-
ფემიციდიც ადამიანის მკვლელობაა და მას სხვა მკვლელობებისგან განცალკევებით არ უნდა განვიხილავდეთ.
ფემიციდს სხვა მკვლელობებისგან განასხვავებს ერთი მთავარი რამ, რომ მას, როგორც წესი, თან ერთვის ან წინ უსწრებს სხვადასხვა დანაშაულებების - ძალადობის - გრძელი ჯაჭვი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ფემიციდზე, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვსაუბრობთ ბევრ დანაშაულზე ერთად. მოსამართლე თუ სამართალდამცავი სტრუქტურები ამას უნდა იძიებდნენ, ამ კუთხით უნდა განიხილავდნენ ამ დანაშაულს და მკვლელობას და არა სხვა დანაშაულისა და მკვლელობების მსგავსად.
-
საქართველოში ფემიციდის მხრივ მდგომარეობა არ დამძიმებულა, უბრალოდ ახლა უფრო ხშირად შუქდება.
ეს გარკვეულწილად არის სიმართლე, მაგრამ ბოლომდეც ვერ შევადარებთ, დავუშვათ, 20 წლის წინ რა ხდებოდა. ერთი იმიტომ, რომ საერთოდ არ ინტერესდებოდა მედია - ადამიანის უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ფაქტობრივად არაფერი შუქდებოდა, არ გვქონდა სტატისტიკა. მაგრამ ბოლო 10 წლის დინამიკას თუ დავაკვირდებით, აქ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდება - ფემიციდის სტატისტიკა გვაქვს იგივე ან მზარდი, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემურად პროგრესი არ გვაქვს.
-
კანონი ფემიციდის წინააღმდეგ მკაცრია, სხვას მეტს ვერაფერს გავაკეთებთ.
დღეს კანონი არის ნამდვილად მკაცრი და ფემიციდი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება, რადგან ფემიციდს ახლავს გენდერული მოტივი და გენდერული მოტივი დღეს, დღევანდელი კანონმდებლობით ითვლება დამამძიმებელ გარემოებად. მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ შედეგებს კი არა მათ გამომწვევ მიზეზებს ვებრძოლოთ, მნიშვნელოვანია პრევენციული პოლიტიკა, რაც ძალიან სუსტია დღეს საქართველოში.
-
მედიას არ აქვს გავლენა ქალების მკვლელობების პრევენციაზე.
მედიას ძალიან დიდი გავლენა აქვს პრევენციაზე და მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს არის ეთიკური გაშუქება - ხშირად პირიქით, [მედია] შეიძლება ხელსაც უწყობდეს სტერეოტიპების და დანაშაულის განმეორების პრობლემას.
-
ფემიციდი ზოგიერთი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის კულტურის ნაწილია და საქართველოში სწორედ ისინი კლავენ ქალებს.
ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი და მავნებლობა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად გვესმის. ამ დანაშაულს, ფემიციდს, ეთნიკურობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მას აქვს გენდერულ სტერეოტიპებთან და პატრიარქალურ კულტურასთან კავშირი და თუკი მაგალითები გვჭირდება, სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს: ეთნიკურად ქართველები არიან უმრავლესობაში ფემიციდის ჩამდენებს შორის, თუმცა ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკურობაა აქ მნიშვნელოვანი. პროპორციულად უბრალოდ მეტი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.
ვიდეოგრაფი: ტბელ აბუსერიძე
მონტაჟი: ანი ჯაფარიძე
სცენარისტი: ვერო მელუა
♦ გადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ.
♦ ვიდეო მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.