდოები მიზოგინია (ქალთმოძულეობა) საზოგადოებაში აძლიერებს და მუდმივად კვებავს ფემიციდის მსხვერპლი ქალების მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობას. მეტიც, საზოგადოება (მათ შორის მსხვერპლების ან დამნაშავეების მეზობლები თუ ნათესავები) ხშირად დაუნდობელია მოკლული ქალების მიმართ და ქალის მკვლელობას სხვადასხვა მიზეზით ამართლებს.

რა უნდა შეიცვალოს?

აუცილებელია, სახელმწიფომ გააძლიეროს და განავითაროს ფემიციდის პრევენციის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ძალადობის აღკვეთაზე, საფრთხეებისა და რისკების ადეკვატურ, რეალისტურ ანალიზზე, ქალებისა და გოგოების ეკონომიკურ და ფსიქოსოციალურ გაძლიერებასა და დამოუკიდებლობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, დამნაშავეების ქცევის კორექციასა და ძალადობაგამოვლილი ქალების რეაბილიტაციაზე.

გარდა ამისა, ქალების მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესებზე უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა და კანონის აღსრულების პროცესში საქმეზე მომუშავე თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მსხვერპლი არასდროს არ არის დამნაშავე და დაუშვებელია მისი დისკრედიტაცია.

რაც შეეხება მედიას, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მედიასაშუალებასა და მათ წარმომადგენლებს ზუსტად ესმოდეს არაეთიკური გაშუქების დამაზიანებელი შედეგები და იაზრებდეს, რომ ფემიციდს გადამდები ხასიათი აქვს, შესაბამისად, მისი არასწორად და არასისტემურად გაშუქება ხელს უწყობს მოკლული ქალების რაოდენობის ზრდას.

და ბოლოს, აუცილებელია ფემიციდისა და ზოგადად ქალთა უფლებების კუთხით ცნობიერების ამაღლების პროცესი ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს და თითოეული ჩვენგანი, უპირველესად საკუთარ თავში და შემდეგ ჩვენ ირგვლივ არსებულ მიკრო სოციუმში ვცდილობდეთ სექსისტური და მიზოგინიური დამოკიდებულებების შეცვლას.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Roma Gavrilă / Behance

სტატიის ავტორი: ვერო მელუა / Femea

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

ვიდეო, ფემიციდი, მსოფლიო, სტატისტიკა, რას, ნიშნავს, რა, არის, რატომ, კლავენ, ხოცავენ, ქალებს, ქალები, მკვლელობა, femicidi, msoflio, ra, aris, ratom, klaven, xocaven, qalebs, qalebi, mkvleloba

ვიდეო — ფემიციდი: რატომ კლავენ ქალებს?

ვიდეო — ქალების მკვლელობა და მისი მიზეზები: ინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი, მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი და არაინტიმური ფემიციდი. საქართველოს ფემიციდის სტატისტიკა და პრობლემის მოგვარების გზები.

ფემიციდი
ფემიციდი, მსოფლიო, სტატისტიკა, რას, ნიშნავს, რა, არის, რატომ, კლავენ, ხოცავენ, ქალებს, ქალები, მკვლელობა, femicidi, msoflio, ra, aris, ratom, klaven, xocaven, qalebs, qalebi, mkvleloba

ფემიციდი მსოფლიოში — რატომ კლავენ ქალებს?

რა არის ფემიციდი, რატომ ვეძახით მას „ფემიციდს“ და მისი რა ფორმები არსებობს — ინტიმური და არაინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ სახელით ჩადენილი ფემიციდი და მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი.

ფემიციდი
ფემიციდი, სექსუალური, ძალადობა, ომი, ომში, ქალების, მკვლელობა, ქალები, გაუპატიურება, აფხაზეთი, რუსეთ-უკრაინა, femicidi, seqsualuri, dzaladoba, omi, omshi, qalebis, mkvleloba, qalebi, gaupatiureba, afxazeti, ruset-urakina

ფემიციდი და სექსუალური ძალადობა ომში

ქალების მკვლელობა და გაუპატიურება ომში — გამომწვევი მიზეზები და მიზნები, საერთაშორისო სამართალი, რუსეთ-უკრაინის ომი და აფხაზეთის ომი, პრევენციის გზები

ფემიციდი
ფემიციდი, პრევენცია, ქალები, ქალების, მკვლელობა, მოკვლა, შეჩერება, femicidi, prevencia, qalebi, qalebis, mkvleloba, mokvla, shechereba

ფემიციდის პრევენცია — როგორ შეიძლება ქალების მკვლელობის შეჩერება?

როგორ აღვკვეთოთ ფემიციდი, ანუ ქალების მკვლელობა? — პრევენციის გზები, ფემიციდის კომპლექსური აღქმა, რისკების შეფასება და ნაბიჯები, რომლებიც ქალების მკვლელობას დაასრულებს.

ფემიციდი

გააზიარე სტატია

ქალების მკვლელობა საქართველოში — ფემიციდის სტატისტიკა, კანონი და პრევენცია

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია