Facebook Script

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ძალიან ბუნებრივია საკუთარი და სხვისი სხეულის მიმართ ინტერესის გამოხატვა და სიახლეების გამოცდის სურვილი. ეს განსაკუთრებით იზრდება სქესობრივი მომწიფების დროს, როდესაც სასქესო ჰორმონები ამძაფრებს იმის სურვილს, რომ გამოიკვლიოთ და გამოცადოთ თქვენი სექსუალობა.

თუმცა, ადრეულ ასაკში სექსს შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მიუდგეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყების საკითხს, რათა უფრო დაცული იყოთ.

მოზარდობა არის პერიოდი 10-იდან 19 წლამდე და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური ცვლილებების თვალსაზრისით, რადგან ამ დროს იწყება სქესობრივი მომწიფება და ეს პროცესი ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლას აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 16 წლამდე ასაკში, სექსის ქონას შეიძლება უარყოფითი შედეგები ჰქონდეს თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

► გახსოვდეთ: სქესობრივი ცხოვრების დაწყება, მის მიმართ მზაობა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან ინდივიდუალური ყველა ადამიანისთვის. ყველა ჩვენგანი ჩვენს საკუთარ დროით ხაზს მივყვებით და ეს გზა ყველასთვის სხვადასხვანაირია. მიუხედავად ამისა, სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებული საფრთხეები უნივერსალურია და მათი გათვალისწინება ყველა ასაკში საჭიროა.

ამ შედეგების გააზრება დაგეხმარებათ, მზად დახვდეთ იმ პოტენციურ საფრთხეებს, რომლებიც ადრეულ სექსს ახლავს თან, და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება თქვენი სქესობრივი ცხოვრების შესახებ.

რა უარყოფითი მხარეები აქვს ადრეულ ასაკში სექსს?

პირველი სექსის ადრეულ ასაკში ქონა სხვადასხვა უარყოფით შედეგთანაა დაკავშირებული. 2017 წლის კვლევამ უფრო დეტალურად შეისწავლა ეს კავშირი, რათა დაედგინა, უარყოფითი შედეგების გამომწვევი ნამდვილად ადრეული ასაკი იყო თუ არა.

კვლევის ფარგლებში, ადრეულ ასაკად დადგენილი იყო 14 წელი ან ნაკლები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადრეულ ასაკში სექსი დაკავშირებული იყო შემდეგი ფაქტორების 2-3-ჯერ უფრო მაღალ ალბათობასთან:

  • გასული წლის განმავლობაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (სგგი) ქონა

  • დეპრესიის სიმპტომები წინა კვირის განმავლობაში

ეს უარყოფითი ეფექტები უფრო დიდწილად კვლევაში მონაწილე გოგოებში დაფიქსირდა, რისი ტენდენციაც ზოგადად შესამჩნევია სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყების თემაზე ჩატარებულ კვლევებში.

2017 წლის სხვა კვლევამ აღმოაჩინა, რომ გოგოებს, რომლებმაც სქესობრივად აქტიური ცხოვრება 16 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყეს, უფრო დიდი ალბათობით აწუხებდათ დეპრესიული ეპიზოდი მოზარდობის პერიოდში. თუმცა, ეს ტენდენცია არ შეიმჩნა ბიჭებში.

ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ადრეული სექსის გავლენის შესახებ ჩატარებულმა სხვა კვლევებმა ასევე შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

  • ქალები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას 16 წლამდე იწყებენ, უფრო დიდი ალბათობით განქორწინდებიან;

  • 14 წლამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება დაკავშირებულია ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქმედებების მაღალ რისკთან და პარტნიორების მხრიდან ძალადობასთან;

  • მოზარდ გოგოებში ადრეულ ასაკში სექსის დამატებითი საშიშროებაა დაუგეგმავი ორსულობა;

  • ზრდასრულებთან შედარებით, მოზარდები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (სგგი) დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან — კვლევები აჩვენებს, რომ სქესობრივად აქტიური თინეიჯერების 46%-ს არ გამოუყენებია პრეზერვატივი, როდესაც ბოლოს ჰქონდა სექსი;

  • ბიჭებში სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება დაკავშირებულია მარიხუანაზე დამოკიდებულების უფრო დიდ ალბათობასთან.

► სქესობრივი აქტის რისკების გათვალისწინება, სექსის დროს თავდაცვის გამოყენება და თანხმობის მნიშვნელობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რადგან ადრეულ ასაკში სექსის შედეგები — განსაკუთრებით კი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) და მენტალური ტრავმები — შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვეთ.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

სგგი-ები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში სგგი-ების 26 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან დაახლოებით ნახევარი კი 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებზე მოდიოდა. ახალგაზრდები ასევე სგგი-ებით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან:

  • გოგოების სხეული ბიოლოგიურად უფრო მოწყვლადია სგგი-ების მიმართ;

  • ახალგაზრდები, როგორც წესი, არ იტარებენ რეკომენდებულ ტესტირებებს სგგი-ებზე;

  • ბევრ ახალგაზრდას ერიდება ექიმთან ღიად და გულწრფელად საუბარი საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე;

  • ინფორმაციასთან, დაზღვევასა თუ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობის არქონა ართულებს ახალგაზრდებისთვის სგგი-ებზე ტესტირების წვდომას;

  • ბევრ ახალგაზრდას ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავს.

სგგი-ების უმეტესობა დაინფიცირებიდან 3-10 დღეში ავლენს სიმპტომებს და ისინი სხვადასხვანაირად ვლინდება ქალისა და კაცის რეპროდუქციული სისტემების მქონე ადამიანებში. ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია: 

  • უჩვეულო გამონადენი საშოდან ან უჩვეულო სუნი;

  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

  • წყლულები, ბუშტუკები ან სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

  • ტკივილი სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს;

  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

► თუკი, ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პირად ექიმს ან გინეკოლოგს.

ორსულობა ადრეულ ასაკში

მოზარდობისას ორსულობამ და მშობიარობამ შეიძლება ახალგაზრდა დედის მთელი ცხოვრება შეცვალოს. ეს მას ისეთ სიტუაციაში აყენებს, რომელშიც მოზარდი არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანზეცაა პასუხისმგებელი.

კვლევის მიხედვით, შესწავლილი ქალების ყველა კატეგორიას, მათ შორის დაუცველი სექსის მქონე ქალებს, შორის, მოზარდ დედებს ყველაზე ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ. მოზარდმა დედებმა შეიძლება უგულებელყონ თავიანთი ფიზიკური ჯანმრთელობა, როდესაც შვილებზე ზრუნავენ. მათ ასევე შეიძლება არ ჰქონდეთ წვდომა ან ინფორმაცია ჯანსაღ კვებაზე და მათში უფრო დიდია ჭარბწონიანობის ალბათობა.

აშშ-ის ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, მოზარდობის ასაკში ორსულობისას არსებობს შემდეგი პრობლემების უფრო მაღალი რისკი:

  • პრეეკლამფსია (მაღალი არტერიული წნევის აშლილობა ორსულობისას)
  • ანემია
  • სგგი-ები
  • ნაადრევი მშობიარობა
  • ახალშობილის მცირე წონა

ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ ფიზიკურ ცვლილებებთან არაა დაკავშირებული. ამას ემატება რიგი მენტალური ცვლილებებისა, განსაკუთრებით კი გაზრდილი სტრესი, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს:

  • უძილობა;

  • ბავშვზე ზრუნვა;

  • ექიმებთან ვიზიტი;

  • ბავშვზე ზრუნვის პარალელურად განათლების მიღება.

გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 15-იდან 19 წლამდე გოგოებში პოსტპარტუმ (იგივე „პოსტნატალური“, ანუ მშობიარობის შემდგომი) დეპრესიის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 25 წლიდან ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში.

კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდ დედებში სტრესის მნიშვნელოვნად მაღალი დონეები შეინიშნება, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ზრდის. პოსტპარტუმ დეპრესიის გაზრდილ რისკთან ერთად მოზარდი დედები დეპრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშაც არიან. გარდა ამისა, მოზარდი დედები სხვა მოზარდებთან შედარებით პოსტტრავმული სტრესის აშლილობის (ე.წ. „პიტიესდი“; ინგლ. PTSD) უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რაც, შესაძლოა, იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ მათ უფრო დიდი ალბათობით უწევთ მენტალური და/ან ფიზიკური ძალადობის გამოვლა.

► თუკი მშობიარობის შემდეგ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას უჩივით, მნიშვნელოვანია, დახმარებისთვის მიმართოთ პროფესიონალს.

თანხმობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე უნდა გქონდეთ გააზრებული, არის თანხმობა. თანხმობა არის ერთგვარი შეთანხმება ადამიანებს შორის, რომ მათ ნამდვილად სურთ სქესობრივ აქტივობაში მონაწილეობა.

სანამ ვინმესთან სექსუალური ურთიერთობა გექნებათ, უნდა იცოდეთ, აქვს თუ არა მას ამის სურვილი და თქვენც უნდა იყოთ ამაზე თანახმა. ასევე მნიშვნელოვანია, პარტნიორთან იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი იმის შესახებ, თუ რა გსურთ და რა — არა, და პატივი სცეთ თქვენი პარტნიორის საზღვრებსაც. გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, ისეთი რამ გააკეთოთ, რაც არ გსურთ, და არ გაქვთ უფლება, სხვა დაავალდებულოთ მისი სურვილის გარეშე. თუკი რაიმე სიტუაციაში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ხმამაღლა გამოხატეთ ეს და, თუკი საჭიროა, გაეცალეთ ამ სიტუაციას.

► თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის სექსუალური აქტივობა (მათ შორის ორალური სექსი, სასქესო ორგანოზე შეხება თუ ვაგინალური ან ანალური შეღწევა) არის სექსუალური ძალადობა ან გაუპატიურება.

► იხილეთ აგრეთვე: რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენზე ზეწოლა მოახდინონ, რომ გქონდეთ სექსი, იქნება ეს თანატოლებისა თუ პარტნიორისგან ზეწოლა, სიყვარულის მოთხოვნილება თუ ურთიერთობაში ყოფნის დაპირება. სექსი პირადი გადაწყვეტილებაა და მისი სწორი დრო მაშინაა, როდესაც თქვენ თავად ხართ მზად. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საკმარისი ემოციური მზაობა უნდა გაგაჩნდეთ, რათა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შედეგებთან გამკლავება შეძლოთ.

თუკი არასრულწლოვანი ვარ, ექიმს შეუძლია, მშობელს უთხრას?

თუკი მინიმუმ 14 წლის ხართ და ექიმს მიმართეთ შემდეგ საკითხებზე:

  • სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობა

  • კონტრაცეფციის არაქირურგიული მეთოდების შესახებ კონსულტაცია

  • ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა

მაშინ, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ექიმს არ აქვს უფლება, თქვენი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია თქვენს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, თუკი, ექიმის შეხედულებით, სწორად აფასებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც აივ-ინფექციის/შიდსის დიაგნოსტირებისას დადებითი შედეგი გამოვლინდება.

► გახსოვდეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ქონაში სამარცხვინო არაფერი არ არის. თქვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან მათზე უფრო ღიად საუბარი არამხოლოდ საჭიროა თქვენი სექსუალური ჯანმრთელობისთვის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ვებრძოლოთ ამ თემის გარშემო არსებულ სტიგმასა და საზოგადოებრივ და კულტურულ ტაბუებს.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Georgie McAusland

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია